Ending Soon! Save 33% on All Access

"ტაბურეტი" - სტუდენტობის პერიოდში დაწყებული ბიზნესი, რომელიც ხელნაკეთ ავეჯს ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამარ ბებია ჯერ კიდევ 21 წლის იყო, როდესაც არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად საკუთარი ბრენდი - "ტაბურეტი" დააფუძნა. კომპანია 2017 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ხის ავეჯისა და ნაკეთობების დამზადებას სთავაზობს.

"ჩემთვის ავეჯის წარმოების სფერო ძალიან საინტერესო იყო პროფესიული თვალსაზრისით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის წამოწყბა გარკვეულ სიმამაცეს და გაბედულებას მოითხოვდა. იმ წლებში, როცა ამ საქმეს შევუდექი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მეწარმე ვიყავი, ვინც ასე ახალგაზრდა გაუძღვა იმგვარ ბიზნესს, რომელიც ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული", - აღნიშნავს თამარ ბებია.

"ტაბურეტის" შექმნის თავდაპირველი იდეა ვინტაჟური ავეჯის დამზადება, საუკუნოვანი ხის მასალების გამოყენება და მათი გადამუშავების გზით ახალი ავეჯის ხაზის წარმოება იყო, რომელიც მოიცავდა სარკეებს, სკივრებსა და ავეჯის სხვადასხვა ნაკეთობას. როგორც თამარი აღნიშნავს, ახლა უკვე ძალიან ბევრი ბრენდია ამ მიმართულებით, თუმცა როდესაც "ტაბურეტი" იწყებდა ფუნქციონირებას, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მსგავს ნაწარმს ქმნიდა. კომპანია მალევე განვითარდა და მასშტაბური პროექტების აღება დაიწყო, ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს, სამზარეულოების გარნიტურს და სხვ. ყოველივე ამან პროცესი ბევრად საინტერესო გახადა.

"ტაბურეტმა" დაარსებიდან მალევე დაიწყო თანამშრომლობა წამყვან დიზაინერებსა და არქიტექტორებთან. სახელოსნო მაქსიმალურად მორგებულია არსებულ საერთაშორისო სამუშაო სტანდარტებს. ამჟამად კომპანია ბევრი განსაკუთრებული და საამაყო პროექტის შემსრულებელია.

როგორც თამარი აღნიშნავს, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის პროცესში ყველაზე რთული თავის დამკვიდრება აღმოჩნდა, როგორც დამკვეთების, ასევე თანამშრომლების გარემოცვაში. თამარს ხშირად უწევდა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მისთვის, თუმცა დღეს რეალობა ბევრად გაუმჯობესებულია.

"ბევრისთვის, უბრალოდ, მიუღებელი იყო, რომ ქალი ვიყავი, რომელიც "მამაკაცის" საქმეში ერეოდა. მათი აზრით, ამაში არაფერი გამეგებოდა და ეს პირდაპირაც უთქვამთ ჩემთვის. ბევრ მათგანს დავემშვიდობე და პრინციპულად არ ვაგრძელებდი კომუნიკაციას, რამდენად რთული დარტყმაც არ უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის. რთული იყო ადაპტირება, კიდევ უფრო რთული - იმ პატივისცემის მოპოვება, რომელიც დღეს მაქვს", - აღნიშნავს თამარი.

"ტაბურეტის", როგორც ბრენდის შექმნა თამარს დიდი ენერგიის ფასად დაუჯდა. როგორც თავად იხსენებს, არაერთხელ ჰქონია დანებების მცდელობა, თუმცა საკუთარი თავისადმი არსებული ვალდებულება და იდეისადმი რწმენა ყოველ დღეს განახლებული ენთუზიაზმით აწყებინებდა. მომავალ ანტრეპრენერებს თამარი ურჩევს, რომ არასდროს დაიხიონ უკან და მაქსიმალურად ჩაერთონ წარმოების პროცესში, რათა იცოდნენ, "სადაა თითოეული ჭანჭიკი დამაგრებული და რა სიძლიერითაა მოჭერილი".

"ვფიქრობ, არცერთი ბიზნესი არ იქნება წარმატებული, თუ მასში უშუალოდ არ მონაწილეობ. არ შეგეშინდეთ ხელების დასვრის, შრომის, ღამეების თენების - ეს ყოველთვის მოიტანს შედეგს. მეც ასე დავიწყე, თუ რამის კეთება ფიზიკურად შემეძლო, არ ვთაკილობდი. ჩემს ხელოსნებთან ერთადაც მითენებია ღამეები და თუ საჭირო გახდება, ახლაც გავათენებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას", - ამბობს თამარ ბებია.

ამჟამად "ტაბურეტი" ყოველდღიურად ვითარდება, დღეს სახელოსნოს საკუთრებაში 345 კვადრატული მეტრის საწარმოო ფართი და დამატებით 250 კვადრატული მეტრის შენობაა, სადაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ავეჯის სამღებრო-სახელოსნოს მოწყობა იგეგმება. კომპანია ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე სტანდარტებს, უკეთესი პირობები შეუქმნას თანამშრომლებს და დღითიდღე გააუმჯობესოს სახელოსნო. გარდა ამისა, თამარი და მისი გუნდი მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესონ ამ პროფესიით და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ