USAID YES-GEORGIA სიახლეები პროგრამის ბენეფიციარი ქალი მეწარმეებისაგან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID-ის პროგრამა YES-Georgia უკვე მეშვიდე წელია, რაც ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ და უფლებრივ გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ასეულობით მეწარმე ქალბატონმა მოახერხა, როგორც დარგობრივი, ისე ზოგადი ბიზნესსამეწარმეო განათლების მიღება პროგრამის აქტივობების ფარგლებში და მოიპოვა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა.YES-Georgia, ისევე, როგორც ამ პროგრამის ორი კომპონენტი BuzzGeorgia და "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა", ფარავს ბიზნესის არაერთ მიმართულებას და სხვადასხვა ინდუსტრიაში ჩართული ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

Entrepreneur-ი ტრადიციულად თვალს ადევნებს პროგრამისა და მისი ბენეფიციარების მიღწევებს და გვსურს გაგაცნოთ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალი მეწარმეები, რომლებმაც ბევრი გამოწვევისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხეს დასახული მიზნების მიღწევა.

ნელი აგირბა-ძიმისტარიშვილი

ნელი აგირბა-ძიმისტარიშვილის ალტერნატიული და ჰოლისტური ჯანმრთელობის ცენტრი "ფხიზელი ტომი", სულ ახლახან, მიმდინარე წლის მაისში დაარსდა. როგორც თავად ნელი გვიამბობს, მისი ბავშვობის ოცნება იყო ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნვა, რამაც იგი უკვე ზრდასრულ ასაკში ფსიქოლოგიის ძირფესვიანად შესწავლასთან და საკუთარი "რითრით"-ღონისძიებების ორგანიზებამდე მიიყვანა.

"ფხიზელი ტომი" ფაქტობრივად ახალშობილი არაფიზიკური არსებაა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ციფრულ სამყაროში ფუნქციონირება. პირველი აქტივობა ჩემი და არტთერაპევტ თათია არაბულის ერთობლივი პროექტის წარდგენა იყო. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განვიხილავდი ამ იდეას, მაგრამ ხან "ჯერ რა დროს ეგ არის", ხან "მზად არ ხარ", ხან "არ ვიცი, საიდან დავიწყო", ხან "რაღაცებს ფანტაზიორობ", ხან "კი, კი, ოდესმე იქნება სხვა ცხოვრებაში" ფრაზები მაფერხებდა და თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმის დაწყებიდან, ისევ ნულოვანი წერტილისკენ მაბრუნებდა. ამ აპრილის ბოლოს კი დავუთქვი თავს საბოლოო ვადა − 3 მაისი, როდესაც Facebook-ზე პირველი "ივენთი" უნდა გამომექვეყნებინა, და ასე მომწიფდა "ფხიზელი ტომის" პირველი ზღაპრული რითრითი − "შეფხიზლების უქმეები დაო". ზღვასთან 3 დღით შევიკრიბეთ მხოლოდ ქალები და განვახლდით − მედიტაციით, არტ-თერაპიით, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან კავშირის გამოცოცხლებით და სიღრმის/სილამაზის გახსენებით. იდეა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ინტენსიურად და საკმაოდ იმპერატიულად წარმართავდა ჩემს ცხოვრებას, უცებ გარემოში განხორციელდა და არ მოუტანია არც დაძაბულობა, არც გაკვირვება და წარმატების ზეიმი. მხოლოდ ცხადი ხედვა, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა ყოფილიყო, და მადლიერება, პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის", − გვიამბობს ნელი.

ნელის და თათიას მიერ ორგანიზებული პირველი რითრითი შეკვეთილთან ახლოს, კაპროვანში შედგა, ხოლო მონაწილეებმა ამ ღონისძიების შესახებ მხოლოდ სოციალურ ქსელში შექმნილი "ივენთის" მეშვეობით შეიტყვეს. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და როგორც ნელი აღნიშნავს, ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მათგანი საკუთარ თავს იკვლევს. აღსანიშნავია, რომ "ფხიზელი ტომის" ფარგლებში უკვე დაგეგმილია მორიგი შეკრება, რომელიც 29 ივნისიდან პირველ ივლისამდე გაიმართება, ამჯერად სქესის განურჩევლად.

"როგორ მივედი ჩემი საოცნებო საქმის, ანუ საკუთარი თავის პოვნასთან? − არის ასეთი უნივერსალური მეთოდი: უნდა გაიხსენო, რა გინდოდა ან რის კეთება გიყვარდა ბავშვობაში და ზუსტად ის აკეთო ახლა. ჩემს შემთხვევაში ადამიანის ბედნიერების უნარზე ზრუნვა ბავშვობის ყველაზე მკაფიო სურვილი იყო და ამის განხორციელებაში ლიტერატურა, სასწავლო პროგრამები, ცოცხალი თერაპიული გამოცდილებები დამეხმარა. მას შემდეგ, რაც "გავცოცხლდი", უპირველესად ჩემი შვილებისთვის, და დავბრუნდი აწმყოში. ბევრმა ადამიანმა მკითხა თუ რით დაეწყოთ და როგორ მიეღწიათ რეალური ცვლილებებისთვის. ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად კი, სწორედ პროგრამა USAID YES-Georgia-მ მომცა მუხტი და გამოიკვეთა სამოქმედო ნაბიჯების ფორმაც. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ქალი მეწარმეების Facebook-ჯგუფის წევრობამ გამაძლიერა ჩემს პასიურ პერიოდში, ხოლო ახალი საქმიანობის დაწყებისთანავე იქ გამოხატულმა პოზიტივმა რწმენა გამიმყარა და კიდევ უფრო გამალაღა", − აცხადებს ნელი აგირბა.

რაც შეეხება "ფხიზელი ტომის" "განახლება-შეფხიზლების უქმეების" გეგმებს, ნელი შეკრებების გამართვას სექტემბრის ჩათვლით განსხვავებული ფორმატებით აპირებს. შერეული შეხვედრების შემდეგ, რომელიც ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი, მოეწყობა წყვილების წრე, ქალთა წრე და ბავშვებისა და მშობლების ერთობლივი რითრითი.

მარიამ ქადაგიშვილი

მარიამ ქადაგიშვილის იურიდიული მომსახურების დისტანციური მიწოდების სერვისი − "შენი პირადი იურისტი" პანდემიის დროს შეიქმნა. პროფესიით იურისტი და სამართალმცოდნეობის მაგისტრი, მარიამი ამ მიმართულებით სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, ხოლო თავისუფალ დროს საქართველოს მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ იურიდიული კონსულტაციის გაწევით ეხმარებოდა.

"პანდემიის დროს თითქმის ერთი თვე გავატარე ჩემს სოფელში, კახეთში, და გადაადგილების შეზღუდვის გამო, მეც, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შემექმნა თავისუფლად მუშაობის პრობლემა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა იურიდიული სერვისის მიღება სახელმწიფო დაწესებულებებიდან დისტანციურად იყო შესაძლებელი, თუმცა მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის გამოცდილება და ცოდნა. მივხვდი, რომ შემეძლო დახმარება აღმომეჩინა მათთვის და ეს ჩემთვის შემოსავლის წყარო გამხდარიყო. შესაბამისად, შევიძინე ინტერნეტდომენი − www.personallawyer.ge და ჩემს მეგობარსა და კოლეგა გვანცა აფციაურთან ერთად აქტიურად დავიწყე იურიდიული მომსახურების დისტანციური მიწოდების სერვისის შექმნა", − აცხადებს მარიამი, − "მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და შესაბამისად გაუმჯობესდა ჩვენი მუშაობის ხარისხიც. პანდემიის დასრულების მიუხედავად, ადამიანები მაინც აქტიურად სარგებლობენ ჩვენი სერვისით, რაც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა მათთვის. ჩვენს დამკვეთებს დისტანციურად ვუმზადებთ და ვუგზავნით იურიდიულ დოკუმენტებს, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, რათა მათ შეძლონ დროის დაზოგვა და სასურველი შედეგის მიღება შინიდან გაუსვლელად".

დისტანციური მომსახურება ხელსაყრელი აღმოჩნდა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთათვის, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის მოგვარება უწევთ. "შენი პირადი იურისტი" ამჟამად მიგრანტებისათვის სამართლებრივი სტატუსის მოპოვების ხელშეწყობაზე მუშაობს, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისათვის და ამ საკითხზე ნაყოფიერად თანამშრომლობს რეკრუტინგ-კომპანიებთან.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს პროექტი ქალ მეწარმეთა ხელშეწყობისთვის, სწორედ რომ დროული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. პროგრამის შესახებ გავიგე ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენი ბიზნესის საწყის ეტაპზე ვიყავით. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, სადაც მნიშვნელოვანი რჩევები მივიღე ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად და სამართავად. დღემდე ვგრძნობ ტრენერთა მხარდაჭერას, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას მიზიარებენ და პრობლემების მოგვარების მარტივ გზებს მთავაზობენ", − აღნიშნავს მარიამ ქადაგიშვილი.

დღესდღეობით, კომპანია აქტიურად მუშაობს იურიდიული პირებისთვის სრულყოფილი მომსახურების პაკეტის შექმნაზე. ახლო მომავალში კი, "შენი პირადი იურისტი" გაფართოებას გეგმავს, აპირებს კვალიფიციური კადრის დამატებას, მათ გადამზადებას და როგორც მომსახურების მასშტაბების, ისე შეთავაზებული სერვისის რაოდენობის გაზრდას.

ლელა ავალიშვილი

ლელა ავალიშვილის იოგა სტუდია FREE SPIRIT თბილისში, ვაჟა ფშაველას 78ა-ში 2022 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს და ვიზიტორებს სთავაზობს როგორც იოგას ვარჯიშებს, ისე სუნთქვითი სხვადასხვა ტექნიკის შესწავლას. როგორც ლელა გვიყვება, ონლაინვარჯიში მან პანდემიის დროს, შინ დაიწყო, თუმცა ვინაიდან ოჯახში სამი შვილი ჰყავს და სრულფასოვანი ვარჯიში პრაქტიკულად არ გამოსდიოდა, გაუჩნდა იდეა თავად გაეკეთებინა ადგილი, სადაც კომფორტულად იგრძნობდნენ თავს როგორც ლელა, ისე მოსული სტუმრებიც.

"მე არ მქონია იოგას მიმართულებით რაიმე სახის სპეციფიკური ცოდნა ან გამოცდილება, ისევე, როგორც ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. თუმცა ვარ შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და მიყვარს სწავლა. ყოველდღიურად ვცდილობ ვისწავლო და განვავითარო ჩემი ბიზნესი, ვინაიდან ყოველთვის მსურდა მქონოდა დამოუკიდებელი საქმე. ცხადია, ამ გზაზე ბევრი სირთულის დაძლევა მომიწია. უპირველეს ყოვლისა, რთულია იმ მომხმარებლის დარწმუნება, რომელსაც რაიმე ახლის ცდის შიში აქვს − ისეთის, რაც ჯერ არ იცის და ფიქრობს, რომ არ გამოუვა. ძირითადად ადამიანები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას იოგაზე და ფიქრობენ, რომ რაიმე სახის განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს ვარჯიში, რაც სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს", − აღნიშნავს ლელა.

სტუდია FreeSpirit მაქსიმალურ კომფორტს, მყუდრო გარემოსა და პროფესიონალი ტრენერების მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. როგორც ლელა აცხადებს, აქ გატარებული ერთი საათი, ნებისმიერი ადამიანისთვის მხოლოდ საკუთარი თავისთვის დათმობილ დროს ნიშნავს, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია.

"პროგრამა USAID YES-Georgia-მ გამაცნო ძალიან საინტერესო ქალბატონები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და თითოეული ისტორიის მოსმენამ დამოუკიდებელი საქმის კეთების მოტივაცია კიდევ უფრო ამიმაღლა. ის, რომ მე დღეს ადამიანებს ვემსახურები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საკუთარი თავის განვითარება, და უყვარს ახლის შესწავლა, სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა. ახლო მომავალში, მინდა ჩემს სტუდიაში შევქმნა ადგილი, სადაც იოგა და ქოუჩინგი გაერთიანებული იქნება. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს იზრუნოს არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ განვითარებაზე", − გვიამბობს ლელა ავალიშვილი.

ანა ვეფხვაძე

ანა ვეფხვაძე, "ანუკი ვეფხვაძის ქალთა სტუდიის" დამფუძნებელი, პროფესიით იურისტი, ფსიქოლოგი, ქოუჩი და ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი გახლავთ, რომელმაც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით 2018 წელს დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. მისი სტუდია ემსახურება პიროვნული და სულიერი ზრდის მიმართულებას, ხოლო ანას პროგრამები ქალბატონებს ცხოვრებისეული სფეროების გაუმჯობესებაში ეხმარება.

"2018 წლიდან უშუალოდ უკრაინის ტრენერებთან პარტნიორობით დავაფუძნეთ სტუდია, ვატარებდით ცოცხალ ტრენინგებს, სადაც ქალები ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად ერთიანდებოდნენ. პროგრამა შეიქმნა ქალბატონების გასაძლიერებლად, რათა მომხმარებლებს მოეხდინათ თვითრეალიზაცია, გამხდარიყვნენ წარმატებულნი, ჩამოეყალიბებინათ ბედნიერი და ჯანსაღი ურთიერთობები. მალევე ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, პროგრამაში ძალიან ბევრი ქალბატონი ჩაერთო და სხვებსაც აწევრიანებდნენ სტუდიაში. შემდეგ უკვე, დამოუკიდებლად გავაგრძელე ჩემი საქმიანობა და სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა სახელი − "ანუკი ვეფხვაძის ქალთა სტუდია", რომელიც დღეს კიდევ უფრო პოპულარულია და ყოველდღიურად იზრდება სტუდიაში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა", − აცხადებს ანა.

"ანუკი ვეფხვაძის ქალთა სტუდიის" სერვისები აერთიანებს კონსულტაციებსა და პროგრამებს, რის საფუძველზეც ქალები აუმჯობესებენ საკუთარ ბიზნესსა და კარიერაში ფინანსურ მდგომარეობას, გეგმავენ და ახორციელებენ დასახულ მიზნებს და აღწევენ ეფექტურობის წარმოუდგენელ მაჩვენებლებს. ანას მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, კონტაქტები და მის მიერ მოპოვებული რეპუტაცია, მისსავე დამოუკიდებელი ბიზნესის სწრაფი ზრდისა და განვითარების საწინდარი გახდა.

"USAID YES-Georgia-ს პროგრამის დახმარებით ძალიან საინტერესო ქალბატონები გავიცანი. სასიამოვნო ტრენინგზე და გარემოში მოვხვდი, რაც საუკეთესო მოგონებად დამრჩება, ხოლო განსაკუთრებულად გამიხარდა, როდესაც ელჩად ამირჩიეს, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. პროგრამა ზრუნავს ჩვენი საქმიანობის წარმოჩინებისათვის და საზოგადოებისთვის გასაცნობად, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ყველა ბენეფიციარისთვის", − აღნიშნავს ანა ვეფხვაძე.

რაც შეეხება ანას სამომავლო გეგმებს, იგი აპირებს სასწავლო კურსების შექმნას, სადაც შეძლებს ტრენერთა პროფესიულ მომზადებას და მათ იმ ცოდნასა და ინფორმაციას გადასცემს, რომელსაც ადამიანებთან მუშაობისას საგრძნობი შედეგები მოაქვს. ანას თქმით, მსგავსი კურსის შექმნასთან დაკავშირებით უამრავ მოთხოვნას იღებს, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს ახლო მომავალში.

ანა ლაცაბიძე

ანა ლაცაბიძემ ქალის თეთრეულის ქართულ ბრენდ Pieceof BBN-ის ჩამოყალიბებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა 2019 წელს დაიწყო, ხოლო პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე წარმოება 2020 წელს დაიწყო და თეთრეულის 80%-ს უკვე საქართველოში ამზადებს. დღეს Pieceof BBN მომხმარებლებს სთავაზობს ქართული წარმოების, დახვეწილი, განსხვავებული ქალის თეთრეულის შეძენის შესაძლებლობას, რაც Pieceof BBN-ის მომხმარებლებისთვის გამორჩეულს ხდის.

"რამდენიმე წლის წინ, პარიზში მოგზაურობისას, მე და ჩემმა პარტნიორმა − ნატალია ქურდაძემ შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვეულებრივი ვინტაჟური მაღაზია, სადაც ხელნაკეთ განსხვავებულ საცვლებს წავაწყდით – ეს იყო პირველი ინსპირაცია, რომელმაც შემდეგ ნათლად დაგვანახა, რა გვინდოდა გაგვეკეთებინა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სურვილი იმდენად დიდი იყო ბაზარზე განსხვავებული თეთრეული შეგვექმნა და საქართველოში ქალის საცვლების ბიზნესის კუთხით მაღალი სტანდარტი დაგვემკვიდრებინა, რომ პირდაპირ საქმეს შევუდექით. პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნიდან თეთრეულის მოძიება და შეძენა დავიწყეთ. ამით, ერთგვარად, საერთაშორისო ბაზარი შევისწავლეთ და დავინახეთ, რა არის მოთხოვნადი, რას ანიჭებს უპირატესობას ქართველი მომხმარებელი, რის შედეგადაც ჩამოგვიყალიბდა გარკვეული ხედვა, მათთვის როგორი ტიპის თეთრეულის მიწოდება შეგვეძლო. პარალელურად, შევისწავლეთ გრაფიკული დიზაინის ძირითადი პროგრამები, ბუღალტერიაში გავერკვიეთ, ცოტაც მარკეტინგში, ფოტოგრაფობაც შევითავსეთ და ონლაინტრენინგებშიც აქტიურად ჩავერთეთ. სამსახურების შემდეგ ძალიან ბევრ დროსა და რესურსს ვუთმობდით იმას, რომ შეგვექმნა Pieceof BBN", − აცხადებს ანა.

Pieceof BBN ამჟამად ბაზარზე პროდუქციის ხუთი კატეგორიით: ბიუსტჰალტერით, ტრუსით, ბოდეთი, ფეხისა და წელის აქსესუარებით არის წარმოდგენილი. დამფუძნებლები კი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანონ, ორიენტირებული იყვნენ მომხმარებლის კმაყოფილებაზე და მუდმივად იმუშაონ სერვისის გაუმჯობესებაზე. BBN-ს აქვს მაღაზია და სამკერვალო თბილისში, ასევე ფლობს საწყობს ნიუ იორკში და ყიდის პროდუქციას სხვადასხვა არხებით. მოლაპარაკებების ფაზაშია ექსპორტის პროცესი გერმანიის რამდენიმე კომპანიასთან. წლის ბოლოს იგეგმება სხვადასხვა კომპანიის დაკონტრაქტება და ამ გზით გერმანია იქნება პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ქართული წარმოების პროდუქცია შევა BBN-ის მხრიდან.

"ჩემი პროფესიული ბექგრაუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, ბიზნესის საწყის ეტაპზე არც მე და არც ჩემს პარტნიორს არ გვქონდა შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ გვემართა ბიზნესი სწორად, როგორ შეგვემუშავებინა სტრატეგია და მოვრგებოდით ბაზრის მოთხოვნებს, მაგრამ პროცესში გავიარეთ უამრავი ტრენინგი, შეხვედრა ამ მიმართულებით და მივიღეთ გამოცდილება, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს მიზანს. ვფიქრობ, გაქვს ყველაფერი, თუ გაქვს საკუთარი თავის რწმენა", − აცხადებს ანა, − "USAID-ის პროგრამა YES-Georgia-მ საშუალება მოგვცა საუკეთესოდ შეგვერწყა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთთან. ძალიან მარტივია იდეის მოფიქრება, მაგრამ რთულია მისი განხორციელება. დღეში ადამიანს ოთხი იდეა მაინც მოსდის, მაგრამ როგორც კი მისი განხორციელების პირველ ნაბიჯებზე იწყებს ფიქრს, ხვდება, რომ ძალიან რთულია და ჩერდება. პროგრამის ფარგლებში, მოხდა Pieceof BBN-ის დღის წესრიგის თანამედროვე რეალობასთან სრულად მორგება. გარდა ამისა, ვისწავლეთ, რომ თუ შენი გუნდის წევრები საქმის კეთებით სიამოვნებას იღებენ და ეს მათთვის რუტინა არაა, ისინი აუცილებლად მოუტანენ ბრენდს წარმატებას".

USAID-ის პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას საფინანსო, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.