უნივერსიტეტის მიტოვებიდან, აზიის უმდიდრესი ადამიანის ტიტულამდე

10 საინტერესო ფაქტი გაუტამ ადანის შესახებ

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ ბევრი გვსმენია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც რიგი მიზეზების გამო შეწყვიტეს უმაღლესი განათლების მიღება, დააფუძნეს თავიანთი კომპანიები და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. ზოგიერთი მათგანი დღეს პლანეტის უმდიდრეს ბიზნესმენთა სიის სათავეშია მოქცეული, მრავალმილიარდიანი ქონებით. აღსანიშნავია, რომ ამ წარმოუდგენელ წარმატების ისტორიებს ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება აქვთ − ეს ადამიანები, უმეტესწილად დასავლეთ ნახევარსფეროში ცხოვრობდნენ, უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ში. "შესაძლებლობების ქვეყანაში" კარიერული გზის დაწყება, არა მარტო ფინანსურ თუ ინტელექტუალურ რესურსებზე უფრო მარტივ წვდომას, არამედ წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთგვარ "უსაფრთხოების ბალიშსაც" ნიშნავს. იმ დროსაც კი, თუკი ბიზნესმა კრახი განიცადა, ყოველთვის შეძლებ რომელიღაც ქსელურ რესტორანში მუშაობას და ხელფასიდან ხელფასამდე თავის გატანას. თუმცა, აზიის ქვეყნების უმეტეს ნაწილში, თუკი თქვენი ბიზნესწამოწყება წარუმატებლად დასრულდა და ამავდროულად, აკადემიურ ხარისხსაც არ ფლობთ, მკაცრი კონკურენციის პირობებში დასაქმების ბაზარზე ღირსეული სამსახურის პოვნა საკმაოდ გაგიჭირდებათ.

ამ მძიმე სოციალური პირობებისა და გამოწვევების მიუხედავად, ინდოელმა გაუტამ ადანიმ მიატოვა კოლეჯი და საკუთარი ოცნების ასრულებას 16 წლის ასაკიდანვე შეუდგა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში მან უმდიდრესი აზიელის ტიტულიც კი დაიმსახურა, გადაასწრო მუკეშ ამბანის და $97,2 მილიარდიანი ქონებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის მეექვსე ადგილი მოიპოვა.

დღესდღეობით, გაუტამ ადანი და მისი ჰოლდინგი − Adani Group, ინდოეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. Adani Group აერთიანებს ბიზნესის ისეთ მრავალფეროვან მიმართულებებს, როგორებიცაა: ნახშირის მოპოვება, ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოჩენა, ელექტროენერგიის წარმოება, პორტების მართვა და ა.შ.

დამწყები ანტრეპრენერებისათვის დიდი მოტივაციისა და შთაგონების მიმცემი ისტორიის მქონე გაუტამ ადანის შესახებ, 10 საინტერესო ფაქტი მოვაგროვეთ, რომელთაც Entrepreneur-ის მკითხველი ამ სტატიაში გაეცნობა:

1. გაუტამ ადანიმ კოლეჯი მეორე კურსზე მიატოვა

ადანიმ აჰმედაბადის ერთ-ერთ კოლეჯში − CN Vidyalaya-ში კომერციულ სექტორზე სწავლას მას შემდეგ დაანება თავი, რაც იმ პერიოდის მუმბაიში ალმასის წარმოების მზარდ ტენდენციაზე შეიტყო. აღსანიშნავია, რომ გაუტამამ ალმასის ბიზნესის ნიუანსებსა და ხრიკებს სულ რაღაც სამ წელიწადში აუღო ალღო.

2. ნათელმხილველი

სკოლაში სწავლის დროს, ადანი გუჯარატის შტატის (დასავლეთ ინდოეთი) ერთ-ერთ პორტს, კანდლას ეწვია. სწორედ ამ დღეს, მან გადაწყვიტა, რომ ოდესმე იგი აუცილებლად ააშენებდა მსგავს ან უფრო მასშტაბურ პორტს, რაც ადანიმ წლების შემდეგ განახორციელა კიდეც.

3. მან ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია

გაუტამ ადანის ოჯახი ტექსტილის ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა იგი არასოდეს გამოხატავდა განსაკუთრებულ ინტერესს ამ საქმიანობის მიმართ. თავისი პირველი მილიონი გაუტამამ მუმბაიში ბრილიანტების ბროკერობით გამოიმუშავა. ადანი 20 წლის ასაკში უკვე მილიონერი გახლდათ.

4. $756-მილიონიანი გარიგება 100 საათში დადო

ადანის წარმოუდგენელი მოლაპარაკების უნარის წყალობით, მან უდოპის თბოელექტროსადგური 6000 Crore რუპიად (დაახლოებით $756 მილიონად) შეიძინა, ხოლო გარიგების მისაღწევად მას სულ რაღაც 100 საათი დასჭირდა.

5. მისი კომპანია ინდოეთის უმსხვილესი კერძო ენერგომწარმოებელია

Adani power limited არის Adani ჯგუფის ენერგეტიკული ბიზნესი, რომელიც ჯამურად 4620 მეგავატი სიმძლავრის რამდენიმე თბოელექტროსადგურს მართავს. ეს კომპანია ელექტროენერგიისა და მზის ენერგიის უმსხვილესი კერძო მწარმოებელია ინდოეთში.

6. ბიზნესის შემოსავლის 3%-ს ქველმოქმედებას ახმარს

ადანის ფონდი მისი ჰოლდინგის მოგების 3%-ით ფინანსდება, ხოლო ფონდის დაქვემდებარებაში არსებული სკოლა, აჰმედაბადში მცხოვრები ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს სრულიად უფასო განათლებას სთავაზობს.

7. საპორტო პროექტით ადანიმ ბავშვობის ოცნება აისრულა

1995 წელს, Adani-ჯგუფმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად გუჯარატში განლაგებული პორტი − მუნდრა, მის მმართველობაში გადმოვიდა. გაუტამამ ეს პორტი ინდოეთის უმსხვილეს კერძო პორტად აქცია, რითაც ბავშვობის ოცნება აისრულა.

8. მისი ჰოლდინგი ინფრასტრუქტურის დარგში უმაღლეს პოზიციებს ფლობს

Adani Group 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინდოეთის ყველაზე სანდო ინფრასტრუქტურულ ბრენდად იქნა აღიარებული.

9. ადანის წარმატება მის მანტრაშია

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, გაუტამამ განაცხადა, რომ მისი წარმატების საწინდარი მანტრაში იმალება. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადანი ახალ-ახალ მცდელობებს მიმართავდა და არ კმაყოფილდებოდა მიღწეული შედეგით.

10. გაუტამამ საფუძველი ჩაუყარა ინდოეთში რკინიგზისა და პორტების დაკავშირებას

სწორედ გაუტამ ადანიმ შეძლო ინდოეთის მთავრობისათვის რკინიგზისა და პორტების დაკავშირების აუცილებლობის დასაბუთება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და მთელი რიგი ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას.