LinkedIn ახალი Tinder ხდება? - მომხმარებლები უსიამოვნო გამოცდილებაზე ჰყვებიან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Linkedin ახალი Tinder ხდება? პლატფორმას პროფესიული დანიშნულება აქვს და 930 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს სწორედ ამ მიზნით აერთიანებს, მაგრამ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ამ სოციალურ ქსელს რომანტიკული ურთიერთობებისთვის იყენებს.
პლატფორმის ქალი მომხმარებლების თქმით, ეს იმდენად დიდ დისკომფორტთან ასოცირდება, რომ ანგარიშის დახურვას ამჯობინებენ.
Passport Photo Online-მა აშშ-ის 1049 ქალი მოქალაქე გამოჰკითხა − ისინი LinkedIn-ს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც იყენებენ პროფესიული მიზნებით. გამოკითხულთა 91%-მა თქვა, რომ ერთხელ მაინც მიუღია შეუსაბამო ან სექსუალური ხასიათის მესიჯი LinkedIn-ზე. 31% კი ამბობს, რომ მათთან ფლირტის მცდელობა პირად მიმოწერაშიც ჰქონიათ.
"სასაცილოა, რამდენად უფრო ხშირია ჩემს პირად მიმოწერაში რომანტიკული/ფლირტის შემცველი მესიჯები მამაკაცებისგან, ვიდრე საქმესთან დაკავშირებული წინადადებები", − ამბობს გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე.
რა შინაარსისაა მესიჯები?
გამოკითხვის ფარგლებში ქალებს ჰკითხეს, ძირითადად რა სახის შეუსაბამო მესიჯებს იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ 32%-ს პაემანზე ეპატიჟებიან, 30%-ს ინტიმურ ინფორმაციას სთხოვენ, ხოლო 14%-თან არასასურველ ქათინაურებს იყენებენ.
გამოკითხულთა 12% იხსენებს, რომ ძალადობის ნიშნების შემცველი, უხეში წერილებიც მიუღიათ.
როგორ რეაგირებენ ქალები?
მომხდარი გამოკითხულთა უმეტესობას არ მოსწონს. მაგალითად, მათი 14% ამბობს, რომ ძლიერ გაღიზიანდნენ, ხოლო 9%-ის აზრით, მათი უფლებები დაირღვა.
როგორც გამოკითხულთა 44% ამბობს, მათ თავადვე უპასუხეს წერილების ავტორებს და უთხრეს, რომ ქცევა შეუსაბამო იყო. 22% უბრალოდ აიგნორებს მცდელობას, ხოლო 17%-მა ანგარიშები დაარეპორტა ან გამომგზავნი დაბლოკა.
ქალთა 74% გამოკითხვაში ამბობს, რომ გამოცდილება იმდენად აუტანელი იყო, LinkedIn-ის მოხმარება შეამცირეს, ან სულაც დატოვეს პლატფორმა.
LinkedIn-ის პასუხი
გამოკითხვის შედეგებს სოციალური ქსელიც გამოეხმაურა. მათ შემდეგი განცხადება გაავრცელეს:
"მსგავსი ქცევა შეუსაბამოა და არაა დაშვებული ჩვენს პლატფორმაზე. არასასურველი რომანტიკული წინადადებები და შევიწროება არღვევს ჩვენს წესებს, ხოლო ჩვენი პოლიტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ მსგავსი კონტენტი LinkedIn-ზე დაშვებული არ არის. ჩვენ ვნერგავთ ფუნქციებს, რომელიც შეაჩერებს შევიწროებას, სანამ ამას ქსელის წევრი ნახავს. ასევე, გვსურს ვთხოვოთ მომხმარებლებს, დაარეპორტონ შეუსაბამო კონტენტი, რათა ჩვენმა გუნდებმა შეძლონ თქვენი და სხვების დაცვა. გამჭვირვალობის შესახებ ანგარიშში ჩვენ რეგულარულად გაწვდით ინფორმაციას, თუ რა სახის კონტენტი წაიშალა LinkedIn-იდან".