Join our Waitlist for Expert Advice!

პური ჩვენი არსობისა ქართველი ფრანგი ჟან-ჟაკი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

თუ ჟან-ჟაკ ჟაკობთან შეხვედრა გსურთ, ფალიაშვილის 33-ში უნდა მიხვიდეთ. ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ადრიანი დილიდან შუადღის 2 საათამდე პატარა ეზოში, დახლთან დგას და საკუთარი ხელით გამომცხვარ ქართული დოლის პურს თავად ყიდის. კახეთში ცხოვრობს. თბილისში ცხოვრებაზე არასოდეს უფიქრია. თუმცა საქართველოში ჩამოსვლამდე, საერთოდაც ეგვიპტეში გადასახლებას განიხილავდა. გეგმები მოულოდნელად შეიცვალა.ცხობა აქ ისწავლა. ქართული ხორბლისგან დამზადებული ნაჭერი პური დააგემოვნა და მისდა გასაკვირად, გლუტენზე ალერგია არ გამოვლინდა. ასე აღმოაჩინა ენდემური ქართული ჯიშის ხორბალი და ასე გახდა ნაწილობრივ ქართველი.

ფალიაშვილის ბაზარი

ფალიაშვილის ქუჩაზე, პატარა, მყუდრო ეზოში ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს მცირე მასშტაბის ბაზრობა იმართება. სოფლის ყველი, თაფლი, ბოსტნეული და ხილი, ჩირეული და პური კვირაში ორჯერ იყიდება. დახლს მინიმუმ ერთი ადამიანი ყოველთვის ათვალიერებს. ბაზრობას მუდმივი სტუმრებიც ჰყავს. კვირაში ერთხელ მაინც რომ იმარაგებენ სოფლის პროდუქტს. დადიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ჟან-ჟაკის უსაფუარო პურს მიირთმევენ.

ჟან-ჟაკ ჟაკობი ფრანგი ფილოსოფოსია. საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდა. გეგმაში ეგვიპტეში გადასახლება ჰქონდა, თუმცა მას მერე, რაც ქართული ჯიშის დოლის პურს გაეცნო და აღმოაჩინა, რომ ალერგიას არ იწვევდა, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. უკვე 15 წელია კახეთშია დაფუძნებული. ქართულიც ისწავლა და ქართველი ცოლიც მოიყვანა. თამაზთან, სვეტასთან, ხათუნასთან, დოდიკასთან და რამდენიმე კახელ მეგობართან ერთად პურს აცხობს, შემდეგ თბილისში ჩამოაქვს და ყიდის. ადრე დღეში 3-4 ცალს ყიდდა. ახლა კი ეს რიცხვი 170-180-მდეა გაზრდილი. თბილისში გაყიდული პურის რაოდენობა თვეში, საშუალოდ, 800 ცალს შეადგენს.

თავდაპირველად, მშობლიურ საფრანგეთში არსებული ევროპული ფონდის დახმარებით ფინანსები მოიძია და კახეთში მიწის ნაკვეთი შეიძინა. ინვესტიცია მცირე იყო, შედეგი – მოულოდნელი. "ერთ-ერთ ადგილობრივს, ირაკლის ჰქონდა დოლის ჯიშის ხორბლის თესლი და ის დამეხმარა. დავთესე, მოსავალიც ავიღე. შემდეგ მიწის რაოდენობა 3 ჰექტრამდე გავზარდე, მომდევნო წელს – 7 ჰექტრამდე", - იხსენებს ჟან-ჟაკი.

100%-ით ნატურალური პროდუქტი

ჟან-ჟაკი დოლის ჯიშის ხორბლისა და ჭვავის პურს ამზადებს. სტანდარტულის გარდა, დახლზე მზესუმზირის, ნიგვზიან და პომიდვრიან პურსაც კი ნახავთ. კახეთში უკვე საკუთარ წისქვილსაც ფლობს. მოწეული მოსავალი რაც შეიძლება ნელა იფქვება, რათა თვისებები არ დაკარგოს. ცომი ყოველგვარი დანამატისა და საფუარის გარეშე იზილება. პური მძიმეა და ნოყიერი. "საქართველოში, ძირითადად, საფუარით დამზადებულ პურს მიირთმევენ. ის მეორე დღეს შრება, მალე ფუჭდება. ჩემი გამომცხვარი პური კი ყველივითაა – დაძველება უხდება", – ამბობს ჟან-ჟაკი, – "აქ, უმეტესწილად, ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც მხოლოდ ჩემს პროდუქტს ყიდულობენ. კახეთში რამდენიმე მეზობელიც მხოლოდ ჩემ გამომცხვარ პურს მიირთმევს".

"პურის ცხობა თავად ვისწავლე – ცდითა და შეცდომით. ვაცხობდი, ვსინჯავდი, შემდეგ ისევ ვაცხობდი". საწყის ეტაპზე, ყველაფერს თავად აკეთებდა, რაც ხორბლის თესვის, მოსავლის აღების, დაფქვის თუ ცხობის პროცესს ეხებოდა. მაგრამ ერთ დღეს მიხვდა, რომ წისქვილის მშენებლობა და სხვა ყოველდღიური საქმე მთავარში – ცხობაში უშლიდა ხელს. გადაწყვიტა, თანამშრომლები აეყვანა, თუმცა მათი თანამშრომლებად მოხსენიება ცოტა უჭირს. თითოეული ადამიანი, რომელიც ჟაკობს საქმიანობაში ეხმარება, მისი მეზობელი, მეგობარი, ან ოჯახის წევრია.

სხვაობა მთავარსა და უმნიშვნელოს შორის

საკუთარი საქმიანობისთვის ბიზნესმენის თვალით შეხედვა უჭირს. ანტრეპრენერთან ექსპორტზე, ინვესტიციაზე, მოგებაზე და კონცეფციაზე აკადემიური ტერმინოლოგიით საუბარი არ გამოგივათ. მარტივად და კონკრეტულად გეტყვით, რომ ქვეყანაში გლეხის შრომა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელია. რომ არა გლეხი, ნებისმიერი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს კვების, და შესაბამისად, არსებობის პრობლემა გაუჩნდება. "არსებობს მთავარი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები. სოფელი იმიტომ მიყვარს, რომ იქ ყოველთვის მთავარზეა აქცენტი. ევროპაშიც და აქაც, თბილისში, ბევრი ადამიანი ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზეა კონცენტრირებული. არადა, თუკი გლეხი არ გყავს, თუკი მოსავალს ვერ იღებს, საკვები საერთოდ არ იქნება. ყველაზე საჭიროა, მთავარსა და ნაკლებ მნიშვნელოვანს შორის განსხვავება იპოვო", – ასეთია ჟან-ჟაკ ჟაკობის ცხოვრებისეული ფილოსოფია. ვერ გეტყვით, ეს აზრი საქართველოში ჩამოსვლამდე ჰქონდა თუ აქ დაებადა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს მშვიდი, გაწონასწორებული კაცი უკვე გამართული ქართულით, თავდაჯერებულობითა და საკუთარი საქმის სარგებლიანობის რწმენით, წლებია დღეში 12-14 საათი მუშაობს.

საქართველოში ერთხელ ჩამოსვლა საკმარისი აღმოჩნდა, მიმხვდარიყო, რომ ცხოვრების გაგრძელება ამ ქვეყანაში სურდა. "ღვინო, საკვები, ცეკვა და სიმღერა აღმოვაჩინე, მოვიხიბლე. ადამიანურობა, რომელიც მაშინ დავინახე, პირდაპირ გულში მომხვდა", – იხსენებს ჟან-ჟაკი – "ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარია, ქართველი ხალხის მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტზე დავაკმაყოფილო, ექსპორტზე კი საერთოდ არ ვფიქრობ".

ჟან-ჟაკის პურს უამრავი ერთგული მომხმარებელი დაუგროვდა. მის მამულში მოყვანილი ხორბლით რამდენიმე რესტორანიც დაინტერესდა. მაგალითად, თბილისში მომუშავე ფრანგი შეფი ჟან-ჟაკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – წითელი დოლის ფქვილის შესყიდვა სურს. თავად მეწარმე საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. სურს პურის ცხობა კახეთის გარდა თბილისშიც წამოიწყოს. უახლოეს მომავალში კი კახეთში საკუთარ მაღაზიას გახსნის, სადაც ფრანგი კაცის ხელით ენდემური ქართული ხორბლით დამზადებული ნატურალური და ჯანმრთელი პური გაიყიდება.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია