Join our Waitlist for Expert Advice!

TechCrunch - როგორ ახალისებს საქართველოს წამყვანი ბანკი ციფრულ ტექნოლოგიებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც საბანკო პროდუქტები დინამიკურად ვითარდება, ჭკვიანური სტრატეგია კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ერთადერთ ეფექტურ საშუალებად რჩება. საქართველოს წამყვანი ბანკისათვის, რომელიც მნიშვნელოვან ინიციატივებსა და უპრეცედენტო საბანკო პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე სწრაფი, მოკლევადიანი ზრდა მარტივად მისაღწევი იქნებოდა, თუმცა "საქართველოს ბანკმა" მსოფლიოს მოწინავე ციფრულ ბანკებს შორის, რეგიონული ლიდერობისკენ აიღო გეზი", − წერს გლობალური ტექნოლოგიური პორტალი TechCrunch.

აღნიშნული სტატია მკითხველს უზიარებს, თუ როგორ მოახერხა "საქართველოს ბანკმა" ტრენდული გაციფრულების კონცეფციის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანა ისეთ ცნობილ პლატფორმებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Medallia და Salesforce. ბანკის ციფრული ტექნოლოგიები მომხმარებელთა ინტერესებზეა ორიენტირებული და შედეგად, ადამიანებს გზამკვლევის ფუნქციას სთავაზობს − როგორც ყოველდღიურ, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.

გამოცემის თანახმად, "საქართველოს ბანკმა" შექმნა ციფრული პროდუქტები: ციფრული ბარათი, მობაილ ბანკის გამოყენებით თანხის სხვის ანგარიშზე გადარიცხვა (P2P); სრულად ციფრული სამომხმარებლო დაკრედიტების პროცესი − "იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით"; თანხის გაყოფისა და თანხის მოთხოვნის ფუნქციონალები, ინტეგრირებული ონლაინჩატი. განახორციელა ინტერნეტბანკინგის პლატფორმის სრული რედიზაინი და ა.შ.

"მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არსებითი და გარდაუვალია, მან ახალი დატვირთვა შეიძინა საქართველოში, რადგან ერთი წესი იშვიათად ერგება ყველას და ინდივიდუალური მიდგომა აუცილებლობას წარმოადგენს, როდესაც საქმე გვაქვს მომხმარებელთა დიდ და ვრცელ ბაზასთან. "საქართველოს ბანკს" სჯერა ციფრული ტექნოლოგიების ძალის, გვინდა მუდმივად გავაუმჯობესოთ საკუთარი შეთავაზებები და ჩამოვაყალიბოთ უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან", − განაცხადა "საქართველოს ბანკის" მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ადამიანური კაპიტალის მართვის ხელმძღვანელმა ნუცა გოგილაშვილმა, − "ახალი ციფრული პლატფორმები Medallia და Salesforce, გვეხმარება ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად ქცევას".

სტატია ასევე გვაცნობს "საქართველოს ბანკის" მნიშვნელოვან პარამეტრებს. ამის ნათელი მაგალითია მომხმარებელთა კმაყოფილების მთავარი საზომი – Net Promoter Score (NPS), რომელიც თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 47% შეადგინა (მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს მხოლოდ 20 ქულა იყო).

ბანკის მიერ გაციფრულების წახალისებამ, აქტიური ინდივიდუალური მომხმარებლების მკვეთრი ზრდა განაპირობა როგორც მობილურ, ისე ინტერნეტბანკინგის პლატფორმებზე, რამაც გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოს სამომხმარებლო ბაზის თითქმის 60% შეადგინა. ამავე პერიოდში, ტრანზაქციების 96% ბანკის ციფრული არხებით განხორციელდა, ხოლო მათი ნახევარი, მობილური აპლიკაციითა და ინტერნეტბანკის პლატფორმით (ორი წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ს უტოლდებოდა).

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. ესენია: ონლაინმომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება.

"ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ხოლო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2,5 მილიონს არ აჭარბებს; სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოსახლეობის უმრავლესობა ფულის შენახვას შინ ამჯობინებდა, ეს "საქართველოს ბანკის" მხრიდან გასაოცარი შედეგია", − ნახსენებია TechCrunch-ის სტატიაში.

გაციფრულებით აჩქარებული ინკლუზიურობა

როგორც ტექნოლოგიური პლატფორმის სტატიაშია აღნიშნული, "საქართველოს ბანკის" სტრატეგია გაციფრულების პროცესს ეყრდნობა და მიმართულია საქართველოში მდგრადი ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მობილბანკის მოდერნიზებით, "საქართველოს ბანკმა" გააფართოვა ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომა.

TechCrunch საუბრობს ბიზნეს-მობილბანკზეც, რომელიც 2021 წლიდან მომხმარებელს სწრაფ ტრანზაქციებს, გადახდებსა და სხვადასხვა საბანკო ოპერაციის მოქნილად შესრულების შესაძლებლობას სთავაზობს. ახალ პლატფორმაზე ჩაშენებულია ბიზნესის ვირტუალური ფინანსური მენეჯერი, რომელიც მართავს ფულადი სახსრების ნაკადს, ზრდის ტემპსა და ტრანზაქციების საშუალო ზომას.

გარდა ამისა, მობილ ბანკის ახალი ფუნქციის − ვირტუალური პერსონალური ფინანსების მენეჯერის, დახმარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ბიუჯეტის დაზოგვა და პირადი ფინანსების ორგანიზება.

"ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი სტრატეგიის საფუძველია. ბანკი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ციფრული გამოცდილება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ბიზნესს უფრო მარტივსა და მოსახერხებელს გახდის", − განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბობოხიძემ.

აღნიშნული სტატიის თანახმად, "საქართველოს ბანკი" აგრძელებს უნაღდო ანგარიშსწორების ეკონომიკის სტიმულირებას, რომლის ზოგიერთი პროდუქტი პანდემიის ფონზე განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა. ასეთია, მაგალითად, Soft POS, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად ჩართოს ათასობით მიკრო სავაჭრო ობიექტი სისტემაში და ობიექტებისთვის გადახდების მიღება პირდაპირ სმარტფონიდან უზრუნველყოს.

500 Georgia

გამოცემაში ნახსენებია, რომ როდესაც "საქართველოს ბანკის" გუნდი საკუთარი გრძელვადიანი მიზნების შეფასებას შეუდგა, სტარტაპ-ეკოსისტემების გლობალურ რუკაზე საქართველოს გამოჩენა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა. ხედვა ნათელი იყო: დამწყები და მომავალი ანტრეპრენერების ხელშეწყობა გაფართოებაში, და დამატებითი კაპიტალის, როგორც ზრდის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორის, მოზიდვა ბაზარზე.

მსოფლიოს წამყვან ვენჩურულ ფონდთან, სტარტაპ-აქსელერატორ 500 Global-თან თანამშრომლობის ფარგლებში და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ბანკის გუნდმა მსოფლიო დონის სტარტაპერებს გზა გაუხსნა ბიზნესის 11 სხვადასხვა მიმართულებით − ელექტრონულ კომერციაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით დაწყებული, თანამედროვე ფერმერული ტექნოლოგიებით, ლოგისტიკითა და უძრავი ქონებით დამთავრებული.

სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია პროგრამაში მონაწილე 28 სტარტაპის 212%-იანი შთამბეჭდავი ზრდა, განსაკუთრებით კი ხაზგასმულია ოთხი მათგანის (Agrolabs, Cargon, Cardeal და Payze) უდიდესი წარმატება "სილიკონ ველიზე".

ინვესტიციები

TechCrunch შეეხო "საქართველოს ბანკის" სიახლეებს საინვესტიციო მიმართულებითაც, კერძოდ კი მობილ ბანკში ინტეგრირებულ ახალ პროდუქტს, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს წვდომას აშშ-ის საფონდო ბირჟაზე. ამით ბანკი საქართველოს მოქალაქეებს მათი დანაზოგების სარფიანად დაბანდებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს უქმნის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ბანკმა" საინვესტიციო და ფინანსური მიმართულებით საგანმანათლებლო პლატფორმაც შექმნა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მეტი გაიგოს ბოლო ტენდენციების, მსოფლიო რეიტინგების, აქციების პორტფელის დივერსიფიკაციისა და ბევრი სხვა საინტერესო დეტალის შესახებ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია