You can be on Entrepreneur’s cover!

ანდიტრი - იმერეთში დაბადებული ქართული ორგანული ჩაი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართელოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ქუთაისში სტარტაპების პრეაქსელერაციის პროგრამა განხორციელდა. პროგრამის მიზანი ინოვაციური აზროვნების განვითარება, მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და იდეების განვითარება გახლდათ. ტრენინგებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები. პროგრამის ფარგლებში 50-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა: იდეების გენერირება, ბაზრის კვლევა, MVP, ბრენდი/ბრენდინგი, ბიზნეს მოდელის შემუშავება და სხვა. თეორიული და პრაქტიკული სესიების შემდგომ ჩატარდა ფინალური დემო დღე, სადაც გამარჯვებული და რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.

BTU-ს ერთ-ერთი რჩეული მონაწილე ქართული ორგანული ჩაი და მისი დამფუძნებელი და დირექტორი, გრიგოლ ბიწაძე გახდა. გრიგოლ ბიწაძემ, საკუთარ ძმასთან, ელგუჯა ბიწაძესთან ერთად, "ანდიტრის" სახელწოდების ქვეშ იშვიათი სახეობის ორგანული ჩაის მოყვანა დაიწყო. "1937 წელს ჩვენს სოფელში გაშენდა ჩაის კულტურა და დიდი სარგებელი მოუტანა რეგიონს, მაგრამ გასული საუკუნის ბოლოს, როგორც ყველა დარგი, საქართველოში ჩაისაც იგივე ბედი ეწია და 30-წლიანი უყურადღებობით გაველურდა. ჩემი მამაპაპისეული სოფლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა დაბრუნება სოფელში და ამ ძვირფასი კულტურის აღდგენა, რაც სიცოცხლეს დაუბრუნებს სოფელს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გრიგოლ ბიწაძე. აღსანიშნავია, რომ "ანდიტრის" ჩაის 2019 წელს "საუკეთესო ქართული ჩაის" ტიტული მიანიჭეს.

საქმიანობის დაწყებიდან დღემდე კომპანიას უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები. მათთვის მნიშვნელოვანია ნატურალური არომატული ჩაი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა დადებითი და გემოვნური თვისება. მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩაის იშვიათი სახეობა "მეწამული", ორგანული შავი და თეთრი ჩაი, იმერული ველური ჩაი, შემოდგომის ჩაი და სხვა.

ჩაის წარმოების პროცესში, გრიგოლ ბიწაძის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გახლდათ. სწორედ ამ მიზნით, "ანდიტრის" ჩართულობით, შემუშავდა მეხილეობა-მეცაიეობის დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სასწავლო მოდულის ფარგლებში, სტუდენტების პრაქტიკული კომპონენტი ეტაპობრივად ხორციელდება ჩაის წარმოების დარგის წამყვან კომპანია "ანდიტრში". გრიგოლ ბიწაძის განმარტებით, აღნიშნული დუალური სწავლება სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო დაწესებულებასთან და მეწარმეებთან ერთად დაეუფლონ სასურველ პროფესიას. გარდა ამისა, მეჩაიეობით დაინტერესებული ბენეფიციარები გადამზადდებიან და მიიღებენ შესაბამის კვალიფიკაციას დარგის განვითარებისთვის.

გრიგოლ ბიწაძე თვლის, რომ ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც მუდამ ეძებს სიახლეს, ბევრს სწავლობს და შრომობს წარმატებისთვის და არის მიზანდასახული ცხოვრების ყველა ეტაპზე. "ანდიტრის" დამფუძნებელი საქმიანობას შემდეგი ცხოვრებისეული პრინციპით ახორციელებს: "არ არსებობს საქმე, რომელიც არ გამოვა". სწორედ ამ მოტივაციით, "ანდიტრის" გუნდი ცდილობს, გაზარდოს წარმოება და შექმნას ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ დაისვენონ, ისიამოვნონ ჩაის პლანტაციებით, ისუნთქონ სუფთა ჰაერი და მიიღონ ნატურალური საკვები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"