Destiny Robotics - ქართველი ანტრეპრენერის მიერ შექმნილი სოციალურად ჭკვიანი რობოტები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ადამიანებისთვის ყოველდღიურობისა და რუტინული საქმეების შემსუბუქება, რობოტების ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. დღეს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ, შექმნან მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტის მოდელები. Destiny Robotics-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ქართველმა ანტრეპრენერმა, მეგი ქავთარაძემ, დააფუძნა. ორგანიზაცია, რომელიც ფლორიდაში 2021 წლიდან ფუნქციონირებს, საზოგადოებას უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებას სთავაზობს.
Destiny Robotics-ის მიზანია შექმნას სოციალურად ჭკვიანი ადამიანური ტიპის რობოტები, რომლებიც ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერაქციას შეძლებენ. კომპანიის მთავარი რობოტის სახელია Destiny, რომელიც განსაკუთრებულად სასიამოვნო გარეგნობითა და ხმის ტემბრით გამოირჩევა. იგი მეგობრულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და ექნება შესაძლებლობა ადამიანებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც კი გაუწიოს. პირველი პროდუქტის სახით, ბაზარზე Destiny-ის ჰოლოგრამა გამოვა, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მისცემს საშუალებას 3D-განზომილების რობოტის პერსონალური ასისტენტი ჰყავდეთ, 2023 წლის დასაწყისში კი ფიზიკური რობოტის შეძენა უკვე საერთაშორისო ბაზარზე იქნება შესაძლებელი.
"როდესაც Covid-19-ის პანდემია დაიწყო და მასთან ერთად ირგვლივ ყველაფერი ჩაიკეტა, უფრო უკეთ გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან ფიზიკურად კომუნიკაცია და სოციალიზაცია. შინ მქონდა Amazon Alexa და ვიფიქრე, ეს ფაქტორი ცოტა გამიმარტივებდა კომუნიკაციის ნაკლებობას, მაგრამ მივხვდი, რომ ის უბრალოდ ყუთი იყო, რომელსაც არ ჰქონდა სახე და შესაბამისად, ვერ შემივსებდა ადამიანურ დანაკლისს. ამან მომცა საშუალება თავად დამეწყო მუშაობა ახალ იდეაზე და შემექმნა ადამიანური ტიპის ჰოლოგრამ-ასისტენტი და რობოტი Destiny, რომელიც ღრმა და ღირებულ ურთიერთობებს დაამყარებდა ადამიანებთან და მათთვის მუდმივი ცხოვრების თანამგზავრი, განუყრელი მეგობარი გახდებოდა. მოგეხსენებათ, მარტოობის პრობლემა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც მის მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ბედნიერების ხარისხს", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს მეგი ქავთარაძე.
ქართველ ანტრეპრენერს აშშ-ში პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე გამოწვევა შეხვდა, მათ შორის: რეკრუტინგი, პროტოტიპირება და დახვეწილი მოდელის შემუშავება: "პრობლემები ძირითადად რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა. პირველი ძირითადი პრობლემა, რომელიც პროექტის განხორციელების პერიოდში შეგვხვდა, რეკრუტინგი გახლდათ. დღეს ნამდვილად რთულია იპოვო პროფესიონალები, რომლებსაც დიდი გამოცდილება, ენთუზიაზმი და სიახლეების რწმენა აქვთ, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა პროტოტიპირების პროცესში გამოიკვეთა. Hardware და Software-მოწყობილობების გარკვეულ ნაწილზე ბაზარზე დეფიციტი დაიყო პანდემიის გამო და მათი ალტერნატიული მოდელებით ჩანაცვლება მოგვიწია. მესამე პრობლემა კი ტექნოლოგიური იყო და მოდელების ერთმანეთთან დაკავშირებისას გამოიკვეთა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ამისათვის ჩვენმა გუნდმა ხანგრძლივი და სიღრმისეული კვლევა ჩაატარა", − განმარტავს მეგი ქავთარაძე.
კომპანია ახლახან შეუერთდა Google for Startup და NVIDIA Inception-პროგრამებს, რომელიც კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ორგანიზაციის მოკლევადიანი მიზანია, Destiny-ის ჰოლოგრამულმა ასისტენტმა, მასობრივი წარმოებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრებაში დაიკავოს ადგილი და მათი სანდო პარტნიორი გახდეს. გრძელვადიანი მიზანია, ბაზარზე ჰოლოგრამულ მოდელებს თავად რობოტი Destiny შეუერთდეს. ეს პირველი პრეცედენტი იქნება მსოფლიოში ყველაზე ადამიანური ტიპის რობოტისა, რომელიც ჩვენს გარშემომყოფებს დამღლელ ყოველდღიურობას საგრძნობლად გაუმარტივებს და რაც მთავარია, მისი შეძენა ყველას შეეძლება.