Join our Waitlist for Expert Advice!

4 გზა კომპანიაში სწავლის კულტურის დასანერგად თანამშრომლები მეტად ჩაერთვებიან კომპანიის საქმიანობაში, თუ მათ სწავლებას შეუწყობთ ხელს, ეს კი ეკონომიკური სირთულეებისას დიდ დახმარებას გაგიწევთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

კომპანიებმა, რომელთა თანამშრომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ნებისმიერ საქმიანობაში, ბოლო რეცესიის დროს 26 პროცენტით მეტი მოგება მიიღეს მათთან შედარებით, რომლებსაც ეს პოლიტიკა არ ჰქონდათ დანერგილი. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ თანამშრომლებს პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ მათ მაღალი ფინანსური მაჩვენებლები ეკონომიკის აღდგენის დროსაც კი შეინარჩუნეს.

როგორ უნდა მოახერხონ მცირე კომპანიებმა თანამშრომლების სწავლების ისეთი კულტურის შექმნა, რომელიც ნებისმიერ ეკონომიკურ ცვლილებებს გადაატანინებთ? ამისთვის ეს ოთხი სტრატეგია უნდა სცადოთ.

1. სამსახურში მიღებისას დაადგინეთ, მზად არიან თუ არა კანდიდატები სწავლის გასაგრძელებლად

თქმა არ უნდა იმას, რომ სამსახურში ატმოსფეროს მთლიანად კომპანიის ხელმძღვანელების პირადი შეხედულებები განსაზღვრავს. თუმცა, სწავლების ატმოსფეროს შექმნა გაცილებით მარტივი იქნება, თუ ისეთ ადამიანებს დაიქირავებთ, რომლებიც მზად არიან მთელი სიცოცხლე ისწავლონ. გარდა ამისა, ვისაც სწავლა უყვარს, ბედნიერია გარემოში, რომელიც სწავლებას უწყობს ხელს. ბედნიერება კი შრომის ნაყოფიერებას ზრდის.

გაეცანით ინტერვიუს დროს მუდმივი მოსწავლეების აღმოჩენის რამდენიმე გზას:

სასურველი პროექტები

ჰკითხეთ კანდიდატებს, რა სახის პროექტებზე იმუშავებდნენ დიდი გატაცებით. მარადიული მოსწავლეები სამსახურის შემდეგ ყოველთვის რაღაცას სწავლობენ − არ აქვს მნიშვნელობა, ეს მარათონისთვის მზადებაა თუ ბენდთან ერთად დაკვრა. ინტერვიუზე დაინტერესდით, სამსახურის შემდეგ რომელ კონკრეტულ პროექტზე მუშაობენ. თუ არაფერზე, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს სწავლა არ აინტერესებთ.

ცნობისმოყვარეობა

ცნობისმოყვარეობა ძლიერ უნარ-ჩვევებს მიეკუთვნება. სამსახურებში გარკვეული მოვალეობები დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება. შესაბამისად, იდეალური კანდიდატი ის კი არ არის, რომელსაც სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ძლიერი უნარები აქვს, არამედ ის, რომელსაც ამ უნართაგან თითქმის ყველა აქვს და ამასთან, მზად არის ყველაფერი შეისწავლოს, რაც მომავალში სამუშაოს შესასრულებლადაა აუცილებელი. იმ პრობლემებზე გაამახვილეთ ყურადღება, რომელიც ამ ეტაპზე აქვს გუნდს და დააკვირდით, როგორ რეაგირებს კანდიდატი. ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანები ხშირად სვამენ შეკითხვებს და პრობლემების მაშინვე მოგვარებას ცდილობენ.

თავმდაბლობა

ჰკითხეთ მათ, სამუშაოს რომელ ასპექტსა ან სფეროში ვერ ერკვევიან ან რომელში ისურვებდნენ უკეთ გარკვევას. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის აღიარებაა, რომ რაღაც არ იცით. თუ კანდიდატი იმდენად თავმდაბალია, რომ შეუძლია ინტერვიუს დროს იმაზე ილაპარაკოს, რაც არ იცის, სავარაუდოდ თქვენ წინაშე ის არის, ვისაც ეძებთ.

ცნობისმოყვარე გუნდი რეცესიის დროს სამუშაოს კორექტირებისა და შესრულების ახალი გზების მოძიებას პროფესიულ დონეზე შეძლებს, პრობლემებზე მუშაობა კი შესაძლოა მოეწონოს კიდეც. სწორედ ეს არის, რაც ბიზნესს სირთულეების გადატანისა და განვითარების (ხშირად ახალი, აუცილებლობით განპირობებული ეფექტურობით) საშუალებას მისცემს, როდესაც აყვავების ხანა დაბრუნდება.

2. სწავლა კომპანიის პოლიტიკად აქციეთ

პოლიტიკა კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. თუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას თქვენი კომპანიის პოლიტიკად აქცევთ, იგი გენეტიკური კოდი გახდება იმისა, თუ როგორ მუშაობს თქვენი კომპანია. ასეთი პოლიტიკა გავლენას ახდენს ყველა დონის გადაწყვეტილებაზე.

ეს კომპანიის მთავარ ფასეულობად უწყვეტი სწავლების აღიარებას (ან ყოველთვის სწავლას, როგორც ჩვენ ვამბობთ) ნიშნავს და იმას, რომ გააზრებული გაქვთ თქვენი კომპანიის უმთავრესი ღირებულებები. თუ ჯერ კიდევ არა, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო!

ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომელთა სწავლების გეგმების ჩართვა კომპანიის ზრდის სხვა გეგმებთან და ბიზნესპრიორიტეტებთან. ბიზნესში ცნობილი გამოთქმაა: "რასაც გაზომავთ, ის გაიზრდება". ეს თანამშრომლების სწავლებასაც ეხება. დააკვირდით, როგორ სწავლობენ ისინი, სწავლება პრიორიტეტად აქციეთ და იმასაც მიაქციეთ ყურადღება, როგორ ზრდის და ცვლის ეს ყველაფერი თქვენს ბიზნესს.

თანამშრომლების ბიუჯეტური სწავლება

რა თქმა უნდა, თანამშრომლებს სწავლების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში მისცემთ, თუ თქვენთვის სწავლა მნიშვნელოვანია. ეს პროცესში მენეჯერების ჩართვას, მათთვის ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებას ნიშნავს, რომ მათ გუნდს კომპანიის ზრდის გეგმების დასახვაში გაუწიონ დახმარება (შენიშვნა: თანამშრომლებს, რომელთა მენეჯერები მიზნების დასახვაში არიან ჩართულნი, კომპანიის საქმიანობაში მთლიანად ჩართვის 3.6-ჯერ მეტი შანსი აქვთ).

თანამშრომლების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოვება მათთვის სასწავლებლად დროისა და თანხის გამოყოფას ნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სწავლების შესაძლებლობების შეთავაზებაა. ისეთივე, როგორიც სამედიცინო დაზღვევის. შრომის ბაზარი გაცილებით მკაცრი გახდა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ე.წ. "მილენიალების" 87 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელსაც სამსახური იძლევა, კარიერული ზრდა-განვითარების შესაძლებლობებია.

თუ სწავლის გაგრძელება გაქვთ მიზნად დასახული, ეს ეკონომიკური დაღმასვლის ციკლების დროსაც კი შეგმატებთ მხნეობას. უნდა გააგრძელოთ, თუნდაც ზრდის მაღალი მაჩვენებლები არ გქონდეთ, რადგან რაღაც ახალს შემატებთ თქვენს ცოდნას. მთავარი კომპეტენციების გაზრდას ხომ შეძლებთ და ახალი კონტრაქტორების ან თანამშრომლების დაქირავება არ იქნება საჭირო. მაგალითად, ელექტრონული მარკეტინგის რამდენიმე გაკვეთილი გარე რესურსების გამოყენებაზე გაცილებით იაფია, ეს კი ინვესტიციების სწრაფი დაბრუნების შესაძლებლობას მოგცემთ.

თქვენს კომპანიას იმპულსის შენარჩუნებაში ეკონომიკის აღდგენისას ორივე დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად მზად ხართ.

3. ისწავლეთ შეცდომებზე

ბიზნესის მფლობელთათვის დღეს უკვე სტანდარტულად იქცა სილიკონის ველის მიდგომა − "სწრაფი მარცხის" ცნება, ანუ შეცდომებზე სწავლა. ვიყენებთ თუ არა იგივე მიდგომას თანამშრომლების მიმართ? კომპანიაში სწავლების კულტურის დასანერგად ნებისმიერი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შეცდომების გამო არ დასჯიან. შეცდომები მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები რაღაც ახალს ცდილობენ, ეს გზა კი აღმოჩენებისა და ინოვაციებისკენ მიდის.

შესაძლოა ლოგიკურად არ მოგეჩვენოთ მარცხისთვის თანამშრომლის დაჯილდოება, მაგრამ ეს გზა (უხეში დაუდევრობისა და მარცხის ერთმანეთისგან გარჩევა) სწავლების კულტურის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ.

თანამშრომლებს იდეების განხილვაში მიაღებინეთ მონაწილება. არ დაივიწყოთ, რომ ამ დროს ნებისმიერი იდეა განკითხვის გარეშე უნდა მიიღოთ. ასეთ შემთხვევაში, თავისუფალი ზონა შეიქმნება და თანამშრომლები ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ. შესაძლოა ზოგიერთმა არც გაამართლოს, მაგრამ ზოგიერთი მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდეს.

ასეთი მიდგომა რეცესიის დროს განსაკუთრებით ფასეულია, როდესაც პრობლემების მოგვარებაში გადამწყვეტი ინოვაციური იდეებია. სწორედ ეს განსაზღვრავს, თქვენი მცირე ბიზნესი გადარჩება თუ დაიხურება. თუ თქვენი გუნდი მიჩვეულია წარუმატებლობებთან შეგუებას, ისინი სავარაუდოდ კვლავ წამოაყენებენ და გამოცდიან არასტანდარტულ იდეებს. მაგრამ თუ წარუმატებლობა მათ არცთუ კარგ სიტყვად მიაჩნიათ, ახალი იდეების მოსინჯვა იმ შემთხვევაშიც კი გაუჭირდებათ, როდესაც ძველი აღარ მუშაობს.

4. ისწავლეთ მომხმარებლებისგან

მთელი ყურადღების იმის სრულყოფაზე გამახვილება, რამაც ბიზნესის დაწყება გიბიძგათ, ადვილია. არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტია ეს თუ მომსახურება; ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ლიდერები უმეტესად თავად საზღვრავენ, თუ რას ნიშნავს სრულყოფილი პროდუქტი ან მომსახურება.

სინამდვილეში, შესაძლოა ამ საკითხში სიცხადე კლიენტებმა უფრო შეიტანონ. კლიენტების გამოხმაურებამ შეიძლება გამოავლინოს ის დეტალები, რომლებიც არასოდეს მიგაჩნდათ პრობლემურად; ან ისეთი ფუნქციები შემოგთავაზონ, რომელთა შესახებაც არასოდეს გიფიქრიათ. სწავლების კულტურის შესანარჩუნებლად, თქვენი თანამშრომლები კლიენტების აზრს უნდა უსმენდნენ და მათზე შემოქმედებითად რეაგირების უფლებაც ჰქონდეთ.

კლიენტების ბაზა პრობლემების დროს განსაკუთრებულ კომპენსაციას შემოგთავაზებთ, თუ იგი დარწმუნებულია, რომ მათზე ზრუნავთ. როდესაც თანხა შემოგაკლდებათ, არც ისინი მიგატოვებენ, რომელთათვისაც თქვენი ბრენდი ახლობელია.

ჯილდო ცნობისმოყვარეობისთვის

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტარტაპების ყველაზე დიდი ტენდენციაა, რომ აუცილებლად "დამანგრეველები" იყვნენ. კომპანიებმა მთელი ინდუსტრიები შეაზანზარეს იმით, რომ ახალი გზები იპოვეს. შესაძლოა უხერხულად იგრძნოთ თავი, როდესაც ვიღაც თქვენი მუშაობის სტილს საეჭვოდ მიიჩნევს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კომპანია სიცოცხლისუნარიანი და ეფექტური დარჩეს.

თქვენს კომპანიაში სწავლების კულტურა დანერგეთ და ამით სრულ გარანტიას შეიქმნით, რომ ამ ტიპის დამანგრეველი ძალა თქვენს ბიზნესშიც გაჩნდება და თქვენს პროდუქტებს მაქსიმალურად აქტუალურსა და სასარგებლოს გახდის ბაზარზე.

მსგავსი სტატია: როგორ გავხდეთ უკეთესი ხელმძღვანელი

ენდრიუ ჯაიანტი

WyzAnt-ის გენერალური დირექტორი და თანადამაარსებელი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი