You can be on Entrepreneur’s cover!

''მომღერალ ბოთლებში'' გაერთიანებული ''ჩაკრულოს'' კოსმიური ჰანგები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1977 წელს NASA-მ თავისი ყველაზე პოპულარული პროექტი განახორციელა: კოსმოსში ორი რაკეტა − "ვოიაჯერ-1" და "ვოიაჯერ-2", გაუშვა. ამერიკელ მეცნიერ კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, დედამიწიდან გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა ინფორმაცია დედამიწისა და მისი მობინადრეების შესახებ. ამის საპასუხოდ, შეიქმნა ე.წ. "ოქროს ფირფიტა", რომელზეც დაიტანეს ადამიანებისა და ცხოველების ფოტოები, ბუნების სხვადასხვა მოვლენა, მათემატიკური ფორმულები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც დიდი სიფრთხილით შეარჩიეს. კოსმოსში გაგზავნილ "ოქროს ფირფიტაზე", როგორც დედამიწის ხმა, ჩაიწერა ქართული პოლიფონიური სიმღერა, ქართული ხალხური საგანძური − "ჩაკრულო". სიმღერას, რომელიც Voyager-ის აპარატით გაიგზავნა კოსმოსში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებდნენ.

"მამას სახელი და ხმა არსებობდა და იარსებებს გალაქტიკაში. ოჯახის წევრებს კი გვინდოდა, დედამიწაზეც ყოფილიყო რაიმე, რაც მის სახელს დაუკავშირდებოდა", − სწორედ ამ მიზნით, როსტომ საგინაშვილის შვილმა, თამარ საგინაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად "მომღერალი ბოთლები" შექმნა − პატარა ღვინის ბოთლების სასაჩუქრე ნაკრები, რომელსაც QR-კოდი და NFC-ჩიპი აქვს. კოდის დასკანერების შემდეგ, ირთვება "ჩაკრულოს" ლეგენდარული ჰანგები და გადადიხართ საიტზე, სადაც განთავსებულია სრული ისტორია "ჩაკრულოს" შესახებ. ასევე, ვებგვერდზე, სამომავლოდ, განთავსდება როსტომ საგინაშვილის უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც სწორედ იმ მოგზაურობას ასახავს, როდესაც "ჩაკრულო" ჩაიწერა.

როგორ გაჩნდა "მომღერალი ბოთლების" იდეა და როგორ ცდილობს როსტომ საგინაშვილის ოჯახი, გალაქტიკაში გაჟღერებული ჰანგების დედამიწაზე უკვდავყოფას? ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur თამარ საგინაშვილს ესაუბრა.

თამარ, როსტომ საგინაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული და საამაყო ფიგურა იყო. კონკრეტულად თქვენთვის, რას ნიშნავს როსტომ საგინაშვილის შვილობა?
ადრე ამ ფაქტს ჩვეულებრივად ვუყურებდი და არანაირ განსაკუთრებულობას არ ვანიჭებდი. ახლა კი, როგორც უფროს შვილს, მაქვს შეგრძნება და პასუხისმგებლობა, მამას სახელზე შევქმნათ რამე ღირებული. ხშირად ვკითხულობ − მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, ოდესმე მზის სისტემა ჩაქრეს, თუმცა ეს ჩანაწერები დედამიწის შესახებ მუდამ იარსებებს. მამას ხმა იქ ყოველთვის იქნება და მუდამ იარსებს. ამიტომ ოჯახის წევრებმა გადავწყვიტეთ, მის სახელზე დედამიწაზეც შევქმნათ რაიმე. ჯერჯერობით, ღვინის პატარა, "მომღერალი ბოთლებით" დავიწყეთ, შემდეგ კი ვიმუშავებთ იმაზე, რომ მამას სახლი კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი გახდეს. საჭიროა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც უნდა გადაეცეს მომავალ თაობას.

მინდა აქვე ვახსენო, რომ მამას შვილობამ ერთი თვისება შემძინა: საკუთარი თავისთვის არასდროს არაფერი მითხოვია − ჩემს საქმეს ყოველთვის თავად ვაკეთებდი და არავის იმედად არ ვყოფილვარ. როსტომ საგინაშვილის შვილობამ კი ცოტა სითამამე და გაბედულება შემძინა. თუ სადმე საჭიროებას ვხედავ, ყველას მივწერ, ყველას დაველაპარაკები და ყველას ჩავრთავ საქმეში − ამას საკუთარი თავისთვის არ გავაკეთებდი. ძალიან მადლობელი ვარ იმის, რომ სადაც კი ვახსენებ, როსტომ საგინაშვილის შვილი ვარ-მეთქი, მამას სახელი ყველა კარს მიხსნის.

როგორ გაჩნდა "მომღერალი ბოთლების" იდეა? რა იყო მთავარი ინსპირაცია?
ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ "ჩაკრულოს" ისტორია მაინც არ იყო სათანადოდ დაფასებული. მიმჩნია, რომ ეს არის ქვეყნის საიმიჯო და სავიზიტო ბარათი. სხვა ქვეყანაში ასეთ ისტორიას კარგი მარკეტოლოგები კარგად გამოიყენებდნენ. ბევრგან მინახავს, როგორ იგონებენ მარკეტოლოგები ლეგენდებს იმისათვის, რომ კარგად გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, რადგან სწორედ ისტორია ყიდის ამა თუ იმ პროდუქტს. ჩვენ გამოგონება არ გვჭირდებოდა, ეს ისტორია უკვე გვქონდა, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდით. რა თქმა უნდა, ყურადღებას საზოგადოებისგან ყოველთვის ვგრძნობდით. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისადმი, რომელიც მუდამ მხარში გვედგა. განსაკუთრებული მადლობა გვერდში დგომისთვის გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ დავით სონღულაშვილს; გურჯაანის ანსამბლისა და კულტურის ცენტრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელ ილია დათუაშვილს და ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელ დათო ცინცაძეს. მათი მონდომება რომ არა, მამას მონოგრაფია და უნიკალური ფოტოარქივი დარჩებოდა ოცნებად. ზოგადადაც, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველმხრივ ზრუნავენ ქართულ კულტურაზე და გვერდში გვიდგანან ჩვენც. ასევე, ყოველთვის ჩამოდიოდნენ ჩვენთან და გვკითხულობდნენ: ოთარ ბლუაშვილი (ანსამბლ "ერისიონის" გენერალური მენეჯერი), ბატონი ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" მთავარი დირიჟორი და მომღერალი), რამაზ ბლუაშვილი (რეჟისორი), რომელმაც ხელი შეუწყო ამ ისტორიული ამბის გავრცელებას, ანზორ ერქომაიშვილი (ანსამბლ "რუსთავის" დამფუძნებელი) და სხვა. ბევრი ადამიანი იყო ამ ყველაფრის მონაწილე, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა ამ საკითხს. საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაციის აკვანი, განებივრებულია საოცარი ისტორიული მოვლენებით. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საკითხზე თუ პიროვნულად ვიღაცამ არ გამოიჩინა ინიციატივა, რაღაცები უბრალოდ ყურადღების მიღმა რჩება.

დაახლოებით ერთი ან ორი წლის წინ გარდამტეხი მომენტი მქონდა. მაშინ მამა 80 წლის ხდებოდა და მსურდა გადამეხადა იუბილე, თან გაგვეკეთებინა რაიმე სასარგებლო საქმე. ძალიან გამიჭირდა, როგორც შვილს, ვინმესთვის მიმემართა და სწორედ მაშინ მითხრა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომ ძალიან ბევრი ცნობილი მწერალი დავიწყებას მიეცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახები არ აქტიურობდნენ. ეს ფრაზა ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. ამის შემდეგ, დაიწყო Covid-19-ის პანდემია და რა თქმა უნდა, არ გვქონდა შესაძლებლობა, გადაგვეხადა იუბილე. სამწუხაროდ, წელს თებერვლის თვეში, მამა გარდაიცვალა და ეს სიტყვები ისევ აღმიდგა გონებაში. მაშინ გადავწყვიტე, რომ მამას სახელზე რაიმე აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა.

სასაჩუქრე ნაკრებები ამ დროს უკვე გვქონდა. ჩემს მეუღლეს ბოლო დროს აინტერესებდა ღვინის წარმოება და როდესაც ერთხელ ბათუმში, ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, იქ ძალიან კარგი მეპატრონე დახვდა, რომელმაც ბევრი უამბო ღვინის სასაჩუქრე ყუთების შესახებ. სწორედ მაშინ, ზაზას − ჩემს მეუღლეს, დაებადა აზრი, შეგვექმნა ღვინის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც "ჩაკრულოსთან" და როსტომის სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი ტექნიკურად და ბოლოს, შვილებმა QR-კოდი გვირჩიეს.

ბევრი გვეუბნებოდა, რომ ამ პროდუქტის სრულყოფას ვერ შევძლებდით, რადგან ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს, მაგალითად: პატარა ბოთლების ჩამოსასხმელი ხაზი, თავსახურები, ყუთები და ა.შ. თუმცა, საქმის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, 3 დეკემბერს ჩამოვასხით პირველი სასაჩუქრე ღვინო, შევფუთეთ და Facebook-ზე გამოვაქვეყნეთ. ყველა გაოცებული იყო, ვერ იჯერებდნენ, რომ ორ თვეში შევძლებდით ყოველივე ამისთვის ხორცი შეგვესხა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარნენ არა მხოლოდ მეგობრები და ახლობლები, არამედ სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ღვინის ბიზნესთან როგორც ინდივიდუალურად, ასევე კომპანიის სახით.

კონკრეტულად რას მოიცავს "მომღერალი ბოთლები"? რა ღირებულების მატარებელია?
სასაჩუქრე ყუთი შემდგარია პატარა ბოთლებისგან, რომელსაც უკანა გვერდზე, სამ ენაზე, აწერია "ჩაკრულოს" ისტორია. როდესაც ბოთლზე მოთავსებულ QR-კოდს დაასკანერებ, გადადის საიტზე, სადაც ირთვება "ჩაკრულოს" ჰანგები და მოცემულია სრული ისტორია. სამომავლოდ, განთავსდება ფოტოები, რომელზეც ასახულია ანსამბლის სწორედ ის მოგზაურობა აშშ-ში, როცა "ჩაკრულო" ჩაიწერა. დიზაინის ავტორია გოგა თანდაშვილი, რომელმაც ზუსტად ისე შექმნა სასაჩუქრე ყუთისა და ბოთლების კონცეფცია, როგორიც თავიდანვე წარმოგვედგინა.

ახლა უკვე მრავალფეროვანი პროდუქცია გვაქვს, მათ შორის: დიდი ბოთლის ღვინო (რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული და სხვა), ქართული ჭაჭა სასტუმროს მინიბარებისთვის და სხვა. გაზაფხულზე გამჭვირვალე ბოთლებში ჩამოვასხით ქვევრის რქაწითელი, რომელსაც ძალიან ლამაზი, მოვარდისფრო შეფერილობა დაჰკრავს. როგორც ჩანს, გურჯაანში ვაზისთვის მოსაწონი, რაღაც განსაკუთრებული კლიმატური პირობებია ამ ადგილას. აქ სხვა ბევრი არაფერი მოდის, მაგრამ ყურძენი კი განსაკუთრებულია. გარდა ამისა, დიდ ბოთლებში ჩამოსხმული გვაქვს ქინძმარაული, საფერავი და სხვა სახეობები. მიხარია ყველა სიახლე, რომელიც ჩვენს მამულსა და მამის სახელს როგორღაც უკავშირდება.

როგორ შეხვდა საზოგადოება როსტომ საგინაშვილის სახელობის "მომღერალ ბოთლებს"? გყავთ თუ არა ერთგული მომხმარებლები?
მომხმარებელს რაც შეეხება, თავიდანვე, როგორც კი ღვინო ჩამოვასხით და სოციალურ ქსელში განვათავსეთ, ბევრმა ადამიანმა შეიძინა, მათ შორის ახლობლებმა, მეგობრებმა, ტურისტებმა და სხვა. გვიხარია, რომ ჩვენი განხორციელებული იდეა უკვე თბილისისა და ბათუმის 20 მაღაზიასა და ორ სასტუმროში იყიდება.

მადლობა მათ და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე დიდი ხანია საკუთარ სახლებში საპატიო ადგილები მიუჩინეს "მომღერალ ბოთლებს", ფოტოებიც გამოგვიგზავნეს და ასე შეაფასეს ჩვენი პროექტი − ეს ყველა ოჯახში უნდა იყოსო.

როგორ გესახებათ პროდუქტის სამომავლო განვითარება და კიდევ ხომ არ გაქვთ ინიციატივები მამის სახელის პატივსაცემად?
კახეთში, მამას სახლში, გვსურს ისეთი სივრცის მოწყობა, სადაც ციფრული ტექნოლოგიებისა და მამას უნიკალური ფოტოარქივის გამოყენებით ტურისტებისთვის განსხვავებულ და მიმზიდველ ადგილს შევქმნით. გვინდა, ვირტუალური რეალობის გამოყენებით, გავაცოცხლოთ ჩვენი სტუმრებისთვის ღვინის ტრადიციები და "ჩაკრულოს" ისტორია. მოვაწყობთ ჩვენი ღვინის შოურუმსაც.

რაც შეეხება თავად "მომღერალი ბოთლების" განვითარებას, წინდაწინ არ მინდა ვისაუბრო, თუმცა ვიტყვი, რომ გვექნება კორპორაციული მიმართულებაც. ასევე, რასაკვირველია, ძალიან გვინდა პროდუქტი საზღვარგარეთაც გავიტანოთ. ჯერჯერობით ვიკვლევთ ამ პროცესს, რადგან საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა ახლავს გლობალურ ბაზარზე გასვლას. თუმცა, "მომღერალი ბოთლების" შექმნაც, თავის დროზე, საკმაოდ ბევრი დაბრკოლებით იყო აღსავსე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"