Join our Waitlist for Expert Advice!

ია თაბაგარი - Lostridge "ამ ადგილს მიკარგული ქედი ჰქვია, თუმცა უფრო მეტად Lostridge-ის სახელით გვიცნობენ, რომელიც ნელ-ნელა აგროტურისტულ ობიექტად ყალიბდება"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურიზმის ინდუსტრიაში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ ია თაბაგარმა გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც რაღაც ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და ადამიანების ბედნიერებაზე ორიენტირებული უნდა შეექმნა. სწორედ ამიტომ, იგი მიტოვებულ სოფელში გადასახლდა, პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა ეკო-ტურიზმზე, საცხენოსნო ტურიზმზე, ძველი ნასახლარების კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაზე დამყარებული ეკოსოფლის კონცეფცია და ბიზნესისა და გარემოს თანაარსებობის იდეით ანთებული, საკუთარ ბიზნესს ჩაუდგა სათავეში.

"როდესაც ტურიზმში დავიწყე მუშაობა, ქვეყანაში ჯერ კიდევ კრიმინალის საკმაოდ მაღალი დონე, რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანია და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა იყო, განსაკუთრებით, მთის რეგიონებში. ზოგჯერ გვაყაჩაღებდნენ, მაგრამ იშვიათი სიჯიუტით არ ვანებებდით თავს ტურიზმს, რომელიც არა მხოლოდ საყვარელ საქმედ, არამედ ვალდებულებადაც იქცა. მთავარი ნანატრი უსაფრთხოება იყო, შემდეგ − ნორმალური ხელფასი, უსაფრთხო გზები და გამართული ინფრასტრუქტურა. უმოკლეს დროში მრავალი რესტორანი გაიხსნა, კომფორტული სასტუმროებიც აშენდა, მარნებიც დაიხვეწა და მომსახურებაც... ღვინოც ჩამოისხა, სიმღერაც გაისმა და ტურისტების დიდი ნაკადი ესტუმრა ქვეყანას. ამ ყველაფრის ფონზე, უცებ თავი ცხენების რემის მფლობელად წარმოვიდგინე, ბავშვობის ოცნებებში გადავეშვი და დავიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის განხორციელება. საცხენოსნო ტურიზმი და ბიზნესი დინამიკურია: შეჩერება შეუძლებელია, სრულ ჩართულობას მოითხოვს და პარალელურად სხვა აქტივობები თუ არ მივაშველეთ, დადებით შედეგს ვერ მივაღწევთ", - აღნიშნავს ია თაბაგარი.

მასშტაბური მიზნების განსახორციელებლად, იამ და მისმა მეგობრებმა ქიზიყში, მიტოვებულ სოფელში შეისყიდეს მიწები, აღადგინეს რამდენიმე ასწლოვანი სახლი, ადგილობრივი არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილის შენარჩუნებით და ეტაპობრივად, მეზობელი სოფლის მცხოვრებლების ჩართულობით, საკუთარი მეურნეობის შექმნას შეუდგა.

"ამ ადგილს მიკარგული ქედი ჰქვია, თუმცა უფრო მეტად Lostridge-ის სახელით გვიცნობენ, რომელიც ნელ-ნელა აგროტურისტულ ობიექტად ყალიბდება. სივრცეების მოსაწყობად ბუნებრივ მასალებს ვიყენებთ, რაშიც ხის ადგილობრივი ხელოსნების გამოცდილება გვეხმარება. ლუდის ხარშვის შემდეგ ნარჩენებს ვაჭმევთ ცხენებს, ცხენების ნაკელი გადაგვაქვს ბიობაღში, სადაც ხეხილის ხეები და ბოსტანია. იქვე იზრდება ბალახი, რომლითაც ისევ ცხენებს ვკვებავთ... ასეთი საინტერესო წრიული ციკლი გამოვიდა. მეზობელი სოფლიდან საოცარი ხალხი დავასაქმეთ. მათთან ერთად ჩვენთან მებაღეობის, კულინარიის და სხვა მრავალი დაფარული ცოდნის გამოცდილებაც მოვიდა. სეზონურად ჩვენს ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულითა და ხილით ვუმასპინძლდებით სტუმრებს. ჩვენი თანამშრომლები მცირე მეწარმეებად დარეგისტრირდნენ, ამიტომ გამარტივდა შესყიდვების პროცესი და გადარიცხვით ვმუშაობთ. დილის საუზმეს ყოველთვის ამშვენებს სოფლის კვერცხი, მაწონი, უთენია ამოყვანილი ყველი, თონის პური, სახლის ჯემები და მურაბები. გასტრონომიულ საკითხებს, ღვინისა და ლუდის ხარისხს ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. საქმე ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენც ბევრნი ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, არანაირ საქმეს არ ვთაკილობთ, ვმორიგეობთ და ვენაცვლებით ერთმანეთს. თბილისის გუნდიც აქტიურად არის ჩართული ოპერირების, მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებში. საბოლოოდ, გვინდა, რომ ეკოსოფელი ჩამოვაყალიბოთ, პერმა-კულტურა დავნერგოთ, ხოლო გასათბობად ბიოგაზი, მზის ენერგია, სარწყავად კი წვიმის წყალი გამოვიყენოთ", − გვიამბობს ია თაბაგარი.

გარდა ამისა, ია თაბაგარი მართავს საკუთარ ტურისტულ კომპანია "ლივინგ რუთს", რომელიც ამ ეტაპზე პასიურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა მისი შეთავაზებების ჩამონათვალი მაინც საკმაოდ ვრცელია: ეთნო-ტურები, ღვინის და გასტრონომიული ტურები; სამთო-სათავგადასავლო და ბარის საცხენოსნო ტურები, 4X4 ექსპედიციები; კედელში ცეცხლის სამზარეულო ღუმელებით, სადაც კულინარიის სრული პროცესი მიმდინარეობს; ლუდსახარში და უგემრიელესი კრაფტ-ლუდი; სასტუმრო და რეკრეაციული სივრცე; 417 ჯიშის ვენახში ვაზის ჯიშებზე ლექცია და დეგუსტაცია.

"კიდევ ერთი "პატარა" კომპანიითაც გავითქვით სახელი. სამოგზაურო ფილმების, კულტურისა და ზოგჯერ ექსტრემალური ტურიზმის წარმოსაჩენად 30-მდე ფილმი გვაქვს გადაღებული საერთაშორისო ტელევიზიებისთვის. BBC,Travel Chanel, DiscoveryChanel საქართველოს ეთნოკულტურას, ბუნებას, ხალხურ სიმღერას, ღვინის დაყენების ტრადიციულ წესებსა და გასტრონომიულ შედევრებს რომ ეცნობა და მთელ ჩვენს გუნდს უდიდესი წვლილი რომ მიუძღვის ამ საქმეში, ნიშნავს, რომ ღირდა თავდაუზოგავი მუშაობა. იმედი მაქვს, ეს პატარა კომპანია − "გეო ფილმ პროდაქშენი" დიდ საქმეებში ისევ ჩაერთვება როგორც კი შესაძლებელი გახდება უსაფრთხოდ მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ", - აცხადებს ია თაბაგარი.

როგორც ია Entrepreneur-თან საუბრისას განმარტავს, კომერციულ იერარქიაში მისთვის საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, ანტრეპრენერი არის ლიდერი და გამომგონებელი, რომელიც ქმნის სიტუაციებს, მიზნებსა და იდეებს, დგამს გაბედულ ნაბიჯებს, სხვებსაც არწმუნებს, რომ ის უნდა აკეთონ, რაც სიამოვნებთ. მისი სჯერათ, რადგან ანტრეპრენერი აყალიბებს გუნდს, მიმდევრებს იგროვებს თავის გარშემო, მიზნების მისაღწევად დაუღალავად იბრძვის და ცდილობს სხვებსაც გაუკვალოს გზა, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.

"გენდერული უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა 21-ე საუკუნის საქართველოში. ქალი ანტრეპრენერი არ მოსწონთ, განსაკუთრებით − რეგიონებში. კეთილდღეობის განსაზღვრება თითქოს ზოგადია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვანაირად განიმარტება, მაშინ, როცა მცირე ბიზნესი თითოეული მათგანის ეკონომიკური აღმავლობის საწინდარი შეიძლება რომ გახდეს, მიუხედავად მათი სქესის, ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მიმდევრობის, სოციალური წარმომავლობის თუ ასაკისა", - აღნიშნავს ია თაბაგარი, - "საქართველოს სჭირდება მეტი ჯანსაღი ანტრეპრენერი და საყოველთაო ლიდერობის უნარები, რაც გულისხმობს შემდეგს: გქონდეს შესაბამისი ცოდნა, ამ ცოდნის რეალიზაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და გარემო. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება ცვლილებებისადმი სწრაფად ადაპტირების უნარებიც და ის, რასაც ყველას ვურჩევდი ყოველთვის იბრძოლეთ საკუთარი კეთილი მიზნების მისაღწევად".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი