📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სერენა უილიამსმა კოსმეტიკის კომპანია WYN Beauty დააფუძნა ჩოგბურთელი კოსმეტიკური საშუალებების ხაზზე 6 წელს მუშაობდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩოგბურთის ლეგენდამ და ანტრეპრენერმა, სერენა უილიამსმა სილამაზის ინდუსტრიაშიც შეაბიჯა - ჩოგბურთის ბურთის ფერებში შეფუთული კოსმეტიკის ხაზი მან ცოტა ხნის წინ წარადგინა. ახალ ბრენდს სპორტსმენმა WYN დაარქვა (წარმოითქმის, როგორც win, გამარჯვება).

"ვფიქრობ, აქტიური ცხოვრება და სილამაზის შენარჩუნება არ გულისხმობს, რომ ადამიანი მაინცდამაინც მარათონს გარბოდეს ან აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდეს. ყველას ცხოვრება აქტიურია.

მე დილის შვიდ საათზე ვიღვიძებ და მას შემდეგ ძალიან აქტიური დღე მაქვს, რაც მრავალ აქტივობას მოიცავს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს მდგრადობას. სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ ხაზის შექმნისასაც", - განაცხადა უილიამსმა.

კოსმეტიკის ხაზი მოიცავს პროდუქტის მრავალფეროვან ასორტიმენტს - ტუჩსაცხითა და ტუშით დაწყებული, მზისგან დამცავი სახის ტინტით დასრულებული. პროდუქტი ვეგანურია, არ იტესტება ცხოველებზე და ფასები $18-დან $29-მდე მერყეობს.

კოსმეტიკური საშუალებების შეძენა შესაძლებელია როგორც WYN Beauty-ის ვებგვერდზე, ისე Ulta Beauty-ის ქსელებსა და ამავე კომპანიის ვებგვერდზე 7 აპრილიდან.

სერენა უილიამსმა გამოცემა People-თან ბრენდის შექმნაზე ისაუბრა და თქვა, რომ კომპანიაზე 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. კოსმეტიკის ბრენდის შექმნა ჯერ კიდევ ჩოგბურთის აქტიური თამაშის დროს გადაწყვიტა, კოვიდპანდემიამდე კი პროდუქტებზე მუშაობაც დაიწყო. როგორც ამბობს, WYN-ზე მეტად მოახერხა კონცენტრირება მას შემდეგ, რაც სპორტიდან წავიდა.

"ადრე, როცა სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა მოგზაურობა, კოსმეტიკაში ფერების დიდი არჩევანი არ იყო. ჩემს მაკიაჟზე თავად მე უნდა მელაპარაკა და ერთგვარი ადვოკატირება გამეწია ფერთა გამის გაფართოებაზე", - ამბობს უილიამსი.

სელებრითების დაფუძნებულმა სილამაზის ბრენდებმა აშშ-ში შემოსავლებით გასულ წელს 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბეს. ინდუსტრიის თრეკერის NIQ-ის მიხედვით, გაყიდვების ზრდამ აჯობა მთლიანი ბაზრის ტემპს.

NIQ-ის ანგარიშის მიხედვით, წარმატებული კომპანიები, განსაკუთრებით სელებრითების მიერ კომპანიების დაარსების ბუმის პირობებში, მომხმარებელს ცალსახად უხსნიან, "რატომ" უნდა აირჩიონ მათი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე. თუკი კომპანიის დაარსებისას ცნობად სახეს არ აქვს კარგად განსაზღვრული მიზანი, თუ რატომ იწყებს ბიზნესს და რა დანაკლისს ავსებს მისი პროდუქტი ბაზარზე, წარმატება ძალიან რთულად მისაღწევი იქნება.