📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

5 აუცილებელი ნაბიჯი დედობისა და ბიზნესის მართვის შესათავსებლად დედობა არ ნიშნავს, რომ მენეჯერი ან ანტრეპრენერი არ იქნებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

pixabay

ადამიანთა უმრავლესობა უზომოდ ბედნიერად იგრძნობდა თავს, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების უკეთ შეთავსება რომ შეძლებოდა. მაგრამ რეალობა ის არის, რომ სამუშაო გაცილებით სტრესული, ფიზიკურად და ემოციურად დამღლელი, ხანგრძლივი გახდა. პროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევა კი, უმეტესად, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხარჯზე ხდება.

ამას დედობაც ემატება და თავად წარმოიდგინეთ, როგორი საქმეა ყველაფერი ერთად.

ლიზ დრუქსმანი დღეს ცნობილი ადამიანია, ფიტნესის ექსპერტი და წიგნების ავტორი. მან ნამდვილი იმპერია შექმნა, ამერიკის ყველაზე დიდი პროგრამა ახალბედა დედებისთვის − ფიტნესისა და დედობის ცენტრი FIT4MOM.

კომპანიას 2001 წელს პირველი შვილის შეძენის შემდეგ ჩაუყარა საფუძველი. იგი კვირაში 80 საათი მუშაობდა, კომპანიის ხელმძღვანელებს ფიზიკურ მომზადებას ასწავლიდა. მე მისი ერთ-ერთი სტუდენტი ვიყავი. მართალია, ბავშვებთან ყოფნა და ჯანმრთელობა ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მუშაობის გაგრძელება, დედობისა და კარიერის შეთავსება ორივეს გვინდოდა. ლიზიმ ნამდვილად იცოდა, რომ კვირაში 80-საათიან სამუშაოს აღარ დაუბრუნდებოდა. საკუთარი კომპანია დააარსა და მიბიძგა, მის მშენებლობაში მონაწილეობა მიმეღო. მეც გამიმართლა − თავდაპირველად, FIT4MOM-ის ფრანშიზის მფლობელი გავხდი, ახლა კორპორაციული ლიდერობის გუნდში ვმუშაობ.

დედებისთვის, რომლებიც რომელიღაც ბიზნესის წამოწყებით ან მისი მართვით არიან დაინტერესებულნი, რამდენიმე რჩევა მაქვს, რომელიც ოცნებების ასრულებაში მათაც დაეხმარება.

დედობა არ ნიშნავს, რომ მენეჯერი ან ანტრეპრენერი არ იქნებით

დედობა, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, უზომოდ რთული სამუშაოა და ამავე დროს, ყველაზე კეთილშობილური. ამ გამოცდილებამ შესაძლოა მთელი სამყარო თავდაყირა დააყენოს, ქალი იმაზე დაააფიქროს, რაც ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანია: ოჯახი, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა და ზოგადად, კეთილდღეობა.

ქალს დედობა არც წარმატებულ კარიერაში უშლის ხელს; და არც იმაში, რომ უწინდებურად აქტიური და ჯანმრთელი დარჩეს; არც მეგობრებთან ურთიერთობის გაგრძელებაში. სამი შვილის დედა ვარ, მაგრამ ჩემს მეგობარს ბიზნესის წარმოებაში ვეხმარები. აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთად გაკეთება ნამდვილად შემიძლია.

ყოველთვის მასშტაბურად იაზროვნეთ

ლიზიმ თავისი იმპერიის შენება Stroller Strides-ის პატარა გაკვეთილებით დაიწყო − ახალბედა დედების 60-წუთიანი ხალისიანი ვარჯიშით, როდესაც პატარაც იქვე, სიმღერებითა და სხვადასხვა მოძრაობით ერთობა. არასოდეს იფიქრებდა, რომ ეს წამოწყება ოდესმე დიდ კომპანიად გადაიქცეოდა, მთელ ქვეყანაში ქსელს შექმნიდა, საკუთარი პერსონალი და ათასობით კლიენტი ეყოლებოდა.

რა არის მთავარი ამ ამბავში?

ის, რომ რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია.

იყავით მოქნილი

დღეს ყველა დაკავებულია. ცხოვრება მოულოდნელობებითა და პრობლემებითაა სავსე; ხან ბავშვები ხდებიან ავად, ხან ძიძა არ მოდის სამსახურში და კიდევ რა ჩამოთვლის... სწორედ ამიტომ არის უზომოდ მნიშვნელოვანი კორპორაციული კულტურის დანერგვა, რომელიც თანამშრომლებს მოქნილ გრაფიკს სთავაზობს, და სამსახურისა და სახლის საქმეების შეთავსების შესაძლებლობას აძლევს. შესაძლოა, ეს პერსონალისთვის დისტანციურად მუშაობის უფლების მიცემა ან ქვეყნის დასალიერში გამგზავრების ნაცვლად, პარტნიორთან ვიდეოზარით დაკავშირება იყოს.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დისტანციურად მუშაობა

მოქნილი ტექნოლოგიების გარეშე, სამუშაო გარემო გაცილებით მძიმე იქნებოდა. აპლიკაციები, როგორებიცაა Google Docs და Google Hangouts, მოქნილი სამუშაო კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს. მათი გამოყენება ოფისის გარეთაც მარტივია. ჯგუფის კალენდრის ან სხვადასხვა სამუშაო დოკუმენტის განახლება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი.

Google Docs-ი კომპანიის დოკუმენტებზე წვდომისა და მათი განახლების შესანიშნავი საშუალებაა. ასეთია ადამიანური რესურსების ფორმები, შვებულების განცხადება ან ნებისმიერი თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია. თუნდაც სამსახურში არ იყოთ, მათი დახმარებით მარტივია შვებულებაში გასვლაც და კოლეგების ტელეფონების მოძებნაც.

ფაქტი, რომ ადამიანები დისტანციურად მუშაობენ და მთელ ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი, სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან ნაკლები კავშირი აქვთ. Google Hangouts გაერთიანებული კორპორაციული თათბირებისა და ინსტრუქტორების სასწავლო სესიების ჩასატარებლად ხშირად გამოიყენება. გუნდის წევრებს კოლეგებთან უშუალო კონტაქტის დამყარების საშუალება აქვთ იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან.

ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე ზრუნვა არ არის

ნებისმიერი კომპანია ჯანსაღი საზოგადოებების შექმნაზეც უნდა ზრუნავდეს − როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი კომპანია Charity Miles-ის, March of Dimes-ისა და Healthy Child Healthy World-ის ორგანიზებულ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, განათლებასა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ბიზნესი საზოგადოების ნაწილია და სწორედ ამ საზოგადოებას უნდა დაეხმაროს, დაუმტკიცოს, რომ საკუთარი შემოსავლის ზრდაზე ზრუნვის გარდა, სხვა მიზნებიც ამოძრავებს.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?