Join our Waitlist for Expert Advice!

მთელი გურია ერთ ეზოში ღვინო "მენაბდის მარნისგან" მალე მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სოფელ შემოქმედში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ზუსტად სამი წლის წინ ერთმა დიდმა ოჯახმა ოცნება აიხდინა. მენაბდეებმა საგვარეულო სახლის მოპირდაპირე მხარეს 2,5 ჰექტარი მიწა შეიძინეს. საუკუნენახევრისწინანდელი, ისტორიული სამოსახლო ამ სამ წელიწადში "მენაბდის მარნად" გადაიქცა. მენაბდეები მარნის კონცეფციას ფართოდ უყურებენ − საკუთრივ მარნის გარდა, მათთვის იგი აერთიანებს ვენახს, ეთნოგრაფიულ ეზოს და სასტუმროს სერვისს. მენაბდეებისთვის ეს კულტურული პროექტია. ადგილი, სადაც გურულმა ღვინის კულტურამ ახალი სიცოცხლე უნდა იპოვოს. მოუვლელი, ფაქტობრივად მიტოვებული ეზო გასუფთავდა, სიცოცხლით აივსო, გურულ ოდას, ბეღელსა და ნალიას კი ძველებური, ტრადიციული, გურული იერსახე დაუბრუნდა. "მენაბდის მარანმა" პირველი სტუმარი გასული წლის ივნისში მიიღო. პირველ მოსავალს კი წელს მოიწევს. ბექა მენაბდე ჟურნალ Entrepreneur-ს თავისი ოცნების პროექტზე ესაუბრა.

გურული ოჯახის ახდენილი ოცნება

შემოქმედი გურიაში მდებარეობს. სწორედ შემოქმედიდანაა წარმოშობით მენაბდეების ოჯახი. ბექა მენაბდის მშობლები ოზურგეთში ცხოვრობენ და სწორედ ისინი არიან ჩართულნი ოჯახური ბიზნესის მოვლა-პატრონობაში ყოველდღიურად. შვილები კი შემოქმედისკენ მიმავალ გზას კვირაში ერთხელ მაინც ადგანან.

2,5 ჰექტარი მიწა 2015 წელს შეისყიდეს. მთელი ბავშვობა ამ ეზოს ცქერაში აქვთ გატარებული. ვაშლის, მსხლის, ლიმონის, ბანანის ხეებით დახუნძლული მამული მთლიანად დაასუფთავეს. ეზოს მოუარეს. უძველესი, საუკუნენახევრისდროინდელი სახლის რესტავრაცია გააკეთეს და წლების ოცნების ახდენას შეუდგნენ – ვენახი გააშენეს.

"გურიას ყველა ისე უყურებს, თითქოს აქ მეღვინეობის ტრადიცია განვითარებული არ იყოს. არადა, გურია ყურძნის ჯიშების რაოდენობით საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე და მევენახეობით ყოველთვის განთქმული რეგიონი იყო", − ამბობს ბექა. შემდეგ მევენახეობა ჩაიმ და თხილმა ჩაანაცვლა, დღეს გურული ღვინო ქართულ მაღაზიებში მწირადაა წარმოდგენილი.

"3 წლის წინ 4000 ძირი ჩხავერი ჩავყარეთ − განთქმული გურული ჯიშის ვაზი. პირველ მოსავალს წელს ავიღებთ, რამდენიმე ასეულ ლიტრ ღვინოს დავწურავთ, თუმცა მომავალში ეს 2-3 ტონამდე გაიზრდება". ჩხავერი ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია. ტრადიციულად, ჩხავერისგან ვარდისფერ, მსუბუქ ღვინოს ამზადებენ. თუმცა, მენაბდეების ოჯახმა სრულიად განსხვავებული გზით წასვლა გადაწყვიტა. ვიფიქრეთ, არ დავრჩენილიყავით გურული ღვინის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ აღქმაში. ამიტომ ღვინის დაყენების რამდენიმე მეთოდს მივმართავთ. ჩემი ფავორიტი ჭურის ის ვერსიაა, რომელსაც სრულ ჭაჭაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩერებთ, შემდეგ ჭაჭას ვაცლით და შემოდგომაზე ბოთლებში გადაგვაქვს. ლალისფერი, მშრალი და მაღალგრადუსიანი სასმელი გამოდის".

დამწყები მეღვინეები

მენაბდეების მთავარი ფოკუსი ღვინოა. მომავალ წელს მიზნად აქვთ დასახული ტონამდე ღვინო დაწურონ, შედეგ კი ქართული ბაზრის ათვისებას შეუდგნენ. ექსპორტზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ვენახი სულ რაღაც 3 წლისაა. გეგმაში ბიომეურნეობის ჩამოყალიბებაა, რომელიც დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. "ვენახის მოსავლელად სრულიად ბიოპროდუქტებს ვიყენებთ. ბიომეურნეობის სტატუსის მიღებას ვგეგმავთ. ბიომეურნეობის სტატუსის მინიჭებას კი რამდენიმეწლიანი "გამოსაცდელი" პერიოდი სჭირდება. გარდა ამისა, არც ვაზის დატვირთვა გვინდა, თითო ძირი ვაზიდან მხოლოდ 2-2,5 კილოგრამი ყურძნის მიღებას ვგეგმავთ".

იმისათვის, რომ ღვინის ხარისხი 100%-ით შენარჩუნდეს, ყურძნის თითოეულმა მტევანმა ნიადაგიდან მაქსიმალურად დიდი რაოდენობის რესურსი უნდა მიიღოს. ამისათვის აუცილებელია ყველაზე ჯანსაღი მტევნები შენარჩუნდეს, დანარჩენი კი მოშორდეს. ეს, რასაკვირველია, მიღებული პროდუქტის რაოდენობას ამცირებს, თუმცა ხარისხს ერთიორად ზრდის.

ამ დროისათვის მენაბდეების მარანი სტუმრებს შეძენილი, ადგილობრივი ყურძნისგან დაწურული ღვინით უმასპინძლდება.

პატარა გურია ერთ ეზოში

"მენაბდის მარანი" ტიპური გურული ეზო-კარმიდამოა. ოდის ტიპის სახლი, უძველესი ნაგებობა, რომელიც სრულად რესტავრირდა, უკვე წელიწადია სტუმრებს იღებს. ტრადიციული იერსახე მაქსიმალურად შეუნარჩუნეს. "ვცდილობდით ყველაფერი, რასაც ეზოში თუ სახლში ვპოულობდით, რესტავრაციის პროცესში გამოგვეყენებინა. ასე იქცა აივნის უძველესი მოაჯირი სკამის საზურგედ. ასე შენარჩუნდა უძველესი გურული ოდის წყობა − ცენტრალურ კედელში ჩაშენებული ბუხრის გარშემო განლაგებული ოთახები 21-ე საუკუნის ყველა კომფორტითაა უზრუნველყოფილი. 5 ორკაციანი ნომერი ტურისტებს მთელი საქართველოდან იღებს. გურული ოდა ხშირად მასპინძლობს უცხოელ ტურისტებს. ძირითადად ევროპიდან, ყველაზე ხშირად კი − გერმანიიდან.

გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგება შემოქმედში 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია. მთავარ პრობლემად წლებია წყალმომარაგება რჩება. ცენტრალური მაგისტრალიდან წყალი გურულ სოფლამდე დღემდე ვერ აღწევს. მოსახლეობა, და მათ შორის მენაბდეების ოჯახური ბიზნესი წყალს ჭიდან იღებს. ზაფხულში კი ჭები შრება.

"იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო სრულადაა დატვირთული, დღის განმავლობაში 4 ტონამდე წყალი მოგვაქვს. ვფიქრობთ, წვიმის წყალი შევაგროვოთ და ტექნიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ. იმისათვის, რომ შემოქმედამდე წყალმომარაგების საკითხი მოგვარდეს, მაგისტრალიდან დაქსელვა 20-30 კილომეტრის მანძილიდან უნდა მოხდეს". ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც კერძო მეწარმე სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების გარეშე ვერაფერს გახდება.

"მენაბდის მარანში" 5 ორადგილიანი ნომერია. 4 ნომერი ცენტრალურ ოდაშია განლაგებული, ერთი კი განცალკევებით, ეგრეთ წოდებული გურული "ქუხნის" შენობაში. ტრადიციული გურული სამზარეულო აქაურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა უზარმაზარ ბაღთან და ხეხილთან ერთად. "20-მდე ჯიშის ვაშლის ხე გვაქვს, 10-მდე მსხალი, ბალი, ალუჩა, წყავი, ზღმარტლი, ლიმონი. ეზოში ბანანის ხესაც კი ნახავთ. უამრავ ჩირსა და მურაბას ვამზადებთ, რითაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით. გვაქვს ტრადიციული გურული სამზარეულო და კულინარიული მასტერკლასები".

გრძელვადიანი გეგმები

ამ დროისათვის მენაბდეების ოჯახისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ოჯახის მიერ დაწურული ღვინო ამჟამად მხოლოდ გურული ოდის სტუმრების მოთხოვნას აუდის. "ხშირად ღვინო დეგუსტაციების მოსაწყობადაც კი არ გვრჩება", − ამბობს ბექა.

მენაბდეებისთვის მთავარ პრიორიტეტს ღვინის მარანი წარმოადგენს. თუმცა, სრულად აქვთ გაცნობიერებული, რომ წარმოების პროცესის გამართვამდე დიდი დრო დასჭირდებათ. არსებული გეგმის მიხედვით, პირველი წლის მოსავლიდან დაწურული ჩხავერის რაოდენობამ ტონას უნდა მიაღწიოს. ამის შემდეგ ქართულ ბაზარზე გასვლის შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება.

ტურისტული ნაკადები "მენაბდის მარანში" არ წყდება. ოჯახური ბიზნესი რეკლამირების მიმართულებით არ აქტიურობს. ბიუჯეტი სოციალური მედიისთვისაც კი არ აქვთ გამოყოფილი. როგორც ამბობენ, მათ შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, მარანში ჩასული სტუმრების ფოტოებიდან ვრცელდება. საერთაშორისო პლატფორმებიდან მხოლოდ www.booking.com-ს იყენებენ. ამ ეტაპზე მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ გურულმა ოდამ საკუთარი თავის შენახვა შეძლოს: კომუნალური გადასახადების დაფარვა, ასევე, "მენაბდის მარნის" თანამშრომლების ანაზღაურება − ამჟამად მარანში 5 ადამიანია დასაქმებული.

გრძელვადიანი მიზნები

მარნის აშენება და რესტავრაციისთვის საჭირო ბიუჯეტი მთლიანად მენაბდეების ოჯახის კერძო ინვესტიციაა. როგორც ბექა ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო პროგრამების დახმარება იმ ადამიანებს გამოეყენებინათ, ვისაც ეს თანხა მეტად სჭირდებოდათ, ვიდრე მათ. "ყველაფერი ჩვენი ფინანსებით გავაკეთეთ", − ამბობს ბექა, − "ყველა პროცესში ოჯახის თითოეული წევრი იყო ჩართული. მაგალითად, მთელი ინტერიერი დედაჩემის შექმნილია. დედაჩემი გურიაზე განსაკუთრებულადაა შეყვარებული. თავად თბილისელია, თუმცა დაოჯახების შემდეგ ოზურგეთში ცხოვრობს. ინტერიერის დიზაინზე მან იმუშავა, განსაკუთრებული ხედვა აქვს". ბექა Socar Gas-ის თანამშრომელია, მეუღლესთან ერთად შემოქმედს თითქმის ყოველკვირა სტუმრობს. ღვინის დაყენების პროცესში ბექა, მისი ძმა და მამა არიან ჩართული.

"მენაბდის მარნის" ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დამოუკიდებლობაა. პირადი ინვესტიცია ოჯახს საშუალებას აძლევს, ბიზნესის განვითარებაზე მშვიდად იზრუნოს. დროითი შეზღუდვები არ დააწესოს, არც საბანკო რეგულაციებზე იყოს დამოკიდებული და არც ინვესტორის დოტაციაზე. თითოეულ მათგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ვიდრე გურულ ოდასა და მარანს ისეთ სახეს მისცემენ, როგორიც ოცნებებში წარმოუდგენიათ, არაერთი წელიწადი და წარმოუდგენელი შრომა დასჭირდებათ. თუმცა, მარნის გასავითარებლად არც დრო ენანებათ და არც ფინანსური თუ ადამიანური რესურსი.

"10 წლის პერსპექტივაში მენაბდის მარნის ქსელი წარმომიდგენია. ვხედავ ჩვენს ღვინოს ქართულ მაღაზიებში, საექსპორტოდ გამზადებულ ბოთლებს, დიდ მოსავალს, ტურისტებით სავსე ეზოს".

გრძელვადიან მიზნებში გომის მთაზე − ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილზე, სახლი-სასტუმროს აშენება და ტურების ორგანიზებაც შედის. თუმცა, უმთავრესი პრიორიტეტი ღვინის წარმოებაა, რომელსაც მაღაზიების თაროებზე მომავალ წელს ვიხილავთ.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ