საქართველოდან პირველი ღონისძიება Metaverse-ში ბილაინის მხარდაჭერით ჩატარდა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასულ წელს, არა მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლების, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღება Metaverse-მა მიიქცია. ის მალევე გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსწრაფესი ტემპით დაიწყო საზოგადოების ვირტუალურ სივრცეში გადაბარგება. დღეისათვის, Metaverse-ის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 400 მილიონს გადააჭარბა.

გასაკვირი არ არის, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და Metaverse-ის უნიკალურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის დაიწყო. ერთ- ერთი მათგანია 3D ვირტუალურ სივრცეში - დეცენტრალენდში ღონისძიების ჩატარება, სადაც სტუმრები თავიანთი ავატარების დახმარებით ესწრებიან შეხვედრას. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოცდილება ქართველმა მომხმარებელმაც მიიღო, რადგან ახლახანს საქართველოში პირველი ღონისძიება - Fuckup Nights Tbilisi vol. 28 ფიზიკური სივრცის ნაცვლად, სწორედ Metaverse -ში, 3D ვირტუალური სივრცის - დეცენტრალენდის გამოყენებით ჩატარდა. მან 200-ზე მეტ სტუმარს და სამ წარმატებულ სპიკერს უმასპინძლა, რომლებმაც თავიანთი მარცხის ისტორიები საზოგადოებას გაუზიარეს. ღონისძიება Startup Buro-სა და Arrival-ის ორგანიზებით და ბილაინის მხარდაჭერით ჩატარდა.

უფრო დეტალურად იდეასა და მის განხორციელებაზე Arrival-ის გენერალური დირექტორი - მარიამ ნინიკელაშვილი და Beeline-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნინი რეხვიაშვილი საუბრობენ:

როგორ გაჩნდა დეცენტრალენდში ღონისძიების ჩატარების იდეა და ინტერესი?

მარიამი: დეცენტრალენდში ღონისძიებების ჩატარების იდეა პანდემიისის დროს გაჩნდა, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება Zoom-ში შეხვედრებზე იყო გადართული.

სწორედ ამ პერიოდში დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მოსაწყენი ზუმ კონფერენციები, რომლებიც ძირითადად პასიური მოსმენისთვის არის განკუთვნილი და ნაკლებად არის ორიენტირებული მომხმარებლის ინტერაქციაზე და სოციალიზაციაზე, შეგვეცვალა ბევრად უფრო საინტერესო ღონისძიებებით, სადაც დამსწრეებს შეეძლებოდათ რეალური სამყაროს ტიპის გამოცდილებების მიღება პირდაპირ მათი კომპიუტერიდან, ისე რომ სახლში ყოფნის კომფორტზეც არ მოუწევდათ უარის თქმა.

ამასობაში გამძაფრდა ინტერესი მეტავერსისადმი , რომელიც სრულიად ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობდა ადამიანებს და გადავწყვიტეთ, რომ Arrival უნდა ყოფილიყო პირველი მეტავერს ღონისძიებების სააგენტო საქართველოში, რომელიც დაეხმარებოდა ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და შეხვედრები, 3D ვირტუალურ სივრცეში - დეცენტრალენდში ჩაეტარებინათ.

რამდენიმე წარმატებულმა საპილოტე ღონისძიებამ მოგვცა მოტივაცია, ბევრად უფრო დიდ მასშტაბებს შევჭიდებოდით და ასე დაიგეგმა პირველი Fuckup Nights ივენთი დეცენტრალენდში Startup Buro-სთან პარტნიორობით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში უდიდესი როლი აქვთ პროექტის პარტნიორებს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომელმაც ჩვენთან ერთად დაიჯერეს იდეის და ნდობა გამოგვიცხადეს.

ნინი: როგორც კი Fuckup Nights-ის ახალი იდეის შესახებ მიიღეთ ინფორმაცია, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ამ პროექტს აუცილებლად დავუჭერდით მხარს. საქართველოში ციფრული ეკოსისტემისა და ტექნოლოგიების განვითრების ხელშეწყობა, ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ყოველთვის მხარს ვუჭერთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ამ მიმართულებებით ცოდნის ამაღლებას, ახალი გამოცდილებების მიღებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. Fuckup Nights Tbilisi vol. 28: Metaverse-ში სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

გარდა ამ ინოვაციური მიდგომისა, აღსანიშნავია უშუალოდ ღონისძიების კონცეფცია - პირადი წარუმეტებელი გამოცდილების საზოგადოებისთვის გაზიარება, რაც ცხადია უდიდეს ღირებულებას ქმნის და ამყარებს მოსაზრებას, რომ მარცხი გაზრდისა და განვითარების შესაძლებლობაა და ხშირად დიდი წარმატების წინაპირობა ხდება.

რა მთავარი გამოწვევები ახლდა ღონისძიების მოსამზადებელ პერიოდს და უშუალოდ მსვლელობას?

მარიამი: ღონისძიების დაგეგმვისა და მომზადების პერიოდში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ვინაიდან მეტავერს პლატფორმები უახლესი ტექნილოგიაა და მუდმივ რეჟიმში ვითარდება, ტექნიკური ხარვეზები მოსალოდნელი იყო, თუმცა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური ჯგუფის მეშვეობით, შევძელით მათი მინიმუმამდე დაყვანა.

ქართველი საზოგადოებისთვის დეცენტრალენდში ღონისძიების ჩატარება დიდი სიახლეა და გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ გაგვემარტივებინა მათთვის მანამდე უცნობი პლატფორმის გამოყენება, რისთვისაც შევქმენით დეტალური გაიდლაინი დეცენტრალენდში შემოსასვლელად. ხოლო, მათ ვინც ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო ვერ მოახერხა ღონისძიებაზე დასწრება, შევთავაზეთ Youtube ლაივსტრიმი, სადაც შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ ღონისძიების მსვლელობისთვის და მოესმინთ სპიკერებისთვის.

როგორია დამსწრე საზოგადოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის უკუკავშირი დეცენტრალენდში ღონისძიების პირველ გამოცდილებაზე?

მარიამი: ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყოველთვის ღიაა მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეებისთვის და ღონისძიების მონაწილეთა უკუკავშირიც კიდევ ერთი მოტივაცია აღმოჩნდა ჩვენთვის, გავაგრძელოთ მეტავერს ღონისძიებების დაგეგმვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღონისძიებას 200-მდე ავატარი (მონაწილე) მსოფლიოს 22 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრო და მასშტაბურობის თვალსაზრისით Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse ტოპ 4 მიმდინარე მეტავერს ივენთს შორისაც მოხვდა.

ნინი: დეცენტრალენდში ყოფნის პირველი გამოცდილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენთვის ნაცნობი გარემო გვხდება ვირტუალურ სივრცეში, საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩვენი ღონისძიების შემთხვევაში, საინტერესო და სამოტავიცაო გამოსვლების მოსმენა სახალისო ფორმატში მოხდა. ძირითადი ნაწილის შემდეგ after party-ზე გადავინაცვლეთ, სადაც არაფორმალურ ვირტუალურ გარემოში გაგრძელდა კომუნიკაცია. დამსწრეთა უკუკავშირიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ განწყობა, მუხტი და შთაბეჭდილებები საერთო და ერთიანი მივიღეთ.

როგორი განვითარება შეიძლება მოყვეს საქართველოში მსგავსი ინოვაციური მიდგომის პირველ პრეცედენტს და რამდენად უნდა ველოდოთ ვირტულურ სივრცეში სხვა ღონისძიებებსაც?

ნინი: ჩვენ ციფრული ტრანსფორმაციის ერაში ვცხოვრობთ, სადაც უსწრაფესად ვითარდება ტექნოლოგიები. ისინი თავისთავად მიგვანიშნებენ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმებით სარგებლობისკენ და გვთავაზობენ ახალ შესაძლებლობებს. მეტავერსიც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უკვე წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და უდიდეს ინტერესს იწვევს. მეორე მხრივ, გვთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ რომ არა მხოლოდ მსოფლიოს ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში, არამედ საქართველოშიც აქტიურად დაიწყება ამ პლატფორმის გამოყენება სხვადასხვა მიზნით და მათ შორის ღონისძიებების მიმართულებითაც.

მარიამი: ჩვენი დიდი სურვილია, შესაძლებელი გავხადოთ დეცენტრალიზებული მეტავერს პლატფორმების გამოყენება და ხელი შევუწყოთ კომპანიებს, ორგანიზაციებს ტექ მიმართულებით განვითარებაში. გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შევქმნით საინტერესო, ინტერაქციულ და სახალისო გამოცდილებებს 3D ვირტუალურ სამყაროში.

წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილი გვაქვს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა და უახლოეს პერიოდში რამდენიმე ვირტუალურ ღონისძიებასაც დავანონსებთ, როგორც შემეცნებითს, ისე გასართობს.

ასე რომ შეგიძლიათ, მოამზადოთ თქვენი ავატარი დეცენტრალენდში დაუვიწყარი გამოცდილებებისთვის!