📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ნინა მენთეშაშვილი − AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით AlterSocks-ის თანადამფუძნებელს, ნინა მენთეშაშვილს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

ჩემთვის, როგორც ანტრეპრენერისთვის, ანუ ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი თავის უფროსი თავადაა, თვითდისციპლინა და დროის სწორი მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ საქმის, დასვენებისა და პირადი ცხოვრების ბალანსი შევძლო. ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკა, რომელსაც ბალანსის მისაღწევად ვიყენებ, დღეების კატეგორიებად, საათების მიხედვით დაყოფაა. მაგალითად, დილიდან შუადღის 3-4 საათამდე პერიოდი ბიზნესის საქმეებისთვის მაქვს გამოყოფილი, რომელსაც შინიდან ან ოფისიდან ვასრულებ. შემდეგ დაახლოებით საათ-ნახევარი ვარჯისა და დასვენების დროა, რასაც შინ პროდუქტების მიტანისა და სადილის მომზადებისთვის გამოყოფილი 2 საათი მოსდევს. საღამოს საათები პირადი ინტერესებისთვისაა განკუთვნილი, კითხვისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის და ბოლოს, მისი უდიდებულესობის − ძილის საათები მოდის, რომლის დარეგულირება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ცხოვრების ჯანსაღი ბალანსის მისაღებად.

დროის განაწილების და ე.წ. work-life-ბალანსის მიღწევის ბევრი სხვადასხვა ტექნიკა მიცდია, თუმცა ყველაზე ეფექტიანი ჩემთვის მაინც ზემოთ აღნიშნული მიდგომა გამოდგა. თუ საათობრივად არ გავწერე რას რის შემდეგ ვაკეთებ, მერე ქაოსურად ხან ერთს, ხან მეორე საქმეს ვკიდებ ხელს და შედეგად, თავისუფალი დრო, პირადი ცხოვრება და საქმე ერთმანეთში "იზილება", იკარგება ზღვარი, როდის ვმუშაობ და როდის ვისვენებ.

დროის მართვის პროცესში უდიდესი გამოწვევაა საკუთარ თავში ყოველდღიურად გამოვნახო ძალა, განწყობა და რაც მთავარია, ნებისყოფა, რომ ყველაფერს სათანადო დრო დავუთმო. ადრე ძალიან მიჭირდა საქმის შეჩერება და შესვენება, შემეძლო შაბათ-კვირის ჩათვლით დილიდან საღამომდე მემუშავა და სხვა არაფერზე მეფიქრა. ბოლო პერიოდში ვისწავლე, რომ დასვენება საჭიროა, არ უნდა ვიცხოვრო იმ შეგრძნებით, თითქოს მუდმივად ვიღაც მომდევს უკან, რადგან როდესაც ყოველთვის მოსწრებაზე ხარ, შემდეგ, რისთვისაც მუშაობ, იმას ვეღარ ირგებ და შენი ცხოვრება გვერდით გრჩება.

ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ ურჩევნიათ არ ჰყავდეთ უფროსი და თავად განკარგონ საკუთარი დრო და დღის წესრიგი. მათი ეს სურვილი სრულიად გასაგებია, თუმცა მგონია, რომ ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, რამხელა ნებისყოფასთან და დისციპლინასთან არის დაკავშირებული საკუთარ თავსა და საქმეზე ზრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში. როდესაც ჩვეულებრივი გრაფიკით მუშაობ და შენი სამუშაო საათები დამსაქმებლის მიერაა განსაზღვრული, თითქოს განტოლებაში ერთი ცვლადით ნაკლები გაქვს ამოსახსნელი, რადგან სამუშაოსთვის გამოყოფილი დრო უკვე გაწერილია და დარჩენილ თავისუფალ დროს (სამწუხაროდ, არცთუ ბევრს) შენი ცხოვრების სხვა კომპონენტებზე ანაწილებ, როგორიცაა დასვენება, ოჯახი, ჰობი, მეგობრები და სხვა.

განსხვავებული მიდგომაა საჭირო, როდესაც საკუთარ ბიზნესს მართავ ან გარკვეულ პროექტზე დისტანციურად მუშაობ. აქ მოტივაცია დიდ როლს თამაშობს და დროის ისე განკარგვაში გეხმარება, რომ შენი საქმე ან პროექტი წარმატებული იყოს, თუმცა მხოლოდ მოტივაციის იმედზე ვერ იქნები − ადამიანი ყოველდღე განსხვავებული განწყობით იღვიძებს, მოტივაციაც ხან გვაქვს, ხან არა, ამიტომაც თვითდისციპლინა და სწორად დაგეგმილი დღის რუტინა არის ის, რასაც შეგიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში დაეყრდნო. ეს რუტინა შესაძლოა, ყველასთვის განსხვავებული იყოს, ამიტომ საჭიროა ბევრი სხვადასხვა ვარიანტი სცადოთ, ვიდრე სათქვენო რუტინას მიაგნებთ. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, დიდი ალბათობით ბევრჯერ ჩამოწერთ მომდევნო დღის ან ახალი კვირის გეგმას და შემდეგ ამ გეგმის ნახევარსაც ვერ შეასრულებთ, რადგან ყოველთვის ყველაფერი ისე არ წავა, როგორც წარმოგედგინათ და ეს სრულიად ნორმალურია. სწორედ ამ შეცდომებით და რუტინის ბევრჯერ გადაკეთება-გადმოკეთებით შეძლებთ მიაგნოთ იმ ყველაზე ხელსაყრელ დღის წესრიგს, რომელიც თქვენს ცხოვრებას საუკეთესოდ დააბალანსებს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!