თანამედროვე მილიარდერები - კრიპტომაგნატების გზა წარმატებისკენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კრიპტოვალუტა ციფრული ფულია, რომლის გამოჩენამ მსოფლიოს არაერთი მილიონერი თუ მილიარდერი აჩუქა. ვინ ფლობს ყველაზე დიდი რაოდენობით კრიპტოს, რთული სათქმელია. მფლობელების ვინაობა ანონიმურია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიგებთ კიდევ ერთი მილიონერისა თუ მილიარდერის შესახებ, თუკი ეს ადამიანები თავად მოისურვებენ აქტივების გასაჯაროებას.
მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტა მაინც რისკის შემცველ აქტივად მიიჩნევა და მისი გაცვლის კურსი ხშირად მერყეობს, დრამატულადაც კი იცვლება. მაგალითად, Investopedia-ს მიხედვით, 2010 წელს ყველაზე ცნობილი ციფრული ვალუტის − ბიტკოინის ღირებულება $10 იყო, 2021 წლის ნოემბერში მან $65 000-ს მიაღწია, ხოლო ერთ წელიწადში, 2022 წელს $16 000-მდე დაეცა.
ჩანპენ ჟაო
ჟაო ჩინეთში, ჯანგსუს პროვინციაში დაიბადა და 12 წლამდე სწორედ იქ იზრდებოდა. მისი მშობლები 1980-იანი წლების ბოლოს კანადაში, ვანკუვერში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ბიზნესმენი კრიპტოვალუტების სამყაროში პოკერით მოხვდა − პირველი ბიტკოინის შეძენა სწორედ მეგობრებთან ერთად თამაშის შემდეგ, 2013 წელს გადაწყვიტა . მილიარდიანი კომპანია Binance კი 2017 წელს დააარსა. კომპანია კრიპტოტრანზაქციებზე მუშაობს და მსოფლიოში უმსხვილესია − ყოველდღიურად განხორციელებული ოპერაციების მოცულობა ხანდახან მილიარდობით დოლარს აღწევს.
Forbes-ის მონაცემებით, ჟაოს ქონება ამჟამად $10.2 მილიარდია.
ბრაიან არმსტრონგი
Coinbase-ის დამფუძნებელი ჩრდილოეთ ამერიკაში კრიპტოვალუტის გაცვლის ყველაზე დიდ ბირჟას ფლობს. მან კომპანია 2012 წელს მეგობართან ერთად დააფუძნა, მანამდე კი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობდა Airbnb-ზე.
არმსტრონგი Coinbase-ის 19%-იან წილს ფლობს და მისი ქონება $3.6 მილიარდად არის შეფასებული. Coinbase-ის თანადამფუძნებელმა ფრედ ერსამმა კომპანია 2017 წელს დატოვა, თუმცა 6%-იან წილს კვლავ ფლობს და თავადაც მილიარდერთა სიაშია.
მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისისა და ნდობის გამო, Coinbase ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად მიიჩნევა, რომლის საშუალებით ადამიანები კრიპტობიზნესში ერთვებიან. არმსტრონგი ამბობს, რომ პლატფორმა სწორედ ამისთვის დააფუძნა − რათა ადამიანებს ჰქონოდათ "გლობალური, ღია ფინანსური სისტემა, რომელიც ინოვაციებსა და თავისუფლებაზე იქნება ორიენტირებული".
კრის ლარსენი
კრის ლარსენი Ripple-ის თანადამფუძნებელია. ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიის მომხმარებლებს შორის American Express და Santander არიან.
კრიპტოვალუტის გამოჩენამდე ლარსენი ონლაინ იპოთეკურ პლატფორმა e-Loan-ს ფლობდა, რომელიც მოგვიანებით Yahoo-მ იყიდა. მისი ამჟამინდელი ქონება $2.6 მილიარდად არის შეფასებული.
კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინებზე საუბრისას ლარსენმა Forbes-ს განუცხადა, რომ ეს "მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსებზე მუშაობის ახალი გზა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გლობალიზაციაში ბოლო ნაბიჯი".
ჯედ მაკკალები
ჯედ მაკკალები კრიპტოვალუტაში ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი ფიგურაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს დააფუძნა კომპანია Mt. Gox − ბიტკოინის გადაცვლის პლატფორმა. მან კომპანია 2013 წელს გაყიდა. საინტერესოა, რომ პლატფორმა ჰაკერებმა 2014 წელს გაძარცვეს, რის შემდეგაც ის გაკოტრებულად გამოცხადდა.
მაკკალები ასევე არის Ripple-ის თანადამფუძნებელი 2012 წელს, თუმცა ეს კომპანიაც მალევე დატოვა პარტნიორებთან უთანხმოების გამო. მისი შემდეგი წამოწყება კი Stellar-ია − Ripple-ის პირდაპირი კონკურენტი, რომლის მიზანი ტრანსსასაზღვრო გადახდების დაჩქარებაა.
მილიარდერი 3.4 მილიარდ XRP-ის ფლობს, რაც 2023 წლის თებერვლის ფასებით $2.4 მილიარდია. გარდა ამისა, მას დაფუძნებული აქვს ასტერას ინსტიტუტი − არაკომერციული ორგანიზაცია ტექნოლოგიური განვითარებისათვის, და Vast − კომპანია, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნურ გრავიტაციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს.
სონ ჩი-ჰუანი
Dunamu-ს დამფუძნებელი სამხრეთ კორეის კრიპტოსცენაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. სონ ჩი-ჰუანის ხელმძღვანელობით კომპანია Upbit (Dunamu-ს შვილობილი კომპანია) დაარსებიდან სამ თვეში კრიპტოვალუტის ბირჟაზე მთავარ გამცვლელად იქცა. მისი ქონება $950 მილიონს აღწევს.
კრიპტობიზნესში მოხვედრამდე, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამხრეთკორეელი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობდა. კომპანია Dunamu მან ელექტრონული წიგნების ვებსაიტად დააარსა. მალევე მიხვდა, რომ ეს არც ისე მომგებიანი საქმე იყო და შექმნა კომპანია NewsMate − სერვისი, რომელიც აგროვებდა პოპულარულ სტატიებს სოც. მედიაპლატფორმებიდან. კომპანიამ მალევე მიიპყრო საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის ყურადღება და ბევრი კონკურენტიც გამოჩნდა.
სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მომავალმა მილიარდერმა, დაეფუძნებინა კრიპტობირჟა Dunamu-ს კომპანიის ქვეშ. შვილობილი კომპანია სწრაფად განვითარდა და დღეს სამხრეთ კორეის ციფრული ვალუტის ბაზარზე ყველაზე მსხვილი ბირჟაა.