📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ჯინო დოლინი, TERMINAL-ის დირექტორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით TERMINAL-ის დირექტორს, ჯინო დოლინის მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დროის მენეჯმენტი ჩემი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგან ერთდროულად რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქციის შეთავსება და დაბალანსება მიწევს, მათ შორის ჩემი პროფესიული პასუხისმგებლობების, პიროვნული ვალდებულებებისა და პირადი სურვილების ჩათვლით. ჩემს დღის წესრიგში იმდენად განსხვავებული ხასიათის საქმეებია, რომ ზოგჯერ მათ შესასრულებლად ილუზიონისტობა მიწევს.

ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს დროის წარმატებულ მართვას, არის მკაფიო მიზნებისა და პრიორიტეტების გაწერა. როცა მკაფიოდ გაქვს განსაზღვრული პრიორიტეტები, ბევრად მარტივი ხდება ნებისმიერი გეგმის შესრულება. ყველაზე კრიტიკული ამოცანების იდენტიფიცირებით და მათზე ფოკუსირებით, შემიძლია გავზარდო საკუთარი პროდუქტიულობა და ეფექტიანად მივაღწიო შედეგს.

როგორც ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა. ვფიქრობ, დროის მიმართ პასუხისმგებლობა, ბავშვობაში ნასწავლი დისციპლინით იწყება. თუ დისციპლინა არ გაქვს, დრო გაგექცევა. დრო კი ერთადერთია, რომლის დაბრუნება ან აღდგენა შეუძლებელია. სპორტი ძალიან გეხმარება დისციპლინის გამომუშავებაში, ამიტომ დღემდე დიდ დროს ვუთმობ ფიზიკურ აქტივობას.

ვარჯიში არა მხოლოდ მეხმარება ფიზიკური მდგრადობის შენარჩუნებაში, არამედ აუმჯობესებს ჩემს გონებრივ სიცხადეს და ენერგიის დონეს. ფიზიკური ჯანმრთელობა რჩება პრიორიტეტად, რომელიც საშუალებას მაძლევს ოპტიმალურად ვიმოქმედო როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.

ასევე, გადამწყვეტია ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, მიუხედავად სტატუსისა და საქმის მოცულობისა.

სპორტის სიყვარულის გარდა, ასევე გატაცებული ვარ მუსიკით, კინოთი და თეატრით. მუსიკა ჩემთვის განტვირთვისა და შემოქმედებითად გამოხატვის საშუალებაა. მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა, მუდმივად ვცდილობ თავი სხვადასხვა სფეროში გამოვცადო, რაც საკუთარი თავის უფრო მეტად გამოკვლევაში მეხმარება.

დროის ოპტიმიზაციის მიზნით, ყოველდღიურად ვაყალიბებ და მივყვები სტრუქტურირებულ რუტინას. ვიღვიძებ ძალიან ადრე და ვცდილობ საქმის დიდი ნაწილი მანამდე მოვითავო, სანამ ჩემი ტელეფონი გააქტიურდება.

ვცდილობ, სოციალურ ქსელებში ნაკლებად დავხარჯო დრო, მაგრამ აქტიურად ვიყენებ ციფრულ ხელსაწყოებს დროის მართვაში. ჩემი ასისტენტი Google-ის აპლიკაციებია. ალბათ ყველაფერს ავურევდი, რომ არა Google-ის კალენდარი და "რიმაინდერი".

გამორიცხულია დროის მართვა ეფექტიანი დელეგირების გარეშე. სწორად გადანაწილებული საქმე დროის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი და რთული ელემენტია.

გარდა ამისა, სწავლა და თვითგანვითარება ჩემი დროის მენეჯმენტის არსებითი კომპონენტია. როგორც აღმასრულებელი დირექტორისთვის, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების განახლებას, კონფერენციებზე დასწრებას და პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართვას. პროფესიული ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის დროის გამოყოფით, შემიძლია ახალი პერსპექტივები და ინოვაციური სტრატეგიები მივაწოდო ჩემს გუნდს და ჩვენი კომპანიის წევრებს.

დასასრულს, ჩემი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, გამოცდილებამ და მრავალფეროვანმა ინტერესებმა მასწავლა დროის ეფექტიანი მენეჯმენტის მნიშვნელობა. პროფესიული მიზნების დასახვით, პირადი სურვილების განსაზღვრით, რუტინების დაცვით, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით და მუდმივ განვითარებაზე ფოკუსირებით, ვფიქრობ, შევძელი საკუთარი პროდუქტიულობის ოპტიმიზაცია და ასევე, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნება. ვცდილობ, დროის მართვის იგივე პრინციპები დავამკვიდრო კომპანიაშიც და წავახალისო ჩვენი თანამშრომლები, გამოავლინონ საკუთარი სრული პოტენციალი და მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!