You can be on Entrepreneur’s cover!

ოქროს შუალედი ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების. ყველა სოციუმსა და კულტურას საკუთარი ხელწერა აქვს ასეთი ფორმულების ძერწვაში, თუმცა რადგან ადამიანებს, ყველაფრის განურჩევლად, გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი, არსებობს უნივერსალური კატეგორიებიც. ეს უფრო უკიდურესობებია, ვიდრე კონკრეტული ფორმულები, მაგრამ მათი მნიშვნელობა უნდა ვაღიაროთ, რადგან ისინი კონცეპტუალურ ჩარჩოს გვაძლევენ, ფიქრის ველს გვისაზღვრავენ საკუთარი დასკვნების "გამოსაცხობად".

ამ თვალსაზრისით ორი პარადიგმა საჭიროებს გააზრებას. პირველის მიხედვით, არსებობს გალუარსაბების სერიოზული საფრთხე და ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. კონცეფცია good as the enemy of best გვასწავლის, რომ თუ მიღწეული წარმატებით ტკბობაში გავერთობით, ცხოვრება მატარებელივით თვალწინ ჩაგვივლის და უკეთესის შექმნას ვეღარ მოვასწრებთ. ამის საპირისპიროდ, საზრისი best as the enemy of good შეგვახსენებს, რომ მიღწეული წარმატებით ტკბობის გარეშე ცხოვრება სხვებთან შეჯიბრსა და უკეთესი შედეგების დევნაში გაგვეპარება. განსხვავებული შინაარსების მიუხედავად ორივე პარადიგმა საერთო რისკის არსებობაზე მიუთითებს. სწორი დოზირების გარეშე, ორივე შემთხვევაში არსებობს რისკი, სამყაროს მიერ ჯილდოდ მოძღვნილი ცხოვრება უაზროდ, ადამიანის მიერ შექმნილი საკუთარი საზრისის მიღმა გაიფლანგოს.

ცხოვრებისეული მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, მიღწეული შედეგებით კმაყოფილება მნიშვნელოვანია. მეტიც − თუ სტატუს კვოს მიმართ მადლიერება არ გვაქვს, ძნელია წინ წასასვლელად აუცილებელი ენერგიის მოკრებასა და მოტივაციაზე ვისაუბროთ. აწმყოთი მადლიერება სრული სურათის დანახვის იდეას სრულიადაც არ ზღუდავს. პირიქით, აწმყოთი მადლიერება გვაძლევს შესაძლებლობას კრიტიკული აზროვნების უნართან ერთად პოზიტიური ფიქრის კულტურაც დავნერგოთ, გავამდიდროთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი მსჯელობის ხარისხი. სრული სურათის ხედვა ხომ არსებული რისკ-ფაქტორებისა და გამოწვევების დაფიქსირებასთან ერთად იმ ჯილდოების აღიარებასაც გულისხმობს, რაც ამ რისკისა და გამოწვევების არსებობით შექმნილ გამოცდილებას უკავშირდება. პოზიტიური აზროვნება, ოპტიმისტური ხედვისგან განსხვავებით, უფრო სიღრმისეული გააზრებისა და საფუძვლიანი გაცნობიერების შესაძლებლობას ქმნის. ოპტიმიზმი რთულ სიტუაციაში ყოფნისას იმედის მიცემასა და გამხნევებას გულისხმობს. პოზიტიური ხედვა კი გამხნევებასთან ერთად გამბედაობასაც გთხოვს, რათა სრულ სურათს გაუსწორო თვალი, დაინახო და აღიქვა რეალობა მთელი სისავსით, და სირთულეების მიუხედავად შენი ფოკუსი მადლიერების ღირს მხარეზე მომართო. ცნობილი ჯაზური თემა Sunny side of the street მეორე მსოფლიო ომის ფონზე შეიქმნა და შთააგონა ადამიანები, პოსტტრავმული რეალობის მიუხედავად უკეთესი მომავლის იდეაზე კონცენტრირებულიყვნენ. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ აწმყოში ფიზიკური, ემოციური და სულიერი დამაგრებისთვის, მისი სრულყოფილი და ობიექტური აღქმისთვის მნიშვნელოვანია ადეკვატური სიხარული და ბედნიერების განცდა იმის გამო, რაც არის. სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს ექსკლუზიური ხელწერის მქონე ბაირონ ქეითი მის წიგნში "გიყვარდეს ის, რაც არის".

აწმყოთი ტკბობისა და მადლიერების პროცესში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პირობითობის, ცვლილებათა გარდაუვალობისა და საკუთარი მოწყვლადობის შესახებ. არცერთ გამარჯვებასა და დამარცხებას არ უნდა მივანიჭოთ გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამ მდგომარეობათა დროებითობა უნდა ვაღიაროთ. აწმყოთი მადლიერების პროცესი გონივრულობის პირობებში ადამიანს მოდუნებისა და გაზარმაცებისკენ, ე.ი. გალუარსაბებისკენ კი არ უნდა მოუწოდებდეს, არამედ პირიქით − ახალი შემართებითა და სასიცოცხლო ენერგიით უნდა კვებავდეს. შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ − გულისხმობს არა დროის უსასრულოდ გაჩერებას, არამედ მის წამიერ შეჩერებას მისსავე მნიშვნელობის ძირეული აღქმისთვის, სრული ტკბობისთვის, მადლიერებისთვის. ამიტომ თანმიმდევრულობა შრომასა და გარჯაში აუცილებელია. სწორედ ასეთი სიფხიზლისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს ჩარლი ჩაპლინი სიყვარულით გაჯერებულ წერილში საკუთარ ქალიშვილს − ჯერალდინას, როდესაც ადამიანური წარმატების პირობითობას შეახსენებს. "იცეკვე და იბრწყინე, როგორც ვარსკვლავმა, ჯერალდინა", − წერს ჩაპლინი, − "მაგრამ როდესაც თაყვანისცემის წუთებში საკუთარ თავს მაყურებელზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევ, სასწრაფოდ დატოვე სცენა და პარიზის გარეუბნებში გაეშურე. კარგად დააკვირდი ობლებსა და ქვრივებს. იქნებ ქუჩაში მოცეკვავე გოგონაც დაინახო, რომელსაც სასცენო განათების მაგივრად მთვარის შუქი ეყოლება მოთვინიერებული. უყურე და გულის სიღრმეში აღიარე, რომ ის უკეთესად ცეკვავს, ჯერალდინა".

ცხოვრება ისეთია, როგორსაც დავინახავთ − ხანგრძლივი ან ხანმოკლე, საინტერესო ან რუტინული. როგორც უნდა ვხედავდეთ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას გვიწევს ჩამოყალიბება ჩვენს გემოვნებაში, უნდა ავირჩიოთ, ტიტულების მადევარი ოლიმპიური ჩემპიონები ვართ თუ არხეინი ლუარსაბები, თუ ცხოვრებისადმი ინტერესით აღსავსე ინდივიდები, სადღაც ამ ორ უკიდურესობას შორის. ხალხური სიბრძნის მიხედვით, თუ მზე საქმეში არ წამოგეწია, ე.ი. დააგვიანე. თუმცა, ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქმეში მყოფი როგორ შევხვდებით მზეს. იაპონელებს თუ დავუჯერებთ, მზე ყოველ დილით ტაშით მიგებების ღირსია. დაუღალავი შრომა და მის პროცესში გულწრფელი მადლიერებისთვის გამოყოფილი რიტუალები − ესაა გზამკვლევი ყველა უკიდურესობას შორის. ესაა ზომიერების სინონიმად მონათლული ოქროს შუალედიც.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"