STEPN - რა უნდა ვიცოდეთ ციფრული ბოტასების შესახებ?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ტოკენების მოყვარულთა საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ციფრულ ბოტასებს, რომელთა მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშაონ. საუბარია ბლოკჩეინ Solana-ზე აგებულ აპლიკაციაზე STEPN, რომელმაც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, განსაკუთრებული პოპულარობის მოპოვება მოახერხა. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გავლენის მქონე ექსპერტების აზრი ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ზოგი მას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საშუალებად მიიჩნევს, ხოლო ზოგისთვის STEPN ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა. იმისათვის, რომ შექმნილ ბუნდოვანებას ნათელი მოვფინოთ, Entrepreneur-ს სურს მიმოიხილოს ამ აპლიკაციის ფუნქციონალი და გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე.
STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად უწევს NFT-ბოტასების შეძენა, რომელთა ფასი, დღეის მდგომარეობით, 12-15 SOL-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დაახლოებით რეალური $1200-ის ეკვივალენტია. ბოტასების მფლობელები, თამაშის შიგნით არსებულ მონეტებს − GST (GreenSatoshi)-ს აგროვებენ, რომლის ფასიც ამჟამად 5,7 დოლარს შეადგენს. მოგვიანებით, მომხმარებლებს შეუძლიათ GST გადაცვალონ Sol-ზე ან USDC-ზე − კრიპტომონეტებზე, რომლებსაც რეალურ ფულად გაანაღდებენ.
ისინი, ვინც იცნობენ Play 2 Earn-ტექნოლოგიის მუშაობას, მარტივად მიხვდებიან ახალი ტექნოლოგიის − Move 2 Earn-ის პრინციპებს, რასაც STEPN ეფუძნება. მომხმარებელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ იღებს NFT-ტოკენს − ბოტასს, რის შემდეგაც სეირნობით ან სირბილით შეუძლია სათამაშო კრიპტოვალუტა გამოიმუშაოს, რომელსაც რეალურ თანხად გადაცვლის. მიღებული მონეტების გამოყენება მოთამაშეს საკუთარი ინვენტარის გასაუმჯობესებლადაც შეუძლია, რაც მას მეტი კრიპტოვალუტის გამომუშავებაში დაეხმარება. როგორც მწარმოებლები აცხადებენ, Stepn-ის მთავარი მიზანია, აიძულოს ადამიანები გავიდნენ გარეთ, იმოძრაონ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ. აქვე აღსანიშნავია, რომ საოფისე სამსახურის პირობებში, თითოეული ჩვენგანი დღეში 1000-2000 ნაბიჯს დგამს, თუმცა Stepn-ში მონეტების მოსაგროვებლად, ადამიანს დაახლოებით 10 000 ნაბიჯის გავლა დასჭირდება.
აპლიკაცია თვალს ადევნებს თქვენ მიერ გავლილ ნაბიჯებს და კილომეტრაჟს, რომელსაც განსაზღვრული დროის განმავლობაში ფარავთ. STEPN-ის მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან აპლიკაცია მარტივად ხვდება როდის გადავადგილდებით ფეხით და როდის ვმგზავრობთ ტრანსპორტით.
როგორ გამოვიმუშაოთ თანხა?
თავდაპირველად, მომხმარებელმა უნდა შეიძინოს 4 სახის ფეხსაცმლიდან ერთ-ერთი. ეს სახეობებია:
Walker − ბოტასი, რომელიც უბრალოდ სეირნობისთვისაა განკუთვნილი და გადაადგილების სიჩქარე 4 კმ/სთ-ს შეადგენს.
Jogger − ფეხსაცმელი სწრაფი სიარულისთვის ან ძუნძულისთვის, რომლის აქტივობის სიჩქარე 6 კმ/სთ-ია.
Runner − სიჩქარე 8 კმ/სთ, რაც საკმაოდ სწრაფი ტემპით სირბილის ტოლფასია.
Trainer − უნიკალური სახეობის ბოტასი, რომელსაც სიჩქარის შეზღუდვა არ გააჩნია, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულია.
ბოტასის სახეობა განსაზღვრავს მონეტების რაოდენობას, რომელსაც ფიზიკური აქტივობის სანაცვლოდ იღებთ. თუკი დროის კონკრეტულ პერიოდში Walker 3 ტოკენს გამოიმუშავებს, Jogger, დაახლოებით 4 ტოკენს მოგცემთ, ხოლო Runner – 5-ს. რაც შეეხება Trainer-ს, მისი მეშვეობით გამომუშავებული მონეტების რაოდენობა გადაადგილების სიჩქარის შესაბამისად განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, სიარულისას ან სირბილისას, თქვენ მოგიწევთ აკონტროლოთ მოძრაობის სიჩქარე იმ ბოტასის მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც ფლობთ.
სეირნობა ან სირბილი 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ. ყოველ 6 საათში თქვენ გერიცხებათ 25% ენერგია, რომლის სრულად გახარჯვისას იღებთ ტოკენებს. რაც შეეხება სიარულის ან სირბილის ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ წყვილ ვირტუალურ ფეხსაცმელს ფლობთ: 1 ბოტასი = 10 წუთს, 3 ბოტასი = 20 წუთს, 9 ბოტასი = 45 წუთს, 15 ბოტასი = 60 წუთს, ხოლო 30 ბოტასი = 100 წუთს. შესაბამისად, რაც მეტს ივლით ან ირბენთ, მით მეტს გამოიმუშავებთ.
ბოტასები სახეობების მიხედვით, ხარისხობრივადაც განსხვავდება. თამაშში გვხვდება 5 ხარისხის ბოტასი: Common, Uncommon, Rare, Epic და Legendary, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც პირველი ორია, ვინაიდან დანარჩენები ძალიან იშვიათი და ძვირადღირებულია.
ციფრულ ბოტასებს აქვს მახასიათებლებიც, რაც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად დიდი რაოდენობის მონეტების გამომუშავებას შეძლებს მოთამაშე სიარულისას ან სირბილისას. ეს მახასიათებლებია: ეფექტურობა, იღბალი, კომფორტი და გამძლეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩამონათვალიდან ეფექტურობა და გამძლეობაა, ვინაიდან პირველი უშუალოდ GST-ის გამომუშავებაზე აისახება, ხოლო მეორე − ხარჯზე, რის გაწევაც გაცვეთილი ბოტასების შესაკეთებლად უწევს მომხმარებელს.
STEPN-ის თამაშში სულ 30 დონეა და დამწყები მოთამაშე, თავდაპირველად, პროცესში პირველი დონიდან ერთვება. ახალ დონეებზე გადასვლას სჭირდება თამაშის შიდა ფული, ანუ GST და დრო. ყოველ მომდევნო დონეზე გადასასვლელად, მოთამაშეს სულ უფრო მეტი კრიპტოვალუტისა და დროის დახარჯვა მოუწევს.
საბოლოო ჯამში, STEPN არის შესაძლებლობა, რომ არცთუ მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ, საკმაოდ სერიოზული თანხის გამომუშავება მოახერხოთ, თუმცა დიდი რისკის ფასად, ვინაიდან ამ ეტაპზე, GMT, ბევრი სხვა ციფრული ერთეულის მსგავსად, არაფრით არაა გამყარებული და მთელი მისი ღირებულება, მომხმარებელთა და თავად შემქმნელთა ნდობასა და იმედებს ეფუძნება, რომ პროექტი გაამართლებს და წარმატებას მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, ე.წ. Moveto Earn კრიპტო-ტოკენ Stepn-ის (GMT) ფასი საგრძნობლად, თითქმის 3500%-ით გაიზარდა. Coin Geckos-ს მონაცემების თანახმად, თუკი ტოკენის ფასი 11 მარტს 0,1 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით, მისი ღირებულება 3 დოლარის ნიშნულს სცდება.
GMT-მონეტა უკვე ზედიზედ რამდენიმე კვირაა, რაც ყველაზე პოპულარული კრიპტო-ტოკენის ტიტულს არ თმობს Coin Market Cap-ის პლატფორმაზე და ვინაიდან ინტერესი ამ მონეტისა და Stepn-ის თამაშის მიმართ კვლავ იზრდება, ექსპერტების პროგნოზებით მისი ფასი უახლოეს მომავალში სტაბილურად მზარდი დარჩება.
Coin Market Cap-ის მონაცემით, Stepn-ტოკენის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად, იგი კრიპტოვალუტების ბაზარზე კაპიტალიზაციის ზომით 53-ე ადგილს იკავებს და კრიპტოვალუტის საერთო საბაზრო ფასის 0,12%-ს შეადგენს.
NFT-ების, ისევე, როგორც სხვა ციფრული აქტივების შეძენა და მათში ინვესტირება დიდ სიფრთხილეს და ამ მიმართულების საფუძვლიანად შესწავლას მოითხოვს, ამიტომ მსგავსი სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისას, თითოეულ პოტენციურ ინვესტორს საფრთხეებისა და შესაძლებლობების კარგად აწონ-დაწონა მართებს.