📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? გაბრიელ მელივა − ტექ-ანტრეპრენერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ოდესმე გიფიქრიათ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, არც კვირაში 7 და წელიწადში 365 დღე გყოფნით?

იმისათვის, რომ მსგავსი განცდები თავიდან აირიდოთ, საჭიროა დროის ეფექტიანი მართვა სცადოთ. დროის მენეჯმენტი ერთგვარი პროცესია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა აქტივობა საკუთარ დროზე გადაანაწილო, თანაც ისე, რომ ნაკლებ დროში მეტი შედეგი დადო, მაშინაც კი, თუ დროში შეზღუდული ხარ და ძლიერ ზემოქმედებას განიცდი. დროის ეფექტიანი მართვა მეტ პროდუქტიულობასა და ნაკლებ სტრესს გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში კი კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

ალბათ ბევრი გსმენიათ დროის მართვის ისეთი ზოგადი ტექნიკების შესახებ, როგორებიცაა დაგეგმვა, ჩანაწერების გაკეთება, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და სხვა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც საკუთარი უნიკალური კომბინაციის შექმნისკენ მიისწრაფვიან. Entrepreneur დროის მართვაზე ტექ-ანტრეპრენერს გაბრიელ მელივას ესაუბრა.

ტერმინი "დროის მართვა" გადატვირთული ამერიკული სამუშაო სტილიდან წამოვიდა, სადაც პრინციპში გიჟურად უნდა იმუშაო იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო და რაღაცას მიაღწიო. თავისთავად ცხადია, თუ გინდა რამეს მიაღწიო, ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს შრომა იყოს ისეთი გიჟური, რომელიც რაღაცაზე უარს გათქმევინებს. საჭიროა ბალანსი, რადგან ის, რისი მიღწევაც გინდა, თავისთავად მოითხოვს შენს ნერვებს, ემოციებსა და ყველაფერს ერთად.

არ მჯერა ისეთი სამუშაო გრაფიკის, რომელიც ემოციურად "გადაწვას" გამოიწვევს. შესაძლოა, ამ დროს უკეთესი შედეგი გქონდეს, რაც ციფრებშიც აისახება, თუმცა ვფიქრობ, გრძელვადიან ხედვაში უაზრო და გადატვირთული გრაფიკი ცუდად მოქმედებს. ის, რასაც აკეთებ, უნდა იყოს სახალისო, თავად უნდა იმუშაო ამაზე და არ იყო დაძაბული.

ამ ეტაპზე მეც არ ვარ დატვირთული − რა პროექტებიც გვქონდა, ჩავეხსენი, ზოგი გავყიდეთ, ზოგი სხვას გადავეცით და ა.შ. ახლა კვლევა-ძიების ფაზაში ვართ და ძალიან საინტერესოა ეს ეტაპი. ბევრი მიმართულებით გიწევს ფიქრი და ახალ იდეებს ეჭიდები. მერე გარკვეულ კალაპოტში გიწევს ჩადგომა და თუ დაფინანსება აწიე ისეთი ინვესტორისგან, რომელიც შენგან ავტომატურად ითხოვს გიჟურ გრაფიკს, ასეთი წნეხები რა თქმა უნდა მოდის, მაგრამ თვითონ უნდა განსაზღვრო და დააბალანსო ყველაფერი.

რაც შეეხება პრაქტიკულ ტექნიკებს, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ტექნიკურ საქმეს არ ვაკეთებ, მაგრამ ტვინი მუდმივად ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრობს. ზოგჯერ საჭიროა გონება გათიშო, განიტვირთო, სხვა რაღაცაზე გადაერთო და დასვენებულ გონებაზე განაგრძო ფიქრი. უამრავი ტექნიკა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩავინიშნოთ შესასრულებელი დავალებები. შესაძლოა ხმოვანი ჩანაწერი გააკეთო და Google Keep-ში ჩაიწერო. არაერთი მოსაზრება არსებობს იმის შესახებაც, რომ სჯობს დილით ერთი საათი მეილების შემოწმებას დაუთმო, შემდგომი ერთი საათი ბრეინშტორმინგს, თუმცა მე არ მომწონს ეს მიდგომა. რა თქმა უნდა, გარკვეული გეგმა უნდა გქონდეს, რათა გაუყვე მას, თუმცა მირჩევნია მუშაობის პროცესს მივყვე და საჭიროებების მიხედვით ვიმოქმედო. ვცდილობ ვკონცენტრირდე დიდ გეგმაზე და პატარ-პატარა დავალებები სიტუაციიდან გამომდინარე გადავანაცვლო.

დროის მართვის პროცესში დაბრკოლებად მესახება ის, რომ ხანდახან აპოკალიფსურ სცენარებს წარმოვიდგენ ხოლმე და შემდეგ იმაზე მიწევს ფიქრი, ეს რატომ არ მოხდება და როგორ არ უნდა მოხდეს. ვცდილობ მსგავსი ფიქრები განვდევნო, ამაში კი ხალხის აზრის მოსმენა მეხმარება. ბევრჯერ დამიფიქსირებია, რომ მეგობრებთან და კარგ ნაცნობებთან საუბარი კარგი გამოსავალია − ხვდები, რომ თურმე მათაც იგივე პრობლემა აწუხებთ და საუბრის შედეგად ორივე კმაყოფილები ხართ.

რაც შეეხება Work-life ბალანსს, ამას ძალიან მარტივად ვახერხებ − ბავშვები დამყავს სკოლაში და ბაღში, ჩართული ვარ საოჯახო საქმეებში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა, იმისათვის, რათა შემდგომში პროდუქტიული იყო. სწორედ თავისუფლება და მოქნილი სამუშაო გარემოა ის, რაც ანტრეპრენერობას ახასიათებს. თუ ესეც უნდა მოიკლო, მაშინ სჯობს კორპორაციულ გარემოში იმუშაო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავისუფლება შევიგრძნო, არ ვიყო თავგადაკლული მომუშავე, რაც მსიამოვნებს ის გავაკეთო, თანაც ისეთ რეჟიმში, როგორც მე მომწონს. შესაძლოა, დატვირთული მუშაობით უფრო მეტი შედეგი მქონდეს, თუმცა ამ განსხვავებას ვიხდი იმ სიამოვნებაში, რომელიც შემიძლია თავისუფალ დროს მივიღო.

არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტრეპრენერობა მანიაკურ შრომას მოითხოვდეს. შეიძლება გარკვეული პერიოდი მუდამ გიწევდეს მუშაობა, მაგრამ იმის ძახილი, რომ მე ასე ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება ნატანჯია, არ მგონია სწორი იყოს. სილიკონ ველის კულტურიდან არის შემოსული, რომ თუ ვინმემ სტარტაპი დაიწყო, აუცილებლად მოღუშულმა უნდა იაროს და იძახოს, რომ ღამე არ სძინავს, შემდეგ ყველას აჩვენოს ეს და შესაძლოა, რეალურად არაფერს აკეთებდეს. ასეთი FAKE-სიტუაციები ბევრს არასწორ წარმოდგენას უქმნის, რომ თითქოს თუ ღამე არ გაათენე, ესე იგი რაღაცას ვერ შეძლებ. ვფიქრობ, ეს მოდგომა უნდა აღმოიფხვრას.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?