ლუკა ხიმშიაშვილი - Chevening-ის სტიპენდიატი, რომელიც King's College London-ში სწავლობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლუკა ხიმშიაშვილი "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატია, რომელიც Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში King's College London-ში, ეკონომიკისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
ლუკა 17 წლამდე აქტიურად იყო დაკავებული რაგბითა და სპორტის სხვა სახეობებით. ამასთან ერთად, ლუკასთვის განსაკუთრებით საინტერესო სფერო ეკონომიკა აღმოჩნდა. თავისუფალ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებისას აქტიურად ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ისტორიას, თუ როგორ შეიძლება, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ წარმატება მოუტანოს ქვეყანას ან პირიქით − გაუაზრებელმა მიდგომებმა გამოიწვიოს ქვეყნის სტაგნაცია. ბაკალავრიატზე სწავლისას მისი პროექტიც ეკონომიკისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებას ეხებოდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ლუკამ სტაჟირება გაიარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ასევე, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", ეკონომიკურ ანალიტიკოსად, 4 წელი კი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში "რეფორმატიკს" იმუშავა. "რეფორმატიკსში" მუშაობისას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა. საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, თუ როგორ შეიძლება 10 000 კილომეტრით დაშორებული ქვეყნები ერთნაირ პრობლემებს აწყდებოდნენ. ამავდროულად, "რეფორმატიკსმა" გამაცნო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი აფრიკიდან ცენტრალურ აზიამდე, რაც ჩემთვის დიდი შენაძენია", − აცხადებს ლუკა ხიმშიაშვილი.
უცხოეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ყოველთვის შედიოდა ლუკას გეგმებში. Chevening, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, საუკეთესო გზაა აპლიკანტისთვის, ისწავლოს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში და განვითარდეს კარიერულად. გარდა ამისა, Chevening-ის პროგრამა ლუკასთვის ერთგვარი ოჯახური ტრადიციაცაა − "ჩივნინგის შესახებ ყოველთვის ვიცოდი, რადგან მამაჩემი საქართველოდან ჩივნინგის პირველი სტიპენდიატია, ჯერ კიდევ 1994 წელს (მაშინ პროგრამას განსხვავებული სახელი ჰქონდა). ასე რომ, შეიძლება ითქვას, მამის კვალს მივყვები. მიღებული გახლდით ასევე იორკის უნივერსიტეტში, რომელიც მამაჩემმა დაამთავრა, თუმცა საბოლოოდ, მაინც ლონდონში ვამჯობინე სწავლის გაგრძელება", − განმარტავს ლუკა ხიმშიაშვილი.
მათ, ვისაც საერთაშორისო განათლების მიღება სურს, ლუკა ურჩევს, ყურადღებით შეისწავლონ დაფინანსების პროგრამები და განაცხადი შეიტანონ სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუ პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა, არ გაჩერდნენ: "ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში განაცხადი წელს პირველად არ შემიტანია. წინა აპლიკაციის პროცესისას, სამწუხაროდ, კონკურსს გამოვეთიშე, თუმცა დაფინანსების მოპოვებაზე ხელი არ ჩამიქნევია. წინა წელსვე მიმიღეს უნივერსიტეტებმა, რამაც მოტივაცია მომცა, რომ შემეძლო დაფინანსების მოპოვებაც. შემდეგი წლის აპლიკაცია უკვე წარმატებული გამოდგა. შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეებს ვურჩევ: თუ პირველ წელს აპლიკაცია წარმატებული არ იქნა, არ დანებდნენ. აპლიკაციის პროცესში დაუკვირდნენ თითოეულ შეკითხვას, თუ რას ეკითხებიან თემის წერის პროცესში და გასაუბრებაზე იყვნენ მაქსიმალურად თავდაჯერებულნი. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო "საქართველოს ბანკს" ასეთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვისა და შესაძლებლობებისთვის, ხოლო აპლიკანტებს, რომლებსაც წელს შეაქვთ აპლიკაციები, მინდა წარმატება ვუსურვო გლობალური მასშტაბით", − აცხადებს ლუკა ხიმშიაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც სტიპენდიატი აცხადებს, ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტ King's College London-ში სწავლა დაეხმარება, შეისწავლოს კაპიტალის ბაზრის ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოში იშვიათია: "სტიპენდია დამეხმარა, მიმეღო განათლება ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტ King's College London-ში, სადაც ვსწავლობ ეკონომიკასა და ფინანსებს მაგისტრატურის საფეხურზე. აღნიშნული დაფინანსების პროგრამა ფარავს როგორც სწავლის ხარჯს, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას, რაც საშუალებას მაძლევს კონცენტრირებული ვიყო მხოლოდ სწავლაზე. ლონდონი კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ცენტრია. ჩემი საუნივერსიტეტო განათლებაც ეკონომიკასა და ფინანსებში მჭიდროდაა დაკავშირებული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებთან. მსგავსი ინსტრუმენტები საქართველოში ძალიან იშვიათია. მინდა, დაბრუნების შემდეგ ჩემი ცოდნა კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოვახმარო, რაც კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა წყაროდან მოიზიდონ კაპიტალი, ხოლო ინვესტორებს გაუმარტივებს კომპანიების შეფასებას".
ინფორმაციისთვის: ჩივნინგის პროგრამა 1983 წელს დაარსდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი, დღესდღეობით კი ჯამში ჩივნინგის 50 000-ზე მეტი კურსდამთავრებულია.
"საქართველოს ბანკი" 2013 წლიდან არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის პარტნიორი და Chevening სტიპენდიის მხარდამჭერი. "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით დღემდე უკვე 20 ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა ესწავლა დიდ ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში და მათ რიცხვს წელს კიდევ 3 სტუდენტი შეემატება.
დამატებითი დეტალები "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka