📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" და მისი პოზიტიური გავლენა ქართულ ბიზნეს-ეკოსისტემაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5 ოქტომბერს Pullman Tbilisi Axis Towers-ში ოფიციალურად გაიხსნა პროექტი "მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში". პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ხელშეწყობა. ამისათვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა და სინერგიის მხარდაჭერა პოლიტიკურ პარტნიორებთან, ბიზნესასოციაციებთან, კლასტერებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ცენტრებთან. ასევე, ციფრული გადაწყვეტილებების შემქმნელებთან.

პროექტის დირექტორმა ნიკლას რუეფერმა, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლიდია კრისტმანმა და GIZ-ის ბიუროს დირექტორმა საქართველოში სანდრა შენკემ ხაზი გაუსვეს პროექტისა და გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. სააგენტომ "აწარმოე საქართველოში", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატამ ღონისძიებაზე წარმოადგინეს გაციფრულების მხარდაჭერის თავიანთი პროექტები.

Entrepreneur Georgia პროექტის დირექტორ ნიკლას რუეფერსა და მის მოადგილეს, სალომე არღვლიანს ესაუბრა მეტი დეტალისა და მოლოდინის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ტრანსფორმირდეს ციფრული შესაძლებლობებით ქართული ბიზნესი.

შეგიძლიათ აღგვიწეროთ, რა გავლენა ექნება ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უფრო ფართო სურათში, რეგიონზე?
პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა გააუმჯობესებს კონკურენციას, პროდუქტიულობასა და ანტრეპრენერულ საქმიანობას უფრო მიმზიდველს გახდის. გაციფრულება კომპანიებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტიანად მოახდინონ საერთაშორისო ბაზრის ათვისება.

პროექტში მონაწილეობა ქვეყანაში არსებულ ყველა მცირე და საშუალო საწარმოს შეუძლია. პროცესში შუამავლებად გვევლინებიან ბიზნესის გაერთიანებები, სავაჭრო-სამრეწველო პალატები, დარგობრივი ასოციაციები და კლასტერები, ტექნოლოგიების გამავრცელებელი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები.

ნიკლას რუეფერი აცხადებს, რომ ციფრულ ინდუსტრიაში არსებული ინოვაციები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სოციუმისა და ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით ჩვენს დროში, თანამშრომლობა და ნდობა კი საუკეთესო საფუძველს ქმნის ინოვაციისთვის, იქნება ეს ბიზნესში, უნივერსიტეტებს თუ კვლევით ორგანიზაციებს, საჯარო სამსახურებს თუ საერთაშორისო დონეზე მთავრობებს შორის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ პარტნიორებს ამ პროექტის განხორციელებაში − როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ დეტალები, კონკრეტულად როგორ განვითარდება ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე პროექტის სამუშაო ჩარჩო, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანი ციფრული ტრანსფორმაცია?
პროექტში ჩართულნი არიან სტატისტიკის ეროვნული სამსახურები და სამინისტროები. მათ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიეცემათ რეკომენდაციები განვითარების საკითხებზე, მათივე ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ასევე ვისაუბრებთ პოლიტიკის დანერგვის გზებზე, რათა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას.

თემატური დიზაინი ევროპულ მიდგომებს ეფუძნება (მაგალითად, "ევროკავშირის სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებით") და რეგიონში ადვოკატირებას უწევს ცვლილებებს. სტატისტიკის წარმოების გასაუმჯობესებლად ყურადღება იქნება გამახვილებული ბიზნესისა და ინოვაციების სტატისტიკის მხარდაჭერაზე. მაგალითად, საუბარია ციფრული ეკონომიკის ან საზოგადოებრივი ინდექსის (DESI) გამოყენებაზე. გაძლიერდებიან სტატისტიკის ეროვნული ბიუროები, რათა უკეთ აწარმოონ მონაცემების შეგროვება, მათი შეფასება, ანალიზი და შედეგების ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურებთან მიმოცვლა.

პროექტის საბოლოო მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესში კონკურენტუნარიანობის გაზრდა ციფრული ტრანსფორმაციის ხარჯზე. პროექტი ასევე ხელს უწყობს გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის უფრო ფართო განხორციელებას, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მიზნებს: ეკონომიკური ზრდა; ინოვაციები; გლობალურ დონეზე თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ყველა საკითხთან იკვეთება − გენდერული თანასწორობა.

პროექტის მოკლე და საშუალოვადიანი მიზნებია:

  • სამთავრობო და სტატისტიკური დეპარტამენტების დონეზე გაუმჯობესებული პირობები იმისთვის, რათა ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში მხარდაჭერილი იყოს;
  • ციფრულ და ანტრეპრენერულ ეკოსისტემების მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ხელი შეეწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას;
  • ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის შესაძლებლობების გაძლიერება ბიზნესისა და წარმოების პროცესებისთვის.

მიზნის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის კოორდინაცია, ამავდროულად, სტატისტიკის სამსახურებთან მუშაობა. პროცესს ხელს შეუწყობს ევროკავშირში დამკვიდრებული ჩარჩოებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაზიარება და გაცვლა. მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯერებისა და დასაქმებული სპეციალისტების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა კი სექტორების ციფრული ტრანსფორმაციის სტიმულირებას მოახდენს.

დაბოლოს, შეგიძლიათ იმ დაბრკოლებებისა და შესაძლებლობების შესახებ გვითხრათ, რომლებიც გაციფრულების დანერგვის პროცესს შეიძლება მოჰყვეს საქართველოში?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკა "კოვიდ"-პანდემიის გავლენებისგან ნელ-ნელა ჯანსაღდება. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსისა და ინოვაციების ინდექსის მიხედვით, ამ ქვეყნებს კარგი საფუძველი აქვთ, რომელზეც შემდგომში შეუძლიათ ინოვაციები დააშენონ. გარდა ამისა, თავად პანდემიამ ბევრი მცირე თუ საშუალო ბიზნესი გახადა იძულებული, ციფრულ ბაზარზე მოეძებნათ შესაძლებლობები − ონლაინ გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, ინტერნეტპლატფორმების განვითარება. ეს ცვლილებები უკვე გამოკვეთს კონტურს, თუ საით განვითარდება მომავალში ინვესტიციები, ურთიერთობები ღირებულების ჯაჭვებთან და სამომავლოდ საჭირო შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

მცირე და საშუალო ბიზნესებზე ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა ძალიან დიდი იქნება. არსებული ბიზნესპროცესების ციფრულით ჩანაცვლება ძალიან საჭირო ტრანსფორმაციაა ამ დინამიკურ სამყაროში საქმის კეთების ტრადიციულ გზებზე. სამომხმარებლო სეგმენტებისა და შემოსავლების ნაკადების დივერსიფიკაცია მკვეთრად შეამცირებს რისკს და გააუმჯობესებს ინდუსტრიის პროდუქტიულობას.

სალომე არღვლიანი ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მდგრადი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი გააძლიერებს თანამშრომლობას, შექმნის სინერგიებს და მოძებნის პრობლემების გადაჭრის ციფრულ გზებს.

მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობების შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთივე ქვეყანასა და ასევე გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ცოდნისა და უნარების რეგიონულ და საერთაშორისო გაცვლას. ციფრული და სამეწარმეო ეკოსისტემების მონაწილეებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განავითარებს სერვისების შეთავაზებას და გააუმჯობესებს ეროვნულ და რეგიონულ ჩარჩო-პირობებსა და პოლიტიკას, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია და გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები, წარმოების პროცესების გაციფრულებისათვის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს