მარიამ გოგოლაძე - ''ნათლობა'' "თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ამ იდეის განსახორციელებლად, თავად გავაკეთე ბრენდინგი, გავწერე სტრატეგია, შევისწავლე ბაზარი და დავიწყე გაყიდვების არხების დაგეგმარება."
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ისევე, როგორც ბევრი ანტრეპრენერისთვის, მარიამ გოგოლაძისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყების მიზეზი ბაზარზე შეუვსებელი ნიშის აღმოჩენა გახლდათ. ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც მას ნათლობისათვის ატრიბუტებისა და აქსესუარების მოძიება დასჭირდა, მარიამი წააწყდა პრობლემას, რომ მსგავსი რელიგიური რიტუალებისათვის აუცილებელი პროდუქციის ცენტრალიზებული სივრცე არ არსებობდა და მომავალ ნათლიას, სხვადასხვა საეკლესიო მაღაზიაში უწევდა სასურველი ნივთების შეძენა. სწორედ აქ დაიბადა ბრენდი "ნათლობის" იდეა.
"თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ამ იდეის განსახორციელებლად, თავად გავაკეთე ბრენდინგი, გავწერე სტრატეგია, შევისწავლე ბაზარი და დავიწყე გაყიდვების არხების დაგეგმარება. ვეძებდი სახელს, რომელიც საძიებო ოპტიმიზაციაში (SEO) დამეხმარებოდა და "ნათლობა" ზუსტად ის საკვანძო სიტყვა აღმოჩნდა, რომელმაც შემდგომში ასე გამიმარტივა მუშაობა. ვინაიდან საქმე მქონდა რელიგიურ რიტუალთან, დამჭირდა როგორც კანონმდებლობის შესწავლა, ისე სასულიერო პირებთან კონსულტაციების გავლა. თანაც, ამ ყველაფერს ვაკეთებდი სამსახურის პარალელურად. მიზნად დავისახე ბრენდის შექმნა, რომელიც ქრისტიანულ რიტუალსა და ტრადიციას სათანადო თანამშრომლობას გაუწევდა", − აღნიშნავს მარიამი, − "პანდემიის დროს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი გახლდით და ამავდროულად, ვასრულებდი მაგისტრატურას PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიუხედავად დაძაბული და დატვირთული გრაფიკისა, როგორც სამსახურში, ისე ლექციებზე მაინც ვიპოვე ძალა ყურადღება დამეთმო "ნათლობისთვის". პანდემია ზუსტად ის დროითი სივრცე იყო, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა".
"ნათლობა" მშობლებსა და მომავალ ნათლიებს ეხმარება დაზოგონ დრო და ერთ სივრცეში მიიღონ ყველა ის ატრიბუტი, რაც ამ დღეს დასჭირდებათ. მარიამმა მოახერხა სხვადასხვა საეკლესიო მაღაზიაში გაფანტული აქსესუარების გაერთიანება; პატარა, მაგრამ სასარგებლო დეტალების დამატება, მათი თავად დამზადება, ბრენდირება და პროდუქტების პერსონალიზება, რაც დღევანდელ მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება.
"კითხვის ნიშნის ქვეშ დაწყებული იდეა, პანდემიის დროს მომხმარებლის შეცვლილმა ქცევამ ფაქტობრივად თავად ჩამაშვებინა ასამუშავებლად. სტარტაპისთვის სწორად შერჩეულმა სახელმა კი მიმიყვანა იქამდე, რომ დამატებითი რეკლამირების გარეშე მივაწვდინე ხმა ჩემს სამიზნე აუდიტორიას. როგორც კი მოთხოვნა გაიზარდა, მივხვდი, რომ რაღაც სწორად გამომდიოდა. ამ დროის განმავლობაში პატარა შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ყოველ ჯერზე წარმოვიდგენდი თავს მომხმარებლის ადგილზე და ვაუმჯობესებდი როგორც მომსახურებას, ისე პროდუქტების ჩამონათვალს, რისი შექმნაც შემეძლო", − აცხადებს მარიამ გოგოლაძე, − "თავი ანტრეპრენერად მაშინ ვიგრძენი, როცა მომხმარებელთან დაშვებული მცირე შეცდომის გამო უხერხულობის პირველი შეგრძნება დამეუფლა. როგორც პროფესიით მარკეტერს, ათასობით მსგავსი შემთხვევა მქონია, რომელიც კომპანიების სახელით მომიგვარებია, ბრენდის ღირსება და სახელიც დამიცავს, მაგრამ ამ სიტუაციაში, გარდა პროფესიული გამოცდილებისა, მილიონობით კვლევა და შემთხვევა გადავიკითხე, თუ როგორ დამეტოვებინა მათში დადებითი ემოციები. ეს არ იყო მეწარმის ან ბიზნესმენის პოზიცია, არ დამეკარგა სამომავლო მომხმარებელი, აქ დავინახე, რომ ჩემ მიერ შექმნილ ბრენდს, რომელიც მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული, გაცილებით სხვაგვარი დაცვა სჭირდებოდა".
მარიამის თქმით, ბრენდის მთავარ მოტივაციას ბავშვები წარმოადგენენ, რომელთა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღის ფაქტობრივი მონაწილე ხდება "ნათლობა". არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლებისა და ნათლიების გულწრფელი რეაქციებიც. დღემდე ბევრი მომხმარებელი ახსენებს შეფასებებში "ნათლობის გუნდს", "რომ არა კომპანიის გუნდი" და ა.შ. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ ის გახლავთ, რომ "გუნდის" უკან მხოლოდ ერთი ადამიანი − მარიამ გოგოლაძეა.
როგორც "ნათლობას" დამფუძნებელი გვიყვება, მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორ ადამიანებთან ჯანსაღ კომუნიკაციას და მხარდაჭერას, რომელსაც ოჯახის წევრებისგან იღებს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი "ნათლობა" მკაცრად მიჰყვება საკუთარ ხაზს, არ იმეორებს სხვის შემოქმედებას და იდეას პროდუქტებში. ამით ის გამოხატავს პატივისცემას სხვა მშრომელი ადამიანების მიმართ.
"ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი დეტალი იყო განსახილველი იდეის დაარსებიდან დღემდე. ახლაც კი უამრავი ნიუანსის გადამოწმება მიწევს როგორც სასულიერო პირებთან, ისე წიგნებში. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც იდეას სკეპტიკურად უყურებდნენ. თითქოს მე − მარკეტერს, რა მესაქმებოდა ამ სფეროსთან. დარგის სპეციალისტებთან და სასულიერო პირებთან კონსულტაციების შედეგად სახეზეა "ნათლობა". ასე რომ, ფრაზა − "არ გაჩერდე", ვფიქრობ ბევრ შეკითხვას სცემს პასუხს. თუ გჯერა, რომ გამოვა, რატომაც არა".
რაც შეეხება "ნათლობის" სამომავლო გეგმებს, ბრენდი მომსახურების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას და ზრდას ისახავს მიზნად. იგეგმება საწარმოს გახსნა, რომელშიც მარიამი ადამიანების დასაქმებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას აპირებს.