📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ანანო დოლაბერიძე − Phubber-ის თანადამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით Phubber-ის თანადამფუძნებელს, ანანო დოლაბერიძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დროის მართვას ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მუშაობის პროდუქტიულობაზე. სტარტაპ-სფეროში განსაზღვრული არ არის, რომ მაინცდამაინც 9-იდან 6-მდე უნდა იმუშაო, პირიქით − შესაძლოა, ბევრად მეტი ხანი მოგიწიოს მუშაობა, რაღაც დაგეგმო და ამ დროს საქმე გამოგიჩნდეს. სწორედ ამიტომ საკმაოდ რთულია ამ ინდუსტრიაში დროის ეფექტიანი მართვა.

პირადად ჩემთვის ყველაზე კომფორტული მომდევნო კვირის წინასწარი დაგეგმვაა, რისთვისაც Google-კალენდარს ვიყენებ. ზუსტად ვიცი თითოეული შეხვედრა თუ ზარი რომელ დღეს და როდის მაქვს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შემთხვევებიც ხშირია, როდესაც ფორსმაჟორში გიწევს საკითხების მოგვარება, მაგრამ ძირითადად ყველაფერს ერთი კვირით ადრე ვგეგმავ, რაც დროის პროდუქტიულად განაწილებაში მეხმარება.

მართალია, სტარტაპი უფრო მეტი დროის დათმობას მოითხოვს, ვიდრე სტანდარტული სამსახური, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. პირობითად რომ ვიცოდე, 7 საათის შემდეგ სამსახურის საქმეები არ მექნება, წარმოუდგენელია, რადგან ყოველ წუთას Phubber-ზე ვფიქრობ და ვმუშაობ.

რაც შეეხება ე.წ. Work-life-ბალანსს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახს და შვილს სწორად დავუთმო დრო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, როდესაც სამსახურში არ ვარ, მათთან ერთად ვიყო. ბევრი ფიქრობს, რომ რადგან დედა ვარ და შვილი მყავს, ეს უფრო მეტ ენერგიასა და დროს მოითხოვს ჩემგან, რაც მათთვის დაბრკოლებაა, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც მონდომებული ხარ და ზუსტად იცი რას რისთვის აკეთებ, არაფერი არის დაბრკოლება − შეგიძლია სახლის საქმეები მოაგვარო, ბავშვის თემებიც დაალაგო და პარალელურად სტარტაპი ააშენო. ორსულად ვიყავი, როდესაც Phubber-ის იდეაზე დავიწყეთ მუშაობა, ბავშვი გავაჩინე და 2 თვეში აპლიკაცია გავუშვით, ერთ ხელში ბავშვი მეჭირა, მეორე ხელით კი ტელეფონზე მომხმარებლებს ვესაუბრებოდი.

თუ ზუსტად იცი რა მიზანი გაქვს და საით მიდიხარ, ყველაფერს შეძლებ, ქალი კიდევ სხვანაირად ყოვლისშემძლეა. მინდა, რაღაცნაირად მოტივაცია მივცე ყველა ქალს, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს, აქვს იდეები, მაგრამ ვერ რისკავს. პირიქით − მე მჯერა და ვგრძნობ, რომ ჩემი ოჯახი და შვილი კიდევ უფრო მეტი ძალა და მოტივაციაა ჩემთვის, ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად ვაკეთო. დროის მართვის პრობლემაც სწორედ ამიტომ არ მაქვს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!