📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა? ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: Reuters

ღია წერილის ავტორი: ბასა ქართველიშვილი

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოსვლა დააანონსე, შენს გვერდით ვდგავარ. ყველა არჩევნებში ქართულ ოცნებას ვაძლევ ხმას, როგორც ამ ქვეყნის ინტერესების საუკეთესო გამტარებელს. საკმაოდ აქტიური მოქალაქე ვარ, მიტინგებზე სიარულის კულტურაც არ მაკლია, მაგრამ ქართული ოცნების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. არც დღეს, არც გუშინ - იმედია, ამის საჭიროება არც ხვალ დადგება.

ასე ვცხოვრობ უკვე მეცამეტე წელია, პატივს გცემ, ერთგგულობ, გამართლებ, გიცავ. თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ არც მე და არც რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი საჯარო სექტორში არ ვმსახურობთ; არანაირი ბიზნეს ინტერესებით მმართველ გუნდთან არ ვიკვეთები; მოკლედ: შენზე არაფრით ვარ დამოკიდებული. მხარს გიჭერ იმიტომ, რომ ეს სწორად მიმაჩნია.

ამიტომ, იმედია, მომისმენ.

რას შვრები?

რატომ მებრძვი?

რაღაც კანონპროექტებზე არ გედავები, იურიდიული საკითხების გარჩევაში არ შემოვდივარ, სხვა რამეს ვკითხულობ: ერს რატომ ხლეჩ შუაზე?

ერის გამაერთიანებელი არ იყავი ყოველთვის?

ხომ იცი, რომ ამ ქვეყანას ეგ პრობლემა აქვს, შიგნიდან უფრო იოლად ტყდება, ვიდრე გარედან. ხომ იცი, რომ ეგ გამოგარჩევს წინამორბედების უმრავლესობისგან? რომ აერთიანებდი და არ ხლეჩდი. ეხლა ამას რატომ აკეთებ, ბიძინა?

თავს ნუ მოვიკატუნებთ, აქაო და არ ვხლეჩ ერსო. თავის მოკატუნებას ხომ ადრესატი ჭირდება? ვისი ყურების გასაგონად უნდა მოვიკატუნოთ თავი? ბრიუსელის? ვაშინგტონის? მოსკოვის? პეკინის? სად გეგულებიან ასეთი მეამიტები? რომელმა მრჩეველმა დაგარწმუნა, რომ მაგისთანა აბსურდს სადმე ვინმე გადაყლაპავს? შენი ამომრჩეველიც კი, აგერ პირდაპირ გეუბნები: მშვენივრად ვიცი, რომ ერი შეგნებულად გახლიჩე. ვიცი კი არა, ყოველი უჯრედით ვგრძობ ამ ბზარებს, მთელი სხეული დამინაწევრე.

ასე წვალებით, რის ვაივაგლახით შეკრული ერი, ძლივს წელში გამართული, თანაც, დიდწილად ხომ შენი გარჯითაც? გახარებული, ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ 26 მარტის საფეხბურთო ზეიმით... აიღე და რაც ძალა გქონდა, ბეჭებით ქვაზე დამანარცხე.

იცი ეხლა ამ ჭრილობების შეხორცებას რამდენი წელი დაჭირდება?

შენი განსჯა ჩემი საქმე არ არის, მაგისთვის არ გწერ. ჩემი სურვილია გამოგადგე. იმიტომ რომ ვიცი, არ ხარ ცუდი ადამიანი. ვიცი, როგორ გიყვარს შენი ქვეყანა. ვიცი, როგორ გიჭირდა ამხელა მისიაზე გადაწყობა. ვიცი, რამდენს ირჯები, ერის ლიდერად რომ ივარგო. ამ ყველაფერს რომ თვალის დაუხამხამებლად მშვიდ ცხოვრებაში გაცვლიდი, რომ არა პასუხისმგებლობის გრძნობა. ვიცი, ძნელია, მაგიტომაც გწერ.

საქართველო მარტო რჩება, ბიძინა

ასეთ სახიფათო დროს, როცა ყურის ძირში ომია; ასეთი რთული გეოგრაფიით, როდესაც აგრესორთან პირდაპირი საზღვარი გაქვს; ასეთ სავალალო ვითარებაში, როცა ერი გახლეჩილია; იღებ და მოკავშირეებთან ურთიერთობას ანგრევ.

რისი იმედი გაქვს?

ერთ მუშტად შეკრული მმართველი გუნდის, რომელიც ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს?

ამას მართლა გულწრფელად იძახი? ვთქვათ, კარგი და ეგრეა. ჩემი მხრიდან, ამომრჩევლის ლოიალურობაც მიჩუქნია - ვთქვათ, კაციშვილს არ შეეპარა ეჭვები და ბოლომდე გიერთგულა მთელმა ელექტორატმა. მაგაში ვთქვათ მეც დაგეხმარე. მერე რას ვშვრებით? ან ის ჩრდილოელი მეზობელი რას შვრება, რომელსაც არაფრის ანგარიშის გაწევა აღარ მოუწევს, თუკი მოკავშირეებს დაკარგავ? გინდა თქვა, რომ ჩახედე მას კეთილ თვალებში და კეთილი ზრახვები ამოიკითხე? აცნობიერებ, რომ ისე გადაგყლაპავს, სომხეთსაც მიგაყოლებს და ერთი არ გადაცდება?

შენ არ გაქვს იმხელა ფრონტის სიღრმე, რომ რაიმე მანევრის გაკეთება მოასწრო, ბიძინა. რუსეთმა ორ დღეში, სანამ კიევთან გააჩერებდნენ, ორი საქართველოს ხელა ტერიტორია დაიკავა უკრაინაში. ხო იცი ეს რასაც ნიშნავს? რომ ისღა გრჩება, ელოდო გეგმიურ წვრთნებს ზაფხულ-შემოდგომაზე სადმე კრასნოდარისკენ, ან ჩრდილოეთ კავკასიაში. და დაყაბულდე მხოლოდ ერთ არჩევანს: ამ აბზაცის შინაარსი პირდაპირ გაიგო, ან მეტაფორულად.

შენ ხომ გამუდმებით საუბრობ ომის არიდების პოლიტიკაზე, ხომ მუდმივად უპირისპირდები გლობალურ ომის პარტიას? თუ ამას გულწრფელად აკეთებ, მაშინ ომის არიდების რეალურ ღონისძიებებს ხომ უნდა ატარებდე? რაღაც სტანდარტები ხომ არსებობს, როგორ ცდილობს ესა თუ ის ქვეყანა ომის არიდებას? მოკავშირეებთან ურთიერთობის გაფუჭება როდის აქეთ ჯდება ასეთ სტანდარტში? მოკავშირეები, მით უმეტეს, ასეთი ძლიერი მოკავშირეები, ხომ სწორედაც შემაკავებელი ძალაა აგრესორისთვის? რატომ იფუჭებ მათთან ურთიერთობას?

ასე რამ გაგამწარა?

მესმის, რომ ძალიან ცუდად მოგექცნენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები - არაერთი პოლიტიკური შრის, თუ გუნდის, თუ კონტინენტის წარმომადგენლები. მესმის, რომ არასამთავრობო სექტორი საქართველოში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - მე თვითონ მქონია შეხება და ვიცი, რამდენი პრობლემაა მაგ სექტორში. მესმის, რომ ევროპარლამენტი უღრმეს კრიზისშია გახვეული, ცალკეული ევროპარლამენტარები კი საბოლოოდ დისკრედიტირდნენ. მესმის, რომ "კრედიტ სუისის" ისტორია ვერ ჯდება ვერანაირ ჩარჩოებში. მესმის, რომ უამრავი სიკეთე გაქვს გაკეთებული და დამფასებელი და მადლიერი სანთლით საძებნელი გყავს... მესმის ყველაფერი, ბიძინა, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას მოთმინება ამდენად დაკარგო. ასე ყველაფერს ერთბაშად ხაზი არ უნდა გადაუსვა. ეს სრულიად არაპროპორციული რეაგირებაა.

შენ პოლიტიკაში ყოველთვის მოთმინებით და დაბალანსებულობით გამოირჩეოდი. ყოველთვის ათი თავით უფრო მაღლა იდექი, ვიდრე ეს ვიგინდარები, რომელთვისაც პოლიტიკა თავის უვარგისობისგან გაქცევის ასპარეზი იყო და მეტი არაფერი.

ალბათ, რაც უფრო დიდ მოთმინებას ავლენ კაცი, მით მეტი გიგროვდება და როცა მერე ამოგასხავს, ასე წყალდიდობასავით მოვარდება ხოლმე. მაგრამ არ გაქვს ამის უფლება, ბიძინა! მთელი ქვეყანა გაბარია, მარტო შენი პატარა სამყარო კი არა. მთელი ქვეყანა გაგყავს ვიწროზე. საუკუნეების ოცნებას უძღვები. ხომ არ გავიწყდება?

1453 წელს, როცა კონსტანტინოპოლი დაეცა და საქართველო გეოგრაფიულად და კულტურულად მოწყდა ევროპას, მას შემდეგ მოვაბიჯებთ ამ გზაზე. მას შემდეგ ყოველ თაობას ეს ოცნება მოყვება, ზოგს შეგნებულად, ზოგს გაუაზრებლად, მეტს გაუაზრებლად, მაგრამ ყველას ერთი და იგივე ამოძრავებს: ცივილურ გარემოში დაბრუნების ჟინი! სადაც შინაურობის და დაცულობის განცდაა. სადაც ჩვენი სალოცავებია! სადაც ქართველისთვის საუკეთესო ასპარეზია.

და როცა სულ რამოდენიმე ნაბიჯი დაგვრჩა, როცა ამ ასწლეულების ხეტიალი სრულდება, როცა უკვე მეციხოვნეებმა კარიბჭე გაგვიღეს და მოდითო გზას გვინათებენ, მაგ დროს კარგავ მოთმინებას. სწორედ მაგ დროს იწყებ მეხუთე, მეათე და ორმოცდამეათეხარისხოვან რაღაცეებზე გადართვას.

გემს მიხედე, ბიძინა, გემს! გააკეთე გასაკეთებელი და ჯანდაბამდე გზა ქონიათ კორუმპირებულ ევროპარლამენტარებს, უნიათო არასამთავრობოებს, დეზინფორმატორ ჟურნალისტებს, ფსევდოლიბერალებს და კიდევ ათასგვარ მედროვეებს. ხვალ არც ერთი მათგანი არავის აღარ ემახსოვრება. ნუ ხურდავდები ვიღაც ვიგინდარებზე, ნუ აყვები ნერვებს! სულ რომ არჩევნებში დამარცხდე, ნუ ღელავ მაგაზე, სისულელეა ეგ ყველაფერი. ღმერთმა მოსე არ შეუშვა აღქმულ ქვეყანაში, არ იმსახურებო შენო. ფრანგებმა სამოციან წლებში დე გოლი გააგდეს, შენი ადგილი არქივშიაო. მიდი მიხედე საქმეს და სულ რომ კოსმოსიდან მოგიწიოს ყურება როგორ შედის საქართველო ევროკავშირში, მაინც ვერაფერი გადაგიფარავს ბედნიერების და სიამაყის განცდას.

ჩალით კი არ არის ეს ქვეყანა დაფარული! ოღონდ ბოლოში გასული ნუ აიჭრები, ნუ გადაუსვამ ხაზს ამდენ ნაწვალებს, ამხელა ამაგს. ეხლა ნუ არევ ოღონდ მონასტერს, ცოტაც მოითმინე!

გავროშს ნუ დაჩაგრავ

ვიცი, რომ პატარაა და ჯერ ბევრი არაფერი გაეგება. მესმის, რომ პასუხისმგებლობა ჯერ საერთოდ არ იცის რა არის. მეტსაც გეტყვი, ბიძინა: პასუხისმგებლობა საერთოდ აღარ არის მოდაში. ეს მე და შენ ვართ ის დინოზავრები, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა რელიგიის რანგში გვყავს აყვანილი. გავროშს ნუ მოსთხოვ პასუხისმგებლობას.

გავროშმა უნდა მოირბინოს, თავზე აგაცოცდეს და იქიდან გახედოს სამყაროს - ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი, ასე იყო ოდიდგან და ასე იქნება ყოველთვის. მე თუ მკითხავ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, აიყვანე და დაისვი თავზე, გაუშვი გაერკვეს. ეგ ის თაობაა სწორედ, რომელიც ყველაზე მეტად დაგაფასებს. ეგ ის თაობაა სწორედ, რომელიც მაგ ვაი არასამთავრობოებს, ვაი ევროპარლამენტარებს, ვაი ჟურნალისტებს და ვაი პოლიტიკოსებს ხვალ მთელი სიმკაცრით დაფერთხავს და ამ უსამართლობით გამწარებულ გეშტალტს ჩაგიხურავს.

რობიკომ ერთი 15 წლის წინ, ბერება რომ დაიწყო, თქვა, თეატრიდან არ წავალო, მინდა რომ გამაგდონო. კარგად თქვა ძალიან, ჩაეთვალოს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც შენც იგივე უნდა გინდოდეს, მაგრამ იმაზე მეტი პოლიტიკოსი ხომ ნამდვილად არ ხარ, ვიდრე რობიკო - თეატრალი? რა გიშლის ხელს წყნარად შეხედო, რომ რაღაც მომენტში გაგდის ყავლი პოლიტიკოსს და ეს უფრო მალე ხდება, ვიდრე ჩვენ გვინდა ხოლმე?

შენ არ ხარ ხვალინდელი საქართველოს განსახიერება

ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კარგად უნდა გაიაზრო, ბიძინა. 2011-ში, როცა გამოჩნდი პოლიტიკურ ასპარეზზე, შენ იყავი ხვალინდელი საქართველოს სიმბოლო. და მართლაც მოიტანე ხვალინდელი დღე. ქვეყანა ჯალათებს გამოაცალე ხელიდან. უვიც, ველურ, ძალაუფლებისგან ჭკუიდან გადასულ ბანდ ფორმირებას, ბოლშევიზმის და მხედრიონის სულიერ შვილობილს გამოგლიჯე საქართველო კლანჭებიდან და მწყობრში მოიყვანე. დავარცხნე, დაალაგე, ქვეყანას დაამსგავსე.

გადის ამასობაში 12 წელი და დღეს უკვე აღარ ხარ ხვალინდელი დღის სიმბოლო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანი ხარ და ეს არჩევნებიც შეგიძლია მოიგო. მაგრამ ხვალინდელი დღის სიმბოლო ნამდვილად აღარ ხარ. მშვიდად შეხედე ამას, ცოტა მეტი სულგრძელობა, ცუდი არაფერი ხდება. 10 წლის შემდეგ, ახალი თაობის ლიდერები, სავარაუდოდ, ისევ შენზე გააკეთებენ სწორებას. ოღონდ ეხლა ნუ გადააყოლებ გამწარებას ყველაფერს. ცოტა მოთოკე, გთხოვ, ნუ ებრძვი ჩრდილებს!

ხვალინდელი დღე ახალ სახეებშია. აქ ასაკი არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც სიახლის განცდა. გახსოვს რა კარგი იყო კალაძე? როგორ გვიყვარდა ყველას 12 წლის წინ? ყველაზე ოპოზიციურად განწყობილ ხალხსაც ვერ დააცდევინებდი კახაზე რამე აუგს. ეს იყო სიმბოლო კარგი ქართველის - მშრომელი, ნიჭიერი, წესიერი, სასიამოვნო ახალგაზრდა. არც დღეს არის ბებერი, მაგრამ დასანახავად ეჯავრება უკვე უმრავლესობას. ერთ დროს სამაგალითო ადამიანი, დღეს მერიაში არსებული კორუფციის სიმბოლოდ იქცა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად შეიძლება არც იყოს გასვრილი რამეში. გავიდა წლები, დაგროვდა პრობლემები, დაჭაობდა სისტემა და ხვალინდელი საქართველოს ნაცვლად უკვე ამ ჭაობს განასახიერებს. ჭაობი კი ისეთია მანდ, ჩემო ბიძინა, გადაჭარბების გარეშე გეტყვი, საბავშვო ბაღების სისტემიდან დაწყებული, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურით დამთავრებული ყარს ყველაფერი! არ ვამუქებ, გეფიცები, ძალიან მძიმე საყურებელია უკვე.

კახაზე არ მინდა ჯოხი გადატყდეს, მასზე ისევე შემტკივა გული, როგორც შენზე, მაგრამ ეს მაგალითი იმისთვის მომყავს, რომ გაიაზრო: მომავალს და პროგრესს ქართული ოცნება აღარ განასახიერებს. დრომ დანდობა არ იცის, საქართველოში განახლების მოთხოვნილება ღრმავდება. განახლება და ცვლილებები წყურია ხალხს და ამასთან დაპირისპირება არ ღირს. არ ხარ ის კაცი, ვინც განახლებას და პროგრესს უნდა დაუპირისპირდეს.

თამასა კარგად გაქვს აწეული, ნუ ღელავ, გაუშვი ამ სიმაღლეებს შეეჭიდონ. ოღონდ შენ თვითონვე ნუ ჩამოაგდებ ეხლა ამ თამასას ისეთ ფსკერამდე, რომ ვიგინდარებსაც მიეცეთ სათქმელი, ამათზე ნაკლები რითი ვართო.

ნელ-ნელა ფინალისკენ უნდა დავიძრათ

იმის ნახევრის თქმაც ვერ მოვასწარი, რაც სათქმელია, რაც გაფიქრებს და გადარდებს, მაგრამ რა ვქნა, მეტს ეხლა ვერ გაწევ. ცალკე საფიქრალი მაქვს, ნაწერმა შენამდე როგორ მოაღწიოს. წერილად ვინმე სანდო კაცს გამოვატანო, მაგის იმედით მტერმა იცხოვრა. მედია საშუალებებს მე არ ვფლობ. არც პირადი პოლიტიკური კონსულტანტის ან სფიჩრაითერის ფუფუნება მაქვს, სათქმელი ისე დამილაგონ, რომ რამენაირად შენზე წვდომა გამეხსნას. ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელიც დილას მუჭა წამლებით ვიწყებ, საღამომდე რომ რამენაირად მივფოფხდე. წერილის გამოსაქვეყნებლად, თავს კიტრად ვერავის ვაგრძნობინებ, ამიტომ ან მოაღწევს ეს სათქმელი შენამდე, ან არა. მაგრამ მე მაინც ჩემსას ვცდი.

სიკეთის მხარეს არ გაცდე, ბიძინა, არ დაგავიწყდეს, ქრისტე, პირველ რიგში, სიყვარულია. არაფრით არ დაკარგო ამის რწმენა! შენკენ ვარ, გუშინაც, დღესაც, ოქტომბერშიც ვაპირებ, ხმა მოგცე. ცოტა ყურადღება მომაქციე. მესმის, ჭრელი მასა ვართ, ზოგი ხათრით მოგყვება, ზოგი ანგარებით, ზოგი იმედით, ზოგი შიშით და ზოგიც კიდევ ბრმად. ნუ წირავ იმ შრეს, რომელსაც გააზრებული სახელმწიფო ინტერესი ამოძრავებს. ნუ რჩები მაინცდამაინც ყველაზე მართვადი ელექტორატის ამარა.

დამიჯერე, ეგ გზა ტაძრისკენ არ მიგიყვანს. ვინც დღეს ერთგულ ჯვაროსნობას გეფიცება, არაფერ კავშირში არ არის სიყვარულთან. ეგ სწორედ ისინი არიან, რომლებმაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ზუსტად ის მოდგმაა, რომლებმაც ილია მოკლეს. და ზუსტად ეგენი იქნებიან, როცა შენი შვილიშვილების დრო დადგება, ხვალინდელი საქართველოს მედროშეებად იქცნენ, სიბინძურის, ძალადობის და ბოღმის კედლებად რომ აღემართებიან.

მცირე გადახვევა

2005-2021 წლებში ევროპის დე ფაქტო ლიდერი ერთ ადამიანი იყო. მან თითქოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ევროინტეგრაციული პროცესისთვის, თითქოს დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებდა, კონფლიქტებს ირიდებდა, მმართველიც კარგი იყო, კრიზის მენეჯერადაც ივარგა, ყველასთან შეეძლო დიალოგი... თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთა, მაგრამ სწორედ მის 16 წლიან დე ფაქტო ლიდერშიფს უკავშირდება ევროპის ყველაზე მძიმე კრიზისები, პოპულიზმის ბუმი, პუტინის გათავხედება, ომები დონბასსა და ცხინვალში, ბრექსიტი... 2021 წლის მიწურულს, იგი თავისი ნებით წავიდა პოლიტიკიდან და კონტინენტი გარდაუვალი ომის წინაშე დატოვა. მისი სახელია ანგელა მერკელი - ადამიანი, რომელმაც გერმანიას და სრულიად ევროპას პოლიტიკური ჭაობი უანდერძა.

ამის შედეგებს ვიმკით ყველანი. დიდწილად, სწორედ ამის შედეგია დღევანდელი ომი.

მერკელს იმიტომ არ ვახსენებ, რომ რამე დავაბრალო. მაგ ადამიანს კარგის მეტი ნამდვილად არაფერი უნდოდა არც ევროპისთვის, არც გერმანიისთვის. ღირსებებზე თუ მიდგა საქმე, ერთი ასეთივე წერილი არ ეყოფა მის დამსახურებებსა და მიღწევებზე საუბარს. არც ის არის მისი ცოდვა, რომ რუსული იცის, პუტინმა კი - გერმანული. მაგრამ ერთი კი არის: 16 წელი ქვეყნის სათავეში ყოფნა ნამეტანია! 16 წელი ევროპის დე ფაქტო ლიდერობა უკიდურესად მძიმე ტვირთია. გარანტირებულად, ცუდად დამთავრდება.

ამიტომ, ოქტომბერში რას ფიქრობ არ ვიცი, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ქართულმა ოცნებამ კვლავ გაიმარჯვოს, მაგრამ, ზოგადად, გთხოვ, ძალიან გრძელვადიან გეგმებსაც ნუღარ დასახავ. სხვა საქმეებიც უამრავი გველოდება - საქმეები, რომლებიც შეუთავსებელია ხელისუფლების სათავეში ყოფნასთან.

ორიოდე სიტყვა ჩემი მომავალი წლის გეგმებზე

მოსკოვში ვაპირებ. 33 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ. ერთი ქრისტეს ცხოვრება გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში ბოლოჯერ დავდგი ფეხი. 2025 წელს ისევ ვგეგმავ ჩასვლას და მინდა დამეხმარო.

2025 წელს, 300 წელი სრულდება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან. სულხან-საბა - თავის სამშობლოს ერთ-ერთი უდიდესი მსახური, რომელიც საქართველოს ევროპულ პოლიტიკაში დაბრუნებას საუკუნეების წინ ცდილობდა. ამის გულისთვის, კათოლიკედაც კი მოინათლა. მისი მცდელობა იმ დროს წარმატებით ვერ დასრულდა, მაგრამ მის მიერ განვლილი გზა, დიდი ერის კაცის გზად დარჩა, შთამომავლობას კი სწორი ვექტორი, სწორი მცდელობა, სწორი პრეცედენტი უსახსოვრა.

სულხან-საბა სიკვდილს 1725 წელს, მოსკოვში შეხვდა. 2025 წელს, მე მინდა ჩავიდე მოსკოვში და სულხან-საბა ორბელიანის ნეშთი საქართველოში ჩამოვასვენო. მინდა დავასრულო საუკუნეებზე გაწელილი მისი გადახვეწა, მინდა დავაბრუნო მამის სახლში, მინდა მადლობა ვუთხრა განვლილი გზისათვის და ქართულ მიწას მივაბარო.

ვიცი, შეძლებ რომ დამეხმარო. აეროპორტიდან მამადავითის აღმართამდე მანქანით მოვასვენოთ. მერე კი, შემოვუდგეთ, სამი-ოთხი ვაჟკაციც დავიხმაროთ, აი თუნდაც იმათგან, ვინც დღეს მე და შენ დედას გვაგინებს. ერთად დავუდგეთ, ავწიოთ ხელში, და მამადავითის აღმართს გავუყვეთ.

სიყვარულით, ბიძინა. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით,

ქრისტე აღსდგა!

ბასა ქართველიშვილი
basa.kartvelishvili@gmail.com