📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რა წვლილი მიუძღვის Orient Logic-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Orient Logic IBM-ის ოქროს საპარტნიორო სტატუსის მქონე წამყვანი IT-კომპანიაა, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ციფრული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება წარმატებით შეძლო.

კავკასიის რეგიონში აღნიშნული მასშტაბის პროექტი პირველად IBM-ის მხარდაჭერით განხორციელდა. IBM-ი კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა და სხვადასხვა ორგანიზაციას მათთვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

Orient Logic-ის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განხორციელებული განახლებები მონაცემთა ბაზის სტაბილურობას უზრუნველყოფს და მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს. პროექტის დასრულების შემდეგ IBM-მა პროცესში ჩართული მხარეების განწყობებისა და მოსაზრებების გასაგებად Orient Logic-ისა და EMIS-ის თანამშრომლებთან ინტერვიუები ჩაატარა, რომლებიც განხორციელებული ცვლილებების ეფექტიანობასა და პროდუქტიულობაზე საუბრობენ.

პანდემიის დაწყებისთანავე სკოლები და უნივერსიტეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოულოდნელი და დაუგეგმავი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც სწრაფ რეაგირებას საჭიროებდა. თითქმის ყველა საგანმანათლებლო სისტემა ალტერნატიულ გზას ეძებდა, თუ როგორ მოერგო საკუთარი სასწავლო რესურსი მუდმივად ცვალებად გარემოსა და დისტანციურ სწავლებაზე. გამონაკლისი არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გახლდათ.

პანდემიით გამოწვეული ცვლილებების საპასუხოდ, სამინისტროს წინაშე "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" განახლების აუცილებლობა დადგა. არსებული სისტემა დისტანციურ სწავლებაზე სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას − EMIS-ს უნდა მოერგო, რომელმაც ამისთვის Orient Logic-ს მიმართა.

Orient Logic ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს საჯარო თუ კერძო სექტორში ტრანსფორმაციული ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით ეხმარება. კომპანია უსაფრთხოებაში, Cloud-მენეჯმენტისა და ციფრული ბიზნესის ავტომატიზაციის სფეროშია სპეციალიზებული, გარდა ამისა Red Hat Premier პარტნიორია Cloud-ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალიზაციით.

"EMIS-ს ძირითადი სისტემა ჰქონდა, რომელიც eSchool აპლიკაციაში ინტეგრირებულ რამდენიმე Azure-აპლიკაციას მოიცავდა, მათ შორის ერთ-ერთი ელექტრონული ჟურნალია. სისტემები, რომლებიც 2020 წლამდე არსებობდა, მონოლითური და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული იყო. ყველა სისტემა ყოველღამე მონაცემთა სინქრონიზაციის პროცედურების დასრულებამდე ჩერდებოდა. თვეში ერთხელ ან ორჯერ მაინც იყო სისტემური ხარვეზი სინქრონიზაციის დროს. IT-ჯგუფს ღამით მუშაობა უწევდა, რათა არსებული ხარვეზი გამოესწორებინა და სისტემის გათიშვა ან მონაცემთა დაკარგვა აეცილებინათ თავიდან", − განმარტავს მერაბ გოგოლაური, Orient Logic-ის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და Cloud ინფრასტრუქტურის დირექტორი.

პროგრამა, რომელსაც განათლების სამინისტრო სკოლებისთვის იყენებდა, ყოველთვის გადატვირთული იყო. ამ სისტემაში ყოველდღე ერთდროულად დაახლოებით 15,000-20,000 მომხმარებელი შედიოდა, რაც სხვადასხვა ხარვეზს იწვევდა. პანდემიის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან ერთად სისტემა კიდევ უფრო დაიტვირთა და მისი გაუმჯობესების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

"სისტემა დიდ მასაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, რომელიც 100,000 მომხმარებელს აღწევდა. არსებობდა აპლიკაციის შექმნის საჭიროება, რომელიც ამ დატვირთვას ხარვეზების გარეშე გაუძლებდა. თუმცა, სწრაფი ცვლილებების განხორციელება ხარვეზების გამოწვევის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევდა", − აღნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, EMIS-ის უფროსის მოადგილე დავით ტატიშვილი.

მერაბ გოგოლაურის თქმით, სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ახალი გადაწყვეტილებები იყო საჭირო. პანდემიის დაწყებამ აშკარა გახადა, რომ არსებული პროგრამა არ იყო შექმნილი დისტანციური სწავლებისთვის. საჭირო გახდა სისტემის სწრაფი შეცვლა და ადაპტირება, რადგან სამინისტრო დისტანციურ სწავლებაზე Microsoft Teams-ის მეშვეობით გადავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ EMIS უკვე იყენებდა IBM Qradar ტექნოლოგიას, რაც საერთო უსაფრთხოებისა და არქიტექტურის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

"მივხვდი, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების თანამედროვე მეთოდები და მოქნილი ინფრასტრუქტურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და EMIS- ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარებოდა", − აღნიშნავს მერაბ გოგოლაური, Orient Logic-ის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და Cloud-ინფრასტრუქტურის დირექტორი.

როგორ შეიქმნა მიკროსერვისებზე დაფუძნებული სწრაფი ინფრასტრუქტურა

მდგომარეობის შესამსუბუქებლად Orient Logic-მა EMIS-ის IT-დეპარტამენტთან ითანამშრომლა, რათა განათლების სამინისტროში Red Hat® Openshift® Kubernetes ინფრასტრუქტურა და Agile Integration დაენერგა. მათი მიზანი მიკროსერვისებზე დაფუძნებულ ახალ სისტემაზე გადასვლა იყო, რომელიც უფრო თანამედროვე და მოქნილი იქნებოდა.

"ახლა ყველაფერი Openshift-ზეა, რომელიც როგორც მონაცემთა ინტეგრაციის ცენტრალური ჰაბი, მუშაობს ყველა აპლიკაციისთვის. Red Hat-ის საინტეგრაციო ხელსაწყოები, გარე კომპანიებთან ინტეგრაციისას, მონაცემთა მიმოცვლისთვის, API-მენეჯმენტისა და უსაფრთხოებისთვის გამოიყენება. ეს ხელსაწყოები დაფუძნებულია წამყვან ღია კოდის პროექტებზე, რაც შეუდარებელ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს EMIS-ის ნებისმიერი სისტემის ინტეგრირებისთვის", − განმარტავს მერაბ გოგოლაური.

IBM® Instana®-ს დანერგვის შემდეგ სისტემების მონიტორინგი ნაკლებ შრომატევადი გახდა. როგორც მერაბ გოგოლაური აღნიშნავს, ახლა რეალურ დროშია შესაძლებელი დაინახო, თუ რა იწვევს პრობლემებს სისტემაში. აპლიკაციებისთვის დაყენებული სერვისის დონის მეტრიკებიდან რაიმე გადახრის შემთხვევაში, Instana დეტალურ შეტყობინებებს აგზავნის შესაბამის ადამიანებთან, რომლებსაც მყისიერად შეუძლიათ დაათვალიერონ პრობლემის ძირეული მიზეზი და დაუყოვნებლივ დაიწყონ მისი გამოსწორება. მთლიანობაში ამ მექანიზმმა სამინისტროს ნებისმიერი სისტემური ცვლილება უფრო სწრაფი გახადა, ყოველგვარი არევის გარეშე, მათ შორის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას.

"ხარვეზები სისტემას აღარ აფერხებს. მონაცემთა სინქრონიზაცია ადრე ძალიან ცუდი იყო, ახლა კი გამართულად მუშაობს. თითქმის 11 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ Red Hat საინტეგრაციო ხელსაწყოები დავნერგეთ ძველი მონაცემების სინქრონიზაციის პროცედურების გამოყენების ნაცვლად და მას შემდეგ სერიოზული პრობლემა არცერთხელ არ გვქონია", − აღნიშნავს დავით ტატიშვილი.

დღეს სკოლები სწავლების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ და სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, სისტემა კვლავ მარტივად ადაპტირდება ვირტუალურ სასწავლო პროცესზე.

რამდენად კმაყოფილები არიან ცვლილებებით მხარეები?

შეიძლება ითქვას, რომ Orient Logic-მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტექნიკურად საუკეთესო გადაწყვეტილება შესთავაზა. ახლა, ნებისმიერი ცვლილება სისტემაში სწრაფად და მარტივად ხორციელდება. რაც მთავარია, ერთ სისტემაში არსებული ხარვეზი საერთოდ არ ახდენს გავლენას სხვა ფუნქციებსა და სისტემებზე.

"პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ახლა უფრო ეფექტიანია. მანამდე ახალი ვერსიების არაავტომატურად განთავსებას რამდენიმე საათი სჭირდებოდა, პროგრამული უზრუნველყოფის ხშირი განახლება არ იყო პრაქტიკულიდანერგვის პროცესი ხელით მუშავდებოდა, ამიტომაც სისტემების განახლებების დიდი ნაწილები რამდენიმე თვეში ერთხელ ინერგებოდა. CI/CD-ისა და Gitops-ის დანერგვის შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესი გამარტივებულია: ჩვენ ვწერთ, Openshift უშვებს მას. ამიტომ, ინჟინრების დახმარება საჭირო არ არის. სისტემების მცირე განახლებები ავტომატურად ინერგება დღეში რამდენიმეჯერ, რაც სხვადასხვა პროცესს აჩქარებს", − აღნიშნავს მერაბ გოგოლაური.

წარმატებულ ცვლილებებზე საუბრობს ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. როგორც დავით ტატიშვილი აღნიშნავს, მასწავლებლებისა და მშობლებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ცვლილებებს და ისინი EMIS-ით კმაყოფილები არიან.

წარმატებული ცვლილებების შემდეგ, Orient Logic-ის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და Cloud-ინფრასტრუქტურის დირექტორი აღნიშნავს, რომ შემდგომი ნაბიჯი EMIS-ის მიერ ძველი ძირითადი სისტემების გადახედვა, ყველაფრის მიკროსერვისებში გადაწერა და ახალი ფუნქციების თუ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაა.

"ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ დავეხმარეთ საკუთარ დამკვეთს. მონაცემთა სინქრონიზაცია ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ეს ხარვეზიც გამოვასწორეთ. ყველა ამ ცვლილებამ მომხმარებლის კმაყოფილების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რადგან აპლიკაციებს აღარ აქვს ხარვეზი და ახალი ფუნქციებიც ყოველდღიურად ემატება", − აღნიშნავს მერაბ გოგოლაური.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია