Join our Waitlist for Expert Advice!

ყოველი პატარა დეტალი

By Paul Kix

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაიმე იდეა ხომ არ გაქვთ აკვიატებული? მეტისმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობთ? დაგეგმილი ხომ არ გაქვთ სრულყოფილებას მიაღწიოთ?

ბლეიკ ლაივლი საკუთარ თავში მალავდა ამ ინსტინქტებს, მაგრამ მათთვის საჭირო მიმართულება რომ მიეცა, ბიზნესი შექმნა, რომელიც მილიონებად იყიდება.

ერთი წუთით დავივიწყოთ ფაქტი, რომ ბლეიკ ლაივლი ძალიან ცნობილია.

მოდით, ისტორიით დავიწყოთ, რომელიც ასე ბევრ ანტრეპრენერს ჰქონია:

ყველაფერი საზეიმო სადილებით დაიწყო, რომლებსაც ლაივლი და მისი მეუღლე − რაიან რეინოლდსი (დიახ, მშვენიერია, რომ ისიც ძალიან ცნობილია), მეგობრებისთვის მართავდნენ. ლაივლი ყველაფერს ადევნებდა თვალყურს: კერძებს − მადისმომგვრელები, პირველ თავი, დესერტები. ლაივლის უყვარს კერძების მომზადება, მთელი პროცესი უყვარს, თავისი საწყისი, შუა და ბოლო ნაწილებით. შესანიშნავი ფილმის მსგავსად, შესანიშნავ სადილსაც შესანიშნავი სიუჟეტი აქვს. წყვილის წვეულებების სიუჟეტი 2018 წელს შეიცვალა. რეინოლდსმა Aviation Gin-ის წილი იყიდა და ამიტომ, მისმა მეგობრებმა ამ სასმლის გასინჯვა მოინდომეს სადილზე. ლაივლი ამასაც აკონტროლებდა.

ლაივლი არ სვამს, მაგრამ კოქტეილების გაკეთება სურდა, ამიტომ სასურსათო მაღაზიებში ხილის მზა ნაზავები იყიდა. აღმოჩნდა, რომ მათ საშინელი გემო ჰქონდა. იფიქრა, უკეთესის მომზადება შეეძლო, ამიტომ თვითონ დაიწყო სხვადასხვა ხილის შერევა. მეგობრები აღფრთოვანებულები იყვნენ, მაგრამ ლაივლი არ გახლდათ კმაყოფილი. "უგემრიელესი სასმლის მომზადება ადვილია, თუ მაყვალს ან ჟოლოს შეურევ ერთმანეთს და მცირეოდენ პიტნას დაამატებ", − ამბობს ის, − "მაგრამ გაცილებით რთულია, როდესაც გინდა, რომ ის უფრო დახვეწილი, გამოხატული გემოს მქონე და კრისტალურად სუფთა იყოს".

ეს გახდა მისი პროექტი. მან და რეინოლდსმა ექსპერიმენტები დაიწყეს საღამოობით და შაბათ-კვირას. როდესაც წვეულება არ ჰქონდათ, ლაივლი თვითონ სინჯავდა ხილის ნაზავს, რეინოლდსი კი მას ჯინს ურევდა, ხოლო შემდეგ, მორიგ წვეულებაზე საუკეთესო ვარიანტები გაჰქონდა.

მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ლაივლის კოქტეილის ნაზავები მხოლოდ გასაოცარი კი არა, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, პროფესიული კლასის იყო.

ეს უნდა გაყიდოთ, − თქვეს მათ.

ახლა ნაცნობ ისტორიას ხედავთ, რომელმაც უამრავ ანტრეპრენერს უბიძგა: ვიღაც საკუთარ პრობლემას აგვარებს და იმას ქმნის, რაც სხვებსაც სურთ. მაგრამ ლაივლი ფიქრობდა, რომ მისი ხილის ნაზავების გაყიდვა სასაცილო იქნებოდა. ის მსახიობი იყო სრული განაკვეთით, ასევე, დედა სრული განაკვეთით. მას ოჯახი, კარიერა უყვარდა, საღამოობით კი, მეგობრების გამასპინძლება. კოქტეილებს ამზადებდა მათთვის, რადგან ამის კეთება მოსწონდა. უცნაური იქნებოდა, თუ მათ გაყიდდა კიდეც.

და მაინც, "მე მომწონს უცნაური სვლები", − ამბობს ის. მათ ის გააკეთეს, რაც მისი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდა. ეს არ არის რაღაცის უბრალოდ კარგად გაკეთება. ეს სამუშაო პირობების შექმნაა მიზნის შესასრულებლად, ან როგორც ის ამბობს:

"ავტორობა"

ნიცშე წერდა: "ვინც იცის, რისთვის უნდა იცხოვროს, თითქმის ყველაფრის ატანას შეძლებს". ის თქვენ გთხოვთ − ანტრეპრენერს, რომელიც ამ სტატიას კითხულობს, ღრმად ჩასწვდეთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ და მისი მიზანი საეჭვოდ მიიჩნიოთ. როდესაც თქვენ უპასუხებთ შეკითხვას − "რატომ?", ის "საწვავს" გაძლევთ "რეაქტიული ძრავებისთვის", რათა ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ და ატმოსფეროს ზედა ნაწილს მიაღწიოთ.

ბლეიკ ლაივლისთვის ეს შეკითხვა − "რატომ?" − "ავტორობაა", გარკვეული თვალსაზრისით იმის გამოც, რომ ეს შესაძლებლობა ყოველთვის არ ჰქონია. ლაივლი ძალიან დიდი დროის განმავლობაში იყო ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც რომანტიკულ კომედიებში თამაშობდა. მაგალითად, "ჭორიკანას" გადასაღებ მოედანზე საკუთარ მიზანს აღწევდა, ლამაზად გამოიყურებოდა და უბრალოდ თანახმა იყო, გამოჩენილიყო, გადაეღოთ, საკუთარი აზრი კი არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ მას ბევრი იდეა აქვს. ბლეიკმა იცის, როგორ უნდა მოიწყოს ცხოვრება. ახლა ის 35 წლისაა და ასაკთან ერთად მიხვდა, რომ უკეთ ითამაშებდა, თუ "კოსტიუმების შექმნაში შემეძლებოდა მონაწილეობის მიღება, სცენარის შექმნაში შემეძლებოდა მონაწილეობის მიღება, პერსონაჟის შექმნაში შემეძლებოდა მონაწილეობის მიღება. მაშინ შევძლებდი ამ პერსონაჟში მთლიანად გაქრობას". ბლეიკს მთლიანად შეუძლია ამ პერსონაჟად გარდაისახოს, რადგან ავტორს მის შექმნაში დაეხმარა. ავტორობის წყალობით, მან 2020 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში "რიტმ-სექცია", "ოსკარის" ორგზის ნომინანტ ჯუდ ლოუსთან ერთად და ასევე, მთავარი როლი ფილმში "უბრალო დახმარება", რომელმაც უზარმაზარი ფულადი რესურსი მოიტანა გაქირავებისას.

"ავტორობა ყველაფერია", − ამბობს ის. ეს ლაივლის კულინარიულ ოსტატობასაც ეხება. სადილის არცერთი დეტალი არ არის უმნიშვნელო, რადგან თითოეული იმ გზავნილს ემატება, რომლის გადაცემაც სურს სტუმრებისთვის ამ საღამოს შესახებ − სიყვარულზე, მეგობრობაზე, შემოქმედებაზე და ამ წამით ტკბობაზე. ეს არის ყველაფერი, რის გარანტიასაც ჩვენ ვიძლევით.

ასე რომ, როდესაც მეგობრებმა კოქტეილის ნაზავების გაყიდვა ურჩიეს, მან გაიფიქრა: "რატომაც არა? რატომ არ უნდა დავწერო ჩემი ცხოვრების ახალი თავი?".

რა თქმა უნდა, ამ შეკითხვას მაშინვე მოჰყვა კიდევ ერთი, ბევრად შემაშფოთებელი, და მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას იტყოდა რომელიღაც გარდაცვლილი ულვაშიანი გერმანელი.

როგორ უნდა გავაკეთო ეს საქმე?

დავიწყოთ იმით, რომ ის არ სვამდა. "ვფიქრობდი,ამ სივრცეში ვერ შევაბიჯებდი", − ამბობს ის. როგორ შეძლებდა იგი ხილის ნაზავების ალკოჰოლთან შერწყმას, თუ მხოლოდ ნაზავებს სვამდა? თუ იმასაც გაითვალისწინებდა, რომ მსახიობი იყო, სხვასთან ერთად ეს შემდეგს ნიშნავდა: "მე არ მაქვს დიპლომი ბიზნესში", და არც კი იცოდა, რა არ იცოდა. მას უამრავი რამ უნდა ესწავლა უმოკლეს დროში.

ან უნდა ესწავლა კი?..

ლაივლის მეგობრებს ნამდვილად მოსწონდათ მისი შინ დამზადებული ხილის ნაზავები?

მან ხომ ნამდვილად იმიტომ მოამზადა ეს ნაზავები, რომ სასურსათო და ალკოჰოლური მაღაზიებიდან შინ ის მოიტანა, რაც იყო და აღმოჩნდა, რომ არ გამოადგებოდა? სხვაგვარად რომ ვთქვათ: იმის გამო, რომ ნაზავებს საშინელი გემო ჰქონდა − გადამეტებული, ხილის, ან ვაჟინის მსგავსი, ან უბრალოდ, ძალიან გაჯერებული. შესაძლებლობა ხომ არ იყო მის წინაშე, ადამიანისა, ვინც დამოუკიდებლად მოიხმარდა ამ ყველაფერს? განა მისი ნაკლოვანებები ასეთ ვითარებაში სინამდვილეში მისი ძლიერი მხარე არ იყო? ის ბუნებით გულუბრყვილო გახლდათ, თან მსახიობი, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებს არ მოიხმარდა.

ეს მისთვის უეცარი გასხივოსნების წამი იყო. "მე კარგი ვარ ამაში, რადგან უკვე მაქვს გამოცდილება", − ამბობს ის, − "ნებისმიერი ადამიანი იმაზე ბევრად გამოცდილია, ვიდრე წარმოუდგენია, მხოლოდ იმის გამო, რომ მომხმარებელია".

მომხმარებელმა იცის მნიშვნელოვანი მომენტია. სარა ბლეიკლიმ Spanx იმიტომ შექმნა, რომ როგორც ერთხელ თქვა, "იმედგაცრუებული მომხმარებელი იყო, [რომელსაც] უბრალოდ წვეულებაზე თეთრი შარვლის ჩაცმა სურდა ისე, რომ შიგნით არაფერი გამოჩენილიყო". უიტნი ვოლფ ჰერდმა Bumble შექმნა, რადგან გაცნობის აპლიკაცია სურდა, სადაც ქალებს არ შეაწუხებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველ ნაბიჯს ქალები გადადგამდნენ. ახლა ეს კომპანიები მილიარდ დოლარად ფასობენ და ასეთები მრავლად გვხვდება. ზოგიერთი მომხმარებელი კითხულობს, რატომ არ არსებობს ეს პროდუქტი? შემდეგ, ეს მომხმარებელი უმნიშვნელოვანეს მეორე შეკითხვას სვამს: თუ ასეა, რატომ არ უნდა შევქმნა მე?

"ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა ის", − ამბობს ლაივლი, − "რომ პროდუქტის საუკეთესო შემქმნელები თვით მომხმარებლები არიან. ჩვენ ყველანი განუწყვეტლივ მოვიხმართ მათ".

ამიტომ დაიწყო მან ხილის ნაზავების გაკეთება, რომლებსაც ნამდვილად სასიამოვნო გემო ჰქონდა. ის რეინოლდსის პარტნიორებთან ერთად მუშაობდა Aviation-ში, რომლებმაც მაშინვე დაინახეს ლაივლის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. მას პროდუქტის შექმნა სურდა. უნდოდა, ნებისმიერი დეტალი სრულყოფილი ყოფილიყო. "ნამდვილი ხილი", − ამბობდა იგი, − "ბუნებრივი არომატები", რასაც ფაქტობრივად ათასობით ნაზავის დეგუსტაცია მოჰყვა, ლაივლი ყველაფერზე აკეთებდა კომენტარს. ეს მეტად კრისტალურად სუფთა უნდა იყოს, ის − უფრო არომატული.

ის ყოველთვის დეტალებზე იყო ორიენტირებული, რასაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ დეტალები იმასაც ნიშნავს, თუ როგორ გაკეთდა რაღაც, და როგორ უნდა გაკეთებულიყო, როგორი გაუთავებელი და დამღლელი პროცესი იყო პროდუქტის მომზადება, რომელსაც მან Betty Buzz დაარქვა − რაღაც შინაგანი ხმა, რომელიც ყოველთვის მასთან იყო, ჩასძახოდა, უფრო ხმამაღლა ეთქვა: "შენ ყველაფერს გააფუჭებ. თვითმარქვია ხარ. წარუმატებელი ხარ". ლაივლი ზოგჯერ ნატრობდა, დედის თავისუფალი სული ჰქონოდა − ქალისა, რომელიც წვეულებებს აწყობდა, მაგრამ "ბიუჯეტის გარეშე", − ამბობს ლაივლი.

ელეინ ლაივლი ქვაბებსა და ტაფებს თავდაყირა ალაგებდა. ეს მრავალფენიანი მაგიდები იყო, სუფრად კი, ბლეიკისა და მისი ოთხი ძმის თეთრეულს იყენებდა და ამბობდა: "მაგიდის ცენტრს მიხედეთ. უბრალოდ, დაალაგეთ ყველაფერი. შეუძლებელია, რაიმე გააფუჭოთ". ეს იყო ელეინის ცხოვრებისეული დევიზი: შეუძლებელია რაიმე გააფუჭო. სწორედ ამიტომ აძლევდა იგი ახალგაზრდა ბლეიკს უფლებას, მისთვის სამზარეულოს მაკრატლით შეეჭრა თმა. ეს წვეულებები და თმის შეჭრა გახდა გაკვეთილები ელეინის მიზანმიმართული, მაგრამ მშფოთვარე ქალიშვილისთვის. მიდი და სცადე რამე. იმპროვიზება სცადე. ბლეიკი ასეც აკეთებდა, მაგრამ "ეს ყოველთვის არ მქონდა ბოლომდე გაცნობიერებული", − ამბობს ის, − "მე რაღაცების გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ მათ გამო ვნერვიულობდი". სრულყოფილების სურვილი წამოტივტივდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გარკვეულ სიხისტეც გაჩნდა.

ახლა, Betty Buzz განვითარების ეტაპზე, მან საკმაოდ კარგად იცოდა თავისი წარსული და თან არა მხოლოდ ის, თუ როგორ ეჭირა ოდესღაც აკანკალებული ხელით მაკრატელი, როდესაც დედას თმას ჭრიდა, არამედ უფრო ახლო წარსულიც.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბლეიკ ლაივლი ანტრეპრენერობას ცდილობდა.

2014 წელს მან ცხოვრების სტილის ვებგვერდი − Preserve შექმნა. ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ოსტატი-ხელოსნები საკუთარი ნაწარმის გაყიდვას შეძლებდნენ, ხოლო ლაივლი და მისი სარედაქციო ჯგუფი ისტორიებს მოჰყვებოდნენ პროდუქციის შესახებ. ასეთი ფორმა არ მიიღო საზოგადოებამ. ასიმეტრიული წინსაფრები, ჰალსტუხი-ბაფთების სახელმძღვანელო, 132-დოლარიანი მაისურები Twombley Crew. "ეს გვერდი პატარა სასწაული იყო", − წერდა The Washington Post, − "რაღაც, გვინეტ პელტროუს Goop-ზე სასაცილო და უცნაური".

ზოგიერთ კომენტარს უფრო ეჭვიანობის ელფერი დაჰკრავდა. მშვენიერი მსახიობი ფიქრობს, რომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება? მაგრამ კომენტარების ავტორების ნაწილი, როგორც ლაივლი მიხვდა, მართალი იყო. მას დიდი მიზნები ჰქონდა თავისი ვებგვერდისთვის: ოსტატი- ხელოსნები უნდა მოეზიდა "ქვეყნის ყოველი კუთხიდან... რომლებიც შიშველი ხელებით ქმნიდნენ საოცრებებს", − წერდა იგი თავის რედაქტორს. მას სურდა ოსტატი- ხელოსნები პლატფორმაზე ყოფილიყვნენ, რომელიც "ნაწილობრივ ჟურნალი იყო, ნაწილობრივ ელექტრონული კომერციის ცენტრი, ნაწილობრივ კი − საქველმოქმედო საქმიანობა და, უპირველეს ყოვლისა, ადგილი, რომელიც პატივს მიაგებს მომავალს. ამავე დროს, წარსულთანაც აქვს "სასიყვარულო ურთიერთობა".

თუმცა, მისი ამბიციები ვებგვერდის რეალობას არ ემთხვეოდა: სარედაქციო ტონი შეუსაბამო იყო, "კულისებს მიღმა რაღაცები, რაშიც ჩვენ უბრალოდ ვერ ვერკვეოდით", − ამბობს ის. ერთი წლის შემდეგ მან დახურა ვებგვერდი. როგორც Vogue-ს განუცხადა 2015 წელს − "ჩვენ იქამდე გავუშვით ვებგვერდი, სანამ მზად ვიქნებოდით და მან ვერ შეასრულა თავდაპირველი მისია: ის არ ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას".

პრესა ჭკუაზე არ იყო. "არც ბლეიკ ლაივლის მოეწონა PRESERVE", − ასეთი სათაური ჰქონდა სტატიას The Washington Post-ში.

"ეს საშინელება" იყო, − ამბობს ის ახლა, − "ყველაფერი, რაც მქონდა, ამ კომპანიაში დავაბანდე" და მისი დატოვება "სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის".

ამ თვალსაზრისით, ლაივლი უარეს მდგომარეობა აღმოჩნდა, ვიდრე მე და თქვენ − უცნობი ანტრეპრენერები ვიქნებოდით. თუ ან როდესაც რაიმე წარუმატებლობა გვაქვს, ამის გადატანა პირადად ჩვენ გვიწევს. მხოლოდ ჩვენ ვართ შერცხვენილები. მას კი, მთელი გასართობი მედიაკომპლექსი თან დასდევდა. რა თქმა უნდა, ცნობილი პერსონები უფრო ხშირად ხვდებიან ადამიანებს თვალში. მაგრამ ასეთი აშკარა წარუმატებლობა, ყველას თვალწინ, რაც ლაივლის დაემართა Preserve-ის შემთხვევაში, და შემდეგ ამის გამო დაცინვების ატანა "უბრალოდ მტკივნეული იყო", − ამბობს ლაივლი. "საერთოდ, რატომ მოვკიდე ხელი ამ საქმეს?" − ფიქრობდა იგი, − "ალბათ, უბრალოდ მსახიობობა უნდა გავაგრძელო". და ამას აკეთებდა წლების განმავლობაში, სანამ ავტორობის ამ იდეამ კვლავ არ შეიპყრო და საკუთარი თავი არ დაარწმუნა, რომ ხილის ნაზავების მწარმოებელი კომპანიის შექმნა შეეძლო.

ასე რომ, ის ახლა აქ იყო, ახალი კომპანიის დაარსების ყველაზე ღრმა და ყველაზე შემაშფოთებელ გზაზე, მისი შინაგანი ხმა თაღლითობისა და წარუმატებლობების შესახებ კი უფრო ხმამაღალი გახდა. "ეს საშინელება იყო", − ამბობს ის.

ყოველთვის ასეა. ანტრეპრენერობა გამოცდაა, თუ როგორ შეგიძლია საკუთარი თავის მართვა. მხოლოდ პროდუქტის შექმნაზე კი არა, უფრო მეტად იმის დანახვაზეა საუბარი, შეძლებ თუ არა საკუთარი თავის გადალახვას, რათა მისი შექმნა შეძლო. ლაივლისთვის, ეს მისი ცხოვრების ყველაზე რთული და მტკივნეული პერიოდი იყო. მას რეინოლდსი ჰყავდა გვერდით და ყველაზე მეტად ეს დაეხმარა. ისიც ანტრეპრენერი გახლდათ და მხოლოდ იმის გამო არა, რომ კომპანია Aviation ან მობილური ტელეფონების ოპერატორი Mint Mobile იყიდა, არამედ ასევე წარმატებული მარკეტინგული სააგენტო Maximum Effort-ის თანადამფუძნებელიც გახდა. რეინოლდსი და ლაივლი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ისინი განუყრელები არიან.

"საუკეთესო მეგობრები ვართ", − ამბობს ლაივლი. ამიტომ, როგორც მეუღლესთან აღიარა, მას დაეხმარა, რომ "ადამიანი, რომლის აზრსაც ყველაზე მეტად ვენდობი მსოფლიოში, ამავე დროს გახლავთ ის, ვინც მეუბნება: ყველაფერი გამოგივა, მიდი". და ეს შესანიშნავი გრძნობაა.

"ისიც დამეხმარა, რომ [Preserve-ისგან] ბევრი გაკვეთილი ვისწავლე, − ამბობს ლაივლი, − "უამრავი შეცდომისგან ვისწავლე, რომლებიც დავუშვი". ყველაზე დიდი ალბათ ის იყო, რომ მან იქამდე გაუშვა Preserve, სანამ მზად იქნებოდა. დეტალებზე ორიენტირებულ მის ტვინს კიდევ ექვსი თვე სჭირდებოდა, სანამ Preserve-ს აამუშავებდა, გარშემომყოფებს მოუსმინა, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეცდომის გამოსწორებას გზადაც შეძლებდნენ, როდესაც კომპანიას გაუშვებდნენ. ლაივლი არ დაუშვებდა ამ შეცდომას Betty Buzz-ის შემთხვევაში. საკუთარ ხმას მოუსმენდა. პროდუქტის დებიუტი მაშინ შედგებოდა, როდესაც ის მზად იქნებოდა. პროდუქტის განვითარების ერთმა წელიწადმა კიდევ ერთი მოითხოვა, შემდეგ − კიდევ ერთი. პროდუქტი მხოლოდ სრულყოფილი კი არა, ლამაზად შეფუთულიც უნდა ყოფილიყო. ლაივლის სურდა, მომხმარებელს Betty Buzz-ის ბოთლი ლარნაკად გამოეყენებინა, მისი დალევის შემდეგ. "და მახსოვს, როგორ ამბობდა ჩემი გუნდი: "რას ამბობ? ამ ბოთლებს ლარნაკებად არავინ გამოიყენებს", − ამბობს ლაივლი. მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვდა. ამიტომ, მისი შეფუთვაც ისეთივე კრისტალური გახდა, როგორი არომატულიც იყო სასმლის ცქრიალა ნოტები.

აქედან დაწყებული, ორივე უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. "მე ხარისხი მხდის თავდაჯერებულს", − ამბობს ლაივლი. 2021 წლის სექტემბერში Lively-ისა და Betty Buzz-ის გუნდს ხუთი არომატი ჰქონდა მზად: მატონიზებელი წყალი, ცქრიალა გრეიპფრუტი, გაზიანი − "მეიერ ლემონ ქლაბი", ცქრიალა ლიმონი ლაიმი და კოჭას ლუდი. მათ ყველაზე მარტივი მარკეტინგული კამპანიის ჩატარება გადაწყვიტეს: დებიუტი Instagram-ზე უნდა შემდგარიყო. ეს იყო კიდევ ერთი რამ, რითაც ეს კომპანია ლაივლის წინა კომპანიისგან იქნებოდა განსხვავებული. Preserve-ის სარეკლამო კამპანია უფრო მეტად ფილმის დებიუტს ჰგავდა, ლაივლი Vogue-ის გარეკანზეც კი იყო, და მას რეკლამას უკეთებდა. მან ბევრი ისწავლა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, უმთავრესად იმის გამო, რომ მისი პოპულარობა მხოლოდ ბიზნესზე ვრცელდებოდა. "მე მხოლოდ ერთი ბოთლის გაყიდვა შემიძლია", − ამბობს ის, − "ამის შემდეგ პროდუქტი თვითონ უნდა გაიყიდოს".

ასე რომ, იმ დღეს, როდესაც მან Instagram-ზე გაზიარების ღილაკს დააჭირა თითი, გულისფანცქალით გაიფიქრა: რამდენ ბოთლს იყიდიან ადამიანები პირველის შემდეგ?

ბევრს

პირველ შვიდ თვეში Betty Buzz-მა 2,5 მილიონი ბოთლი გაყიდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 5500 მაღაზიის თაროზე გამოჩნდა. თაყვანისმცემლებმა სოციალურ ქსელში მალევე აჩვენეს, თუ როგორ აქციეს თავიანთი Betty Buzz-ის ძველი ბოთლები ლარნაკებად. ამან ისევე აღაფრთოვანა ლაივლი, როგორც გაყიდვების მაჩვენებლებმა. ადამიანებმა ყველა ფორმით აღიარეს ხარისხი, რომლის ავტორიც ლაივლი იყო. მან და Betty Buzz-ის გუნდმა ამ ყველაფერს რეკლამისა და მარკეტინგის გარეშე, მხოლოდ Instagram Story-ის ხუთი პოსტით მიაღწიეს.

"ნებისმიერი ადამიანი იმაზე ბევრად გამოცდილია, ვიდრე წარმოუდგენია, მხოლოდ იმის გამო, რომ მომხმარებელია".

2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც გუნდი საბოლოოდ ნამდვილ რეკლამაზე გადავიდა, ეს ნაბიჯი ლაივლის იდეის გათვალისწინებით გადადგა, ავტორობის შესახებ. მთავარი ის არ იყო, რომ ლაივლი რეკლამებში გამოჩნდა. შემოდგომის ერთ-ერთ კამპანიაში, რომელიც ჯერ კიდევ ყველაზე სასაცილოა, Betty Buzz-ს ულაყივით მამაკაცი სვამს, პერანგის გარეშე, და ამბობს, რომ სასმელი ბლეიკ ლაივლიმ შექმნა − სრულყოფილებაზე გადარეულმა ადამიანმა. "ნუთუ დედამიწის ამ შრომისმოყვარე მკვლევარმა სამი წელიწადი მოანდომა იმას, რომ ამ იდეალური სასმლის ბუშტუკების ზომა და რაოდენობა ზუსტი ყოფილიყო? − ასი პროცენტით ასეა". შემდეგ, ჰალკი ოდნავ უფრო დაქანცული ტონით აგრძელებს. "მიაწოდა თუ არა მან ვრცელი და საკმაოდ გრძელი შენიშვნები გუნდს იმის შესახებ, როგორ დაბალანსებული უნდა ყოფილიყო ნამდვილი ხილის წვენის თანაფარდობა ყოველ არომატში? აი, ასეთია იგი, ნამდვილი ქალწულია". კამერა უკან იხევს, ლაივლის აჩვენებს, რომელსაც მიკროფონი უჭირავს ჰალკის თავზე. ჰალკი ძლივს მალავს თავის ქედმაღლობას და ამბობს, რომ ლაივლი "მეტისმეტად აქტიურადაა ჩართული" ყველაფერში, რაც Betty Buzz-ს უკავშირდება. ლაივლი რეკლამის ბოლო კადრებში გამოჩნდება, რათა კრიტიკულად შეაფასოს, თუ როგორ უჭირავს ჰალკს ხელში ბოთლი და შემდეგ უფრო ახლოს მიდის, ხელს ადებს ბოთლს და უჩვენებს მას, თუ როგორ უნდა ეჭიროს: "დიახ, ასე, გახსენი, მაგრამ... ნუ მოძრაობ, ნუ მოძრაობ".

ამ რეკლამით ის ამაყად გრძნობს თავს. "ძალიან საინტერესოა, როდესაც ქალს პრეტენზია აქვს, რომ იგი დეტალებს აქცევს ყურადღებას და ზუსტია", − ამბობს ის, − "რადგან ეს შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ და თქვან, რომ რთული ადამიანი ხართ. და თუ ვინმე საკმაოდ ხშირად გაიძულებთ, რაღაც ძალიან ხშირად იგრძნოთ, იჯერებთ, რომ ეს სიმართლეა, ამ ყველაფერს საკუთარ თავში ახშობთ და რაღაც ისეთს ხედავთ, რის გამოტანაც საჯაროდ არ გინდათ. მე 35 წელი დამჭირდა იმის დასანახად, რომ სინამდვილეში ეს უზარმაზარი უპირატესობაა: რამდენად დეტალურად ვასრულებ სამუშაოს, რამდენად ზუსტი ვარ და რამდენად ვზრუნავ ხარისხზე. და ეს არ არის ის, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვიხადო".

დღეისათვის მას 6 მილიონზე მეტი ბოთლი აქვს გაყიდული. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის შემოდგომამდე Betty Buzz-ის წილზე მთელი ნაზავების კატეგორიის 24% მოდიოდა. "ასე რომ, ერთი კომპანია აშშ-ში მთელი კატეგორიის ზრდის მეოთხედზე იყო პასუხისმგებელი", − აქ ლაივლი რამდენიმე წამით ჩუმდება, ღიმილი ეფინება სახეზე და ამბობს: "საკმაოდ მაგარია".

ამგვარი ხედვა აქვს მას უკვე საკუთარი კარიერის სხვა სფეროებზეც, და თან, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე. 2021 წელს მან ტეილორ სვიფტის მუსიკალური ვიდეო ("დარწმუნებული ვარ, ჩემზე ფიქრობ") დაწერა და გადაიღო, რომელმაც 47 მილიონი ნახვა მოაგროვა YouTube-ზე და ქანთრი მუსიკის ასოციაციის "წლის მუსიკალური ვიდეოზე" იყო ნომინირებული. ამ წარმატების გამო, პრესტიჟულმა სტუდია Searchlight-მა ლაივლი "წამების" გადასაღებად მიიწვია გასული წლის აპრილის ბოლოს, რაც ამავე სახელწოდების გრაფიკული რომანის მხატვრული ადაპტაციაა. ეს ლაივლის კინორეჟისორული დებიუტი იქნება. "ჩემთვის ეს დროის გატარებას ნიშნავს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვაფასებ და რომლებიც მაფასებენ", − ამბობს ის, − "ადამიანები, რომლებიც მიბიძგებენ, საკუთარი თავის საუკეთესო, ყველაზე დეტალიზებული, ყველაზე ხარისხიანი ვერსია ვიყო".

ახლა მას სურს ავტორობის ეს გრძნობა სხვა ქალებსაც ჰქონდეთ. ლაივლიმ წელიწადნახევარი გაატარა იმის შესწავლაში, თუ რომელი არაკომერციული ორგანიზაციისკენ მიემართა Betty Buzz-ის შემოსავლების ნაწილი, სანამ ერთ-ერთზე არ შეაჩერა ყურადღება. ეს Grameen America იყო. ლაივლი ისე გაიტაცა Grameen-ზე საუბარმა, რომ ვერც პუბლიცისტს ამჩნევდა, რომელსაც ჩვენი ინტერვიუს დასრულება სურდა, და ვერც მე, როდესაც ვამბობდი, რომ მოგვიანებით გადავხედავდი Grameen-ს. "მინდა... მე მსურს სწორად გაიგოთ ის, რასაც ისინი აკეთებენ", − ამბობს ლაივლი, − "არ მინდა სწორად ვერ გაიგოთ, მინდა ეს იცოდეთ" − და აქ მისი ხმა მელოდიური ხდება − "მე მიკრომენეჯმენტით ვარ დაკავებული".

მეცინება. ის Grameen-ის ვებგვერდზე შედის და გვერდებს ფურცლავს. "ერთი წუთით", − ამბობს ის, − "აქ ერთი რეკლამაა, რომელიც ჩემი აზრით, შესანიშნავია..."

"აი, ასე. Grameen America უზრუნველყოფს მიკროსესხებს, არა უმეტეს $2000-იდან, ასევე, ფინანსურ განათლებას, და ეხმარება მის წევრებს", − კითხულობს იგი და ხაზს უსვამს, რომ სამიზნე მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ანტრეპრენერი ქალები არიან, და რომ მათი 99.8% ანაზღაურებს სესხებს და ა.შ.

ლაივლის მოსწონს ეს. ის მხოლოდ კაპიტალით კი არ ეხმარება მათ, არამედ ქაღალდსა და კალამსაც აძლევს, რათა სხვა ქალებმაც შეძლონ და საკუთარი ცხოვრების ავტორები გახდნენ. მას სურს, ამ ქალებმაც იგრძნონ ის, რასაც თვითონ ყოველდღე გრძნობს.

თქვენი აკვიატებული იდეების მისაღებად (არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ისინი, არც იმას, ყვირილით რამდენჯერ გაგაჩუმათ ვინმემ ან რამდენჯერ გითხრათ უარი მათზე), თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი, იმედი უნდა დაამყაროთ მათზე, და ამაყად ატაროთ ისინი, "ისე, რომ ეს შთამბეჭდავიც იყოს და კონკრეტულიც", − ამბობს ის, − "ჩემთვის ეს ყველაფერია".

________________________

პოლ კიქსი საინფორმაციო ბიულეტენს (This Week Paul Likes-ს) წერს შემოქმედებით ადამიანებზე, რომლებიც მისი შთაგონების წყარონი არიან, იმ იმედით, რომ ისინი თქვენი შთაგონების წყარონიც გახდებიან.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია