Join our Waitlist for Expert Advice!

USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა წარმოგიდგენთ ქართველ მეღვინე ქალებს პროგრამა წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

USAID YES-Georgia-ს პროგრამა ("ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში") წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას. პროგრამა ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ დახმარებას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი".

პროგრამა ღირებულ დახმარებას სთავაზობს დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალბატონებს. მათ, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყების ან უკვე არსებულის გაფართოებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების დიდი სურვილი აქვთ. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს მეღვინე ქალბატონებმაც, რომლებიც სტერეოტიპულ წარმოდგენებს ამსხვრევენ და მეღვინეობის ინდუსტრიაში გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. ისინი საკუთარი ხელით უვლიან ვენახებს, აყენებენ ღვინოს და მათ რეალიზაციაზეც თავადვე, თანამედროვე ბიზნესმიდგომების თანახმად ზრუნავენ. ამ ყველაფერში მათ უახლესი და პრაქტიკული ცოდნით ღირებულ მხარდაჭერას USAID YES-Georgia-ს პროგრამა უწევს, რომელიც ამ გამბედავ და მოტივირებულ ქალებს ბიზნესბაზრების ათვისებისა და კონკურენტული ოპერირებისთვის სათანადო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფს.

Entrepreneur აგრძელებს ამ ქალბატონების თქვენთვის გაცნობას და ამ ნომერშიც წარმოგიდგენთ მათ მონათხრობს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე. სწორედ იმ ქალების, რომლებიც შეძენილ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას საკუთარი მეღვინეობების განვითარებისთვის აქტიურად იყენებენ და ცდილობენ ტრადიციული საქმიანობა ქალების მიერ წარმატებით მართულ ბიზნესებად აქციონ. თუ ვინ არიან, როგორია მათი თავგადასავალი ღვინის სამყაროში და რას აპირებენ მომავალში, შეგიძლიათ მათგან გაიგოთ:

სოფიო სამთელაძე

მე სოფიო სამთელაძე ვარ, პროფესიით მხატვარი. მეღვინეობით 2015 წლიდან დავინტერესდი. რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში განვაახლეთ საოჯახო მარანი და 2015 წელს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან დავიწყეთ ღვინის წარმოება. გაშენებული გვაქვს რაჭული ყურძნის ჯიშები: ალექსანდროული, მუჯურეთული და წულუკიძის თეთრა. ღვინის ეს სახეობებიც სწორედ ამ ჯიშებისგან დავაყენეთ. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ინტერესი და მოტივაცია დიდი იყო. ყოველთვის ვაყენებდით ღვინოს პირადი მოხმარებისთვის, რაც დიდ მოწონებას იმსახურებდა სამეგობრო თუ სანაცნობი წრეში. ღვინის ეტიკეტი თავად დავხატე, ღვინო ბოთლში ჩამოვასხით და მომხმარებლებს წარვუდგინეთ. დღეს უკვე 4 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ: ხვანჭკარა, თეთრა/ტკბილი, ალექსანდროული და წულუკიძის თეთრა. წელს პირველად ჩამოვასხამ ჩემი სახელობის ღვინოს, რომელიც დაწურულია იშვიათი რაჭული ჯიშისგან "კუდურაული". ჩვენი ღვინო იყიდება თბილისის ღვინის მაღაზიებში. ასევე, გაგვაქვს ექსპორტზეც, ღვინით დაინტერესებულ სტუმრებს კი ჩვენს მარანშიც ვმასპინძლობთ. USAID YES-Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობით საქართველოში გავიცანი ამ საქმით დაკავებული ბევრი ძლიერი, მიზანდასახული და იდეებით სავსე ქალბატონი, რომელთა მოსმენამ კიდევ უფრო გამაძლიერა და სტიმული მომცა, რათა მეტი შემართებით მეკეთებინა რთული საქმეები. სამომავლოდ ვაპირებ, განვახორციელო მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც ღვინის ბიზნესთან არის დაკავშირებული. ვეცდები, ყველაფერი ახალ რეალობას მოვარგო და გავითვალისწინო ის გამოწვევები, რის წინაშეც მეწარმეები დავდექით. ასეთი პროექტები კი მცირე მეწარმეებს გვაძლევს მნიშვნელოვან ცოდნას და გვასწავლის ბიზნესის სწორად დაგეგმვას, რისკის გათვლასა და დასახულ მიზნამდე სწორად მისვლას. ყველა ბიზნესისტორია ღირებული მაგალითის მიმცემია პროექტის მონაწილეთათვის. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი მხარდაჭერა ძლიერი ოჯახის წინაპირობაა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებსა და ყველა ტრენერს გაწეული შრომისთვის.

თეა მახათელაშვილი

მე თეა მახათელაშვილი ვარ, 50 წლის პრაქტიკოსი მეღვინე, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების დარგობრივი ექსპერტი მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით და მეწარმეობის პედაგოგი, პირველი განათლებით კი − ექიმი. ვცხოვრობ კახეთში, თელავში, სადაც სოფელ კურდღელაურში მემკვიდრეობით მივიღე საოჯახო ღვინის მარანი, მამა-პაპისეული ვენახი და მასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაც წინაპართა ტრადიციის ღირსეულად გაგრძელებისა. 6-7 წლის ვიქნებოდი, როდესაც მამამ სწორედ ამ მარნის "დირექტორ-გამგებლად" დამადგინა, მოგვიანებით კი, როდესაც მარტოხელა დედის რთული ცხოვრების გავლა მომიწია, სამემკვიდრეო მამა- პაპისეული ვენახის გაყიდვაც კი დავაპირე. მაშინ ჩემმა მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, 6-7 წლის სალომემ (დღეს იგი 23 წლის წარმატებული დამწყები ვოკალისტია საოპერო სცენაზე) ისე განიცადა კაკო პაპის ნასათუთარ ვენახთან განშორების მოლოდინი, რომ სამუდამოდ გადამაფიქრებინა ასეთი გადაწყვეტილება.

დღეს ჩემი ოჯახის ძირითად საქმიანობას სწორედ მამა- პაპისეული მარნისა და ზვრების მოვლა-პატრონობა და ქვევრში ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენების წესის სრული აღდგენა წარმოადგენს. ჩვენი ღვინის ბრენდული სახელია Thea's Wine/"თეას ღვინო". ბოთლში ვასხამთ მაღალხარისხიან, მხოლოდ საკუთარ ვენახებში საგანგებოდ მოვლილი ყურძნისაგან დაყენებულ, ბიოორგანულ, ტანინებით მდიდარ, საგემოვნო თვისებებითა და ჯიშური არომატებით გამორჩეულ სხეულიან ღვინოს. ამჟამად ოთხი ტიპის ღვინოს ვწურავთ მარანში: რქაწითელი, საფერავი, მწვანე და ჟღია, რომელსაც ადგილზე დეგუსტაციებით ვყიდით. პანდემიამ დააჩქარა გეგმები ექსპორტთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩვენი მედალოსანი ღვინის სახეობები ექსპორტზეც გავიტანოთ.

USAID YES-Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობამ შემძინა თვითრწმენა მეტი წარმატების მიღწევისა, შრომის დაფასებისა, განცდა პროექტში მონაწილე სხვა უამრავ ნიჭიერ საქმიან ქალბატონთან ერთად საოცარი ერთობისა, ურთიერთგაძლიერებისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალების კონსოლიდაციისა საუკეთესო ქვეყნის გასავითარებლად მიზნებისთვის. მე კიდევ ერთხელ შევეხე პროექტის ფარგლებში ქალის განსაკუთრებულ როლს, როგორც საზოგადოების კეთილდღეობასა და მშვიდობიან განვითარებაში, ისე ეკონომიკურ პროცესებში, რასაც ეს და მსგავსი პროექტები წარმოაჩენს და კიდევ უფრო აძლიერებს. უდიდესი მადლობა პროექტ USAID YES-Georgia-ს იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვარ ძალიან ღირსეულ საქმიან ქალთა ქსელის წევრი საქართველოში.

ნათია გურაშვილი

მე ვარ ახალგაზრდა, რომელიც მთელი არსებით შეყვარებულია ქიზიყზე და ჩემი ყველა მიზანი თუ ოცნება ამ მხარის განვითარებას უკავშირდება. ვიზრდებოდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ტიბაანში. ოჯახში პაპას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ვაზსა და ღვინოსთან. სწორედ მან შემაყვარა ეს კულტურა. ჩემი და ვაზის ურთიერთობა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. პაპის გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო ჩემთვის. მისგან ყველაზე წმინდა და ძვირფასი, რაც დამრჩა, ეს იყო ვაზისა და ღვინის სიყვარული. ქიზიყს პაპის ძვლებმა, ვაზის კულტის სიყვარულმა მიმაჯაჭვა და დღეს ამ ცის, ამ ხედების გარეშე ცხოვრება ჩემთვის ტანჯვის ტოლფასია. ყოველ წელს რთველში მონაწილეობის მიღება კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ტრადიციაა. მხოლოდ გასულ წელს გამოვტოვე რთველი და მთელი წელი ვგრძნობდი დანაკლისს. სასწავლო წლის დაწყებამდე, "ნათლობასავით" ტრადიცია იყო ჩემთვის რთველი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მცირეხნიანი განშორების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ფესვებს და სოფელში ჩამოსვლისას პირველი, მახსოვს, მარანში შევირბინე და ქვევრები ვნახე. სრული კატასტროფა იყო. ვიგრძენი, რომ გული შემეკუმშა. დავაფარე ქვევრებს და უკანმოუხედავად გამოვბრუნდი მარნიდან. მეორე დღიდან მამას დავყვებოდი ვენახში და ვსწავლობდი ვაზის მოვლის ოპერაციებს. სექტემბრის დასაწყისში გამოვთქვი იდეა, რომ ვიწყებდი მეღვინეობას და დავაყენებდი ქვევრში ძველი კახური ტრადიციებით მიკროზონა ტიბაანის რქაწითელს. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქიზიყური სიჯიუტით ქვევრების შემოწმება და ბავშვობის ოცნების ახდენა დავიწყე. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ძალებით, ათის დღის განმავლობაში ვრეცხავდი ქვევრებს, ათი დღე მარანში ვცხოვრობდი ფაქტობრივად, ათი დამღლელი დღე "მრავალჟამიერისა" და "შენ ხარ ვენახის" თანხლებით მიდიოდა. ბევრი რესურსის სიმცირის მიუხედავად, მეთერთმეტე დღეს ქვევრებში ჩავწურე საკუთარი ხელით მოკრეფილი რქაწითელი.

19 წლის განმავლობაში ვიყავი ძიებაში. უშუალო შეხება მქონია სხვადასხვა პროფესიასთან, მაგრამ მეღვინეობა ეს ისაა, სადაც უბრალოდ მე − მე ვარ. ასეთი ლაღი, ამაყი და თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ, როგორიც ქვევრთან ურთიერთობის შემდეგ. ღვინის სახელწოდებად მოვიფიქრე "ნიშაილა" − ჩემი დიდი წინაპრის მეტსახელი. ქიზიყში მეტსახელები ძალიან პოპულარულია.

რქაწითელის პარალელურად, მაქვს ასევე დედაზე დავარგებული ქვევრის საფერავი. სიღნაღი ტურისტული ქალაქია და ჩემი ოჯახის ღვინის რეალიზება ძირითადად ამ ბაზარზე ხდება. შესაბამისად, ჩემი ხაზიც ამ ბაზარს აითვისებს.

USAID YES-Georgia-ს პროგრამა ჩემი იდეისთვის ნათელი წერტილი აღმოჩნდა. ვიყავი მოტივირებული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა იდეა, თუმცა მის რეალიზებას ვერ ახერხებდა. გულახდილად რომ შევაფასო, ამ პროექტის გარეშე ჩემი ოცნება თაროზე შემოიდებოდა. ჩემთვის ეს პროექტი მეორედ დაბადებას ნიშნავს. პროფესიული უნარ-ჩვევების ზრდასთან ერთად, ვგრძნობ პიროვნულ განვითარებასაც. რასაც ამ ბოლო პერიოდში ყველაზე კარგად ვიყენებ, ესაა ეფექტური კომუნიკაციებისა და მოლაპარაკების უნარები და რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტმა შემმატა თვითდაჯერებულობა, ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების. რომ არა ეს პროექტი, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება − ქიზიყური ეთნოგრაფიული ეზოს გაკეთების იდეა, იდეადვე მოკვდებოდა.

ასევე, მე ამ პროექტების გარეშე აღმოვჩნდებოდი არაპირდაპირი გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი − "ღვინო, ქვევრი, რა ქალის საქმეა, მით უმეტეს − ბავშვის", − ხშირად მესმოდა ასეთი ფრაზები. გარშემომყოფების 0,01%-საც კი არ სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და როცა ამ პროექტში მონაწილეობის შესახებ გაიგეს, ვიგრძენი, რომ ჩემი იდეები თუ ოცნებები დააფასეს და პატივისცემით მიიღეს.

მსგავსი პროექტების არსებობა მცირე ბიზნესებისთვის არის წარმატების გარანტია, ხოლო ქალებისთვის მეორედ დაბადების ტოლფასი. როგორც მე, დარწმუნებული ვარ სხვა ქალებისთვისაც ეს პროექტი იყო, არის და იქნება ძალა! ძალა, რომელიც ყველას დააჯერებს, რომ ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს აქვს უნარი, აკეთოს ის საქმე, რომელიც მას უყვარს და მოსწონს.

მარიამ გორაშვილი

მე მარიამ გორაშვილი ვარ, 25 წლის. დავიბადე გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი. ასევე, გახლავართ ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი მარკეტინგის მიმართულებით. მეღვინეობაში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ჩართული ვარ. მშობლიურ სოფელ ველისციხეში მაქვს მარანი, ვენახები და ამ ვენახებიდან მოყვანილი ყურძნიდან ვაწარმოებ "მარის ღვინოს". მთავარი მოტივაცია, უპირველესად ამ საქმის სიყვარული აღმოჩნდა. შემდეგ კი ყველაფერმა მიმიყვანა იქამდე, რომ დამეწყო საკუთარი ბიზნესი. ასევე, უმნიშვნელოვანესი მოტივაცია არის ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. მინდა მათთვის ვიყო წარმატების მაგალითი, რათა არასდროს დანებდნენ.

"მარის ღვინო" არის ნატურალურად სუფთა. არ იწამლება შხამ-ქიმიკატებით. ეს არის პროდუქტი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. დღესდღეობით გვაქვს სამი სახეობის ღვინო: საფერავი მშრალი, საფერავი ნახევრად ტკბილი და რქაწითელი მშრალი. "მარის ღვინოს" ასორტიმენტი ეტაპობრივად იზრდება. მომავალი წლისთვის კიდევ ორ სხვა ჯიშის ღვინოს შევთავაზებთ მომხმარებლებს. "მარის ღვინის" შეძენა შესაძლებელია თბილისში რამდენიმე მაღაზიაში და აგრეთვე ონლაინპლატფორმაზე. USAID YES-Georgia-ს პროგრამას რაც შეეხება, ეს იყო მთავარი ბიძგი, რათა დამესრულებინა ჩემი ბიზნესიდეა. ესაა საუკეთესო პროქტი იმისათვის, რომ პრაქტიკულად განახორციელო შენი იდეა. აქ შეძენილი ცოდნით, მხარდაჭერით და პროფესიონალი ტრენერების დახმარებით, შევძელი დამეარსებინა საკუთარი კომპანია. სამომავლოდ ვგეგმავთ მარნის რეკონსტრუქციას, საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას და რა თქმა უნდა, ექსპორტზე გასვლასაც. როგორც იცით, ბიზნესის დაწყება ძალიან რთულია, როცა არ იცი, რა როგორ გააკეთო. მსგავსი პროექტები სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ დამწყებ მეწარმეებს მისცე ბიზნესის დასაწყებად მთავარი საბაზისო ცოდნა და მოტივაცია. ეს პროექტი უფრო მეტად დაეხმარება მეწარმე ქალებს, რომ განავითარონ საკუთარი საქმიანობა და ხელი შეუწყონ პროდუქციის რეალიზებას და რეკლამას. USAID YES-Georgia არის საუკეთესო გზა, რათა დაიწყო და სწორად განავითარო ბიზნესი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ − რომ არა ეს პროექტი, ჩემი ბიზნესიდეა თაროზე იქნებოდა შემოდებული.

შორენა პატარიძე

მე შორენა პატარიძე ვარ. რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აბანოეთში მაქვს ვენახი და ვაწარმოებ წითელ მშრალ ღვინოს, სახელწოდებით "პატარიძის რაჭული".

2008 წელს რაჭაში ზღვის დონიდან 700 მეტრზე გავაშენე ვენახი, სადაც არის მხოლოდ მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძნები. მოგეხსენებათ, ეს ჯიშები მხოლოდ საქართველოში მოდის, რაჭაში, და იქაც რამდენიმე სოფელში. ამ ჯიშების მიკროზონას განეკუთვნება აბანოეთი. ვენახი არის ეკოლოგიურად სუფთა ადგილას და არ შემაქვს არანაირი პესტიციდი. მხოლოდ ბიოპრეპარატებით მიმდინარეობს ვენახის მოვლა და შესაბამისად, ღვინო ბიოლოგიურად სუფთაა. რადგან მცირე მარნისთვის ბიოსერტიფიკატი ფინანსურად პრობლემაა, მივიღე დაფინანსება ავსტრიისა და შვედეთის ფონდ GRETA-სგან და 2020 წლის ღვინო უკვე სერტიფიცირებული იქნება შესაბამისი ორგანოსგან, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ენდობიან და აღიარებენ.

ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან მზადდება ნახევრად ტკბილი "ხვანჭკარა". თუმცა, ეს ღვინო დედანში იყო მშრალი წითელი ღვინო. სწორედ ამ ღვინომ მიიღო გრანპრი 1906 წელს ბელგიაში. მინდა დავაბრუნო დედანი და გავაცნო მსოფლიოს ეს უნიკალური ღვინო. ჩემი მიზანიც ეს არის − მეტმა იცოდეს საქართველოს შესახებ და იცნობდეს რაჭასა და რაჭულ ღვინოს.

"პატარიძის რაჭულს" ვყიდი აშშ-ში, საფრანგეთსა და ისრაელში. ასევე, საქართველოში − საკუთარ მარანში, რომელიც არის 100-წლოვანი, ბაბუის დანატოვარი უძველესი ნივთებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ მე ღვინის მოსამზადებლად ვიყენებ ასწლოვან ცაცხვის საწნახელს. კლერტგაცლილი ყურძენი იწურება საწნახელში და 10-12 დღის შემდეგ, როცა უკვე დაასრულებს დუღილს, გადამაქვს უჟანგავ კასრებში. ლექიდან მოხსნაც უჟანგავ კასრებში ხდება და შემდეგ ყოველგვარი დანამატისა და სულფიტების გარეშე ვასხამ ღვინოს ბოთლში.

USAID YES-Georgia-ს ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის და უახლესი ცოდნის მისაღებად. ამ დარგში (მეღვინეობაში) არსებული პრობლემები ძირითადად ცოდნის მიღებით გამოსწორდება და შემდეგ ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, რაც ამ ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზებაში დაგვეხმარება. ქალებს საქართველოში არ აქვთ საწყისი კაპიტალი, თუმცა აქვთ მონდომება და გონებრივი შესაძლებლობები. განვითარებისთვის, ისინი შრომასა და ენერგიას არ ზოგავენ. ძლიერი და ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი, კარგი დედაა. სწორად შვილის აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ქვეყანა ოჯახებისგან შედგება და ქალებს საქართველოში მეტად უნდა ეხმარებოდნენ. ვგულისხმობ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და განათლების მიღებაში ხელშეწყობას.

სალომე მათიაშვილი

მე სალომე მათიაშვილი ვარ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აღვადგინე წინაპრების ის მარანი, რომელიც საბჭოთა წყობის დროს ოჯახს ჩამოართვეს. როგორც ჩემი დიდი ბებია ყვებოდა და ისტორიულ წყაროებშიც ვკითხულობთ, შენობა ორსაუკუნოვანია, რომელიც ჩემი დიდი ბებიის აღმზრდელ მღვდელს ეკუთვნოდა. თურმე ის წყვილებს ჯვარს სწორედ ამ მარანში სწერდა და ღვინოს სპეციალური ვერცხლის სასმისით ასმევდა. ეს სასმისი ჩვენს ოჯახში ინახება, რომელიც ბებიამ გვისახსოვრა და დიდი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩემს წინაპარს ეს მარანი ჩამოართვა, როგორც გადმოცემითაა ცნობილი, მისი კედლები თეთრად შელესეს და აქ სახელმწიფო დაწესებულება განათავსეს. მას შემდეგ კი, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქონების პრივატიზება მოხდა და პაპამ თავისი მშობლების მარანი დაიბრუნა. უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ, სოფელს დავუბრუნდი. მე და ბიძამ ამ უნიკალური შენობის რესტავრაცია გადავწყვიტეთ. როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, საოცარი არქიტექტურული დეტალები აღმოვაჩინეთ, რამაც დიდი სტიმული მოგვცა. გამოჩნდა უძველესი თაღები, სარდაფში ვიპოვეთ ღვინის ძველი ბოთლები. რაც უფრო ღრმად ვთხრით სარდაფს, თაღი მეტად მკაფიოდ ჩნდება. მოხუცი ველისციხელების მონაყოლიდან ვიგებთ, რომ ჩვენი სარდაფიდან გადის გვირაბი, რომელიც IV-V საუკუნეების სოფლის ეკლესიას უკავშირდება. გადავწყვიტეთ, ეს საოცარი შენობა ყველასთვის გაგვეცნო, მისი უნიკალური არქიტექტურიდან გამომდინარე. შევძინეთ მას ტურისტული ობიექტის სახე და ჩვენს ორსაუკუნოვან მარანს ყველას ვაცნობთ. ამ ეტაპზე ორი სახეობის ღვინოს − რქაწითელსა და საფერავს ვასხამთ, რომელსაც ტრადიციული, კახური წესით ვამზადებთ. ასევე, მაქვს ჭაჭის სახდელი "ზაოდი" და ორი სახეობის ჭაჭა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღვინის არაყს ვხდით და არა ჭაჭისას. იგი განსაკუთრებულად გემრიელია და მეორე დღეს არც ე.წ. ნაბახუსევი ახასიათებს. ყურძენი მოგვყავს ნატურალური წესებით, აქედან გამომდინარე, ჩვენი ღვინო არის ბიოპროდუქტი. როდესაც კახეთში ტურისტული სეზონი იწყება, ჩვენთან ძალიან ბევრი სტუმარი მოდის, აგემოვნებენ და ყიდულობენ ჩვენს პროდუქტს. ამ ეტაპზე ჩემს პროდუქტს ადგილზევე ვყიდი, მაგრამ სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. ვიცით, რომ ქალები ღვინის სფეროში საქართველოში ცოტა იშვიათი ამბავია. USAID YES-Georgia-ს პროექტში მონაწილეობის დროს კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სწორი გზა მაქვს არჩეული. გავხდი მეტად თავდაჯერებული და ვისწავლე სწორი კონტენტის მოძებნა, რაც ჩემს საქმიანობას წაადგება. ასევე, ვისწავლე როგორ უნდა ვმართო საკუთარი ბიზნესი დამოუკიდებლად. სამომავლოდ, მინდა წარმოება გავზარდო და სასტუმროც გავაკეთო.

მარიამ მერებაშვილი

მე ვარ მარიამ მერებაშვილი, გიდი. დამთავრებული მაქვს ტურიზმის მენეჯმენტი და ამ სფეროში აქტიურად ვსაქმიანობ. 10 წლის განმავლობაში, ტურებს ვატარებდი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ გასტრო და ღვინის ტურიზმით. მიყვარს მოგზაურობა, ჩემს პასპორტში 30-მდე ქვეყნის ბეჭედია ჩარტყმული. უკანასკნელი წლების განმავლობაში კი წინაპრების ასწლოვანი მარანი გამოვაცოცხლეთ და ტურისტებისათვის საყვარელი ადგილი შევქმენით. ტურიზმში აქტიურად მუშაობის პერიოდში მეტად დავაფასე ტრადიციული ქართული მეღვინეობა და ქვევრის ღვინის უნიკალურობა. რა თქმა უნდა, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ღვინის წარმოების დაწყებაში. მარანი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, სოფელ ხელთუბანში (საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში), ჩემი დიდი პაპის მიერაა აშენებული და თითქმის 100 წლისაა. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვევრებში ღვინო უწყვეტად იწურებოდა. რამდენიმე წლის წინ, მე და დედა აქტიურად ჩავერთეთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში და თანამედროვე სტანდარტის დანერგვაში. ჩვენს მარანში ვაყენებთ ქართლისთვის დამახასიათებელ ღვინის სახეობებს, როგორიცაა ჩინური, გორული მწვანე, ასევე − თავკვერი. ვინაიდან ჯერჯერობით დიდი რაოდენობით ღვინოს ვერ ვაწარმოებთ, ჩვენი მომხმარებლები მარანში მოსული სტუმრები არიან, რომლებიც ღვინოს ადგილზე აგემოვნებენ და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ შეიძინონ კიდეც.

USAID YES-Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის, რომელმაც შემძინა უამრავი საჭირო უნარ-ჩვევა და მასწავლა ახალი მიდგომები, რომელიც საჭიროა ბიზნესის გასაფართოებლად. სამომავლოდ, ვგეგმავთ უნიკალური შავკაპიტოს ვენახის გაშენებასა და ეთნორესტორნის მოწყობას, სადაც მოსულ სტუმარს შიდა ქართლისა და ოსური სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლება. ამ პროექტის განხორციელებაში უდიდესია USAID YES-Georgia-ს წვლილი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი მარანი მდებარეობს უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან და აუცილებელია ადგილობრივი თემის განვითარება. მეორე − შეგვეძლება შიდა ქართლის ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა და ოსური გასტრონომიული კულტურის შენარჩუნება. ასეთი პროექტები, უპირველეს ყოვლისა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერასა და მძიმე ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის ყველაზე გამართლებული გზა სიღარიბესთან საბრძოლველად, რადგან მოსახლეობას ასწავლი თევზაობას და არ აძლევ პირდაპირ თევზს. ქალთა თემის საკითხი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მათთვის არაა ხელმისაწვდომი შესაბამისი განათლება და სერვისები. ქალთა განვითარება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა კი წარმატებული და დამოუკიდებელი საზოგადოების შექმნის წინაპირობაა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია