📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გაიცანით EPAM-ის გუნდი, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას საქართველოდან უძღვება

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EPAM

EPAM-ი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც1993 წლიდან არსებობს და ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერია. მარტივად რომ ვთქვათ, EPAM-ის გუნდი ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება, რაც პროდუქტების დეველოპმენტს, ქონსალთინგს, დიზაინერულ გადაწყვეტებსა თუ სხვა სერვისებს მოიცავს.

EPAM-ის ჰიბრიდული, მულტიკულტურული გუნდები მთელ მსოფლიოში ექვს კონტინენტზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ და მსოფლიო მასშტაბის უმსხვილეს კომპანიებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობენ.

2021 წელს EPAM-ი S&P 500-ს დაემატა და Forbes Global 2000 კომპანიის სიაში მოხვდა. Newsweek-მა იგი 2021 და 2022 წლებში ყველაზე სასურველ სამუშაო ადგილად დაასახელა. როგორც აღიარებული ლიდერი, ჟურნალ Fortune 1000-ში, IT-სერვისების 15 საუკეთესო კომპანიას შორის დასახელდა. ამავე ჟურნალმა EPAM-ი ოთხჯერ მოიხსენია, როგორც IT-სერვისების საუკეთესო კომპანია Fortune-ის 100 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაში.

არსებობის თითქმის 30 წლის განმავლობაში EPAM-მა უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი აჩვენა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს Tech-კომპანია და ზოგადად Software Engineering.

EPAM-ი ქართულ ბაზარზე 2020 წელს შემოვიდა და მას შემდეგ ათასობით ტექნიკურ პროფესიონალს აერთიანებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი. კომპანიის დინამიკურ და ინკლუზიურ კულტურას პოზიტიური გავლენა აქვს საზოგადოებაზე, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე. EPAM-ის მრავალფეროვანი გუნდები თანამედროვე პროექტებს ავითარებენ.

Entrepreneur-ს სურს EPAM საქართველოს გუნდი გაგაცნოთ, რომელიც საქართველოსა თუ მსოფლიო ბაზარზე არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს.

გივი სართანია − Head of EPAM Georgia

"EPAM საქართველოს" გამოჩენის დღიდან გივი სართანია ხელმძღვანელობს, რომელმაც IT-სფეროში კარიერა ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაიწყო. იგი მუდმივად განვითარებისა და სიახლეების ძიებაში იყო, შედეგმაც არ დააყოვნა და 2014 წელს სამ მეგობართან ერთად software development კომპანია დააფუძნა. კომპანიამ 6 წელიწადში 85-კაციანი გუნდი შეკრა, რომელსაც 200-ზე მეტი ქართული და უცხოური პროექტი ჰქონდა განხორციელებული. მათი მიზანი IT-სამყაროსთვის საქართველოს გაცნობა და Software Engineering-ის რუკაზე ჩვენი ქვეყნის გამოჩენა იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა EPAM-ის საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა.

"EPAM- თვალს 2014 წლიდან ვადევნებდით, რომელიც ჩვენთვის მაგალითი იყო და სწორედ ამ გზით გვსურდა განვითარება. 2019 წლის ბოლოს თბილისში არკადი დობკინი გავიცანი, რომელიც EPAM-ის დამფუძნებელი, CEO და პრეზიდენტია. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, შეზღუდული დროით მოგვიწია, თუმცა ეს 20 წუთი საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ EPAM-ის ფასეულობები და ხედვები ძალიან ემთხვეოდა ჩვენს ხედვებს. ამიტომაც, 2020 წლის ბოლოს მივიღეთ შემოთავაზება გაგვეერთიანებინა ძალები და ერთად გაგვევითარებინა EPAM- საქართველოში, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით", განმარტავს გივი.

Entrepreneur-თან საუბრისას გივი აღნიშნავს, რომ EPAM-ს ქართულ ბაზარზე გამოცდილება, მასშტაბები და პარტნიორები გამოარჩევს. EPAM-ის გუნდები მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან მუშაობენ, რაც დიდ როლს ასრულებს თანამშრომლების კარიერულ ზრდაშიც.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დიდი კომპანიებისთვის უფრო ხილვადი გახდა და ნელ-ნელა გაცილებით მეტ ყურადღებას იპყრობს. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ რამდენიმე საერთაშორისო კლიენტის წარმომადგენელს საქართველოში და ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ", აღნიშნავს გივი.

EPAM-ს დამკვეთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს − როგორც დიდი, ასევე საშუალო ზომის კომპანიები. ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან მოდის, ასევე წარმატებით თანამშრომლობენ ევროპისა და აზიის მსხვილ კორპორაციებთან. მომხმარებლები თითქმის ყველა ინდუსტრიიდან არიან, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, დაზღვევა, ტელეკომუნიკაციები, განათლება, მედიცინა თუ სხვა.

ვიდრე EPAM-ი საქართველოს ბაზარზე მოიკიდებდა ფეხს, StrategEast-თან და GITA-სთან ერთად სხვადასხვა Tech-მიმართულებაში უფასო ტრენინგები განახორციელა. 2020 წლის შემდეგ კი EPAM-ის ტრენინგცენტრი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და დღეს უკვე, განსაკუთრებით მოთხოვნად ტექნოლოგიებში 10-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პირველივე დღეებიდან, კომპანია აქტიურად შეუდგა სპეციალისტების დასაქმებას − EPAM-ის ტრენინგების ბევრი კურსდამთავრებული მალევე EPAM-ში დასაქმდა.

კომპანია საქართველოში ძალიან მცირე დროში დიდი ტემპით გაიზარდა − როგორც სპეციალისტების, ასევე პროექტების რაოდენობისა და მოცულობის მხრივ. "EPAM საქართველოს" თანამშრომლები დღეს საქართველოს სხვადასხვა მსხვილ ქალაქში არიან გადანაწილებულნი, გარდა ამისა, დედაქალაქში ახალი ოფისიც ფუნქციონირებს.

კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა მატრიცულია. თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, ხანგრძლივი ვადით ჩაერთონ პროექტში ან საინტერესო გამოცდილების დასაგროვებლად, დროდადრო განახორციელონ როტაციები.

პროექტის გუნდები ძირითადად მულტიფუნქციური და მრავალეროვანია, რაც დამატებით გამოცდილებას იძლევა. ერთ პროექტში შესაძლოა რამდენიმე პროფესიონალი 4-5 ქვეყნიდან ერთიანდებოდეს.

გივის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი გამორჩეული პროფესიონალი გვყავს, IT-ის კუთხით ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა. წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი, რაც ბაზრის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე და მსხვილი უცხოური კომპანიები საქართველოს IT-სფეროთი დაინტერესდნენ. ამისთვის კი რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის დაბანდებაა საჭირო განათლებაში.

არჩილ ვარშანიძე Head of .NET Practice

არჩილ ვარშანიძე EPAM საქართველოში .NET დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი .NET რესურსების განვითარებასა და გუნდის წევრების პროფესიულ ზრდაზეა პასუხისმგებელი. ამჟამად მის გუნდში 100-ზე მეტი ადამიანი ერთიანდება, რომლებიც პარტნიორებისთვის სხვადასხვა ტიპის სერვისს ქმნიან.

არჩილს Tech-ინდუსტრიაში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. იგი გივისთან ერთად Software-კომპანიის თანადამფუძნებელი იყო, ასევე ტექნიკური და საოპერაციო დირექტორი. სხვადასხვა დროს ითავსებდა პროგრამისტის, გუნდის ხელმძღვანელის, არქიტექტორისა თუ პროექტის მენეჯერის როლებს − ფაქტობრივად, კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დროს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის თითქმის ყველა პროცესში, არაერთი სამუშაო როლით იყო ჩართული.

"EPAM საქართველოს" გუნდს იგი გამოჩენის დღიდან შემოუერთდა, რადგან აქ კარიერული განვითარების სწრაფ შესაძლებლობას ხედავდა − როგორც საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებით, ასევე დახვეწილი ორგანიზაციული პროცესების შესწავლით.

"სიამოვნებით მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი EPAM-ის გუნდის წევრი. რეალობამ კი მოლოდინი გაამართლა EPAM-ში, განურჩევლად გამოცდილებისა, განვითარების უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ერთი მხრივ, აქ არის სხვადასხვა პროექტი, სადაც შეგიძლია, შენთვის საინტერესო როლით ჩაერთო და გამოცდილება გამოავლინო. მეორე მხრივ კი გვაქვს ტრენინგები, რათა ისწავლო ის, რაც გაინტერესებს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო პროექტების მასშტაბი და ის თითოეული ნაბიჯია, რომელიც პროექტების წარმატებით დასრულებისთვის ხორციელდება", აღნიშნავს არჩილი.

მასშტაბური გუნდის მართვა დიდ პასუხისმგებლობასა და მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული. პროდუქტიულობისა და შესაბამისი პროგრესის მიღწევა მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა გუნდის წევრების პროგრესზე დაკვირვება და მათი უკეთეს პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესი განსაკუთრებულ მოტივაციას სძენს.

EPAM-ის მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილებამ არჩილს საშუალება მისცა ახლო კონტაქტები დაემყარებინა განსხვავებული კულტურისა და გამოცდილების მქონე ადამიანებთან.

"ბევრ ქვეყანას, სადაც EPAM-ია წარმოდგენილი, უფრო მეტი გამოცდილება აქვს დაგროვილი ამ სფეროში, ამიტომ ძალიან საინტერესოა მათთან ერთად მუშაობა. ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ ჩვენი კორპორაციული კულტურა არ ყოფს "ეპამელებს" ადგილმდებარეობის მიხედვით. მიუხედავად EPAM-ის საქართველოში არსებობის მცირე დროისა, ვმონაწილეობთ ყველა გლობალურ ინიციატივაში. EPAM-ში მოსვლისთანავე შეგიძლია ჩაერთო ისეთი გლობალური კლიენტების პროექტებში, რომლებთან მუშაობაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდა", ამბობს არჩილი.

EPAM მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კარიერულ განვითარებაზე. ტექნიკურ უნარებთან ერთად აქ, მენეჯერული უნარების განვითარებაც შეგიძლიათ, ამის საშუალებას კი შიდა სტრუქტურასთან ერთად, კლიენტთა მრავალფეროვნება იძლევა − მათი პროექტები და გამოწვევები ნებისმიერი მიმართულების პროფესიონალს დააინტერესებს.

"EPAM-ში შეგიძლია, არ თქვა უარი შენ საყვარელ საქმეებზე, და თან განვითარება განაგრძო. მაგალითად, გვაქვს პოზიციები ტექნიკური გამოცდილების მქონე პროფესიონალებისთვის, რომელთაც მენეჯმენტში სურთ კარიერის გაგრძელება, მაგრამ TECH-უნარებზე უარის თქმა არ სურთ Engineering manager, Delivery manager და სხვა. თუ მენეჯერული საქმიანობა ნაწილობრივ აინტერესებთ, მაგრამ ძირითადად ტექნიკური მიმართულებით სურთ განვითარება, შესაძლოა Solution Architect-ის პროფესიამ დააინტერესოთ. ხოლო მათ, ვისაც კოდის წერის სიღრმისეული დაუფლება სურთ, შეუძლიათ Adanced Software Engineer-ის კარიერულ გზას გაჰყვნენ", აღნიშნავს არჩილი.

ანა კარელინა − Head of People

ანა კარელინა "EPAM საქართველოში" HR-მიმართულების ხელმძღვანელია. აღნიშნულ სფეროში მას მუშაობის 10 -ლიანი გამოცდილება აქვს. კარიერა, როგორც უმცროსმა სპეციალისტმა თავდაპირველად HR Business Partner-ის გუნდში დაიწყო, მოგვიანებით კი People Partners გუნდში გადაინაცვლა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობის მასშტაბური გამოცდილება დააგროვა და ჰქონდა შესაძლებლობა HR-მენეჯმენტის გლობალური ხედვა ჩამოეყალიბებინა.

"როდესაც გავიგე, რომ "EPAM საქართველოში" Head of People-ის პოზიციაზე ვაკანსია გაიხსნა, ეს ჩემი კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობად მივიჩნიე. იმ დროისთვის "EPAM საქართველო" ჯერ კიდევ ყალიბდებოდა და ეს იყო შესანიშნავი შანსი ჩემთვის, მომეტანა და დამემკვიდრებინა HR-მენეჯმენტის ყველა საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც EPAM-ში გლობალურად არსებობს", ამბობს ანა.

Entrepreneur-თან საუბრისა ანა აღნიშნავს, რომ EPAM-ს ბაზარზე არაერთი რამ გამოარჩევს, უპირველეს ყოვლისა 30-წლიანი გამოცდილება და მემკვიდრეობა ყველა სფეროში − ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში, კონსალტინგში, დიზაინსა თუ HR-აქტივობებში.

"ამ წლების განმავლობაში არასდროს შეგვიწყვეტია განვითარება. ჩვენ ყოველწლიურად ვრჩებით ტენდენციების მწვერვალზე და ვქმნით ინოვაციებს საკუთარი სამუშაოს თითოეულ ასპექტში", ამბობს ანა.

EPAM-ის თითოეული პროცესი გაწერილია თანამშრომლების საჭიროებების მიხედვით, რათა მათ საუკეთესო გამოცდილება მიიღონ პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში. ციფრული პროდუქტები EPAM-ში ძალიან კარგადაა ინტეგრირებული HR-აქტივობებთან. ყველა შიდა საკომუნიკაციო პლატფორმა თავად EPAM-ის გუნდის მიერაა შემუშავებული, რაც შესაბამისად მორგებულია გუნდების საჭიროებებზე.

"მაგალითად, ჩვენ შევქმენით Telescope AI-პლატფორმა, რომელიც ჩვენი შიდა სისტემების ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს. პლატფორმა რეალურ დროში აანალიზებს მონაცემებს და საშუალებას გვაძლევს სწორად შევაფასოთ და ვმართოთ კომპანიის ადამიანური რესურსები და დავაბალანსოთ სამუშაო დატვირთვა. Telescope AI ხელს უწყობს თანამშრომლების მოტივირებას, უნარების განვითარებას და ზრდას. იგი უზრუნველყოფს კლიენტთან კავშირს რეკორდულ დროში და AI-ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფად რეაგირებას ცვლილებებზე. მთლიანობაში, მისი დახმარებით ვაღწევთ ბიზნესისთვის კრიტიკული ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს და ვზრდით პროდუქტიულობას ყველა მიმართულებით", − აღნიშნავს ანა.

EPAM-ში თანამშრომლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს და მოაქვთ წარმატება კომპანიისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, EPAM-ში არაერთი HR-პროცესი არსებობს, რომელიც თითოეულ ნაბიჯზე მუშაობის სასიამოვნო და დაუბრკოლებელ გამოცდილებას უზრუნველყოფს.

კომპანიის HR-პროცესი და შიდა პოლიტიკა აგებულია მონაცემთა ერთიან ანალიზზე. მონაცემები გროვდება როგორც ავტომატურად სისტემებიდან, ასევე თანამშრომლების უკუკავშირებიდან. გუნდთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გზა სწორედ გამოკითხვები და უკუკავშირების მიღებაა. მთლიანობაში, ეს პროცესი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.

"50-ზე მეტ ქვეყანაში დიდი გუნდებისგან ინდივიდუალური გამოხმაურების შეგროვება შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყოს, მაგრამ ჩვენი შიდა სისტემების დახმარებით, რომლებიც ფოკუსირებულია თანამშრომლების საჭიროებებზე, შეგვიძლია ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ვადევნოთ თვალი, განსაკუთრებით რთულ ვითარებაშიც კი. მაგალითად, ყველას კეთილდღეობის თვალყურის მიდევნების შესანიშნავი საშუალებაა სპეციალური ვიჯეტები ჩვენსავე სისტემაში, რომლებიც თანამშრომლის განწყობას, უსაფრთხოების სტატუსსა და დახმარების საჭიროებას აკონტროლებენ", აღნიშნავს ანა.

ანა კარელინა და ნაინო ქაშიბაძე

თანამშრომლებთან ურთიერთობის კიდევ ერთი გზაა სამუშაო როლები, მათ შორის რესურსმენეჯერი. იგი გუნდს პროფესიული განვითარების გზაზე კომპანიის შიგნით ორიენტირებაში ეხმარება. ჩართულია რეკრუტირების პროცესში, გუნდის ნავიგაციასა და კარიერული გზების არჩევაში. იგი ცდილობს, თანამშრომლებს კომპანიის შიდა კულტურა გააცნოს და საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ.

"შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო საუკეთესო HR-გუნდთან, "EPAM საქართველოს" Leadership Team-თან და ზოგადად, EPAMer-ებთან საქართველოში. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ შესანიშნავი სპეციალისტებისა და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის ჩამოსაყალიბებლად", აღნიშნავს ანა.

ნაინო ქაშიბაძე Communications Manager

ნაინო ქაშიბაძე "EPAM საქართველოში" კომუნიკაციების მენეჯერია. მას მარკეტინგში, კომუნიკაციებსა და სარეკლამო სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ნაინო მუშაობდა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივ წარმომადგენლობაში. განსაკუთრებულმა ცნობისმოყვარეობამ რამდენიმე წლის წინ იგი IT-სფეროში მოიყვანა, თავდაპირველად ერთ-ერთ ქართულ software development-კომპანიაში პროექტმენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი იმავე კომპანიაში მარკეტინგის მიმართულებას ჩაუდგა სათავეში.

როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის არცერთი გამოცდილება არ იყო ისეთი მასშტაბური და დინამიკური, როგორც დღეს EPAM-ში მუშაობისას აქვს. ნაინო "EPAM საქართველოს" გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, რადგან ახალი კარიერული გამოწვევების მიღება სურდა.

EPAM-ის რეგიონული კომუნიკაციების გუნდი 8 ქვეყანას აერთიანებს: საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, ლიეტუვა, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. თითოეული ქვეყნის გუნდი ერთმანეთს უშუალო გამოცდილებას უზიარებს − როგორც პროფესიულ, ისე კულტურულ ჭრილში, ეს კი ორივე მიმართულებით თვალსაწიერის გაფართოების უდიდესი შესაძლებლობაა.

"EPAM-ის გამოჩენა შესაძლებლობის იმხელა არეალს შლიდა, რომ ცდად ღირდა. ამიტომ ღია გონებით და განვითარებისთვის მზადყოფნით გადავდგი ნაბიჯი წინ. ეჭვები მალე გამიქარწყლდა. ჩვენს სტრუქტურას სტანდარტული იერარქია არ აქვს, შესაბამისად ადამიანებს ნებისმიერი კუთხიდან და ნებისმიერი პროფილით შეუძლიათ ერთმანეთს უშუალოდ ეკონტაქტონ. გარდა ამისა, აქ დამხვდა გუნდი, რომელიც თითოეულ ნაბიჯზე მიმაგრებს ზურგს. ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც ერთი მიზნის მისაღწევად ყველას თავისი წვლილი შეაქვს და ვხედავ საერთო შრომის შედეგს. მასშტაბების მიუხედავად, ზუსტად ვხედავ თითოეული ჩვენგანის დადებულ აგურს საქართველოში IT-სფეროს განვითარებისთვის", აღნიშნავს ნაინო.

IT-ბაზრის ზრდასთან ერთად EPAM დიდ ძალისხმევას ხარჯავს ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობის არაერთ პროექტს ახორციელებს. ამჟამად მათი მთავარი ფოკუსი მოსწავლეებში STEM-პროგრამების განვითარება და განათლების ხელშეწყობაა, რისთვისაც ადგილობრივ სასწავლო ინიციატივებს უჭერენ მხარს.

"2022 წელს ჩვენი მხარდაჭერით და ილიაუნის ორგანიზებით რამდენიმე საჯარო სკოლაში რობოტიკის კლუბი დაინერგა. ვთანამშრომლობთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტთან, როგორიცაა მასწავლებლების ეროვნული ჯილდო. ასევე, Millenium Inovation Awards-ის ფარგლებში სპეციალური პრიზი გადავეცით მონაწილეებს, რომლის შესახებაც მალე უფრო ვრცლად გიამბობთ", აღნიშნავს ნაინო.

ადგილობრივი IT-ბაზრის განვითარებისთვის, აქტიურად მუშაობს EPAM-ის ტრენინგცენტრიც. ყოველწლიურად ასობით დამწყები პროფესიონალი იღებს მონაწილეობას ტრენინგებში IT-ის სხვადასხვა მიმართულებით, მათი წარმატებით დასრულების შემდეგ კი ბაზარზე დასაქმების არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ. აღნიშნული კურსები ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელიც ინგლისურ ენას ფლობს.

Entrepreneur-თან საუბრისას, ნაინო აღნიშნავს, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას EPAM-ის კულტურაში დიდი როლი მიუძღვის. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი EPAM-ის თანამშრომლების მიერ შექმნილი Tech Community-ებია, რომლებიც, საშუალებას გაძლევს გაიცნო შენი პროფილის სხვა ადამიანები, გაუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს და დაამყარო საინტერესო კავშირები როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურ დონეზე.

მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილება მისთვის ერთ-ერთი საინტერესო და ამასთან, გამოწვევებით სავსე გამოდგა.

"პირველი რამდენიმე თვე ემოციებით სავსე ვიყავიბევრი რამ ხდებოდა ჩემ ირგვლივ, ყველაფერი მაინტერესებდა, ამიტომ ფოკუსის გასწორება გამიჭირდა. კოლეგების მხარდაჭერის მიუხედავად, ერთი წელი დამჭირდა, რათა სრულად შემესწავლა ყველა პროცესი და გათვითცნობიერებული ვყოფილიყავი ყველა ინიციატივასა თუ პროექტში, რაც კომპანიაში ხდება. დღეს ახალმოსულ თანამშრომლებს ვუზიარებ ამ გამოცდილებას და ყოველთვის ვეუბნები, დრო მისცენ საკუთარ თავს, განსაკუთრებით, თუ ასეთი მასშტაბის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქამდე არქონიათ", აღნიშნავს ნაინო.

ნაინოს თქმით, გლობალური ქსელის წევრობა არაერთი საინტერესო გამოცდილების მომცემია. ერთი მხრივ, ის ავითარებს IT-სფეროს საქართველოში და მეორე მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვავლინოთ ადგილობრივი უპირატესობები.

"EPAM-ის მსგავსი კომპანია დღეს ქართულ ბაზარზე ნამდვილად არ არსებობს. ზოგადად, მსოფლიოშიც ცოტაა ჩვენნაირი მასშტაბისა და შესაძლებლობის მქონე კომპანია. 6 კონტინენტზე 65 000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს, აქედან რამდენიმე ათასი საქართველოშია. პროფესიონალების ამხელა ქსელი უამრავ შესაძლებლობას ქმნის. ძალიან დიდია ინტელექტუალური კაპიტალი, რომელთან წვდომაც აქვე, სახლიდანსაქართველოდან გვაქვს. რამდენიმე წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდით", − აღნიშნავს ნაინო.

ვალერი სუხანი Head of Mobile Practice

ვალერი სუხანი "EPAM საქართველოში" მობაილ-დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ამ მიმართულების განვითარებას უზრუნველყოფს.

პირველი ნაბიჯები ტექნიკურ სფეროში ვალერიმ NPO Integral-ში მუშაობისას გადადგა, სადაც CNC-პროგრამისტი, ხარისხის ინჟინერი და ფოტოლითოგრაფიის განყოფილების მენეჯერი იყო. ვალერი EPAM-ის გუნდს 2011 წელს შეუერთდა, მისთვის მოტივაცია IT-სფეროს სწრაფი ზრდა და პროფესიული ზრდის დიდი შესაძლებლობა იყო.

იულია მელაძე და ვალერი სუხანი

თავდაპირველად იგი EPAM Lab-ის სტუდენტი გახლდათ, რომელიც EPAM-ის ტრენინგცენტრის ფარგლებში არსებული სტაჟირების პროგრამაა. მან წლების განმავლობაში სწრაფი ნაბიჯები გადადგა QA-ინჟინრიდან და გუნდის ხელმძღვანელიდან მობაილის განყოფილების ხელმძღვანელობამდე.

გასულ წელს ვალერიმ შემოთავაზება მიიღო საქართველოში მობაილ-განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე და სწორედ მას შემდეგ შეუერთდა "EPAM საქართველოს" გუნდს. დღეს კი საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში მობაილ-განყოფილებას ხელმძღვანელობს.

"ვინაიდან მე უკვე მქონდა მენტორობისა და ლექტორობის გამოცდილება, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა ადგილობრივი პროფესიონალებისთვის. ასევე, ჩამომიყალიბდა მკაფიო ხედვა, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ IT რეგიონში და საქართველო ამ განვითარების ფოკუსად ვაქციოთ", აცხადებს ვალერი.

როგორც ვალერი აღნიშნავს, EPAM-ი მთელი ამ დროის განმავლობაში განვითარების არაერთ შესაძლებლობას აძლევდა, რაც დღემდე ასეა. მას შეუძლია შეიცვალოს ტექნოლოგიური მიმართულება, ისწავლოს რეალურ დროსა და ბიზნესგარემოში. ასევე, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

"აქ, საქართველოში, მე ვხედავ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა. ქართული IT-ბაზარი სწრაფად ვითარდება და ვგრძნობ, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო ქვეყნის IT-სფეროს განვითარებაში. ჩემი მიზანი და მოტივაციაა, დავეხმარო ადგილობრივ ტალანტებს გაიზარდონ EPAM-ში, EPAM-ის მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირებით", აღნიშნავს ვალერი.

ქართულ IT და მობაილ-სექტორის პოტენციალზე საუბრისას ვალერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ ინდუსტრიას ზრდისა და განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რასაც არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

"ვფიქრობ, ქართული ბაზრის ზომა არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რაოდენობით განისაზღვროს. საქართველოში ახალგაზრდები ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ფლობენ, რაც მათ გარე წყაროებითა თუ ტრენინგებით სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, მობილური აპლიკაციები წარმოუდგენლად პოპულარულია საქართველოში, IT-ინდუსტრია კი ხელსაყრელი საგადასახადო და საკანონმდებლო სისტემებით სარგებლობს. ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში IT და მობაილ-სექტორს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მიხარია, რომ ამ განვითარების ნაწილი ვიქნები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ IT-ბაზარი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბაზარი, ხალხის გარშემო ტრიალებს და საქართველოში ხალხი მართლაც რომ გამორჩეულია", ამბობს ვალერი.

იულია მელაძე Scrum Master

იულია მელაძე "EPAM საქართველოში" Scrum Master-ის პოზიციას ფლობს. მას ქართულ კომპანიებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, ამ დროის განმავლობაში კი IT-მიმართულების თითქმის ყველა როლი გამოცადა. იულია არასდროს უშინდებოდა ახალ გამოწვევებსა და შეთავაზებებს, სწორედ ასე აღმოაჩინა მისთვის ყველაზე სასურველი პროფესია და ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში Scrum Master-ობას შეუდგა.

EPAM-ის საქართველოში შემოსვლისთანავე იულია ამ შესაძლებლობით დაინტერესდა, მას საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღება სურდა. მალევე კი "EPAM საქართველოს" გუნდის წევრი გახდა.

"ჩემი მთავარი მოტივაცია საინტერესო პროექტები და ახალი გამოცდილების მიღება იყო. მეგონა, რომ ვიაზრებდი EPAM-ის მასშტაბს, თუმცა ალბათ იმის 10%-საც ვერ წარმოვიდგენდი, რაც სინამდვილეში დამხვდა შიდა და გარე სასწავლო რესურსები, საშუალება, მყავდეს მენტორი, რომელიც სასურველი მიმართულებით განვითარებაში დამეხმარება, მომცემს კარიერულ რჩევებს და რაც მთავარია, ნდობა, მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ვაკეთო ის, რაც მაინტერესებს. გარდა ამისა, გავიცანი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ვისგანაც ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ და მაქვს საშუალება ჩავერთო კომპანიაში, მიმდინარე, ჩემთვის საინტერესო ნებისმიერ ინიციატივაში", ამბობს იულია.

Entrepreneur-თან საუბრისას იულია აღნიშნავს, რომ EPAM-მა მას არაერთი საინტერესო გამოცდილება შესძინა. იგი თანამშრომლობდა კომპანიებთან, რომლებიც Agile-ის პიონერები არიან და ჰქონდა შესაძლებლობა მათი გამოცდილება გაეზიარებინა. კონკრეტული პროექტის ფარგლებში Scrum-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯეფ საზერლენდის ასისტენტთან ერთად მუშაობდა და არაერთ ტრენინგს ესწრებოდა.

გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება და ცოდნა იმ ადამიანებს გაუზიაროს, რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ. ამ მიზნით მან Agile Community შექმნა, რომელსაც კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელობს.

"გაერთიანების შექმნის მიზანი, თავდაპირველად, პლატფორმის საჭიროება იყო, სადაც ჩვენი გამოცდილების გაზიარებას შევძლებდით. უპირველესად, Agile Community "EPAM საქართველოს" ფარგლებში სამუშაოდ იყო ჩაფიქრებული, თუმცა ჩვენ დიდი ხანია გავცდით საქართველოს მასშტაბებს, რამდენიმე თვეში შევაგროვეთ 1000-ზე მეტი წევრი EPAM-ის თითქმის ყველა ქვეყნიდან. ისინი აქტიურად ესწრებიან ჩვენს რეგულარულ ღონისძიებებს, ეცნობიან სტატიებს და მონაწილეობას იღებენ საგანმანათლებლო პროგრამებში", აღნიშნავს იულია.

მთლიანობაში, ეს ღონისძიებები, ისევე, როგორც სხვა პროცესები EPAM-ში, ხელს უწყობს გამოცდილების ისეთი მასშტაბის გაზიარებას, როგორიც ერთი ქვეყნის ფარგლებში შეუძლებელი იქნებოდა.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!