მწვანე საჩუქარი - ნარჩენი არ არის ნაგავი!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მწვანე საჩუქარი" ქართული სოციალური საწარმოა გარემოსდაცვითი მისიით, რომელიც მეგობრებმა დაჩი ჯანელიძემ, აკაკი დარჩიამ, ანა ილურიძემ და მარი ბენდელიანმა ერთად დააფუძნეს. საწარმოს მიზანი ქაღალდის ნარჩენების გადამუშავების წახალისებაა, რაც ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობა ქაღალდის ნარჩენების შეგროვებას, გადამუშავებას და მისგან ახალი პროდუქციის დამზადებას მოიცავს.
სოციალურმა საწარმომ ცოტა ხნის წინ ახალი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით "ნარჩენი არ არის ნაგავი", რომელის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ. მის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ღონისძიებები და აქტივობები, საინფორმაციო სემინარები, ლექციები, ვორქშოპები, ასევე სხვადასხვა ტიპის კონკურსები. პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსება USAID WMTR II პროგრამიდან მიიღეს.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ ქაღალდის ნარჩენებს. გრძელვადიანი ხედვა ასეთია, რომ გვქონდეს დიდი სივრცე და სხვადასხვა ტიპის ნარჩენი შევაგროვოთ, შემდეგ ეტაპზე კი გადავამუშავოთ. ასევე გვსურს გავამრავალფეროვნოთ მეორადი ქაღალდისგან დამზადებული პროდუქცია და ვფიქრობთ არსებული შესაძლებლობებით რა შეიძლება დავამზადოთ განსხვავებული. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას როგორც გარემოსდაცვით საგანმანათლებლო მიმართულებაზე, ისე ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების საკითხში შევიტანთ მნიშვნელოვან წვლილს. მით უფრო, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ორგანიზაცია არჩეულ იქნა ნარჩენების მართვის ასოციაციის ახალი გამგეობის წევრად, რაც შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ ჩვენი ორგანიზაციის მიზნები და მისია", − ამბობს მარი ბენდელიანი.
სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული პროდუქციით უკვე აქტიურად ინტერესდებიან როგორც ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები.
სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქრის" ბიზნესმოდელი გახლავთ B2B. ძირითადად ვიღებთ კორპორაციულ შეკვეთებს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კომპანიებიისგან. მაგალითად, დაგვიმზადებია ამა თუ იმ სტანდარტის ბრენდირებული კონვერტები, ბლოკნოტები, ჩანთები, სასაჩუქრე შეფუთვები, საინფორმაციო ბროშურები თუ ფლაერები, ასევე სხვადასხვა საკანცელარიო პროდუქტი", − გვიყვება მარი ბენდელიანი.
ფიზიკური პირებისთვის "მწვანე საჩუქრის" მიერ დამზადებული პროდუქცია ასევე მრავალფეროვანი და ინდივიდუალურ დაკვეთაზე მორგებულია. პორტფოლიო მოიცავს ქორწილის მოსაწვევებისა და კონვერტების, დაბადების დღის გასაფორმებელი დროშების, ქუდებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის დამზადებას.
დღითი დღე, საქართველოში პოპულარობას იძენს მწვანე, ე.წ. ცირკულარული ეკონომიკა, რომელსაც მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება. "მწვანე საჩუქარში" საწარმოს საქმიანობითა და ეკომეგობრული პროდუქციის წარმოებით ამ სექტორის განვითარებას უწყობენ ხელს.