Ending Soon! Save 33% on All Access

"აგრიოლი" – ქართული ინოვაციური AI პლატფორმა, რომელიც გლობალურ ბაზარზე ფერმერებს მოსავლის მოყვანასა და რეალიზებაში ეხმარება

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიო მოსახლეობის ზრდის პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება აგრარული მეურნეობების განვითარების მნიშვნელობა. აღნიშნულის დაკმაყოფილება კი, ტრადიციული მეთოდებით სულ უფრო ძნელდება, ვინაიდან საჭიროებს უდიდეს დროის, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. მიმდინარე საუკუნეში კი, როდესაც ყველაფერი უსწრაფესად იცვლება, ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესი ხდება, გამოწვევებს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, სწრაფად და ეფექტურად უპასუხონ.

სწორედ აქ იკვეთება ერთმანეთთან აგრარული მეურნეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის აგროსექტორში დანერგვაც მნიშვნელოვნად ცვლის არაეფექტურ პრაქტიკებს და ფერმერებს უქმნის შესაძლებლობას, ნაკლები დანახარჯებით მოიყვანონ უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავალი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც აგროსფეროში მომუშავე ადამიანებს ხვდებათ, მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების მართვაა. სწორედ ამ გლობალურ გამოწვევაზე საპასუხოდ, ქართველმა აგროტექნოლოგმა და ანტრეპრენერმა, სოფო მახატლიშვილმა, ინოვაციური პლატფორმა - Agrioli.ge შექმნა. "აგრიოლი" ერთიანი პლატფორმაა, რომელიც AI-ზე დაფუძნებული სისტემით, ფერმერებს ეხმარება, ეფექტურად მართონ მცენარეთა დაავადებები და მავნებლები, გააუმჯობესონ აგროწარმოება და გაზარდონ ეფექტიანობა. ამასთან, კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს ფერმერებსა და დიდ კომპანიებს, შედეგად კი - ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციას, ხოლო კომპანიებს - საბითუმო აგროშესყიდვებს უადვილებს.

"აგრიოლის" შექმნის იდეა გაჩნდა როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე. პრობლემის მასშტაბები არის ძალიან დიდი, ადამიანური რესურსი კი აგროსპეციალისტების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, თავიდანვე ვიმუშავეთ ბიზნესმოდელზე, რომელიც AI-ზე იქნებოდა დაფუძნებული და ფერმერებს მეურნეობის გაციფრულების შესაძლებლობას მისცემდა. მათ ყოველდღიურ მძიმე შრომას კი ტექნოლოგიები ჩაანაცვლებდა.

"აგრიოლის" შექმნა იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი, რადგან პირველები ვართ საქართველოში, ვინც მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების მენეჯმენტის AI სისტემა ამ მასშტაბებით შექმნა და დანერგა. შესაბამისად, განსაკუთრებული სიმამაცე იყო საჭირო, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენ აღმოგვაჩნდა და შესაძლებლობა მოგვცა, შეგვექმნა სტარტაპი, რომელიც არა მხოლოდ ქართველი ფერმერების, არამედ მსოფლიოს ფერმერების პრობლემებსაც მოაგვარებდა.

გვსურს, ახალი გამოცდილება გავაზიაროთ ბაზარზე და მომხმარებელს დავანახვოთ ეფექტურობა AI-ზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომით, რომელიც აძლიერებს სოფლის მეურნეობას და ხელს უწყობს სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს სოფო მახატლიშვილი, "აგრიოლის" დამფუძნებელი და დირექტორი.

"აგრიოლის" სერვისებით, დღესდღეობით, უკვე 2 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. გარდა ამისა, კომპანიას დამატებითი საპილოტე შეთანხმებები 1 500 ფერმერთან აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ქართულმა კომპანიამ სხვადასხვა სერვისისთვის მომსახურება მთლიანობაში 3 500-ზე მეტ მომხმარებელს გაუწია.

პლატფორმა Agrioli.ge ხელმისაწვდომია 42 ენაზე, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი სერვისები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანოს. "აგრიოლის" გუნდს აქვს პირდაპირი წვდომა მსოფლიოში ყველაზე დიდ აგრომწარმოებლებთან, რითიც კომპანია წარმატებით ინარჩუნებს ერთგულ მომხმარებლებსა და მათ ნდობას გლობალური მასშტაბით.

ამჟამად, "აგრიოლის" AI სისტემის მეშვეობით ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, მართონ მცენარეთა მავნებელ-დაავადებები 77 აგროკულტურისთვის. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლებს ხეებისა და ყვავილების მავნებლებისა და დაავადებების მენეჯმენტის სისტემასაც სთავაზობს, რომლის გამოყენებაც არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ინდივიდუალურ მომხმარებლებსაც შეუძლიათ - იმ ადამიანებს, რომლებსაც აგროსფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

"აგრიოლმა" მოახერხა, დაემსხვრია სტერეოტიპები, რომ ფერმერები ტექნოლოგიებს რთულად ითვისებენ. ჩვენ ფერმერებსა და მომხმარებლებს პრაქტიკაში დავანახვეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სიმარტივე და სარგებელი. ორი საკმაოდ რთული დარგი: ტექნოლოგიები და აგრომეცნიერებები დავაკავშირეთ ერთმანეთთან და ფერმერებს საბოლოო სახით მივაწოდეთ ძალიან მარტივად: ფერმერმა საკმარისია საკუთარი მეურნეობიდან გადაუღოს ფოტო დაავადებულ მცენარეს, ნაყოფს ან მავნებელს და უმარტივესად ატვირთოს ჩვენს პლატფორმაზე, ის მომენტალურ დიგნოსტიკას იღებს და, რაც მთავარია, ეცნობა მკურნალობის მეთოდებსა და ასევე, ბრძოლის ღონისძიებებს", - განმარტავს ანტრეპრენერი.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც აგრიტექ სტარტაპს შეხვდა, ეს, პირველ რიგში, ბაზარზე პიონერობას ეხება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ "აგრიოლი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მცენარეთა მავნებლებსა და დაავადებებს აციფრულებს და ერთ სივრცეში აერთიანებს, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სხვა, უკვე არსებული ორგანიზაციის შეცდომებზე ესწავლათ. შესაბამისად, სწორედ "აგრიოლი" გახლდათ ის გამბედავი კომპანია, რომელმაც ამ მიმართულებით საქართველოში საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება შექმნა და დანერგა, რომელსაც უკვე აქტიურად იყენებენ გლობალური მასშტაბითაც.

"თავდაპირველად, კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც ჩვენი გუნდი შეხვდა, ფინანსური სახსრების მოძიება იყო, რადგან ვქმნიდით ახალ ღირებულებას, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ კაპიტალს მოითხოვდა. საბოლოოდ, ჩვენი ძალიან დიდი შრომითა და მონდომებით მაინც შევძელით ამ პრობლემასთან გამკლავება და გავხდით სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებიც გავხდით და შევძელით, მოგვეპოვებინა არა მხოლოდ აღიარება, არამედ საჭირო ფინანსური რესურსებიც.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ისევე როგორც მრავალ დარგში, სოფლის მეურნეობაშიც გენდერული სტერეოტიპები პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქალების ამ დარგში გაძლიერებაა. დღესდღეობით ბევრად უფრო მეტი ქალია სოფლის მეურნეობაში ჩართული, ვიდრე ჩემი კარიერის დასაწყისში იყო. ჩვენ, ქალები, სოფლის მეურნეობაში ერთმანეთს ვაძლიერებთ და ყველას ვუმტკიცებთ, რომ პროფესიონალიზმს გენდერი არ გააჩნია.

ჩემმა ბიზნესსაქმიანობამ ცვალებად გარემოში ადაპტირება მასწავლა და საკუთარ თავში ძალიან ბევრი უნარი აღმომაჩენინა, არ მეშინია გამოწვევების, რადგან ვიცი, რომ არ არსებობს დაუძლეველი სირთულე და შრომით და სწორი მუშაობით ყველა სირთულე დაიძლევა", - განმარტავს სოფო მახატლიშვილი.

"აგრიოლის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გლობალური სოფლის მეურნეობის მიმდინარე ცვლილებების გაანალიზება, მომხმარებლის საჭიროებებისა და პრობლემის დადგენა ყოველთვის არის მისთვის ახალი ინსპირაციის წყარო, შექმნას ახალი პროდუქტები/სერვისები, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საკუთარ საქმიანობას აგროსფეროში მომუშავე ადამიანებს და იმ პირებს, ვისაც აგროპროდუქტების შეძენა სჭირდება. როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხი წარმატებით სწორედ აგროტექნოლოგიის განხრით აქვს მიღებული, შესაბამისად, როგორც სოფო მახატლიშვილი იხსენებს, მასში ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა აგროტექნოლოგიების სფერო. 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს ამ განხრით და ფიქრობს, რომ გლობალური სოფლის მეურნეობის მომავალი სწორედ აგროტექნოლოგიებზე დგას.

ანტრეპრენერი განმარტავს, რომ ის პროდუქტები/სერვისები, რომელსაც დღეს "აგრიოლი" ქმნის, მომავალზეა ორიენტირებული. მომავალი კი სწორედ ის საკითხია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც.

"აგრიოლი" სანდო, სწრაფი, ეფექტური და მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმაა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი მცენარეთა ბაზა მუდმივად ვითარდება და ის უკვე ხელმისაწვდომია 40-ზე მეტ ენაზე. შესაბამისად, ვთვლით, კომპანიას ნამდვილად გააჩნია გლობალური მასშტაბირების პოტენციალი და უნარი, სრულად გააციფრულოს აღნიშნული ინდუსტრია. ამით ვეხმარებით არა მხოლოდ ფერმერებს, მარტივად და ნაკლები დანახარჯებით მართონ მცენარეთა დაავადებები და მავნებლები, არამედ ვცდილობთ, გამოვეხმაუროთ რამდენიმე გლობალურ პრობლემასაც, მათ შორის: მსოფლიოში საკვების ნაკლებობა, ეკონომიკური ზრდა, მდგრადი მომავალი, კლიმატის ცვლილება, საკვების უსაფრთხოება და სხვა. მაქსიმალურად ვცდილობ, წვლილი შევიტანო მსოფლიოში აგროსფეროს ტექნოლოგიურ განვითარებაში და ამით ხელი შევუწყო ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც ამ დარგში მძიმე შრომას ჩაანაცვლებს", - აცხადებს სოფო მახატლიშვილი.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

TAV Georgia – The Georgian story of a global brand

Interview with TAV GEORGIA's General Manager Tea Zakaradze