''როცა რუსეთ-უკრაინის ომის ამბავი გავიგე, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და პასპორტიც გავანადგურე''
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"რუსეთში დავიბადე და დაბადებიდან ორმაგი მოქალაქეობა მქონდა. როცა 24 თებერვალს საინფორმაციოში რუსეთ-უკრაინის ომის ამბავი გავიგე, მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და პასპორტიც გავანადგურე. რუსები ყველას განურჩევლად ხოცავენ და ამ ყველაფერის განცდა ჩემთვისაც ყოველდღიურობად გადაიქცა.
ჯიბეში ორი პაკეტი მიდევს - ერთი დაჭრილის დასაფარებლად და მეორე დაღუპულებისთვის. ჩემთან ერთად არის 26 წლის ლაგოდეხელი გოგოც. აქ ყველას ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია. ქართველების ლეგიონში ვართ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეომრებიც ირიცხებიან. ყოველდღე ინტენსიური დაბომბვები მიდის. ამბობენ, რომ რუსებს ჩვენს შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვთ, ამიტომ ადგილსამყოფელის დასახელებისგან თავს შევიკავებ. დედა ემოციურად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას - უკრაინაში წამოსვლის შესახებ. ჩემი ძმა ამერიკაშია და ზუსტად ვიცი, რომ შეეძლოს ჩემს გვერდით იქნებოდა", - გვიყვება ქეთი ლეშკაშელი, რომელიც ომის დაწყების დროს ბერლინში ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში ექიმად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში წასვლის შესახებ საელჩოდან ინფორმაცია ვერ მიიღო, საქართველოში ჩამოვიდა, საიდანაც ცხელ წერტილში გაემგზავრა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა.
"პროფესიით ექიმი ვარ. უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ საველე მედიცინის კურსები გავიარე, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია. გამოგვყავს დაჭრილი ბავშვები, ქალები და მოხუცები. ზუსტად ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს",- რუსეთ-უკრაინის ომში ყოფნის თავგადასავალზე 27 წლის თელაველი ქეთი ლეშკაშელი გვიყვება. ქეთი ორმაგი მოქალაქეობის უფლებით სარგებლობდა, ომის დაწყების დღეს კი რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და პასპორტი გაანადგურა.
ქეთი ლეშკაშელმა მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განაგრძო. შემდეგ დუბაიში - კანადის უნივერსიტეტში ჩააბარა სამკურნალო მიმართულებით.
ისტორია მომზადებულია "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ