Join our Waitlist for Expert Advice!

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - ლია მუხაშავრია კოოპერატივი "გურიის თხილი" | სოფელი შუხუთი, ლანჩხუთი, გურია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ლია მუხაშავრია პროფესიით იურისტია, კერძოდ − ადამიანის უფლებათა დამცველი. მისი ძირითადი საქმიანობა ევროსასამართლოში ადამიანის უფლებათა დაცვაა, რომელსაც 2002 წლიდან ეწევა. ლიას მიღწევებს შორის არის 8 მოგებული საქმე ევროსასამართლოში და 7 მოგებული საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამჟამად, საქმიანობას პირდაპირ შუხუთიდან აგრძელებს. ევროსასამართლოსთან ურთიერთობას დისტანციურად მარტივად ართმევს თავს, დანარჩენ დროს კი რეგიონის განვითარებას უთმობს.

რეგიონში სამეწარმეო და სათემო განვითარების საქმიანობის შესახებ

სოფელში საცხოვრებლად 2015 წლიდან გადავიდა, სადაც მუდმივად მიუწევდა გული. თავისუფალ დროს უქმად ვერ დაკარგავდა, ამიტომ კოოპერატივი დააფუძნა. სჯეროდა, რომ კოოპერატივის საშუალებით ბევრ სასიკეთოს გააკეთებდა ადგილობრივი გლეხებისთვის, რასაც ისინი ინდივიდუალური რესურსების პირობებში ვერ ახერხებდნენ. დიდხანს კარდაკარ იარა, რომ წევრები მოეზიდა კოოპერატივში; დაერწმუნებინა გლეხი, რომ ძალების გაერთიანებით უფრო ნაყოფიერი გახდებოდა თხილის მოპოვება.

დღეს მის კოოპერატივს უკვე 97 წევრი ჰყავს, რომლებსაც მუდმივად ეხმარება თხილისთვის საჭირო აგროტექნიკური რესურსებით და ცოდნის გაზიარებით. გარდა ამისა, კოოპერატივს აქვს თხილის საწარმო, სადაც ხდება თხილის გადამუშავება და მოხალვა. მოხალული თხილი კი ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროდუქციის დაფასოებასა და ეტიკეტირებაზე მუშაობა, რაც კოოპერატივს გაყიდვებს გაუზრდის საცალო ბაზარზე გასვლის საშუალებით. ასევე მუშაობენ თხილით წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციაზე, რაც გაზრდის მათ გაყიდვებს. სწორედ ამაში ხედავს ლია მცირე და საშუალო თხილის საწარმოთა კონკურენტულ უპირატესობას, მსხვილ საწარმოებთან მიმართებაში.

ლიას საქმიანობით მიღწეულმა შედეგებმა, ადგილობრივ გლეხს თხილი სულ სხვა კუთხით დაანახა. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ მხოლოდ თხილი კი არ მოჰყავთ, ბიზნესს აწარმოებენ. ამ მიდგომამ სრულიად შეცვალა მათი ხედვები და დღეს გლეხების მთავარი ორიენტირი ბიზნესისა და წარმოების ზრდა გახდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში ლიამ გარდამტეხი როლი შეასრულა ახალი შესაძლებლობების გაჩენის კუთხით. მას ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რატომ გადმოვიდა საცხოვრებლად სოფელში, იქიდან ხომ ყველა გარბოდა?! მისი პასუხი კი ყოველთვის ცალსახა და ოპტიმისტური იყო: "აქ უფრო მეტი შესაძლებლობებია, მაგრამ ამას დანახვა და გამოყენება უნდა".

გარდა ახალი შესაძლებლობების გაჩენისა, ლიას არსებობას სოციალური გავლენაც აქვს ადგილობრივ დონეზე. ის არის ქალი, რომელმაც შექმნა ძლიერი ეკონომიკური აქტივი რეგიონისთვის. ამით ლია ამსხვრევს იქ არსებულ სტერეოტიპებს: დიახ, ქალს შეუძლია შექმნას ქარხანა მამაკაცის მხარდაჭერის გარეშე! დიახ, სოფელში არსებობს უშრეტი ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებსაც გამოყენება სჭირდება!

გამოწვევები

დარგის ვიწრო სპეციალისტების არსებობა დიდი გამოწვევაა რეგიონში. აუცილებელია კოლეჯების არსებობა, სადაც მომზადდებიან ადგილობრივი კადრები – აგრონომები, ვეტერინარები, სასტუმროს მენეჯერები... მისი თქმით, დონორების მიერ ჩატარებული ტრენინგები კარგია, მაგრამ აუცილებელია რეგულარული საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა.

თუმცა, ლიას თქმით, გამოწვევებს შორის ყველაზე მწვავე მოსახლეობის ნიჰილიზმია, რაც ხანგრძლივი სიდუხჭირისა და მუდმივი იმედგაცრუებების შედეგია. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხს ურჩევნია საზღვარგარეთ წასვლა, ვიდრე ადგილზე შრომა, რადგან ვერ ხედავენ შესაძლებლობებს. მწირია მუნიციპალური მხარდაჭერაც. ლიას სჯერა, რომ ამის დაძლევა წარმატებული ქეისების გაზიარებითაა შესაძლებელი, რაც შთამაგონებელი და მისაბაძი გახდება სხვებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც უკვე აკეთებს საერთო სასიკეთო საქმეს. "უნდა აღდგეს მომავლის რწმენა, რადგან როცა გჯერა, აუცილებლად გამოვა", − ამბობს ლია.

სამომავლო გეგმები

თხილის კოოპერატივის გარდა, ლიას სოფელში ტურიზმის განვითარება აქვს მიზნად დასახული. ის პროაქტიურად არის ჩართული ლელოს ფესტივალის ორგანიზებაში, რომელიც შუხურში ყოველწლიურად იმართება. "ტურიზმის განვითარება რეგიონში ხელს შეუწყობს საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტებისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობების გაჩენას, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყარო იქნება", – აღნიშნავს ლია.

ამ სოფელში ყოველწლიურად იმართება ლელობურთის ღონისძიება, რომელზეც ათასობით შიდა ტურისტი ჩამოდის. სტუმრები აღფრთოვანებული რჩებიან ამ სანახაობებით. ლელოს ისტორიას ბრწყინვალედ აღწერს ქართული ბალადა "ხასანბეგურა", რომელიც ღონისძიებაზე მუდმივად ჟღერდება. ლელობურთს უნიკალური კულტურულ-ისტორიული დანიშნულება აქვს. ლიას სურვილია, სოფელში ტურიზმი ამ ნიშის ირგვლივ განვითარდეს.

ლელობურთს უკვე მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა გეგმავს იბრძოლოს იგივე სტატუსის მოპოვებაზე UNESCO-ს სიაშიც, რაც აამაღლებს ამ ღონისძიების ტურისტულ პოტენციალს.

უცხოელი ტურისტების მასპინძლობის მზადყოფნისთვის, ლია აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზატორებთან, თუ როგორ გახდეს ტრადიციული ღონისძიება უფრო საინტერესო თანამედროვე ტურისტისთვის და როგორ უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი