Join our Waitlist for Expert Advice!

როგორ გავზარდოთ ბრენდი TIKTOK-ის დახმარებით? ინტერვიუ "სლაშის" დამფუძნებელ სოფი კილაძესთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TikTok-ის გამოჩენამ ონლაინსივრცეში სრულიად შეცვალა სოციალური მედიის გამოყენების გზები და ფორმები. მოკლე, სხარტი და გასართობი ხასიათის ვიდეოები TikTok-ის მთავარი ნიშა გახდა, რომელიც მალევე Facebook-მა და Instagram-მაც აითვისეს.

ადამიანები სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, არაერთი ბიზნესი, ბრენდი თუ ინფლუენსერი იყენებს მას, საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაციის მიზნით.

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით, TikTok-ის ძირითადი აუდიტორია თაობა Z და ე.წ. მილენიალები არიან, შესაბამისად, ბრენდებს, რომლებიც ამ დემოგრაფიულ ჯგუფთან მუშაობენ, უფრო მეტი შანსი აქვთ TikTok-ის მეშვეობით თავიანთი ცნობადობა და მათ შორის გაყიდვებიც გაზარდონ.

TikTok-აუდიტორიის 2022 წლის მონაცემებით, პლატფორმის მომხმარებელთა 73% ძლიერ კავშირს გრძნობს იმ ბრენდებთან, რომლებთანაც TikTok-ის საშუალებით ურთიერთობენ, განსხვავებით სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისგან, ხოლო მომხმარებელთა 67% აღნიშნავს, რომ TikTok მათ კონკრეტული პროდუქტის შეძენისკენ უბიძგებს, მაშინაც კი, თუ მის შეძენას არ აპირებენ.

ბრენდის განვითარებისთვის TikTok-ზე არაერთი შესაძლებლობა არსებობს − როგორც ფასიანი, რეკლამების სახით, ასევე უფასო. დღეს არაერთი ქართული ბრენდი იყენებს TikTok-ს საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ Entrepreneur "სლაშის" დამფუძნებელ სოფი კილაძეს ესაუბრა, რომელიც არა მარტო საკუთარი ბრენდის TikTok-ს მართავს, არამედ თავადაც ერთ-ერთი პოპულარული TikTok-კრეატორია საქართველოში.

როგორ აღმოჩნდა Slushy TikTok-ზე?

ქართულ ბაზარზე "სლაში" 2017 წლიდან არსებობს და არომატიზებული ხილის შეიკებთან ერთად, მრავალფეროვანი ტკბილეულის რეალიზებას ეწევა. როგორც სოფი აღნიშნავს, TikTok-ის გამოჩენამ ბრენდის განვითარების გზაზე ყველაფერი მოულოდნელად შეცვალა და ბევრი ახალი შესაძლებლობაც გააჩინა.

განვითარების საწყის ეტაპზე "სლაში" აქტიურად იყენებდა Facebook-სა და Instagram-ს, არეკლამებდა და ბუსტავდა კონტენტს. მართალია, ეს სტარტაპისთვის დიდი ხარჯი იყო, თუმცა, ამ სერვისზე მაინც არ ამბობდნენ უარს.

"პირველი სამი წლის განმავლობაში დავრწმუნდით როგორც არ უნდა დაგვებუსტა პოსტები, პროცენტულად მაინც არ ვიღებდით იმ რაოდენობის მომხმარებელს, რასაც ველოდით. "სლაში" თავისთავად იმპულსური პროდუქტია. მაგალითად, თუ ნახავ, რომ ბურგერზე ფასდაკლებაა, შეიძლება გამოიძახო. მაგრამ, ჩვენ მესამეხარისხოვანი, სპონტანური პროდუქტი გვაქვს რომ დაინახავ, უცბად მოგინდება და არ გამოიძახებ, სწორედ ამიტომ მცირე შედეგი გვქონდა. თუმცა, მაინც ვბუსტავდით და ვწევდით ხარჯს", აღნიშნავს სოფი კილაძე.

პანდემიის პერიოდში, სხვა ბრენდების მსგავსად, "სლაშსაც" მოუწია ობიექტების დახურვა და მიტანის სერვისზე გადავიდა. იმისათვის, რომ ბრენდი არ "მომკვდარიყო", სოფი დამოუკიდებლად უწევდა ყველაფერს ორგანიზებას, ზრუნავდა არა მხოლოდ გაყიდვების პროცესზე, არამედ მარკეტინგულ აქტივობებზეც. მუდმივად უკავშირდებოდა ინფლუენსერებს ბარტერულ გაცვლაზე და სწორედ ასე აღმოაჩინა TikTok-ის რეალური შესაძლებლობები.

"გადავწყვიტე,სლაშის TikTok-ანგარიში შემექმნა, რადგან ეს პლატფორმა ძალიან აქტუალური იყო. საქართველოში სწორედ "სლაში" იყო პირველი ინფლუენსერ-კომპანია, რომელმაც კონტენტის შექმნა დაიწყო არა როგორც ბიზნესმა, არამედ როგორც ინფლუენსერმა. როგორც კი პირველი ვიდეოები განვათავსე, ძალიან ბევრი ნახვა დაგროვდა 200 000-300 000. ასე გავაგრძელეთ მთელი პანდემიის განმავლობაში. იმდენი შეკვეთა მქონდა, მარტო ვერ ავუდიოდი. არც კი წარმომიდგენია, რომ "სლაში" შეიძლებოდა რეგიონებში გამეტანა, ამ დროს კი TikTok-ზე უამრავი მოთხოვნა მქონდა. ჩვენ უნიკალურ "ჟელიბონის" შეკვრებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვგზავნიდით ტიკტოკიდან", იხსენებს იგი.

როგორც სოფი აღნიშნავს, "სლაშის" წარმატება იმანაც განაპირობა, რომ მათი მომხმარებლები ძირითადად GEN Z და Gen ALPHA არიან, რომლებიც TikTok-ს ყველაზე აქტიურად მოიხმარენ. ხშირი აქტიურობითა და საინტერესო კონტენტით, "სლაშმა" TikTok-ზე საკუთარი საზოგადოება შემოიკრიბა, რომლებიც ყოველთვის იქ არიან, სადაც "სლაშია". სწორედ TikTok-იდან წამოსულმა მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ მალე "სლაში" საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამოჩნდა, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში.

რა უნდა იცოდე TikTok-კონტენტის შესახებ

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მიმდევარი გყავთ Tiktok-ზე იმისათვის, რომ თქვენი ვიდეო ვირუსულად გავრცელდეს ყველგან − თქვენც და ნებისმიერ ინფლუენსერსაც ამის თანაბარი შანსი გაქვთ. მთავარია, იცოდეთ როგორ შექმნათ საინტერესო, ორიგინალური და კრეატიული კონტენტი თქვენი მომხმარებლებისთვის, ეს კი საშუალებას მოგცემთ მინიმალური დანახარჯებით დიდ აუდიტორიას შეეხოთ.

Tiktok-ზე ცნობადობისა და მიმდევრების გასაზრდელად, სოციალური მედიის გურუები არაერთ საინტერესო ტექნიკას გვთავაზობენ. უპირველესად, ვიდრე ლოიალურ აუდიტორიას შემოიკრებთ ირგვლივ, ეცადეთ მოკლე ვიდეოები ჩაწეროთ, რათა მაყურებელმა ის ბოლომდე ნახოს − რაც უფრო მეტი "ბოლომდე ნახვა" ექნება თქვენს კონტენტს, Tiktok-ის ალგორითმი ეცდება კიდევ უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს იგი. "ბოლომდე ნახვადი" კონტენტის გასაზრდელად საჭიროა პირველი სამი წამის განმავლობაში მაქსიმალურად მიიპყროთ თქვენი აუდიტორიის ყურადღება სხვადასხვა ორიგინალური მეთოდით.

მუდმივად ადევნეთ თვალი მიმდინარე ტრენდებს და ეცადეთ იგი თქვენი ბრენდის სპეციფიკას მოარგოთ. კარგი იქნება, თუ კონტენტს მინიმუმ ყოველდღიურად განათავსებთ, რადგან ეს თქვენი ვიდეოების გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

TikTok საშუალებას გაძლევთ ტრენდული მუსიკით, ფილტრებითა და სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოებით რაც შეიძლება მარტივი, საინტერესო და ორიგინალური კონტენტი შექმნათ. არ დაგავიწყდეთ ჰეშთეგების სწორი გამოყენებაც, რადგან იგი ძალიან კარგად მუშაობს.

თუ სხვა პლატფორმებზე პოსტების შესაქმნელად ცალ-ცალკე გიწევთ იზრუნოთ ტექსტზე, ფოტოებსა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზე, TikTok-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა: შეგიძლიათ მხოლოდ ერთი მარტივი ვიდეოს მეშვეობით, რაც შეიძლება სწრაფად აუხსნათ საკუთარ მომხმარებლებს რა სახის სიახლეებს სთავაზობთ მათ.

TikTok-ის სწრაფი გავლენა აუდიტორიაზე საშუალებას აძლევს ბრენდებს ნებისმიერი ხარვეზი მალევე მოაგვარონ. პლატფორმის ამ შესაძლებლობას საკმაოდ აქტიურად იყენებს "სლაში", როგორც ახალი ფილიალების გახსნის დროს, ასევე, რომელიმე ფილიალის გაყიდვების შემცირებისას. ეს კი ბრენდის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

"მაგალითად, აღმაშენებელზე ახალი ფილიალის გახსნამდე 3 დღე იყო დარჩენილი. სამივე დღის განმავლობაში თითო ვიდეოს ვდებდით იმის შესახებ, რომ აქ ახალი ფილიალი იხსნებოდა. შედეგად, გახსნის დღეს ღონისძიებაზე 600 ბავშვი მოვიდა. როდესაც რომელიმე ფილიალი ჩავარდება და მომხმარებელს დაავიწყდება, რომ აქ "სლაშია", პოსტების დაბუსტვის ნაცვლად, ღონისძიებას ჩავნიშნავ ხოლმე, გასართობ პროგრამებს მოვიწვევ, ვიდეოებს დავდებ და კიდევ 600-მდე ბავშვი მოდის", ამბობს სოფი კილაძე.

@slushy.ge სლაში ბათუმშია ? ⬇️⬇️მისამართები ⬇️⬇️ ?ბულვარი, კოლონადების გასწვრივ მაკდონალდთან 10:00-02:00 ?ბულვარი, დელფინარიუმის გასვრივ თოლიასთან 10:00-00:00 ასევე გვესტუმრეთ: თბილისი: ?ს/ც ისთ ფოინთი- მეორე სართული ?ს/ც თბილისი მოლი- პირველი სართული ქუთაისი: ? წმინდა ნინოს ქ. 9 რუსთავი: ? რუსთავი მოლი ზუგდიდი: ✅ ზუგდიდი მოლი #slushygeorgia #slushybatumi ♬ Cola (Sped Up Version) - sped up nightcore

TikTok-ზე კონტენტის შექმნის მთავარი პრინციპია ვიდეოები მარტივი, სხარტი და კრეატიული იყოს, რომელიც მომხმარებლის აყოლიებას შეძლებს.

"ჩვენი სტრატეგია დღემდე ის გახლავთ, რომ მუდმივად ცოცხალი ადამიანები გვყავდეს, უფრო Product Placement- დავარქმევდი ჩვენსავე გვერდზე, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის გაპიარებას. შესაძლოა "სლაშის" გუნდმა ცეკვის ვიდეო გადაიღოს, "სლაშის" მაისურებითა და "სლაშის" პროდუქტით. საბოლოოდ, სახალისო კონტენტი იქმნება, თან ცეკვა ტიკტოკის ტრენდებშიც გადის შესაძლოა "სლაშის" გუნდმა ბევრზე კარგად იცეკვოს და ბრენდის გარეშეც მოხვდეს ტრენდებში", ამბობს სოფი.

ხშირად ამბობენ, რომ TikTok-ზე კონტენტის შექმნისას უმჯობესია, ბრენდს ერთი სახე ჰყავდეს, რომელიც მის პოპულარობას გაზრდის. თუმცა, როგორც სოფი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნავს, არაა აუცილებელი ბრენდის სახედ ერთი ადამიანი გყავდეს. შესაძლოა ეს ჟესტი ლოიალობას იწვევს, თუმცა თავისუფლად შეიძლება კარგი შედეგი ამის გარეშეც მივიღოთ. მაგალითად, "სლაშს" რამდენიმე წლის წინ ყველა ვიდეოში სხვადასხვა კრეატორი ჰყავდა, თუმცა მის განვითარებაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ამ ფაქტს არ ჰქონია.

Instagram-ისა და Facebook-ის მსგავსად, ინფლუენსერებთან თანამშრომლობა TikTok-ზეც შეგიძლიათ. შესაძლოა, ბრენდს საკუთარი TikTok-ანგარიში არ ჰქონდეს, თუმცა ამ პლატფორმის აუდიტორიაზე სწორედ ინფლუენსერების მეშვეობით გადიოდეს, რომლებიც მის პროდუქტს გაუწევენ რეკლამირებას.

როგორც ვხედავთ, TikTok-ზე კონტენტის შექმნის არაერთი საშუალება არსებობს, იმისათვის, რომ საკუთარი ბრენდის პოპულარიზებას შევუწყოთ ხელი. თუმცა, როგორც სოფი აღნიშნავს, TikTok-ის ცნობადობა ყველა ბრენდისთვის მის გაყიდვებზე არ აისახება.

"თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. შესაძლოა ცნობადობა პირდაპირპროპორციულად არ აისახოს ბრენდის გაყიდვებზე, მაგრამ ძალიან დიდი ბუსტი მისცეს სწორ დროს, სწორ ადგილას. როდესაც რაღაც დაგჭირდება, ყოველთვის იცი, რომ გაქვს აქტივი, რომლის გამოყენება შეგიძლია", აღნიშნავს სოფი.

როგორ ხდება მომხმარებლებთან კომუნიკაცია TikTok-ზე?
თუ სხვა სოციალურ ქსელებში პოსტის რეკლამირებისას თავად გიწევს აუდიტორიის განსაზღვრა, ტიკტოკის ალგორითმი სხვაგვარად მუშაობს. ამ შემთხვევაში თავად აპლიკაცია განსაზღვრავს, ვის შეიძლება დააინტერესოს შენი კონტენტი. Tiktok-ის პრემიუმ-ანგარიშით კი შეგიძლიათ ანალიტიკურ მონაცემებზეც მიიღოთ წვდომა, დააკვირდეთ პოსტების ეფექტიანობას, გამომწერთა სტატისტიკას, მათ ადგილმდებარეობას, რომელ ვიდეოებს უყურეს და სხვ. ეს ინფორმაცია ახალი კონტენტის შექმნაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.

კარგი იქნება, თუ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაუბრუნდებით თქვენს აუდიტორიას, შეამოწმებთ კომენტარებს და აქტიურად გექნებათ მომხმარებელთან კომუნიკაცია. შესაძლოა სხვის კონტენტზე დაწეროთ კომენტარი, დიალოგი წარმართოთ და მომხმარებელმა ასე აღმოაჩინოს თქვენი ბრენდი, თუ საინტერესოდ მიიჩნევს მას, თქვენი მიმდევარიც გახდეს.

მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის, TikTok-საც აქვს პირადი შეტყობინებები, თუმცა პლატფორმაზე მათთან კომუნიკაციის უფრო მარტივი გზები არსებობს. TikTok-ზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მომხმარებლის ნებისმიერ შეკითხვასა თუ უკმაყოფილებაზე ვიდეო ჩაწეროთ და თითოეულ მათგანს პასუხი საჯაროდ გასცეთ.

"შესაძლოა რაიმე მარკეტინგული ხარვეზი გაქვთ და არ იცით, საიდან მიუდგეთ. შეგიძლიათ, პირდაპირ ჩაწეროთ ვიდეო მომხმარებლის კომენტარზე, სადაც კონკრეტულად პრობლემაზე საუბრობთ. ამ პასუხმა კი შესაძლოა, იმაზე დიდი და კარგი გამოხმაურება მოგიტანოთ, ვიდრე რომელიღაც საიმიჯო კონტენტმა", აღნიშნავს სოფი.

კომპანიები ხშირად TikTok-ს, Instagram-ის აუდიტორიის გასაზრდელადაც იყენებენ. თქვენ შეგიძლიათ TikTok-ზე საკუთარი Instagram-ი მიაბათ და იმგვარი კონტენტი განათავსოთ, რომ მაყურებელს სურვილი გაუჩნდეს თქვენს Instagram-გვერდზე გადმოვიდეს და თქვენი მიმდევარი გახდეს.

"პირადად მე და კომპანიასაც გამომწერების დიდი რიცხვი გვყავს. კომპანიის პოსტის ყველა აღწერაში გვიწერია ფასები, მისამართი და ისიც, რომ დამატებითი კითხვებისთვის ინსტაგრამზე მოგვწერონ. TikTok-ზე საკმაოდ დიდი ტრაფიკია და შესაბამისად, გამომწერებიც გროვდება. გარდა ამისა, TikTok-ზე პირადი შეტყობინების ფუნქციონალიც გათიშული გვაქვს, რათა კომუნიკაცია მომხმარებელთან ინსტაგრამზე მოხდეს და არა TikTok-ზე", − ამბობს სოფი.


როგორც ვხედავთ, TikTok-ის მეშვეობით ბრენდის პოპულარიზაცია არც ისე რთულია. მთავარია, ხელში კამერა აიღოთ და ეცადოთ მაქსიმალურად საინტერესო, მარტივი და სახალისო კონტენტი შექმნათ, დანარჩენს კი თქვენივე აუდიტორია გიკარნახებთ, სად, როგორ და რანაირად დაპოსტოთ.

"მხოლოდ FOR YOU-სა და ტრენდების მიხედვით შექმენით კონტენტი, რომელსაც მაქსიმალურად მეტი ნახვა ექნება და აუდიტორიის უკუკავშირის მიხედვით გამოხმაურება, ციფრები და კომენტარები გაჩვენებთ, რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა", ამბობს სოფი კილაძე.

*TikTok-თან დაკავშირებით აქტუალურია ეჭვები აპლიკაციის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პარამეტრებთან მიმართებით. აპლიკაციის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენების საფრთხეების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბროშურას.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ