You can be on Entrepreneur’s cover!

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად გაიცანით თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადასული ოთხი ქალი, რომლებიც რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სტატიის დაწერის ინსპირაცია ამ არაჩვეულებრივი ქალბატონების გაცნობის შემდეგ მივიღე. გამაოცა მათმა გამბედაობამ, ძლიერებამ და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ბრძოლის უნარმა. მჯერა, ჩვენ შორის ბევრია, ვისაც ქვეყნის განვითარების საქმეში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა სურს. ამ სტატიით მსურს გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც ამას უკვე რეალურად აკეთებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი წარმატებული კარიერის აწყობას, სხვებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა არჩიეს. ამდენად, ჩემთვის სამაგალითო ქალბატონები არიან, რომლებიც, მჯერა, სულ მალე ბევრი ქართველისთვის როლური მოდელები გახდებიან.

Entrepreneur Georgia

ლია მუხაშავრია - კოოპერატივი „გურიის თხილი"

ლია მუხაშავრია პროფესიით იურისტია, კერძოდ − ადამიანის უფლებათა დამცველი. მისი ძირითადი საქმიანობა ევროსასამართლოში ადამიანის უფლებათა დაცვაა, რომელსაც 2002 წლიდან ეწევა. ლიას მიღწევებს შორის არის 8 მოგებული საქმე ევროსასამართლოში და 7 მოგებული საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამჟამად, საქმიანობას პირდაპირ შუხუთიდან აგრძელებს. ევროსასამართლოსთან ურთიერთობას დისტანციურად მარტივად ართმევს თავს, დანარჩენ დროს კი რეგიონის განვითარებას უთმობს.

რეგიონში სამეწარმეო და სათემო განვითარების საქმიანობის შესახებ

სოფელში საცხოვრებლად 2015 წლიდან გადავიდა, სადაც მუდმივად მიუწევდა გული. თავისუფალ დროს უქმად ვერ დაკარგავდა, ამიტომ კოოპერატივი დააფუძნა. სჯეროდა, რომ კოოპერატივის საშუალებით ბევრ სასიკეთოს გააკეთებდა ადგილობრივი გლეხებისთვის, რასაც ისინი ინდივიდუალური რესურსების პირობებში ვერ ახერხებდნენ. დიდხანს კარდაკარ იარა, რომ წევრები მოეზიდა კოოპერატივში; დაერწმუნებინა გლეხი, რომ ძალების გაერთიანებით უფრო ნაყოფიერი გახდებოდა თხილის მოპოვება.

დღეს მის კოოპერატივს უკვე 97 წევრი ჰყავს, რომლებსაც მუდმივად ეხმარება თხილისთვის საჭირო აგროტექნიკური რესურსებით და ცოდნის გაზიარებით. გარდა ამისა, კოოპერატივს აქვს თხილის საწარმო, სადაც ხდება თხილის გადამუშავება და მოხალვა. მოხალული თხილი კი ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროდუქციის დაფასოებასა და ეტიკეტირებაზე მუშაობა, რაც კოოპერატივს გაყიდვებს გაუზრდის საცალო ბაზარზე გასვლის საშუალებით. ასევე მუშაობენ თხილით წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციაზე, რაც გაზრდის მათ გაყიდვებს. სწორედ ამაში ხედავს ლია მცირე და საშუალო თხილის საწარმოთა კონკურენტულ უპირატესობას, მსხვილ საწარმოებთან მიმართებაში.

ლიას საქმიანობით მიღწეულმა შედეგებმა, ადგილობრივ გლეხს თხილი სულ სხვა კუთხით დაანახა. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ მხოლოდ თხილი კი არ მოჰყავთ, ბიზნესს აწარმოებენ. ამ მიდგომამ სრულიად შეცვალა მათი ხედვები და დღეს გლეხების მთავარი ორიენტირი ბიზნესისა და წარმოების ზრდა გახდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში ლიამ გარდამტეხი როლი შეასრულა ახალი შესაძლებლობების გაჩენის კუთხით. მას ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რატომ გადმოვიდა საცხოვრებლად სოფელში, იქიდან ხომ ყველა გარბოდა?! მისი პასუხი კი ყოველთვის ცალსახა და ოპტიმისტური იყო: „აქ უფრო მეტი შესაძლებლობებია, მაგრამ ამას დანახვა და გამოყენება უნდა".

გარდა ახალი შესაძლებლობების გაჩენისა, ლიას არსებობას სოციალური გავლენაც აქვს ადგილობრივ დონეზე. ის არის ქალი, რომელმაც შექმნა ძლიერი ეკონომიკური აქტივი რეგიონისთვის. ამით ლია ამსხვრევს იქ არსებულ სტერეოტიპებს: დიახ, ქალს შეუძლია შექმნას ქარხანა მამაკაცის მხარდაჭერის გარეშე! დიახ, სოფელში არსებობს უშრეტი ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებსაც გამოყენება სჭირდება!

გამოწვევები

დარგის ვიწრო სპეციალისტების არსებობა დიდი გამოწვევაა რეგიონში. აუცილებელია კოლეჯების არსებობა, სადაც მომზადდებიან ადგილობრივი კადრები – აგრონომები, ვეტერინარები, სასტუმროს მენეჯერები... მისი თქმით, დონორების მიერ ჩატარებული ტრენინგები კარგია, მაგრამ აუცილებელია რეგულარული საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა.

თუმცა, ლიას თქმით, გამოწვევებს შორის ყველაზე მწვავე მოსახლეობის ნიჰილიზმია, რაც ხანგრძლივი სიდუხჭირისა და მუდმივი იმედგაცრუებების შედეგია. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხს ურჩევნია საზღვარგარეთ წასვლა, ვიდრე ადგილზე შრომა, რადგან ვერ ხედავენ შესაძლებლობებს. მწირია მუნიციპალური მხარდაჭერაც. ლიას სჯერა, რომ ამის დაძლევა წარმატებული ქეისების გაზიარებითაა შესაძლებელი, რაც შთამაგონებელი და მისაბაძი გახდება სხვებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც უკვე აკეთებს საერთო სასიკეთო საქმეს. „უნდა აღდგეს მომავლის რწმენა, რადგან როცა გჯერა, აუცილებლად გამოვა", − ამბობს ლია.

სამომავლო გეგმები

თხილის კოოპერატივის გარდა, ლიას სოფელში ტურიზმის განვითარება აქვს მიზნად დასახული. ის პროაქტიურად არის ჩართული ლელოს ფესტივალის ორგანიზებაში, რომელიც შუხურში ყოველწლიურად იმართება. „ტურიზმის განვითარება რეგიონში ხელს შეუწყობს საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტებისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობების გაჩენას, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყარო იქნება", – აღნიშნავს ლია.

ამ სოფელში ყოველწლიურად იმართება ლელობურთის ღონისძიება, რომელზეც ათასობით შიდა ტურისტი ჩამოდის. სტუმრები აღფრთოვანებული რჩებიან ამ სანახაობებით. ლელოს ისტორიას ბრწყინვალედ აღწერს ქართული ბალადა „ხასანბეგურა", რომელიც ღონისძიებაზე მუდმივად ჟღერდება. ლელობურთს უნიკალური კულტურულ-ისტორიული დანიშნულება აქვს. ლიას სურვილია, სოფელში ტურიზმი ამ ნიშის ირგვლივ განვითარდეს.

ლელობურთს უკვე მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა გეგმავს იბრძოლოს იგივე სტატუსის მოპოვებაზე UNESCO-ს სიაშიც, რაც აამაღლებს ამ ღონისძიების ტურისტულ პოტენციალს.

უცხოელი ტურისტების მასპინძლობის მზადყოფნისთვის, ლია აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზატორებთან, თუ როგორ გახდეს ტრადიციული ღონისძიება უფრო საინტერესო თანამედროვე ტურისტისთვის და როგორ უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოება.

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - ლია მუხაშავრია

Entrepreneur Georgia

დაკა ბერძენიშვილი -ამხანაგობა „სკიჯის სახლი"

დაკამ (დარეჯანი) განათლება გასული საუკუნის 80-იან წლებში მიიღო, რაც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან ძვრებს დაემთხვა. ქუთაისში გამომყვანი წარმოების ქიმიური ტექნოლოგიისა და მოწყობილობის სპეციალიზაციას დაეუფლა და მალევე დასაქმდა პროფესიით. გაზეთი „გურია ნიუსი" ჩოხატაურში მეგობრებთან ერთად დააფუძნა და აქედან დაიწყო მისი სამოქალაქო, აქტივისტური ცხოვრება. მოგვიანებით, რედაქციიდან თბილისში გადაინაცვლა, „კვირის პალიტრის" ჰოლდინგში. ბევრჯერ მოუწია ახალი პროფესიების შესწავლა, მათ შორის ბუღალტერიისა და კომპიუტერული პროგრამების. მისი თქმით, ეს მისი თაობის დამახასიათებელი ნიშაა, რადგან სურდათ ფეხი აეწყოთ ახალი რეალობისთვის. თუმცა, მისი მრავალმხრივი კომპეტენციების წყალობით, დღეს სხვებს ეხმარება.

რეგიონში სამეწარმეო და სათემო განვითარების საქმიანობის შესახებ

თბილისში დიდხანს მუშაობდა, ოჯახიც შექმნა. თუმცა, არ ასვენებდა გრძნობა, რომ გურიაში მეტის გაკეთება შეეძლო. ფიქრი ჩირის წარმოებაზე შეჩერდა, რადგან ეს კარგად ეხერხებოდა. გარდა ამისა, აწუხებდა, რომ სოფელში მსგავსი ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი ასე ტყუილად იყრებოდა. ამ დროს გაიგო დაფინანსების პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შესახებ. სასწრაფოდ დაამუშავა ტექნოლოგია, დაწერა ბიზნესგეგმა და მოიპოვა კიდეც დაფინანსება. ამან საბოლოოდ გადააწყვეტინა, მოეკიდა ხელი თავისი ლეპტოპისთვის და გურიაში მცირე საწარმოს წამოსაწყებად წასულიყო.

„სკიჯის" ჩირის წარმოება 2015 წელს წამოიწყო, როდესაც პირველად დაბრუნდა ხიდისთავში. მალევე, გააქტიურდა ბახმაროში ტურიზმის განვითარება, რამაც დაკას საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლის" შექმნისკენ უბიძგა და ასე გადაერთო სოფელში ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც. დღეს, „სკიჯის სახლის" ამხანაგობასაც ეწევა, საიდანაც სოფლის სხვა ჩირის მეურნეობებს და საოჯახო სასტუმროებს ეხმარება.

სოფელში დაბრუნებისას, დაკას მიზანი იყო დაემტკიცებინა მისი გარემოსთვის, რომ სოფელში წარმატებით ცხოვრება შესაძლებელია. თუმცა, უკვე ჩამოსულმა, გაიაზრა − მას უნდა დაემტკიცებინა სოფლის მცხოვრებლებისთვის, რომ იქ ცხოვრება შესაძლებელი იყო და გზები გარეთ არ უნდა ეძიათ.

ამდენად, გარდა საკუთარი საქმის კეთებისა, დაკა აქტიურად ჩაერთო სოფლის განვითარებაში. „ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ახალგაზრდებს აქ არსებული კარგად ცხოვრების შესაძლებლობები დავანახო. ჩემი მიზანია, შეიქმნას წარმატების პრეცედენტები, რომ შეჩერდეს მიგრაცია", – აცხადებს დაკა.

სწორედ ამიტომ, ის ძალღონეს არ იშურებს, ადგილობრივებს დაანახოს ახალი შესაძლებლობები. ასევე გაუწიოს ტექნიკური დახმარება პროექტების წერაში, იდეების განვითარებაში, საოჯახო სასტუმროს დაგეგმვაში, ბუღალტერიის კეთებაში თუ კომპიუტერთან მუშაობაში.

გამოწვევები

გამოწვევებზე საუბრის დროს, დაკა მთავარ პრობლემად დონორების და სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან შეუსაბამო დამოკიდებულებას ასახელებს. მაგალითად, ასახელებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთმა დონორმა საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა ჩოხატაურში და დამსწრეებს საგრანტო განაცხადის შევსება ინგლისურ ენაზე მოსთხოვა.

დაახლოებით მსგავსია სამეწარმეო საგრანტო განაცხადების ონლაინრეჟიმში შევსებაც. ასეთი მოთხოვნები თავშივე მიუწვდომელს ხდის ამ შესაძლებლობას გლეხებისთვის, რომლებმაც არ იციან არც კომპიუტერი, არც ინგლისური, არც ბიზნესმოდელის შედგენა. თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგია.

დაკას ღრმა რწმენით, თუ ცვლილებები გვსურს, დონორებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა გახდეს სოფელში არსებული რეალობის შესაბამისი. უნდა მოხდეს გაცნობიერება, რა შეიძლება მოვთხოვოთ სოფლის მცხოვრებელს და რა ენით ვესაუბროთ. მისი თქმით, არსებული სამეწარმეო საგრანტო პროგრამები მისნაირ ხალხზეა გათვლილი, როცა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

სამომავლო გეგმები

დაკას სამომავლო გეგმები მოიცავს საოჯახო ბიზნესის მასშტაბიდან გასვლას. მისი მიზანია საწარმოს შექმნა, რომელიც გამოიმუშავებს მაღალი ხარისხის პროდუქციას ნიშური სეგმენტებისთვის. ასევე, სურს სოფელში ტურიზმის განვითარებას გასტრონომიული და გამოცდილებითი მიმართულებები მისცეს, რაშიც თანასოფლელებს აქტიურად ეხმარება. მდინარის სანაპიროზე მცირე ლაუნჯ-სივრცის მოწყობაში დაეხმარა ახალგაზრდებს, რომელიც უკვე ტურისტულ ატრაციად იქცა.

„მნიშვნელოვანია ადგილზე ტურიზმი განვითარდეს, რისთვისაც მეტი ტურისტული მარშრუტის, მეტი სანახაობის, მეტი გამოცდილების შეთავაზებაა საჭირო. სოფლის საქმიანობაში ჩართვა, ღვინის წარმოებაში მონაწილეობა, ნადირობა თუ გურულ ფოლკლორულ საღამოებში მონაწილეობა არის ნიშა, რითაც ბახმაროში მიმავალ ტურისტს ჩვენთანაც მოვიზიდავთ, რომელიც აქ გააჩენს ახალ კომპანიებს და დასაქმების ახალ ადგილებს", − ამბობს დაკა.

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - დაკა ბერძენიშვილი

Entrepreneur Georgia

მაკო ჟორჟიკაშვილი - სათემო კავშირი „ნიყვის კომუნა"

მაკო (მარიამ) ჟორჟიკაშვილი 2006 წლიდან ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობს. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც ტურისტულ კომპანია Explore Georgia-ს და ავიაკომპანია LOT-ში მუშაობას, ასევე სასტუმროში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობას სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისსა" და „როიალ ბატონში".

განსაკუთრებული ემოციებით ტურისტულ კომპანიაში მუშაობაზე საუბრობს, რადგან სწორედ აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი. მაკოს სამუშაო სპეციფიკა დაკავშირებულია ახალი, საინტერესო ტურისტული პროდუქტების მოძიებასთან და საქმიანი ტურისტებისთვის ექსკლუზიური პროექტების დაგეგმვასთან. მისი ინტერესი ე.წ. ნიშური ტურიზმია, ამიტომ ის დაკავებულია ნაკლებად ცნობადი ადგილების მოკვლევით, სადაც თვითმყოფადი გარემო და უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა სტუმრისთვის.

გამოცდილებამ დაანახა, რომ ასეთ ადგილებში მოგზაურობა, გარდა სტუმრის უსაზღვრო კმაყოფილებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემებისთვის, სოფლის უბრალო მცხოვრებლებისთვის, რაც მათი მხარდაჭერის ტოლფასია.

რეგიონში სამეწარმეო და სათემო განვითარების საქმიანობის შესახებ

სოფელ კურსებში საცხოვრებლად წელს „გადაბარგდა". მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე საკუთარი საქმის განვითარებით არის დაკავებული, კვლავ აქტიურად განაგრძობს კომპანიაში საქმიანობას − უკვე სოფლიდან, რაც მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი სრულიად არ არის. მაკოს ტყიბულში ბებია-ბაბუისდროინდელი სახლი ჰქონდა, სადაც ყოველ ზაფხულს დასასვენებლად ოჯახთან ერთად ჩადიოდა. დასავლეთ საქართველოს კოლორიტული დედაქალაქიდან და კულტურის შუქურიდან, ანუ ქუთაისიდან, სულ რაღაც 10 კილომეტრი აშორებს, რაც ადგილს მოსახერხებელს ხდის სამოგზაუროდ.

მას სურდა შეეცვალა რეგიონში არსებული მწვავე ვითარება, რომელიც მაღალ მიგრაციასთან და სიღარიბესთან არის დაკავშირებული. წლიდან წლამდე ხედავდა ტენდენციას, როგორ იცლებოდა სოფელი ახალგაზრდა თაობისგან. მისი თაობის წარმომადგენლები თითზე ჩამოსათვლელადღაა დარჩენილი, რადგან მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება-გაუმჯობესების მიზნით, ისინი ტოვებენ სოფელს და თბილისში ან ქვეყნის გარეთ მიდიან სამუშაოდ. ხშირად იქიდან უკან აღარ ან ვეღარ ბრუნდებიან, ადგილზე კი მხოლოდ „ბებიები და შვილიშვილები" რჩებიან.

ამიტომ, მაკომ გადაწყვიტა, ახალი შესაძლებლობები გაეჩინა სოფელში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ხალხის ადგილზე დასაქმებისთვის. „ტყიბულში სოკო უხვად მოიპოვება. შარშან ზაფხულს გამიჩნდა იდეა, რომ სწორედ ეს გამხდარიყო ე.წ. ნიშური პროდუქტი, რომელსაც ჩავეჭიდებოდი და სოფელ კურსებში შევეცდებოდი სოფლის ტურიზმის განვითარებას. გასულ ზაფხულს, სხვა სოკოებთან ერთად, ნიყვის განსაკუთრებით უხვი მოსავალი გვქონდა ტყეში. საწყის ეტაპზე გადავწყვიტე, მეზობელი ქალბატონები შემომეკრიბა და შემეთავაზებინა მათთვის სეზონის განმავლობაში ნიყვის შეგროვება, რომლის თბილისში დისტრიბუციას მე უზრუნველვყოფდი. მოთხოვნა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სოფლის მცხოვრებთ ფაქტობრივად შინიდან გაუსვლელად გაუჩნდათ შემოსავლის წყარო, თანაც ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე", – ამბობს მაკო.

ადგილობრივ ქალბატონებთან ერთად დააფუძნა ქალთა სათემო კავშირი „ნიყვის კომუნა". მიზანი ისეთი გარემოს შექმნა იყო, სადაც სოფლისა და ეკოტურიზმის მოყვარულები თავს ადგილობრივებად იგრძნობდნენ და უშუალო შეხება ექნებოდათ სოფლის ცხოვრებასთან. სოკო აქტიურად დაუკავშირა ხელოვნებას, რასაც არტისტული ვორქშოფებისა და არტ-ფლორ დიზაინის საშუალებით ხშირად გამოხატავს.

არტი და ხელოვნებასთან კავშირი უწყვეტ დინამიკაში მთავარი მამოძრავებელი ხაზია ჩვენი კომუნის განვითარების საქმეში. სახლის ერთ-ერთ ნაწილში სივრცეც კი გამოვყავით შემოქმედებითი საქმიანობისთვის", – ამბობს მაკო.

კოლეგა ტუროპერატორების დახმარებით, ხშირად მასპინძლობენ ტურისტულ ჯგუფებს. წელს უკვე უმასპინძლეს სტუმრებს საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან, რომლებიც აზიარეს ადგილობრივ გასტრონომიულ გამოცდილებებს. პროექტ „არტისტერიუმი 2019"-ის ფარგლებში 10 დღის განმავლობაში უმასპინძლეს ამერიკელ ფუდ-არტის სპეციალისტ ეშლინ მორგანს, რომელმაც სოკოს ინსპირაციით და ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენებით, არაჩვეულებრივი კულინარიული ნიმუშები შექმნა. მათ შორის, ადგილობრივი ქალების დახმარებით, გააცოცხლეს მივიწყებული იქაური კერძი – ნიყვის საცივი, რომელიც ძველ დროში ტრადიციულ საახალწლო კერძად მიიჩნეოდა.

მაკოს თაოსნობით, მოხდა ადგილობრივი რესურსების მობილიზება საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნისთვის. სათემო კავშირის ირგვლივ გაერთიანებამ და რესურსების სწორად გამოყენებამ, სოკოზე მოთხოვნა იმდენად გაზარდა, რომ მის შეგროვებაში უკვე სოფელ კურსების გარდა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც არიან ჩართული. ერთი ადგილის წარმატება, საბოლოო ჯამში, გადამდები ეფექტის აღმოჩნდა მთელი რეგიონისთვის.

გამოწვევები

ყველაზე რთული დაწყებითი ეტაპი იყო. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ადგილობრივების დარწმუნება, რომ სოფელ კურსებს აქვს სოფლის ტურიზმის განვითარების პოტენციალი და სოკოს შემგროვებლობა შეიძლებოდა მათი მუდმივი შემოსავლის წყარო გამხდარიყო. თუმცა, მაკოს დანებება არ სჩვევია.

გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ტყიბულის შემთხვევაში ამოუწურავია. თუმცა მაკომ სოფლის ტურიზმის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ასევე კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს.

მისი თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო რეგიონის ცნობადობის გაზრდის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, ტურისტული კვლევების, პროფესიული უნარების მქონე კადრების მომზადების, ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების გადამზადებისა და საგზაო მანიშნებლების განვითარების კუთხით. „აქვე დავძენ, რომ საქმე ამ ეტაპამდე მხოლოდ ჩემი რესურსით და მეგობრების დახმარებით მოვიყვანე. ცხადია, არ შემწევს უნარი უფრო მასშტაბურ საჭიროებებს მარტო გავუმკლავდე", – ამბობს მაკო.

გამოწვევებს შორის საკვანძოა სპეციალიზებული განათლების პრობლემა, რაც რეგიონს აგრორესურსების ეფექტურ გამოყენებაში უშლის ხელს. მართალია, სარწყავი, სამაცივრე და საშრობი სისტემებისა და მოწყობილობების მოწესრიგების გარეშე ვერ ხდება პროდუქტის ეკონომიკური რესურსის სრულად გამოყენება და სეზონურობის რისკის შემცირება, თუმცა მოკლევადიან გამოსავალს დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებში ხედავს, რაც სამეურნეო პირობებში სოკოს კულტივაციის ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარებაში შეუწყობდა ხელს. მათთვის სპეციალისტების წერტილოვანი დახმარება უმნიშვნელოვანესია.

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებში სოკოს ფერმერული მეურნეობების გამართვა და სოკოს ტურიზმის გაფართოებაა მთელ რეგიონში. მსგავსად ღვინისა და თაფლის გზისა, მაკოს მიზანია თემატური ქსელის შექმნა და სოკოს გზის დაარსება ქართულ ტურიზმში. რატომაც არა? „აქტიურად მოვიაზრებთ ტექნოლოგიის დახვეწას, რაც როგორც სეზონურ, ისე არასეზონურ პერიოდში, ჩვენს წარმადობასა და გაყიდვებს გაზრდის. ეს ასევე დაგვეხმარება სოკოს პროდუქციის დივერსიფიცირებასა და ბაზარზე ახალი პროდუქციის გაჩენაში", – ამბობს მაკო.

ფართო მიზანი ტყიბულის შესახებ ცნობადობის გაზრდა და საერთაშორისო ასპარეზზე საპატიო ადგილის დაკავებაა. ამ მიზნით, სოფლის ტურიზმზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიზნობრივ ჯგუფებთან კავშირების დამყარებას აპირებს.

გეგმავს დააფუძნოს ყოველწლიური კულინარიული ფესტივალი − Mushroom Art Fest, რომელსაც საერთაშორისო ხასიათი ექნება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან მზარეულები, კულინარები და არტისტები, სადაც ისინი მოამზადებენ სოკოს კერძებს საკუთარი რეცეპტით, არტისტები ადგილზე არსებული მასალით მოამზადებენ ინსტალაციებს, ჩაატარებენ ვორქშოფებს, შექმნიან სოკოებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, რომლებსაც განათავსებენ Mushroom Art Houses-ის საგამოფენო სივრცეში, რაც მომავალში სოკოს მუზეუმად გადაიქცევა.

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - მაკო ჟორჟიკაშვილი

Entrepreneur Georgia

ნანა ბაგალიშვილი - სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე"

ნანა ბაგალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სადაც განათლება კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო. ამ წლებს დიდი მადლიერებით იხსენებს, რადგან ეს იყო პირველი ადგილი, სადაც ეზიარა სამოქალაქო აქტივობას, უნივერსიტეტის აქტიური სტიმულირებით და მხარდაჭერით. სწავლა სხვადასხვა ადგილზე გააგრძელა, რომელთაგან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბერლინის აკადემიაში კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში ვიზიტს ანიჭებს, სადაც გერმანული სოციალური საწარმოების მოდელი შეისწავლა. ასევე, ამერიკაში სამუშაო ვიზიტს, სადაც სოციალური საწარმოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ნულოვანი შემხებლობის პრინციპი შეისწავლა, რომელსაც დღემდე მთავარ სახელმძღვანელოდ იყენებს. მიღებული ცოდნა ნანას სოციალური საწარმოს სწორი მოდელის შემუშავებაში, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასა და რეალური ახალი ღირებულების შექმნაში დაეხმარა.

თბილისში სწავლობდა და იქვე გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე დღემდე ძირითადად დედაქალაქში ცხოვრობს, ნანას თბილისში ცხოვრება სულაც არ მოჩვენებია სახარბიელოდ. „თბილისში დარჩენაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან აქ, კახეთთან, ბავშვობის რომანტიკული ბმები მაქვს. გარდა ამისა, სოფელს სხვა ხიბლი აქვს, სხვა ჰაერია, სხვა პროდუქტებია, და რაც მთავარია − სხვაგვარი ადამიანური ურთიერთობებია", – ამბობს ნანა.

რეგიონში სამეწარმეო და სათემო განვითარების საქმიანობის შესახებ

წნორში „ცოდნის კაფე" 2016 წლის სექტემბრიდან წამოიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiatives", მდგრადი განვითარების მოდელის შექმნაზეა ორიენტირებული. საგანმანათლებლო კაფეს იდეა საკუთარი პრობლემიდან წარმოიქმნა, რადგან რეგიონში არ არსებობდა კულტურულ-შემეცნებითი კერები.

თავდაპირველად, კაფეს აქტივობები მის თანატოლებსა და თანამოაზრეებზე გათვალა. შექმნა ადგილი, სადაც ახალგაზრდები ჩაერთვებოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, გაიცნობდნენ ადამიანებს, ან უბრალოდ, განმარტოვდებოდნენ საკუთარ თავთან წიგნის კითხვით თუ ინტერნეტში მუშაობით.

საქმის კეთების პროცესში აღმოაჩინა, რომ ასაკოვან ადამიანებს არანაკლებ სურდათ კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, ასევე ახალი ცოდნის მიღება და თავიანთი ცოდნის გაზიარება. ამიტომ, მის ძირითად საქმიანობას, ხანდაზმულთა სპეციალური ჯგუფური პროგრამები და კონკურსები დაემატა. მათ შორის ყველაზე პოპულარული „წლის საუკეთესო ბებია-პაპას" კონკურსია. ღონისძიებებით ხანდაზმულებს ნაცრისფერ დღეებს უფერადებს, რაც ნანას განსაკუთრებით აბედნიერებს.

ცოდნის კაფე გარდამტეხ როლს თამაშობს რეგიონში არაფორმალური განათლების კუთხით, რომელიც გარკვეულწილად, პროგრესის მამოძრავებელი ძალა გახდა კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, ცნობიერების ამაღლებისა და უნარების შეძენაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელების საშუალებით.

ფაქტია, რომ მათ პროგრამებში ჩართული აბიტურიენტები გაცილებით მაღალ შედეგებს აჩვენებენ ეროვნულ გამოცდებზე და ზოგი მათგანი ახერხებს, საკუთარი საქმითაც დაკავდეს. ასეთი იყო ახალგაზრდების გუნდი, რომლებმაც ონლაინ აგრომაღაზია „აგრო-ქედი" გახსნეს, რითაც დედოფლისწყაროს ფერმერებს აგროპროდუქტების თბილისის ბაზარზე გატანაში ეხმარებიან.

ნანა აქტიურ როლს თამაშობს რეგიონში სოციალური განვითარების კუთხით, მწვავე თემების შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებით. გასულ წელს მან განახორციელა პროექტი „ქიზიყელი გოგონები ცლიან", რაც უცნობი, გმირი ქალების შესახებ ინფორმაციის კვლევას და მათ ფოტოგამოფენას გულისხმობდა.

მის ღონისძიებებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრობს.

არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ „ცოდნის კაფემ" გარდამტეხი როლი შეასრულა წნორში ტურიზმის განვითარებასა და კახეთის ტურისტულ მარშრუტში ჩართვაში. რაც ეს ადგილი არსებობს, სიღნაღში მიმავალი ტურისტები სპეციალურად „ცოდნის კაფეს" სანახავად, გულთბილი მასპინძლების გასაცნობად და უგემრიელესი კერძების დასაგემოვნებლად ჩამოდიან. „ცოდნის კაფეს" კულინარიული შედევრები ჩვენმა მკითხველმა გასულ წელს გაიცნო, როდესაც ნანამ მის გუნდთან ერთად კულინარიულ შოუში „ჩემი სამზარეულოს წესები", მიიღო მონაწილეობა. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კაფეს ცნობადობის ამაღლებას, სწორ პოზიციონირებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

გამოწვევები

ნანა, თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად იბრძვის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც რეგიონშია. თუმცა არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც მათ ძალებს აღემატება და რაც რეალურად შეუწყობდა ხელს ადგილობრივ დონეზე სამეწარმეო გარემოს განვითარებას. მსგავს პრობლემებს შორისაა წყლის ცენტრალური სისტემისა და შიდა ტრანსპორტირების სირთულეები. ასევე, პროფესიული კოლეჯების არარსებობა, რომელიც ადგილობრივ სპეციალისტებს მოამზადებდა.

სამომავლო გეგმები

გეგმები ფართო და ამბიციური აქვს: „5-წლიან პერსპექტივაში, გვსურს ბოლომდე ავაშენოთ „ცოდნის კაფე", რომ მეტის გაკეთება შეძლოს რეგიონისთვის. მსურს კახეთის ნაკლებად ცნობილი ადგილები, მაგალითად მაჩხაანი, ტურიზმის ცენტრად ვაქციო, რისი რესურსიც რეალურად აქვს. მომავალში ჩემი თავი ბიზნესში წარმომიდგენია, რადგან რაც ჩვენ რეალურად გვეხმარება იდეების განხორციელებაში, სწორედ ბიზნესია. ბიზნესის წარმომადგენლებს ზუსტად ესმით, რომელ ღირებულებებზე ვესაუბრებით და კარგად ხვდებიან, სად დააბანდონ თავიანთი ფული სწორად", – აცხადებს ნანა.

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - ნანა ბაგალიშვილი