Join our Waitlist for Expert Advice!

''მაროს სახელით'' – Avon-სა და UNFPA Georgia-ს ერთობლივი კამპანია გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: Avon

გენდერული თანასწორობის საკითხი, განსაკუთრებით გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, აქტიურად განიხილება ცივილიზებულ სამყაროში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, მაშინ როცა ჩვენში ლიბერალური იდეის განვითარებამ "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია"-მდე აგვამაღლა, თანამედროვე საზოგადოებაში უამრავი გენდერული ხასიათის უთანასწორობას ვაწყდებით. სწორედ ამ თემის აქტუალიზების მიზნით, საზოგადოების მეტად დასაფიქრებლად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებს გენდერული კუთვნილების გამო არ გამოვარჩევდეთ, UNFPA Georgia-მ და Avon-მა ერთობლივი კამპანია − "მაროს სახელით" წამოიწყეს, რის შესახებაც Entrepreneur დეტალურად გიამბობთ.

"მაროს სახელით" არის გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის ფარგლებში დაიგეგმა სიმბოლური, 19 ლარის ნომინალის მქონე კუპიურის გამოცემა, საქართველოსათვის თავდადებული ეროვნული გმირი ქალის − მარო მაყაშვილის გამოსახულებით. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს იდეის ავტორებმა სწორედ ფულის მეშვეობით მიეწვდინათ ხმა საზოგადოებამდე ასეთი სენსიტიური თემის შესახებ? − სინამდვილეში, პასუხი საკმაოდ მარტივია. უპირველეს ყოვლისა, ფულის კუპიურა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოხმარების ნივთი, რომელთან შეხება ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი კი, ქართულ კუპიურებზე არსებული გენდერული დისბალანსი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ლარი 6 სხვადასხვა ნომინალის კუპიურითაა წარმოდგენილი: 5-ლარიანი (ივანე ჯავახიშვილი), 10-ლარიანი (აკაკი წერეთელი), 20-ლარიანი (ილია ჭავჭავაძე), 50-ლარიანი (თამარ მეფე), 100-ლარიანი (შოთა რუსთაველი) და 200-ლარიანი (ქაქუცა ჩოლოყაშვილი). ცხადია, ეროვნულ ფულზე გამოსახული თითოეული ადამიანი უდიდესი ღვაწლისა და დამსახურების გამო მოხვდა ამ საპატიო ადგილას, თუმცა ფაქტია, რომ 6 კუპიურიდან, ქალი მხოლოდ ერთზეა გამოსახული, მაშინ, როცა საქართველოს ისტორიას არაერთი საამაყო ქალის სახელი ახსოვს. სწორედ ამიტომ, გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად, გადაწყდა ეს დისბალანსი ეტაპობრივად, თუნდაც სიმბოლურად, აღმოიფხვრას.

როგორც ვახსენეთ, კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორია კომპანია Avon-ი, რომელიც უკვე ათეული წლებია 70-ზე მეტ ქვეყანაში გენდერული თანასწორობისთვის, ქალების უფლებების დასაცავად და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად იბრძვის. ეს კომპანია ერთ-ერთი მოწინავე აქტივისტია მსოფლიოში ამ მიმართულებით და მსგავსი პროექტებისა თუ კამპანიების მხარდასაჭერად, უკვე 80 მილიონ დოლარზე მეტის დონაცია აქვს განხორციელებული. როგორც Avon-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტის ხელმძღვანელი ნათია ზუბიაშვილი გვიამბობს, საქართველოში ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით, კვლავ საკმაოდ მძიმე სტატისტიკა გვაქვს. ამ მიმართულებით ქვეყანაში ხმამაღლა საუბრის დასაწყებად და გენდერული პრობლემების დღის შუქზე გამოსატანად, Avon-მა გასულ წელს UNFPA-ის საქართველოს ოფისთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება კამპანია − "მაროს სახელით".

"ჩვენ გვინდა, "მაროს სახელით" ქალების პრობლემებზე ვისაუბროთ, გავაერთიანოთ თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი და ღირსეული წარმომადგენელი როგორც ქალები, ისე მამაკაცები. კამპანიის მიზანია, ღირსეული ნაბიჯი გადავდგათ გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში და სიმბოლურად გამოვსახოთ მარო მაყაშვილი, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ეროვნულ კუპიურაზე", − აცხადებს ნათია ზუბიაშვილი.

აღნიშნულ პროექტზე, Entrepreneur-ის მკითხველთათვის კარგად ნაცნობი კრეატიული დირექტორი − გიორგი პოპიაშვილი მუშაობდა, რომელიც სრულად იზიარებს Avon-ისა და გაეროს წარმომადგენლობის მიზნებს და მზად აღმოჩნდა საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ჯანსაღი დისკუსიის ინიციატორი გამხდარიყო. სწორედ გიორგი პოპიაშვილს ეკუთვნის ეროვნულ კუპიურაზე ქალის გამოსახვის იდეა, თუმცა მარო მაყაშვილის კანდიდატურა საჯარო გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა. საზოგადოებისათვის შეთავაზებული იყო 10 ქალი კანდიდატი და ხმათა უმრავლესობით, გამოკითხვის მონაწილეებმა 1921 წლის 19 თებერვალს, 19 წლის ასაკში საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილი აირჩიეს. 19-ლარიანი ნომინალის კუპიურა კი, თარიღისა და მაროს ასაკის სიმბოლური გამოძახილია.

"ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მხოლოდ საკომუნიკაციო კამპანიით ასეთი პრობლემები არ გვარდება, თუმცა მას ნამდვილად შეუძლია დააფიქროს საზოგადოება და ამ შემთხვევაში, გენდერული თანასწორობის საკითხის შესახებ დისკუსია გამოიწვიოს. ჯანსაღი დისკუსია კი, შეუძლებელია არ მივიდეს იმ აქსიომამდე, რომ მიუხედავად სქესისა, ჩვენ თანასწორები ვართ ჩვენს უფლებებსა თუ პასუხისმგებლობებში. კუპიურებზე, როგორც წესი, ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანებია ხოლმე გამოსახული. ლარის შემთხვევაშიც, წარმოუდგენელია საქართველო იმ ადამიანების გარეშე, ვინც ახლა ჩვენს ეროვნულ კუპიურებზე არიან წარმოდგენილი. თუმცა ექვსი ძირითადი კუპიურიდან მხოლოდ ერთზეა ქალი გამოსახული. აქედან გაჩნდა იდეა, სიმბოლურად, შექმნილიყო ოთხი ახალი კუპიურა იმ ქალთა სახეებით, ვისაც არანაკლები ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის წინაშე. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ერთი ახალი კუპიურა, რაც ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია და განსაკუთრებით გასახარია, რომ მასზე მარო მაყაშვილია გამოსახული. ვფიქრობ, მარო მაყაშვილი კარგი მაგალითია იმის შესახსენებლად, რომ საქართველოს ახლო თუ ადრეულ ისტორიას, ბევრი ქალი ჰყავდა, რომელთა ღვაწლი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის", გიორგი პოპიაშვილი, იდეის ავტორი.

ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული კამპანიის გაშუქება ფართო აუდიტორიის წინაშე და აღსანიშნავია, რომ საზოგადოება ძალზე დადებითად შეხვდა ამ სიახლეს. "მაროს სახელით" შეიქმნა საგანგებო გვერდები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, Facebook-სა და Instargam-ზე, სადაც მარო მაყაშვილის ცხოვრებისეულ მაგალითებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხდება საზოგადოებისათვის გენდერულ პრობლემებსა და თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლება.

მიუხედავად იმისა, რომ 19-ლარიანი კუპიურა სიმბოლურია და მხოლოდ საკოლექციო მნიშვნელობას ატარებს, მან უკვე მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, გენდერული გამოწვევების შესახებ ადამიანების ალაპარაკება და ინტერნეტსივრცეში დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. იქნება თუ არა მიმოქცევაში ბანკნოტები ჩვენი საამაყო ქალების გამოსახულებით, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ცხადია − კამპანიამ "მაროს სახელით" საკუთარ მთავარ მისიას ბრწყინვალედ გაართვა თავი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"