10 თაღოვანი ხიდი, რომელიც აჭარაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აჭარა ცნობილია თაღოვანი ხიდებით, რომლებიც ძირითადად ძველ სავაჭრო-საქარავნე გზებზეა განლაგებული. ხიდების აშენებისათვის ადგილობრივები ვიწრო და ადვილად მისადგომ ადგილებს ირჩევდნენ. ტექნიკური თვალსაზრისით, ქვის ხიდები მხოლოდ თაღოვანი შენდებოდა, რაც შეეხება ხიდების პარამეტრებს (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) იგი ტრანსპორტის სახეობასა და მნიშვნელობაზე იყო დამოკიდებული. ზოგჯერ სიგანე ერთი ქართული ურმის ზომას უტოლდებოდა. იქ სადაც ურმის გადაადგილება შეუძლებელი იყო, ვიწრო ხიდებს აშენებდნენ, რომლებიც ფეხით მოსიარულეთათვის და საპალნე ტრანსპორტისთვის გამოიყენებოდა. დღეისათვის აჭარაში შემორჩენილია სულ 28 თაღოვანი ხიდი. ჩვენ კი მოგიყვებით, იმ 10 გამორჩეული ხიდის შესახებ, რომელიც აჭარაში მოგზაურობისას უნდა ინახულოთ.
დანდალოს ხიდი
თუ ყველაზე გამორჩეული თაღოვანი ხიდის ნახვა გსურთ გირჩევთ მოგზაურობა სოფელ დანდალოდან დაიწყოთ. საქართველოს ქვის თაღოვან ხიდებს შორის დანდალოს ქვის თაღოვანი ხიდი სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული. ის ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოში, საავტომობილო გზიდან რამოდენიმე მეტრში მდებარეობს. ხიდი, გეგმაში ლათინურ ასო S-ს წააგავს. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, ასეთი ფორმის ხიდის აშენება გაცილებით რთულია, რადგანაც ხიდზე დატვირთვები არათანაბრად ნაწილდება.
ხიდი თხელი თაღით და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. იგი ნაშენია ვულკანური წარმოშობის კლდის თლილი ქვითკირის დუღაბზე. სავარაუდოდ, ხიდი აგებულია IX_X საუკუნეებში. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, "დანდალო" ლაგამს, ანუ პირის მახეს, ნიშნავს. ლაგამი იგივე სადავეა. ამ მდინარეზე ხიდის აგება დიდ სიძნელესთან – მდინარის დამორჩილებასთან – იქნებოდა დაკავშირებული. რაკი "დანდალო" ლაგამს ნიშნავს, ადვილი საფიქრებელია, სახელწოდება "დანდალო" აჭარისწყალზე ხიდის აგების, ანუ მდინარის დამორჩილების, მისთვის ლაგამის ამოდების შინაარსთან იყოს დაკავშირებული.
მახუნცეთის ხიდი
თუ ერთ დღეს თქვენ მახუნცეთის ჩანჩქერზე გადაწყვეტთ სტუმრობას, იქვე მოინახულებთ მახუნცეთის თაღოვან ხიდს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ვიზიტირებად თაღოვან ხიდად მიიჩნევა. ის ქედის მუნიციპალიტეტის ამავე დასახელების სოფელში, გზის პირას მდებარეობს.
ხიდი დიდი ზომისაა და კლდის ბუნებრივ ბურჯებს ეყრდნობა. იგი აშენებულია ვულკანური წარმოშობის კლდის ქვით, ხიდს საუკუნეების განმავლობაში უტარდებოდა აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები.
ხიდი სავარაუდოდ, IX_X საუკუნეებშია აგებული. თავისი ესთეტიკიდან გამომდინარე, ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ვიზიტორებზე.
ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი
თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აჭარაში ყველგან ქვის თაღოვანი ხიდებია, თამამად შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ და სოფელ ხაბელაშვილებში გაგზავნოთ.
ხაბელაშვილების ხის ხიდი რამდენიმე საუკუნის წინ ჭვანის ხეობის სოფლების ხულოსთან დასაკავშირებლად აიგო. ხიდი თავდაპირველად ყავრით იყო გადახურული, მაგრამ დაზიანებული სახურავი მეოცე საუკუნეში თუნუქით ჩაანაცვლეს. ახალი სახურავი დღეს წაბლისა და მუხისგან ნაგებ ხიდს ეყრდნობა.
ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში, ჭვანის ხეობაში მდებარეობს. ხიდი ავთენტურია და თავისი მახასიათებლებით, არქიტექტურით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით, ასევე გადახურვით უიშვიათესია საქართველოში. მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: თელა - კოჭებად, წაბლი- მალებად, მუხა -საყრდენ ბოძებად და ურთხველა სახურავის ქვეშ. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ აუშენებიათ. მისი სიგრძე 25 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე კი 1.20 მეტრი.
ხიდი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ხიდთან მოსახვედრად ფეხით 500 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა მოგიწევთ, რომელიც მდინარეს მიუყვება. იმავე ბილიკით შეგიძლიათ წისქვილების სოფელში შეიაროთ ან ლელთის ტბისკენ გაილაშქროთ, რომელიც ამ ხეობის სამკაულია.
ფურტიოს ხიდი
ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ მიმავალმა, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. დაახლოებით ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. აჭარისწყალი მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდა. მთელ ხეობაში ისმოდა თურმე მისი ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია.
ხიდი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება და სხალთისწყლის ხეობაში არსებულ ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა. ამ ხეობას მეტად ხელსაყრელი გეორგაფიული მდებარეობა ჰქონდა. ამ ხიდის გავლით მოემერთებოდა უმოკლესი საქარავნე გზა ზღვისპირეთისკენ. ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 35 მეტრია, ბურჯებად ხიდის ორივე მხარეს გამოყენებულია ბუნებრივი კლდე და სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ ეს ხიდი დღემდე დაუზიანებელია. ხიდი მაღალმთიანი აჭარის საუკეთესოდ შემონახული კულტურის ძეგლია. მისი ნახვის შემდგომ ხეობის ისტორიის უკეთ გასაცნობად აუცილებლად უნდა მოინახულოთ უნიკალური სხალთის მონასტრი, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი და აჭარის ოლიმპოდ წოდებული ხიხანის ციხე.
ცხემლარას ხიდი
მაჭახელას ეროვნულ პარკში სტუმრობისას, გზას ვერ აუვლით ცხემლარას ხიდს, რომელიც ამავე დასახელების სოფელში, მდინარე მაჭახელაზე მდებარეობს. ამ ხიდით სოფელ ცხემლარას მოსახლეობა XX საუკუნის 60-იან წლებში სარგებლობდა ახალი სამანქანე ხიდის აშენებამდე. ნახევარწრიული თაღის მოხაზულობის ხიდი საკმაოდ ვიწროა და განკუთვნილი იყო ფეხით გადაადგილებისთვის. მაჭახელას ხეობა ცნობილია თოფის წარმოების ტრადიციებით. ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო- სახელოსნოები მდებარეობდა, რომლებშიც საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიც იჭედებოდა. მდინარეების - ჭოროხისა და მაჭახელას - შესართავებთან დგას თოფ "მაჭახელა"-ს მონუმენტი. აქვე, სოფელ ზემო ჩხუტუნეთში გახსნილია ექსპონატებით მდიდარი მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი;
ტენიანობის გამო ცხემლარას ხიდის ქვაფენილები ყოველთვის ამოვსებულია ლიქენებით, მწვანე მცენარეებით, რომლებიც ხავსივით ეკიდებიან ქვაფენილებს და არაჩვეულებრივ დეკორაციას ქმნიან.
ვარჯანაულის ხიდი
კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ყოფნისას არ გამოგრჩეთ ვარჯანაულის ხიდის ნახვა, რომელიც ქობულეთის რაიონული ცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ხიდი საკმაოდ დიდი, ფართო და მაღალია. აქვს ნახევარწრიული მოხაზულობის ფორმა. ხიდი უკეთესი სტილითაა აგებული, ვიდრე მე-XI-XII საუკუნის ხიდები. ის მთლიანადაა ჩაფლული კინტრიშის ფლორაში და ავთენტურად ერწყმის გარემოს.
ცხემვანას ხიდი
თუ კინტრიშის ხეობას ცოტა მაღლა აუყვებით სოფელი დიდვაკისკენ, მდინარეზე გადასვლისას თქვენს თვალს არ გამოეპარება ხელოვნების ეს ნიმუში. ცხემვანას ხიდს ხელოვნური ბურჯი მხოლოდ მარჯვენა მხარეზე აქვს, მარცხენაზე კი ბურჯის მოვალეობას ბუნებრივი კლდე ასრულებს.
ლეგენდის თანახმად, ეს ხიდი თამარის ბრძანებით ყოფილა აგებული. დიდ შოთასთან შესახვედრად მობრძანებულ დედოფალს მდ. კინტრიში ადიდებული დახვედრია. მსახურებს ოქროს ტახტრევანზე დაუსვამთ და ისე გადაუყვანიათ მდინარის მეორე ნაპირზე. მდინარეზე გადასვლისას დედოფალს ქოში წყალში დაკარგვია და უბრძანებია: ამ ადგილას ისეთი ხიდი აიგოს, რომ ვერც მდინარემ, ვერც დრომ, ვერაფერი დააკლოსო. დედოფლის ბრძანება შეუსრულებიათ და ეს ხიდი აუგიათ. ხიდის აგების თარიღად XII საუკუნეა მიჩნეული. ხიდი მიმზიდველი ადგილია ბუნების მოყვარული ფოტოგრაფებისა და მოგზაური წყვილებისათვის.
ხუცუბნის ხიდი
ხუცუბნის თაღოვანი ხიდს ორი რამ გამოარჩევს: პირველი რიგში, თაღოვანი ხიდების უმეტესობისგან განსხვავებით, ეს ხიდი ორი თაღისაგან შედგება და მეორე ის, რომ ამ ხიდზე ვერავინ იტყვის, თამარ მეფემ ააგოო. ხიდი აშენებულია 1924 წელს, იტალიური წარმოშობის არქიტექტორ, ავგუსტუ ვერცის მიერ, რომლის დამხმარე ყოფილა მატვეცი (მათე) ლაზარიდი სოფელ ახალშენიდან. შესაბამისად, რთული მისახვედრი არ არის, რომ ხიდი საბჭოთა პერიოდში აშენდა და თავისი გამორჩეულად დასამახსოვრებელი ვიზუალის გამო შეუძლებელია სხვა ხიდებში აგერიოს. ესთეტიკური ტკბობის გარდა, ხიდი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მდინარეში კენჭების სასროლად და მათ მიერ შექმნილ წრეებზე დაკვირვებისთვის, გოლფში სავარჯიშოდ, შეყვარებულთან ერთად გასასეირნებლად და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელადაც კი. ხუცუბნის ხიდი რკინა-ბეტონისა და ბაზალტის ქვისგან არის ნაგები. შესაბამისად, თუკი მისი თაღების ქვეშ მაინცდამაინც უზარმაზარ კუზზე მდგარმა ოთხმა სპილომ არ გადაწყვიტა გაძრომა, კიდევ დიდხანს იდგება და გაუწევს სამსახურს იმ ადამიანებს, ვინც ცურვა არ იცის ან ვისაც, უბრალოდ, დასველება ეზარება.
მირვეთის ხიდი
თუ უქმეებზე ველოსიპედით ბუნებაში გასეირნებას, პიკნიკს და იქვე ადგილობრივი კულტურული ძეგლების მონახულების სურვილი გაგიჩნდებათ, მირვეთი უნდა აირჩიოთ. სწორედ ამ საველოსიპედე მარშუტზე და ამავე სოფელში აჭარისწყლის გადასაქცევიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მირვეთის ხიდი, რომელიც სავარაუდოდ XI-XIII საუკუნეებშია აგებულია. ის დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სატრანსპორტოდ და დღემდე ამაყად ამშვენებს არემარეს. მიმზიდველი ადგილია მდინარეში თევზაობის მოყვარულთათვის. ხიდიდან შეგიძლიათ მარკირებულ ბილიკს აუყვეთ და მოინახულოთ კოლხური ბზის ხეივანი, რომლის ბოლოშიც მირვეთის ულამაზესი ჩანჩქერი მოედინება.
მახოს ხიდი
ხიდი აგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში, რომელიც ჭოროხის მარცხენა შენაკადზე მდებარეობს. ხიდი ერთთაღიანი წრიული ფორმისაა. ის სხვა ხიდებთან შედარებით პატარა ზომისაა და დაბალი თაღი აქვს, რაც ხიდს გამორჩეულ ვიზუალს აძლევს. ისტორიული წყაროების თანახმად მახოს ხიდი ჭოროხის სატვირთო - სანაოსნო გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაკავშირებელ პუნქტს წარმოადგენდა.