📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Digital Road Studio - მეგობრების "ციფრული გზა" საქართველოდან მსოფლიო ბაზრამდე "თავიდან უბრალოდ ვაკეთებდით საქმეს, რომელიც გვიყვარდა. შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენი რესურსების სწორად განაწილება. პირადად მე მივატოვე 3D-სფერო და ჩავუდექი კომპანიას სათავეში."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უნივერსიტეტში ერთი პროფესიის შესწავლისას ალბათ ბევრ სამეგობროს აქვს ოცნება, წამოიწყონ საერთო ბიზნესი და ერთად მიღებული ცოდნა საერთო მიზნისთვის გამოიყენონ, თუმცა ამ ოცნების განხორციელებას ცოტა თუ ახერხებს.

Digital Road Studio-ს (DRS) შემქმნელებმა მეგობრული ოცნება აისრულეს − კომპანია სწორედ სტუდენტობისას დამეგობრებულმა ადამიანებმა დააფუძნეს. ეს არის ქართული გეიმ-დეველოპერული აუთსორს-სტუდია, რომლის მიმართულებებიცაა 3D-მოდელირება, ვიზუალური ეფექტები, 2D-კონცეპტები და პროგრამირება თამაშებისთვის.

როგორც DRS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საბა დეკანოსიძე, გვიყვება, მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ თამაშების დეველოპმენტისადმი ჰქონდათ ინტერესი, მოგვიანებით კი აუთსორს-კომპანიის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.

ძირითადი გუნდი ოთხი ადამიანისგან შედგება: საბა დეკანოსიძე, გიორგი გედიანიძე, ნიკოლოზ ყიფშიძე და კონსტანტინე ჟორჟოლიანი. მიუხედავად იმისა, რომ სამეგობროს ბიზნესში პირად ურთიერთობებსა და სამსახურს შორის ბალანსის დაცვა არც ისე ადვილია, DRS-ის გუნდი ამას საკუთარი ტაქტიკით ართმევს თავს:

"ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ სამუშაო ეთიკა სამუშაო დღის განმავლობაში, შემდეგ კი ერთად ვთამაშობთ/ვერთობით კომპიუტერული თამაშებით. ჩვენ საერთო ინტერესი გვაერთიანებს, ომელი არ გვიშლის ხელს ვიყოთ ერთმანეთის მეგობრებიც და ბიზნესპარტნიორებიც", − ამბობს საბა დეკანოსიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

დასაწყისში გუნდი თამაშების მზა შაბლონებს აქვეყნებდა, რათა კლიენტები მიეზიდა. Unreal Marketplace-ზე განთავსებული მათი ერთ-ერთი შაბლონი ასტრონავტების გადამზადებაზე მომუშავე კომპანიამ იყიდა − სწორედ ეს იყო ბიძგი, რომ არ უნდა გაჩერებულიყვნენ და ენთუზიაზმი აუცილებლად მოუტანდათ წარმატებას. ასეც მოხდა − ახლა Digiral Road Studio საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს და მათ ქართული ბაზრითაც აინტერესებს.

"დაგვიკავშირდა ესტონური აუთსორს-კომპანია Ringtail Studios. ჩვენ ისინი დავაინტერესეთ საქართველოთი და ჩვენი პარტნიორობის დაწყებიდან ერთ წელიწადში მათ გახსნეს რიგით მესამე ოფისი მსოფლიო მასშტაბით თბილისში", − ამბობს დეკანოსიძე.

საქმის დაწყებისას მათი ერთ-ერთი ინსპირაცია ამერიკული კომპანია Dekogon იყო, რომელიც კლიენტებს 3D-დიზაინს სთავაზობს. როგორც საბა ამბობს, მათ ეს შეთავაზება გააფართოვეს, რათა მეტი კლიენტის მოზიდვა შესძლებოდათ. საინტერესოა, რომ Digital Road Studio-ს ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომლობა სწორედ Dekogon-თან ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საქმე კარგად ესმოდათ, ბიზნესის წარმოება მაინც გამოწვევა იყო. საბა დეკანოსიძე იხსენებს, რომ ამ კუთხით გამოცდილება გუნდში არავის ჰქონდა. ყველაფერი ერთად ისწავლეს და საყვარელ საქმეში ბიზნესის ალღოც გამოიმუშავეს.

"თავიდან უბრალოდ ვაკეთებდით საქმეს, რომელიც გვიყვარდა. შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენი რესურსების სწორად განაწილება. პირადად მე მივატოვე 3D-სფერო და ჩავუდექი კომპანიას სათავეში. საჭირო იყო ადამიანი, რომელიც ბიზნეს კუთხით შეხედავდა ჩვენს წამოწყებას. სტუდიის ჩამოყალიბების შემდეგ მოგვიწია ბევრი სხვადასხვა საქმის სწავლა, რათა უფრო ხარისხიანად და სწრაფად განგვევითარებინა ბიზნესი", − გვიამბობს საბა დეკანოსიძე.

DRS-ის გუნდი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთანაც, რომლებიც ქართველი სპეციალისტებით ინტერესდებიან. ასეთი გახლავთ თურქულ კომპანია Leartes Studios-თან თანამშრომლობა. კომპანია მზადაა, სტაჟირებაზე აიყვანოს სტუდენტები, რომლებიც DRS-ის აკადემიაში წარმატებით დაასრულებს 3D-დიზაინის სამენტორო პროგრამას.

აკადემია კიდევ ერთი წამოწყებაა, რომელიც Digital Road Studio-ს გუნდს ეკუთვნის. სრულად ონლაინსწავლებით 2023 წლის აგვისტოში გახსნილი აკადემია სტუდენტებს თამაშების დეველოპმენტისთვის მნიშვნელოვან ასპექტებსა და უნარებს შეასწავლის.

საბა ამბობს, რომ ამ საქმით დაინტერესებულთათვის მთავარი რჩევა აქვს − ყველაზე დიდი დრო დაუთმონ პროფესიულ განვითარებასა და ძლიერი პორტფოლიოს შექმნას. თამაშების დეველოპმენტი ერთ-ერთი მზარდი მარკეტია მსოფლიოში, ამიტომ DRS-ის დირექტორი ამბობს, რომ ახალბედებმა უნდა დასვან შეკითხვები და შეეცადონ, ჰყავდეთ ნაცნობების დიდი წრე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

Digital Road Studio-ს დიდი სამომავლო გეგმები აქვს: სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული თამაშების დეველოპმენტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. შესაბამისად, უნდათ, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია დააინტერესონ ქართული ბაზრით და აქ ინვესტირებით.

ამჟამად მუშაობენ თამაშზე, სახელად Infernal Hunt, რომელსაც რამდენიმე თვეში განათავსებენ პლატფორმაზე. საბა დეკანოსიძე ამბობს, რომ იმედი აქვთ, საქართველოში ამ ინდუსტრიის განვითარებაში Digital Road Studio თავის სათქმელს იტყვის და წვლილს შეიტანს მის წარმატებაში.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!