You can be on Entrepreneur’s cover!

HackMeOut Tbilisi – თბილისში GITA-სა და Startup Georgia-ს ორგანიზებით საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონი გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MeOut Group-მა, StartITup Győr-თან თანამშრომლობით 23-26 ივნისს, თბილისში საერთაშორისო ჰაკათონ HackMeOut-ს უმასპინძლა, რომელში ჩართულმა რვა ქვეყნის წარმომადგენელთაგან შექმნილმა გუნდებმა ფინანსური სერვისების ინოვაციურ, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების საქართველოში გამართვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Startup Georgia-ს თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

ღონისძიების დასკვნით Demo-დღეზე, ჰაკათონის მონაწილეებმა ჟიურის წევრების − კახა გელაშვილის (Payze-ს თანადამფუძნებელი), ზურა ძიძიგურის (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სპეციალისტი) და დავით კიკვიძის (საქართველოს ფინტექ-ასოციაციის თავმჯდომარე) წინაშე 24 საათში შექმნილი პროტოტიპები წარადგინეს.

ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი SaveOfficer მონტენეგროდან (პავლე ლიუმოვიჩი, რადოე დარმანოვიჩი და ბოიან ლოზო), რომელმაც ჟიურის პირადი მოხმარების ენერგორესურსების დაზოგვის პლატფორმა წარუდგინა. აღნიშნული პლატფორმა, გემიფიკაციის ელემენტების გამოყენებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში ადგენს წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების სტატისტიკას და თითოეულ ადამიანს უჩვენებს, თუ რამდენად მეტს ან ნაკლებს მოიხმარს სხვებთან შედარებით, დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში.

"ჰაკათონში გამარჯვება ჩვენთვის ნამდვილი მოულოდნელობა აღმოჩნდა, ვინაიდან აქ ჩვენზე გაცილებით უკეთესი იდეებიც იყო წარმოდგენილი. თუმცა ამის მიუხედავად, ბოლომდე გვჯეროდა ჩვენი ჩანაფიქრის ორიგინალურობის და გვწამდა წარმატების. ჩვენ სამივე დეველოპერები ვართ. ვიცით როგორ ავაწყოთ ვებგვერდი, თუმცა არ ვიცით როგორ შეიძლება რაიმე გადაწყვეტა ბიზნესად გარდაქმნათ. მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს იდეები და შეგვიძლია მათი რეალიზება, მაგრამ არ გვაქვს კომპეტენცია ანალიზსა და ბიზნესის წარმოებაში. HackMeOut-ში მიღებული მენტორინგი, აქსელერაციაა ჩვენი ენერგო-ფინანსური ტრეკერისთვის, საიმისოდ, რომ იგი იდეიდან, რეალურ, მოქმედ პლატფორმად იქცეს", − აცხადებენ SaveOfficer-ის გუნდის წევრები.

ჰაკათონის მეორეადგილოსანი გახდა გუნდი "ჩაჩაჩა" (ადომას დიჩიუსი, გიორგი ჟღენტი, გაიოზ საური, სერლი ჰადადი და თამარა მაისურაძე), ხოლო მესამეადგილოსანი − გუნდი Green (სანდრო მეყანწიშვილი, ლევან ჩიტაძე, თამირ ნიჩანსკი, ნინო გიორგაძე და სალომე გიგნიაშვილი).

ჰაკათონი HackMeOut ადგილობრივ და რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიქმნა და მიზნად ისახავს როგორც არსებული პრობლემებისათვის რეალური გადაწყვეტების აღმოჩენას, ისე ანტრეპრენერული სულისკვეთების გაძლიერებას საქართველოსა და რეგიონში.

აღნიშნული ღონისძიება ორ ძირითად გამოწვევას მოიცავდა:

  • როგორ ავამაღლოთ ადამიანების ფინანსური ცნობიერება, რათა მათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ?
  • როგორ გავუმკლავდეთ ენერგიის, სურსათის, სამუშაო ძალის ან სხვა რესურსების (სამშენებლო მასალები და ა.შ.) დეფიციტს ადგილობრივ დონეზე (საზოგადოება, ქალაქი, რეგიონი)?

უშუალოდ ჰაკათონის გარდა, მოეწყო პანელური დისკუსია ეკოსისტემის დეველოპერთათვის, სადაც განხილულ იქნა ქართული და უნგრული ეკოსისტემები და გაზიარდა საუკეთესო პრაქტიკები სხვადასხვა მიმართულებით.

"სამყარო სავსეა პასუხებითა და გადაწყვეტილებებით, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ისინი. გააერთიანეთ დეველოპერი, დიზაინერი, ბიზნესში გაცნობიერებული ადამიანი ერთ გუნდში, მიეცით მათ 24 საათი, შეუზღუდავი ყავა, და ნება მიეცით მოხდეს ჯადოქრობა! HackMeOut აერთიანებს იმ მახვილგონივრულ, კვალიფიციურ, მამოტივირებელ ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი იდეების განვითარება. MeOut იძლევა სივრცეს და შესაძლებლობას, რათა იდეები მენტორების ჩართულობით რეალობად იქცეს", − განაცხადა MeOut-ის პარტნიორობის ხელმძღვანელმა ბუდავარი-ნაგი ჟოლტმა.

"საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ის მდგრადი და ინკლუზიური გახდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება HackMeOut-ის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების ჩვენს ეკოსისტემაში შემოტანა. დეველოპერები, დიზაინერები და მეწარმეები 7 ევროპული ქვეყნიდან ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად გლობალურ გამოწვევებზე იმუშაონ. ჩვენ გავაგრძელებთ ადგილობრივი სტარტაპ-ეკოსისტემის მსოფლიოსთან დაკავშირების მხარდაჭერას", აღნიშნა Startup Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა გორგოშიძემ.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სულ უფრო აქტიურად ვითარდება ფინანსური ტექნოლოგიები და ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო აქტუალური ხდება, მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია. HackMeOut გვაძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდების თვალით დავინახოთ ინოვაციური მიდგომები და წარმოჩნდეს პატარ-პატარა პრობლემები, რომელთა გადაჭრა ახალ პროდუქტებსა და სერვისებს შექმნის. ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ჰაკათონი იყო წარმოდგენილი საერთაშორისო დონეზე, იყვნენ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო გუნდები, რაც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ეს იქნება სტარტი საქართველოში სამომავლოდ უფრო სიღრმისეული და მასშტაბური ჰაკათონების ჩატარებისათვის", - აცხადებს დავით კიკვიძე.

MeOut Group არის ინოვაციებსა და განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში (უნგრეთი). MeOut-ის იდეა ანტრეპრენერული სულისკვეთებისა და ნიჭის გაძლიერებას ეფუძნება და ორგანიზაციაში სჯერათ, რომ ინოვაციური ცვლილებების მამოძრავებელი, სწორედ ნიჭიერი, მოტივირებული ადამიანები არიან, რომელთაც გლობალურ მასშტაბზე გასასვლელად მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას და ინოვაციური ტალანტების თანადგომას ემსახურება მსგავსი ღონისძიებები და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: EASA, Cyber Challenge, HackMeOut, Idea Challenge და Shepherds breakfast.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია