როგორ დაიწყეს სამყაროს უმდიდრესმა ადამიანებმა კარიერა როგორი იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ცხოვრების პირველი ნაბიჯები მილიარდერობისკენ მიმავალ გზაზე?
By ნინა ზიპკინი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წაიკითხეთ, როგორ დაიწყეს კარიერა ისეთმა ბიზნესლიდერებმა, როგორებიც ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი და სხვები არიან.
ჯეფ ბეზოსი
ქონება: $137 მილიარდი
კომპანია: Amazon; Blue Origin; დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
ასაკი: 54
ბეზოსმა ზაფხულის თვეები "მაკდონალდსში" მზარეულად მუშაობაში გაატარა. კოლეჯის შემდეგ მისი პირველი სამსახური სატელეკომუნიკაციო სტარტაპი Fitel-ი იყო, სადაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მე-11 თანამშრომლად აიყვანეს. ჯეფი კომპიუტერულ კოდებზე მუშაობდა, რომლის დანიშნულებაც პროგრამებში შეცდომების აღმოჩენა ან მათი მიზეზის განსაზღვრა იყო. შემდგომში დააწინაურეს და კომპანიის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და დირექტორი გახდა კლიენტების მომსახურების საკითხებში. ასე დაიწყო ყველაფერი.
ბილ გეიტსი
ქონება: $91.3 მილიარდი
კომპანია: Microsoft; the Bill and Melinda Gates Foundation; თანადამაარსებელი
ასაკი: 63
ბილ გეიტსი მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც საკუთარი გამოგონება – პროგრამული უზრუნველყოფა 1975 წელს კომპანია MITS Altair-ს მიჰყიდა, რაშიც $3,000 და დამატებით მცირეოდენი ჰონორარიც მიიღო. ბილმა ეს პროგრამა უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახში შექმნა. სულ მალე, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო საკუთარ საწარმოზე, რომელიც შემდეგ ყველასთვის ნაცნობ გიგანტად – Microsoft-ად გადაიქცა.
უორენ ბაფეტი
ქონება: $80.2 მილიარდი
კომპანია: Berkshire Hathaway; გენერალური დირექტორი
ასაკი: 88
დღეისათვის უკვე ყველასთვის ცნობილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინა არასრულწლოვანმა ბაფეტმა ომაჰაში თავისი პირველი აქციები. 16 წლისას უკვე $53,000 ჰქონდა სრულიად უჩვეულო სამუშაოების წყალობით, რომელთა შორის, საკოლექციო მარკებისა და გოლფის ბურთების გაყიდვაც იყო. უორენს ოდესღაც გაზეთების დამტარებლადაც კი უმუშავია – The Washington Post-ს გასაყიდად ყოველ დილით რეგულარულად დაატარებდა კარდაკარ.
ამანჩიო ორტეგა
ქონება: $59.4 მილიარდი
კომპანია: Zara-ს სათავო კომპანია Inditex Fashion Group; დამფუძნებელი
ასაკი: 82
ორტეგა 14 წლის იყო, როდესაც სკოლაში სწავლას თავი გაანება და მუშაობა დაიწყო საწარმოში, სადაც პერანგებს ხელით კერავდნენ. 1972 წელს ცოლთან, ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ მკერავებთან ერთად კომპანია დააარსა და სახელად Confecciones Goa დაარქვა. იგი სახლის ხალათებს და ქალის თეთრეულს ყიდდა. 1975 წელს მის მშობლიურ ქალაქ გალიციაში, ესპანეთში პირველი Zara გაიხსნა. ასე ჩაეყარა საფუძველი ოქროს ბრენდს, რომელიც დღეს უამრავი ადამიანისთვის შეუცვლელია.
მარკ ცუკერბერგი
ქონება: $54.7 მილიარდი
კომპანია: Facebook; თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორი
ასაკი: 34
Facebook-ის ისტორია უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს უკავშირდება. მარკ ცუკერბერგმა მილიონერის სტატუსი 22 წლის ასაკში მოიპოვა, ხოლო მილიარდერის – სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ Facebook ცუკერბერგის პირველი პროექტი არ ყოფილა. მან და მისმა სკოლის მეგობარმა – მომავალში კომპანია Quora-ს თანადამფუძნებელმა ადამ დანჯელომ, მუსიკალური ფლეერი შექმნეს და სახელად Synapse დაარქვეს. ფლეერს იმ სიმღერების შეთავაზება შეეძლო მომხმარებლისთვის, რომლებსაც ინტერნეტში უსმენდნენ. ამ გამოგონებამ Microsoft-ის ინტერესი გამოიწვია, მაგრამ წყვილმა შეთავაზებულ თანხაზე – $950,000-ზე უარი განაცხადა და პატენტის გადასახადი თავად გაიყო.
ლარი პეიჯი / სერგეი ბრინი
ქონება: $52.8 მილიარდი / $51.3 მილიარდი
კომპანია: Google; თანადამაარსებელი
ასაკი: 45/45
როდესაც პეიჯი სერგეი ბრინს შეხვდა, ორივე სტენფორდის უნივერსიტეტში დისერტაციაზე მუშაობდა. 1995 წელს მათ საძიებო სისტემის პროექტ BackRub-ზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც შემდეგ Google-ად გადაიქცა – უსაზღვროდ სასარგებლო გიგანტურ სისტემად, რომლის გარეშე თანამედროვე ადამიანის ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია.