დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! თავდადება, შეუპოვრობა, სიმამაცე, გაბედულება, სიმტკიცე, რწმენა!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2022 წლის 25 თებერვალია. თებერვლის ნომერი უკვე სტამბაშია და, ტრადიციულად, ჩემს ახალ სარედაქტორო სტატიას ელოდება. პირველად ხდება, რომ ვერ ვახერხებ თემის შერჩევას, არადა რამდენიმე კარგი იდეა მაქვს... არჩევანი, როგორც იქნა, გავაკეთე. ვფიქრობ სტატიის შინაარსზე, გონებაში ვალაგებ სტრუქტურას, ვიცი, როგორ ვიწყებ და როგორ ვამთავრებ, მაგრამ პირველად ხდება, რომ წერას ვერ ვიწყებ.
მოუცლელობას ვაბრალებ. თუმცა თავადვე მიკვირს. საქმე ყოველთვის ბევრი მქონდა. გასაგებია, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი მაქვს, მაგრამ სარედაქტოროს დასაწერად დროს ხომ ყოველთვის ვნახულობდი?
რაღაც მომენტში ვხვდები ჩემი აფორიაქების ნამდვილ მიზეზს. დღეს, 2022 წლის 25 თებერვალს, პუტინის რუსული არმია კიევის მისადგომებთანაა... ამას ნამდვილად არავინ ელოდა. მთელი მსოფლიო შოკშია, მაგრამ უკვე ყველამ გააცნობიერა, რომ თანამედროვე სამყაროს მთავარ მტერთან გვაქვს საქმე, რომლისგანაც, სამწუხაროდ, ყველაფერი მოსალოდნელია.
პარალელურად ვეცნობი სიახლეებს უკრაინელი ხალხის იშვიათი გმირობისა და სამშობლოსადმი თავდადების შესახებ. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ხდება.
უნდა ვაღიარო, თავად ისტორიკოსს (პირველი სპეციალობით), ისტორიაში შემონახული სხვადასხვა გმირული ამბები გაზვიადებულად მიმაჩნდა. ვუშვებდი, რომ ქაღალდზე გადატანილი "საქმენი საგმირონია" იმ დროის ისტორიკოსების ნაწილობრივ სიმართლისა და ნაწილობრივ ფანტაზიის ნაყოფი იყო.
მაგრამ, ჰოი საოცრებავ... ფრონტიდან მოსულ სიახლეებს რამდენიმე საინფორმაციო არხის საშუალებით ვეცნობი, თუმცა მათ, მიუხედავად თემატური და კონცეპტუალური სხვაობისა, ოპერატიულობით არც ჩვენი Entrepreneur.ge ჩამორჩება და სწორედ აქ ვკითხულობ ისტორიას, რომელმაც სულით ხორცამდე შემძრა.
ეს იყო იშვიათი ემოცია, რომელიც აქამდე განცდილ არცერთ ემოციას არ ჰგავდა – ერთდროულად, ჩვენი მამაცი უკრაინელი ძმებით სიამაყის, მათი გმირული თავდადებით აღტაცებისა და, ამავე დროს, უკრაინელი პატრიოტების ბრძოლის ველზე დაღუპვით გამოწვეული ძლიერი ემოცია.
და ამ მომენტში მივხვდი, რომ ვერაფერს უფრო ღირებულს, გარდა იმისა, რომ ქართული Entrepreneur-ის 2022 წლის თებერვლის ნომერში ამ გმირობის ისტორიის გადმოცემა და მომავალი თაობებისთვის დატოვებაა, ვერც დავწერდი და არც იყო საჭირო!
თან მივხვდი იმასაც, რომ ანტრეპრენერობის იდეა, რომლის საქართველოში დამკვიდრებისთვის უკვე ოთხი წელია ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, სხვა არაფერია, თუ არა იმ თვისებების ერთობლიობა, რითაც ასე უხვად არიან დაჯილდოებული ჩვენი გმირი უკრაინელი ძმები – თავდადება, შეუპოვრობა, სიმამაცე, გაბედულება, სიმტკიცე, რწმენა!
აი მათი გმირობის ამბავიც: შავ ზღვაში, ოდესის სანაპიროს სიახლოვეს, კუნძულ "ზმეინზე" განთავსებული უკრაინული გარნიზონი რუსულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს და უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვეს, რაზეც უკრაინელმა ჯარისკაცებმა უარი განუცხადეს!
პირველი შეტევა უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს, რის შემდეგაც რუსებმა კვლავ ულტიმატუმი წაუყენეს და უკრაინელების მორიგი უარის შემდეგ შავ ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან, მათ შორის კრეისერ "მასკვადან" მიტანილი იერიშით უკრაინელი მებრძოლების სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
ცოტა ხანში, კუნძული რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა Su-24-მა დაბომბა, თუმცა სამხედროებმა დანებებაზე კვლავ უარი განაცხადეს. ბოლოს კი მასირებული სარაკეტო, საჰაერო და სახმელეთო შეტევით თოთხმეტივე უკრაინელი სამხედრო, თავისი გარნიზონის მიუტოვებლად, ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
სარედაქტოროს დასასრული.
25 თებერვალი. 2022 წელი
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!