Join our Waitlist for Expert Advice!

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNBC

სტივ ჯობსმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ადამიანების ყოფაზე, რომ ამის სათანადოდ შეფასებაც კი შეუძლებელია. მისმა ინოვაციებმა რა არ შეცვალა − კომპიუტერები, ფილმები, მუსიკა და მობილური ტელეფონები. კომუნიკაციების სფეროს ინსტრუქტორი ვარ და ჯობსისგან გავიგე, რომ პრეზენტაცია შესაძლოა ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდაც კი იქცეს. ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა.

მსგავსი სტატია: სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

ჯობსის კარიერასა და ცხოვრებას წლების განმავლობაში სტუდენტივით ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. ამ სტატიაში ჩემი შეხედულებებია იმ წესებსა და ღირებულებებზე, რომლებიც მის წარმატების დაედო საფუძვლად. ამ წესების გაზიარება, რომ საკუთარ თავში სტივ ჯობსი გამოაღვიძოს, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

1. აკეთეთ ის, რაც გიყვართ. "ადამიანებს, რომლებსაც რაღაცის კეთების დაუოკებელი ჟინი აქვთ, შეუძლიათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ", − განაცხადა ერთხელ ჯობსმა. კითხვაზე, თუ რას ურჩევდა დამწყებ ანტრეპრენერებს, ასე უპასუხა: "ოფიციანტის დამხმარედ ვიმუშავებდი ან რაღაც ამგვარს მოვძებნიდი, ვიდრე ნამდვილად არ მივხვდებოდი, რისი კეთება მომწონს". აი, რამდენად ბევრს ნიშნავდა მისთვის საყვარელი საქმე. რაღაცის შექმნის მძაფრი სურვილი ამქვეყნად ყველაფერია.

2. დატოვეთ თქვენი კვალი ამ სამყაროში! ჯობსს სწამდა, რომ წარმოსახვას დიდი ძალა აქვს. ერთხელ, Pepsi-ს მაშინდელ პრეზიდენტ ჯონ სკულის ჰკითხა: "შაქრიანი წყლის გაყიდვაში გსურთ მთელი თქვენი სიცოცხლის გატარება, თუ სამყაროს შეცვლა?" მასშტაბურად იაზროვნეთ, არასოდეს გამოგრჩეთ მხედველობიდან დიდი და მრავლისმომცველი პერსპექტივა.

3. დაამყარეთ კავშირები. ჯობსმა ერთხელ თქვა, რომ შემოქმედებითი აზროვნება მისთვის ნივთების ერთმანეთთან დაკავშირებას ნიშნავდა. მისი აზრით, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებს ხშირად ისეთი დეტალების აღმოჩენა შეუძლიათ, რასაც სხვები ვერც კი შეამჩნევენ. კალიგრაფიის გაკვეთილებზე დადიოდა, მაგრამ პრაქტიკულად არაფერში იყენებდა, ვიდრე Macintosh არ შექმნა. ინდოეთსა და აზიაში იმოგზაურა. დიზაინი და სტუმართმოყვარეობა შეისწავლა. ამიტომ ნურც თქვენ იცხოვრებთ გამოქვაბულში. სხვადასხვა სფეროს იდეები ერთმანეთს დაუკავშირეთ.

4. სულ მცირე, 1000 რამეზე მაინც თქვით "არა". ჯობსი იმითაც ამაყობდა, რომ Apple-მა სხვა გზა არჩია. როდესაც 1997 წელს Apple-ში დაბრუნდა, კომპანია 350 დასახელების პროდუქტს აწარმოებდა და ორ წელიწადში მათი რაოდენობა 10-მდე შეამცირა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შეძლებდა თითოეული პროდუქტის უკან საუკეთესო გუნდი ჰყოლოდა. საინტერესოა, თქვენ რაზე ამბობთ "არა"-ს?

5. სრულიად განსხვავებული რამ შექმენით. ჯობსი მომხმარებელთა მომსახურების სფეროშიც ცდილობდა რაიმე ინოვაციურის მოძებნას. როგორც კი Apple-ის მაღაზიების კონცეფცია მოიფიქრა, მაშინვე თქვა, რომ ეს მაღაზიები სრულიად განსხვავებული იქნებოდა, მომხმარებელს ცხოვრებას გაულამაზებდა. ყველაფერი, რაც კი Apple-ის მაღაზიაში შესვლისთანავე დაგხვდებათ, თქვენი ცხოვრების გასალამაზებლად და თქვენსა და Apple-ის ბრენდს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლადაა შექმნილი. დაუფიქრდით, თქვენ რას აკეთებთ თქვენი მომხმარებლების ცხოვრების გასალამაზებლად?

6. დაეუფლეთ მომხმარებელთან ურთიერთობის ოსტატობას. შესაძლოა, მთელ მსოფლიოში საუკეთესო იდეა გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენი იდეების გადმოცემას ვერ შეძლებთ, მას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ჯობსი მსოფლიოში უდიდესი კორპორაციული მთხრობელი იყო. პრეზენტაციის ჩატარების ნაცვლად, როგორც ამას უმეტესობა აკეთებს, იგი მომხმარებელს ინფორმაციასაც აწვდიდა, ანათლებდა კიდევაც, შთაგონებასაც ანიჭებდა და ართობდა კიდეც. თანაც, ამ ყველაფერს ერთი პრეზენტაციისას ახერხებდა.

7. პროდუქტები კი არა, ოცნებები გაყიდეთ. ჯობსმა ჩვენი წარმოსახვის დაპყრობა იმის გამო მოახერხა, რომ თავისი მომხმარებლის ნამდვილად ესმოდა. მან იცოდა, რომ თუ პლანშეტი მეტისმეტად რთული იქნებოდა, ადამიანების წარმოსახვას ვერ დაიპყრობდა. და როგორი შედეგი მიიღო? − მხოლოდ ერთი ღილაკი დატოვა iPad-ის წინა პანელზე, რომელიც ისეთი მარტივი სამართავია, რომ 2 წლის ბავშვიც კი შეძლებს მის გამოყენებას. არ დაივიწყოთ, რომ თქვენი მომხმარებლები თქვენს პროდუქტზე კი არა, საკუთარ თავზე, საკუთარ ოცნებებსა და საკუთარ ამბიციებზე ზრუნავენ. ჯობსმა გვასწავლა, რომ თუ თქვენს მომხმარებლებს ოცნებების ასრულებაში დაეხმარებით, მათ გულებს დაიპყრობთ.

მსგავსი სტატია: 7 ცნობილი ადამიანი, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს

კიდევ ერთი ისტორია არსებობს, რომელიც, ჩემი აზრით, ჯობსის კარიერის შეჯამებაა Apple-ში. ერთხელ ჯობსს რომელიღაც აღმასრულებელმა დაურეკა, რომელიც Disney-ის მაღაზიების თავიდან აღმოჩენაზე მუშაობდა და რჩევა სთხოვა. საინტერესოა, რა ურჩია ჯობსმა? – "უფრო მასშტაბურად იოცნებეთ", − უთხრა მან. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც მან დაგვიტოვა. იყავით გადარეული და საკუთარ თავში გენიალობა ეძიეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ თქვენი იდეების და მუდამ მზად იყავით მათ დასაცავად.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე