📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ანანო ვეკუა - ქართველი მეღვინის წარმატება ავსტრალიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სკოლაში ძალიან მიყვარდა ქიმია და მინდოდა ჩემი მომავალი საქმიანობა სწორედ ამ სფეროსთან ყოფილიყო კავშირში. თუმცა მედიცინა და წმინდა ქიმია არ მიზიდავდა, ამიტომ გადავწყვიტე აგრარულ მეცნიერებაში მეცადა ბედი და აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ვფიქრობდი, რომ მეღვინეობა-მევენახეობა საქართველოში საინტერესოდ ვითარდებოდა, ამიტომ ეს მიმართულება ავირჩიე", - ანანო ვეკუა, პირველი ქართველი ქალი მეღვინე ავსტრალიაში.

ანანომ საკუთარი მონაცემები ავსტრალიურ ღვინის მარანში გაგზავნა და ისე მოხდა, რომ პრემიუმ ხაზის ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ აიყვანა.

"მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვმუშაობდე ძალიან კარგ კომპანიაში და წარმოვადგენდე საქართველოს. ასევე ეს საშუალებას მაძლევს, ჩემი გამოცდილება აქაურებს გავუზიარო და მათ სტრუქტურას, განსხვავებულ ჯიშებსა და მეთოდებს გავეცნო", - გვიყვება ანანო.

როგორც თავად ამბობს, ახალი რთველი ახალი გამოწვევაა. ეს მეღვინეების ახალი წელია, თითოეული ღვინის ისტორიის წერა სუფთა ფურცლიდან იწყება. ეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება, ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.

"ავსტრალიური ღვინოების გასინჯვისას მიკვირდა, როგორ მოახერხეს ასე მალე, არც ისე ხანგრძლივი ისტორიით, ამ შედეგისთვის მიეღწიათ. ძალიან მინდოდა ყველა პროცესი საკუთარი თვალით მენახა და ჩემი წვლილიც შემეტანა დიდი ავსტრალიური ღვინოების წარმოებაში".

ანანომ პირველი გამოცდილება უნივერსიტეტის ბოლო კურსზე მიიღო, როდესაც სადიპლომო ნამუშევრად უნივერსიტეტში დაყენებული საკუთარი ღვინო წარადგინა. მან თავის ჯგუფელებთან ერთად დამოუკიდებლად შეარჩია ჯიშები და ტექნოლოგიები. ამბობს, რომ იმ წელს უამრავი საინტერესო ნიმუში შეიქმნა და ეს ტრადიცია უნივერსიტეტში დღემდე გრძელდება.

"ჩემი და ჩემი გუნდის მიერ დაყენებულ ღვინოებს აღებული აქვთ ოქროს მედლები ისეთ კონკურსებზე, როგორებიცაა Mundus Vini, International Wine and Spirits Competition, Decanter, London Wine Competition, Sommeliers Choice Awards.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ასეთ კონკურსებში მონაწილეობა და სხვა გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნება. საჭიროა ვიცოდეთ, როგორ პროდუქტს აწარმოებენ კონკურენტი კომპანიები და რა ადგილი გვიკავია მათ შორის", - აღნიშნავს ანანო.

მისთვის ყველაზე განსაკუთრებულ გამოცდილებად სამხრეთ აფრიკა რჩება. იქაური ღვინო, ხალხი და გარემო ძალიან უყვარს.

"საქართველო-სამხრეთ აფრიკის სავაჭრო პალატის პროექტი იყო მეღვინეების გაცვლა ამ ორ ქვეყანას შორის და მე გამიმართლა, რომ რობერტსონის კოოპერაციაში აღმოვჩნდი. როგორც მეღვინე, ყველა პროცესში ჩართული ვიყავი, დაწყებული ყურძნის მიღებიდან, ღვინის საბოლოო ფილტრაციამდე. პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად ძალიან მიხარია, რომ ამ ქვეყანამ და ხალხმა ბევრი დასამახსოვრებელი შეგრძნება დამიტოვა".

ანანო გერმანიაში პატარა მარანშიც მუშაობდა და გაზაფხული-ზაფხულის პერიოდის ვენახის სამუშაოებში იყო ჩართული, რაინგაუს ციცაბო ვენახებში. მიიჩნევს, რომ ამან ასწავლა, თუ რამდენად მნიშნელოვანია სწორად მოვუაროთ ვაზს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.

"ასკანელი" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში. 25 ქვეყანაში ხდება ჩვენი ღვინის ექსპორტი და ძალიან ვამაყობ, რომ ბოლო წლებია სტაბილურად მაღალ ხარისხს ვინარჩუნებთ.

მეღვინეების მთელი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ თანამედროვე ტექნიკები და მეთოდები ჩვენს ტრადიციულ, უძველეს ტექნოლოგიებსა და ჯიშებს შევუსაბამოთ. ხშირად მესმის კარგი შეფასებები ჩვენს ღვინოებზე, რაც მოტივაციას გვაძლევს".

ანანო ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რთველის მიღება მისთვის უდიდესი გამოცდილება და მრაფალფეროვანი პრაქტიკაა. აპირებს, რომ ეს მომდევნო წლებშიც გააგრძელოს, თუმცა მისი გრძელვადიანი მიზნები საქართველოს უკავშირდება. როცა დაბრუნდება, სურს, რომ ქართული რთველისთვის მოემზადოს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!