ანა ჟულინა - High Quality Services სიჯიუტემ და საკუთარი თავის რწმენამ გადამაწყვეტინა ანტრეპრენერული გზის დაწყება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ანტრეპრენერი ჯიუტი ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ მისი იდეა გაამართლებს. ბიზნესმენი ციფრებს ეყრდნობა, ანტრეპრენერი − იდეას", − მიიჩნევს კომპანია HighQualityServices-ის დამფუძნებელი ანა ჟულინა. ანტრეპრენერული შემართებითა და პირად დაკვირვებაზე დაყრდნობით, რომ დამსაქმებელს მასზე ჭკვიანი თანამშრომლები არ უყვარს, ანამ დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. 2018 წელს მან ჯერ კომპანია "ჯანდაცვის ჰაბი" დააფუძნა, ხოლო 2020 წლის ბოლოდან, ხარისხის სისტემების დანერგვის, კონსალტინგისა და კომპანიებისათვის სერტიფიცირების ხელშეწყობისთვის, HighQualityServices-ს ჩაუყარა საფუძველი.
"საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში გამდიდრებული ბიზნესმენები, ხშირად ბიზნესს ქაოსურად მართავენ და როდესაც რაიმეს სთავაზობ, იშვიათად გიჯერებენ. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი მსგავს მიდგომას და საბოლოო ჯამში, სიჯიუტემ და საკუთარი თავის რწმენამ გადამაწყვეტინა ანტრეპრენერული გზის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 პანდემიურ წელს უკვე მყარად ფესვგადგმულ, ძლიერ კომპანიებსაც უჭირდათ, მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი და არ დამეყარა ფარ-ხმალი. ეს წელიწადნახევარი კი მართლა მუდმივი ბრძოლისა და ახალი იდეების გენერირების პერიოდი იყო, შესაძლებლობების მოსაზიდად. თანაც, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი კომპანია უკრაინული კომპანია SIC Global-ის წარმომადგენელია საქართველოში და მათი კვალიფიკაცია ხარისხის მიმართულებით ჩემთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს", − ამბობს ანა ჟულინა.
ანა აღნიშნავს, რომ ხარისხის მართვა ძალიან მარტივია და მომხმარებელსაც ამ ფრაზით აცნობს თავს HighQualityServices-ის სოციალური ქსელის გვერდს. მისი თქმით, ყველა ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ხარისხის სტანდარტის დანერგვა, მართვა, უზრუნველყოფა და კონტროლი ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რისკენაც ქართული ბიზნესები დღეს უნდა ისწრაფოდნენ. "ამ ყველაფრის მისაღწევად საჭირო გზების გამონახვა მომხმარებელთან ერთად გაცილებით მარტივადაა შესაძლებელი. თანაც პანდემიისა თუ რეგიონულ დონეზე არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომსახურების/პროდუქციის ხარისხი არ უნდა დავარდეს, რათა კიდევ ერთი სუსტი რგოლი არ შევმატოთ ისედაც არასტაბილურ გარემოს", − ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ანა ჟულინა პროფესიით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტია.წლების განმავლობაში იგი ჯანდაცვის პროექტის მენეჯერად მუშაობდა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. კორპორაციული რუტინისაგან თავის დაღწევის მიზნით, ანამ კარიერა ფრილანსერი სპეციალისტის ამპლუაში განაგრძო, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ არ სურდა სხვაზე დამოკიდებულება და სხვისი დავალებების შესრულება. სწორედ ამიტომ, ორი შვილის მარტოხელა დედამ, საკმაოდ გაბედული ნაბიჯის გადადგმა, სტაბილურობაზე უარის თქმა და საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა.
დღეის მდგომარეობით, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ანას კომპანია სტაბილურად იზრდება და ვითარდება. "დღემდე, ძირითად პრობლემას წარმოადგენს გაყიდვები. ჯერჯერობით,ვცდილობ სანაცნობო წრე ჩავრთო ამ მიმართულებით. ხარისხის დანერგვა არაა მარტივი პროცესი, საკმაოდ ძვირი მომსახურებაა, რომელიც დროსა და მარკეტინგულ ხარჯებსაც მოიცავს, თუმცა ყველა დამწყებ ანტრეპრენერს ვურჩევდი − წინ იარეთ და არ შეგეშინდეთ, რადგან როდესაც კარი იკეტება, აუცილებლად იხსნება ფანჯარა, ხოლო შრომითა და მონდომებით, ყველაფერი გამოვა", − აღნიშნავს ანა ჟულინა, −"უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტიც მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა ჩვენთვის, ვინაიდან პარტნიორი მასერტიფიცირებელი ორგანო უკრაინაში გვყავს და ორივე მხარე, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ვცდილობთ არ შევწყვიტოთ მუშაობა".
HighQualityService ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისაგან სერვისის სიმარტივით გამოირჩევა. ხარისხის მართვა ყველასათვის რთულ და ხანგრძლივ პროცესთან ასოცირდება, რომელიც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ანამ კი გადაწყვიტა ეს პარადიგმა შეცვალოს და დაამტკიცოს, რომ ISO-სტანდარტის დანერგვა შესაძლებელია და შრომისა და მონდომების შემთხვევაში, გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ბაზარზეა მიჩნეული.
"ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ ზრდისა და გაფართოების მიმართულებით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არ მინდა ჯანდაცვას მოვწყდე და ამ კუთხითაც მაქვს გეგმები. მსურს ჩემი ცოდნა და გამოცდილება ისეთი დარგების განვითარებას მოვახმარო, როგორიცაა სამედიცინო ტურიზმი და სამედიცინო პერსონალის ხარისხიანი, უწყვეტი განათლება. არასოდეს იცი, საით წაგიყვანს ცხოვრება და რა სახის ახალ შესაძლებლობებს გამოაჩენს. მაგალითისთვის, ახლა უკრაინის მხარდასაჭერი კამპანია მაქვს გაშვებული, სადაც ჩემი უკრაინელი პარტნიორი კომპანიის მიერ დაფუძნებულ პლატფორმაზე ქართველებს შევასწავლით ხარისხის საკითხებს. ეს პროექტი ღირებულებების მთელი თაიგულია: ჩვენიანებს ვასწავლით ხარისხის საკითხებს, გავცემთ საერთაშორისო სერტიფიკატს, ვეხმარებით უკრაინულ კომპანიას და ჩემი კომპანიის ცნობადობაც იზრდება. ასე რომ, ვხვდები, ყველა დაბრკოლება ახალი შესაძლებლობების დასაწყისი შეიძლება გახდეს", − აცხადებს ანა ჟულინა.