You can be on Entrepreneur’s cover!

USAID YES-GEORGIA ქალთა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„ბაზ საქართველო" USAID Yes-Georgia-ს პროგრამის „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში", ერთ-ერთი კომპონენტია. პროგრამა ხორციელდება ფონდ „კრისტალის" მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი" უწევს.

პროგრამა ღირებულ დახმარებას სთავაზობს დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალბატონებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც ახალი ბიზნესის წამოწყების ან უკვე არსებული ბიზნესების გაფართოების და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების სურვილი აქვთ. „ბაზ-საქართველოს" კონცეფცია დაფუძნებულია Buzz Women Global-ის გამოცდილებაზე და გულისხმობს რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ქალებისათვის ტრენინგებით ადგილზე მომსახურებას, თანაც, საკლასო ოთახის მსგავსად აღჭურვილი ავტობუსების დახმარებით. მიმდინარე პანდემიური ფონის გამო, ტრენინგების რეგიონებში ჩატარება შეუძლებელი გახდა. კომპონენტი მთლიანად ონლაინ აქტივობებზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ონლაინტრენინგებმა უფრო მეტი ქალი მოიცვა მეტი რეგიონიდან თუ სოფლიდან, რაც საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა.

„USAID YES-Georgia-ს ეს კომპონენტი, ტრენინგის მონაწილეებს სთავაზობს ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორიცაა ფინანსური გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებული უნარები, ძლიერი თვითმოტივაცია, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, საკომუნიკაციო ქსელის ჩამოყალიბება და ქცევის პოზიტიური ცვლილება. კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ყოველი ტრენინგის შემდეგ, მონაწილე აქტიური ქალბატონებისგან შეირჩევა ბაზ-ელჩები, რომელთანაც უფრო ინტენსიურად განვაგრძობთ კონსულტაციებსა და შეხვედრებს. დღეისათვის ტრენინგები ყოველ შაბათ-კვირას ტარდება, მიმდინარეობს 5-5 საათი და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1500 ქალის მოცვას ითვალისწინებს. გვჯერა, რომ ჩვენი აქტივობებით გაცილებით მეტ ადამიანზე და ოჯახზე მოვახდენთ პოზიტიურ ცვლილებას 4 წლის განმავლობაში, რაც ქვეყნის განვითარებაზეც აისახება", - აცხადებს პროგრამის კომპონენტის, „ბაზ საქართველოს" კოორდინატორი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია.

Entrepreneur კი გთავაზობთ იმ ქალბატონების მცირე მონათხრობს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ. აღნიშნულ პროექტში შეძენილი უნარ- ჩვევებითა და ცოდნით კი საკუთარი წამოწყებების ახალ საფეხურზე აყვანას ცდილობენ. თუ როგორ აპირებენ ამას, ისინი თავად გვიამბობენ:

Entrepreneur Georgia

ნინო შაკიაშვილი

„5 წლის ასაკიდან შემეძლო გობელენის ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხატვა და ძერწვა. ფორმალური განათლებით ეკონომიკის, მარკეტინგისა და რეკლამის, აგრეთვე ტურიზმისა და სასტუმრო საქმის სპეციალისტი ვარ. წლების განმავლობაში ბევრგან ვმუშაობდი, თუმცა ყოველთვის მქონდა უკმარისობის გრძნობა. თითქოს რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავრჩი სამსახურის გარეშე და დროებით შესვენება გადავწყვიტე. სწორედ ამ დროს დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. დავუბრუნდი საყვარელ საქმიანობას და ჩემი გზა ისევ ხელოვნებასთან გადაიკვეთა. თავდაპირველად ძველი, დაზიანებული ნივთებისგან დავიწყე დეკორაციების კეთება, შემდეგ კი ძერწვაზეც გადავედი. ამჟამად უკვე დიზაინერი ვარ. ასევე, მაქვს ძერწვის კურსები და ნიჭიერ ადამიანებს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ. ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღე პროექტში USAID Yes-Georgia, სადაც ბევრი წარმატებული და ჭკვიანი ადამიანი გავიცანი. შევიძინე ცოდნა, რომელიც დამეხმარება ჩემი საქმიანობის უკეთესად წარმართვაში. პროექტში მონაწილეობამ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. გავხდი უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და ასევე მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვისწავლე, რომ უბრალოდ უნდა გაბედო წინსვლა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გავაერთიანო ჩემი რამდენიმე პროფესია, შევაჯამო მიღებული ცოდნა და გავაფართოვო ჩემი შემოქმედებითი გზა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და აუცილებელია ასეთი პროექტები მცირე ბიზნესისთვის".

Entrepreneur Georgia

ნინო ფხოველიშვილი

"მე ფერმერი ვარ. 2001 წლიდან, ჩემი საქმიანობის სფერო მეცხოველეობა და მემარცვლეობაა. რატომ გადავწყვიტე ფერმერობა? − ეს ისეთი ცუდი პერიოდი იყო, ალბათ გემახსოვრებათ. არ მუშაობდა არაფერი, სამსახურში ენთუზიაზმით დავდიოდით. ამის გამო, ოჯახმა გადავწყვიტეთ, ქალაქში ბინა გაგვეყიდა და იმ თანხით ფერმა აგვეშენებინა. ასე დაიწყო ჩემი ფერმერული ცხოვრება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ პროექტში უპირველესად გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი. რაც მთავარია, დამებადა იდეა, რომ მეგობრებისგან, რომლებიც ჩემსავით მარტოხელები არიან, შევკრა ერთი გუნდი − "დაქალები" და გავაკეთოთ სასიკეთო საქმე. იდეას მთლად ჯერ ვერ გიზიარებთ, რადგან შეთანხმების პროცესშია. მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტები მცირე და დამწყები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ხდება გამოცდილების გაზიარება სწორედ იმ ქალებისთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს. სხვა გამოცდილი და ძლიერი ქალების მაგალითები მათთვის დიდი სტიმულია. მე მახსოვს, როგორ გადავლახე ის სირთულეები, რომელიც ახლავს ასეთ საქმიანობას. ეს ყველაფერი არასწორი სტერეოტიპების დანგრევასაც უწყობს ხელს. ასეთი პროექტები კი ნამდვილად ცოდნის მიღების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების ძალიან ეფექტური საშუალებაა".

Entrepreneur Georgia

ნატო გუბელაძე

მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ჩემი ყველა საქმიანობაც სწორედ ჟურნალისტიკის ღერძის გარშემო ტრიალებს, თუმცა − მრავალფეროვან სივრცეში. 1995 წლიდან დღემდე ვარ საკუთარი და ამავდროულად, იმერეთში პირველი დამოუკიდებელი, თავისუფალი რეგიონული გაზეთის, P.S.-ის („პოსტსკრიპტუმის") დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ბეჭდურ გაზეთთან ერთად, გვაქვს საინფორმაციო ინტერნეტპორტალი www.psnews.ge. სულ ახლახან კი ჩვენს მედიასახლს კიდევ ერთი ახალი გამოცემა − www.borjominews.ge შევმატეთ.

ასევე, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ღვინის ჟურნალისტიკა და სომელიეს პროფესიაა. აქტიურად ჩართული ვარ „სომელიეთა ასოციაციის" საქმიანობებში. ამასთანავე, დავამთავრე ასოციაციასთან არსებული „თბილისის ღვინის სკოლა", ღვინოთმცოდნის კვალიფიკაციით. ამჯერად დაინტერესებული ვარ, რომ ღვინის, როგორც კულტურის, პოპულარიზაცია თავადაც შევძლო და ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.

ღვინოთმცოდნეობის კუთხით მიღებულმა განათლებამ და გამოცდილებამ დამაწყებინა ჩუმი ოცნება იმაზე, რომ ჩემი ღვინო მქონოდა, თუმცა არც ისე ადვილი საქმეა გქონდეს შენი, თუნდაც მცირე ვენახი, საკუთარი მარანი და თავად წურავდე ღვინოს. მჯერა, რომ ოდესმე ეს ოცნებაც ამისრულდება.

თუმცა, მანამდე ცხოვრებაში გამიჩნდა კიდევ ერთი ჩანაფიქრის ხორცშესხმის შანსი: 2016 წლიდან გადავწყვიტე, ეს სახლი საოჯახო სასტუმროდ გადამეკეთებინა და მცირე ბიზნესად მექცია. ორი სეზონი, პანდემიამდე, საკმაოდ წარმატებით ვიმუშავეთ. ძირითადად უცხოელებს ვმასპინძლობთ, თუმცა ქართველი დამსვენებლებიც გვყავს.

ღამისთევის სერვისთან ერთად, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ კულინარიულ მასტერკლასებს, ჩვენსავე ბოსტანსა თუ ბაღჩაში მოწეული ჯანსაღი პროდუქტის გამოყენებით.

ეს საოჯახო ბიზნესწამოწყება ჩვენს 10 წლის შვილს − ლუტიძე რეზის

მივუძღვენით, შესაბამისად, კომპანიას და სასტუმროს „ლუტრეზი" დავარქვით. სწორედ „ლუტრეზის" პირველმა სტუმრებმა მოგვცეს კიდევ ერთი ბიძგი იმისათვის, რომ ჩვენი კომპანიის ღვინო ჩამოგვესხა. „ლუტრეზის" საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით ე.წ. რეინვესტირება გავაკეთეთ: შევიძინეთ საუკეთესო ღვინომასალა, თავისი დამხმარე აქსესუარებით, და მცირე ტირაჟით ჩამოვასხით ხუთი სახეობის კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო „ლუტრეზის" ბრენდირებით. წითელი მშრალი „საფერავი", თეთრი მშრალი „წინანდალი", ნახევრადმშრალი წითელი „ფიროსმანი", ნახევრადმშრალი თეთრი „ფიროსმანი" და ნახევრადმშრალი „როზე", რომელიც დამზადებულია საქართველოში მოყვანილი სამი უცხოური ჯიშისგან: „სირა", „მონტეპულჩიანო" და „კაბერნე სოვინიონი".

წლევანდელი წელი, როგორც იცით, ძალიან მძიმე იყო, განსაკუთრებით − ტურისტული სექტორისთვის, თუმცა პანდემიის დაწყებამდე ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ", რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ თავისი საქმიანობით ყველა ქალისთვის ძალიან დიდი სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი ნინო ზამბახიძე. გავიმარჯვე მათ მიერ გამოცხადებულ აგროტურისტულ საგრანტო პროექტში და ამ სეზონზე სწორედ ამ პროექტით გათვალისწინებული გასტრონომიული სივრცის აშენებასა და ტექნიკურ აღჭურვაზე ვიმუშავე. შედეგად, სულ მალე ჩვენი საოჯახო სასტუმრო „ლუტრეზის" ეზოში გვექნება არაჩვეულებრივი კეთილმოწყობილი ადგილი, კულინარიული მასტერკლასებისა და პროფესიული დეგუსტაციების გასამართად, ნებისმიერ სეზონზე. სწორედ ამ პერიოდში საქმიანი ურთიერთობა მქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან" და მათ მიმიწვიეს USAID YES-Georgia-ს პროექტში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. ამ შემთხვევაშიც ძალიან გამიმართლა, რომ ამ პროექტის მონაწილეთა შორის აღმოვჩნდი. ძალიან საინტერესო ონლაინტრენინგებში ჩემი აქტიური მონაწილეობის შედეგად, წილად მხვდა ბედნიერება, მიმეღო „ბაზ საქართველოს" ქალი ამბასადორის ტიტული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ 17 წარმატებულ ქალბატონთან ერთად, დამატებითი სამდღიანი ტრენინგიც გავიარე ბორჯომში. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი დღეები, როცა პროექტის სულისჩამდგმელებთან, საუკეთესო ტრენერებთან და სხვადასხვა გამოცდილების მქონე წარმატებულ ქალებთან ერთად, მქონდა შესაძლებლობა, გამეანალიზებინა საკუთარი ბიზნესსაქმიანობის წარმატებისა თუ ნაკლოვანი მხარეების მიზეზები და უფრო მეტი სტიმული გამჩენოდა ახალი საქმეებისა და იდეების გასახორციელებლად.

სწორედ ამ პროექტში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა: იმისათვის, რომ შენი იდეა, მიზანი განახორციელო, მხოლოდ ფული საკმარისი არაა. მთავარია ცოდნა, მიზანდასახულობა და გონივრული რისკი. რაც ზემოთ ჩემს საქმიანობაზე გიამბეთ, წარმატებული რისკის ნაწილია.

სამომავლოდ კი აუცილებლად ვაპირებ მეტ წინსვლას, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვასა და ჩემი ბიზნესის გაძლიერებას, განსაკუთრებით − აგროტურისტული მიმართულებით. ამის პოტენციალს ნამდვილად ვხედავ ჩემში. „ბაზ საქართველო" კი უფრო მიმაღლებს მოტივაციას.

ასეთი ტრენინგები თითოეულ ჩვენგანს გვმატებს ცოდნას და კომპეტენციას, გამოგვიმუშავებს მენეჯერულ უნარ-ჩვევებს და გვიზრდის თვითრეალიზაციის შანსს; გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისა და საქმიანობის გაფართოებისკენ.

ასეთი ტრენინგები გვაძლევს ძალას, რომ არასდროს დავნებდეთ. იმ ადამიანების სიას კი, ვისი მადლიერიც ვარ, ცხოვრებაში ნამდვილად შეემატნენ ისინი, ვინც ამ პროექტის სულისჩამდგმელები და განმახორციელებლები არიან. რომლებიც ამ რამდენიმე დღეში თითოეული ჩვენგანის საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი გახდა".

Entrepreneur Georgia

თათია (ლია) ბუცხრიკიძე

„როცა პროფესიად სტომატოლოგობა ავირჩიე, ოჯახის ტრადიცია გავაგრძელე.12 წელი სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობდი და დაგროვილმა ცოდნამ, გამოცდილებამ და სიახლის კეთების სურვილმა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისკენ მიბიძგა. უკვე მეხუთე წელია ვმართავ კლინიკას, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. „ბაზ საქართველოს" პროექტმა გამაცნო არჩვეულებრივი ტრენერები, რომლებიც დამეხმარნენ ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაში. ასევე გავიცანი ბევრი საინტერესო ქალბატონი, რომელთა გამოცდილების გაზიარება და წარმატების ისტორია, ჩემი მიზნის მისაღწევად დამატებით სტიმულად იქცა. ეს კი საკუთარი მულტიპროფილური კლინიკის გახსნას გულისხმობს, რომელიც რეგიონში საუკეთესო იქნება. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, და მით უმეტეს ქალთა ბიზნესი, ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი პროექტები, რომელიც ყველა ასაკის ქალს ბიზნესპრობლემების აღმოჩენასა და მოგვარებაში ეხმარება. ძლიერი ქალი კი ძლიერი სახელმწიფოა!"

Entrepreneur Georgia

ნინო ჭანიშვილი

„მე ნინო ჭანიშვილი ვარ, პროფესიით დიპლომატი. ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონში. ბავშვობიდან სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ჩემს ცოდნას სხვას ვუზიარებდი. მართვის მოწმობა მქონდა ახალი აღებული, ახლობელს ვასწავლე მართვის მოწმობის თეორიული ნაწილი და გამოცდა წარმატებით ჩააბარა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ავტოსკოლა გამეხსნა. თავდაპირველად, კერძოდ ვამზადებდი მოსწავლეებს თეორიაში. მანქანა არ მყავდა, მამაჩემს ჰყავდა ე.წ. „მარშუტკა" და მეც იოლი გზა მოვძებნე − ავიღე მართვის მოწმობა D (სამარშრუტო მიკროავტობუსი) კატეგორია და ყველგან „მარშუტკით" დავდიოდი. მოკლედ, ოზურგეთში ხალხმა გამიცნო, როგორც „გოგო მარშუტკით". როცა დანაზოგით გადავწყვიტე მანქანის ყიდვა, მივხვდი, რომ ეს ხარჯებს გამიზრდიდა და გადავწყვიტე მეყიდა ისეთი ავტომობილი, რომლითაც პრაქტიკაში მოვამზადები მოსწავლეებს და ამავდროულად მეც გამოვიყენებდი საკუთარი გადაადგილებისთვის. ავიყვანე პრაქტიკის მასწავლებელი, ვიქირავე პრაქტიკის მოედანი და 2010 წლის ნოემბერში დავაარსე ავტოსკოლა მომსახურების სრული პაკეტით: თეორია და პრაქტიკა ერთ სივრცეში. უკვე გვაქვს 10-წლიანი გამოცდილება. ავტოსკოლაში მუდმივად ვხვეწ და ვაუმჯობესებ სწავლების მეთოდებს. 2019 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მოვიგე გრანტი. ავტოსკოლაში განვაახლე ტექნიკა, შევიძინე სენსორული მონიტორები და მოსწავლეებს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას ვუტარებ. ასევე შევიძინე 2500 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამ მიწაზე მოეწყობა თანამედროვე სტილის საგამოცდო ავტოდრომის ანალოგი − პრაქტიკის სავარჯიშო ავტოდრომი. ამავე მიწის ნაკვეთზე სამომავლოდ იგეგმება ავტოსერვისის გაკეთებაც (ავტოსამრეცხაო, ვულკანიზაცია, ავტომობილების სარემონტო, ავტონაწილების მაღაზია). ყველა ახალი პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რათა წარმოვაჩინო ჩემი თავი, საქმიანობა და საკუთარი სიტყვა ყველგან ვთქვა. ეს პროგრამაც ჩემთვის არის მეგობრობის, საქმისადმი სიყვარულის, ახალი ცოდნის შეძენის და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის გზა. ასეთი რამ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ნაცნობობა აკავშირებს ჩვენს ბიზნესებს. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ, რაც ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია".

Entrepreneur Georgia

ხათუნა ქემერტელიძე

"ყოველთვის მინდოდა საკუთარი საქმე მქონოდა, მემუშავა და ოჯახს დავხმარებოდი. ძმის გარდაცვალების შემდეგ, დედ-მამა ვერ მუშაობდა სრულფასოვნად. ამიტომ მინდოდა მეც დავხმარებოდი. მუდამ იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ერთხელ მეგობარმა კალათის მოქსოვა შემომთავაზა. მოვქსოვეთ. ეს კალათა სასაჩუქრედ შეიფუთა და გავყიდეთ. ამის შემდეგ კი მეც ავმუშავდი და ამისათვის საკუთარი შესაძლებლობები გამოვიყენე. ჩემი კალათები სარეალიზაციოდ მთელ საქართველოში დამაქვს. მხოლოდ სვანეთსა და კახეთში არ ვყოფილვართ. მეუღლე აქტიურად მეხმარება. სასურველი ფორმის მასალას სწორედ ის მიჭრის, დიზაინის შექმნა და მოქსოვა კი ჩემი საქმეა. კალათებისთვის სხვადასხვა მასალას ვიყენებთ: კანაფის თოკი, ძაფი, თაბაშირი, ცემენტი. ასევე სპეციალურ ქაღალდს. ამ პროექტმა ჩემი საქმიანობის თეორიული მხარე საინტერესოდ დამანახა. მასწავლა ბიზნესის მართვის თანამედროვე მეთოდები და გამაცნობიერა იმ ეკონომიკურ საკითხებში, რომელიც არ ვიცოდი. ასევე დამაფიქრა ბევრ ისეთ საკითხზე, რომელსაც მანამდე სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდი. მინდა ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურად ჩავერთო და განვვითარდე. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ხელშემწყობი პროექტები და კიდევ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას".

Entrepreneur Georgia

დარეჯან ინასარიძე

ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია ბაგა- ბაღ „ბემბისთან", რომელიც სამცხე- ჯავახეთში, კერძოდ ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. 2015 წელს როდესაც შვილებით ახალციხეში საცხოვრებლად გადმოვედით, ძალიან გაგვიჭირდა სახელმწიფო ბაღთან შეგუება. ჩემ ირგვლივაც ახალგაზრდა დედები წუხდნენ იმის გამო, რომ ბავშვებს 2 წლამდე არცერთი ბაღი არ იღებდა. ამის გამო მათ უმუშევრად ყოფნა და შვილების აღზრდა თავად უწევდათ. გადავწყვიტე ეს პრობლემა მომეგვარებინა ჩვენს ქალაქში და გავხსენი ბაგა-ბაღი, სადაც ბავშვებს 9-10 თვიდან მივიღებდით. ჩვენმა ბიზნესმა გაამართლა. დღესდღეობით ბაგა-ბაღში 35 აღსაზრდელი ირიცხება. შემდეგ გადავწყვიტე ბაღთანვე დამეარსებინა გახანგრძლივებული ჯგუფი 1-4 კლასებისთვის. ესეც ძალიან წარმატებული პროექტი გამოვიდა. მშობლებს, რომლებიც დაკავებული არიან მთელი დღის განმავლობაში, შევუმსუბუქე საქმე, რადგან მთელი დღე ბავშვის დატოვებისა და მეცადინეობის პრობლემაც მოვუხსენი. მათ აღარ უწევთ ბავშვებთან ერთად მეორე დღის საშინაო დავალებების მომზადება.

USAID Yes-Georgia-ს პროექტი ძალიან მომეწონა. ბევრი საინტერესო თემა იყო წამოჭრილი, რომელმაც დამაფიქრა. შევხვდით სხვადასხვა სფეროს ბიზნესწარმომადგენლებს. მთელი ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მიღწევები და ერთმანეთისგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ. ასეთი პროექტები კი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო წამოწყებული ბიზნესებისათვის, არამედ ახალგაზრდა თაობებისთვისაც".

განვითარებისკენ სწრაფვის მოტივაციით კი ტრენინგში მონაწილეობა მსურველ ქალბატონებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ.

„განცხადება ქვეყნდება საჯაროდ სოციალურ ქსელებსა და მედიაში. ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭიროა მზადყოფნა, დროის გამოყოფა და მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელსაც იპოვით ჩვენი პროგრამის ფეისბუქ-გვერდზე: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა. მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქალბატონებს მთელი საქართველოდან", − მაია ქობალია.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"