12 გზა, რომლითაც გავლენიან ადამიანებს ფულის გამომუშავება შეუძლიათ - მწერალი, ორატორი, ექსპერტი ანტრეპრენერთა სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შთაგონებაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნებისმიერ ინდუსტრიაში არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათი სახელები ხშირად ისმის, მათ დიდი შესაძლებლობები აქვთ და დიდ ფულსაც გამოიმუშავებენ.
გავლენიანი ადამიანები განსხვავდებიან "ინფლუენსერ მარკეტინგთან" ასოცირებული ტრადიციული ინფლუენსერებისგან. ინფლუენსერების მთავარი ამოცანა სოციალურ ქსელებში მიმდევრების გაზრდაა. მათ მხოლოდ მას შემდეგ აღიქვამენ სერიოზულად, როდესაც ინფლუენსერთა მიმდევრების რიცხვი 100.000-ს გადააჭარბებს. ზოგიერთ ინდუსტრიაში, არც მეტი არც ნაკლები − მილიონი მიმდევარი უნდა გყავდეთ, ინფლუენსერად რომ გაღიარონ. ინფლუენსერებს მაშინ აქვთ შემოსავალი, როდესაც ბრენდები თანხას უხდიან საკუთარ მიმდევრებთან პროდუქტის რეკლამირებაში.
ხოლო გავლენიან ადამიანებს, როგორც წესი, შედარებით მოკრძალებული, მაგრამ გაცილებით პატივსაცემი პროფილი აქვთ. მათ ყველა იცნობს და ყველა ხედავს, რამდენად მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენენ ისინი. ზოგიერთს სოციალურ მედიაში მხოლოდ რამდენიმე ათასი გავლენიანი მიმდევარი ჰყავს, ხოლო საკუთარ დარგში ასე თუ ისე ცნობილ ადამიანებს კი ათიათასობით.
გავლენიანი ადამიანები საკუთარი დარგის აზრის ლიდერები არიან. მათ ხშირად დაინახავთ კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლისას ან მათ პუბლიკაციებს მოკრავთ თვალს ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე. თქვენ ალბათ უკვე იცნობთ ათეულობით გავლენიან ადამიანს, უყურებთ მათ ვიდეორგოლებს, კითხულობთ მათ ბლოგებს, ყიდულობთ მათ წიგნებს და სოციალური ქსელის რამდენიმე პლატფორმაზე მათი მიმდევარიც ხართ.
გავლენიან ადამიანებს სცენის მიღმა ფულის გამოსამუშავებელი მთელი იმპერიები აქვთ, რომელშიც პროდუქტებისა და მომსახურების ეკოსისტემაც შედის. ქვემოთ მთელი ჩამონათვალია, 12 ყველაზე ცნობილი გზა, რომლითაც ეს გავლენიანი ადამიანები ფულს გამოიმუშავებენ:
1. წიგნების გაყიდვა
გავლენიანი ადამიანების უმრავლესობას სულ მცირე ერთი წიგნი მაინც აქვს დაწერილი. ყოველ გაყიდულ წიგნს ავტორისთვის დაახლოებით $1-დან 2$-მდე მოაქვს, წელიწადში ჩვეულებრივ 500-დან 25,000-მდე ეგზემპლარი იყიდება.
2. გამოსვლები
დიდი კორპორაციები გამუდმებით ეძებენ ინდუსტრიის გავლენიან ადამიანებს საკუთარი თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. კონფერენციებსა და ღონისძიებებზე გამოსვლისას კი მათ ჩვეულებრივად $2,000-დან $20,000-მდე უხდიან.
3. ღონისძიებებზე ბილეთების გაყიდვა
გავლენიანი ადამიანები ხშირად თავად უკეთებენ ორგანიზებას საკუთარ ღონისძიებებს. ასეთ შემთხვევებში მათი ჩვეულებრივი შემოსავალი მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 30 პროცენტია, ანუ თანხა, რომელიც ადგილისა და აუდიო-ვიდეო საშუალებების იჯარის თუ რეკლამის ღირებულების გადახდის შემდეგ რჩება.
4. სემინარებისა და გასვლითი სესიების ჩატარება
სემინარები და სესიები ცოცხალი ღონისძიებებია, რომელთა მიზანი უნარების ან სტრატეგიის განხორცილების სწავლებაა. ისინი როგორც წესი, ოთხი საათი გრძელდება, ან შესაძლოა რამდენიმე დღეც კი. ბილეთების ღირებულება რამდენიმე ასიდან რამდენიმე ათას დოლარამდე მერყეობს. მოგება შესაძლოა მთლიანი შემოსავლის 70 პროცენტი იყოს, თუ მას ადგილის იჯარის, მასალებისა და რეკლამის ღირებულებას გამოაკლებთ.
მსგავსი სტატია: გლობალური სტარტაპ ფონდის პირველი გარიგება საქართველოში
5. ხელმოწერები საინფორმაციო ბიულეტენებზე და სხვა
ბევრ გავლენიან პიროვნებას საინფორმაციო ბიულეტენი, კვლევითი სამუშაო და სხვა საინფორმაციო პროდუქტი აქვს. ამ პუბლიკაციების გამოწერა აუცილებელია, რაც ყოველთვიურად ჩვეულებრივ $10-დან $100-მდე ჯდება.
6. წევრობა
გავლენიან ადამიანთა უმრავლესობას აქტიური მხარდამჭერები ჰყავს, რომლებსაც მათთან დაკავშირებული იდეების, დისკუსიებისა და საზოგადოების გაცნობა სურთ. ეს საზოგადოებები ჩვეულებრივ, ინტერნეტჯგუფებში არიან გაერთიანებული, სადაც ვიდეორგოლების განახლება რეგულარულად ხდება. საზოგადოების წევრები ყოველთვიურად $20-დან $2,000-მდე იხდიან, რაც გავლენიანი ადამიანებისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს ქმნის.
7. თანამშრომლობა
გავლენიან ადამიანებს ხშირად სთხოვენ თანამშრომლობას წიგნების წერაში, დოკუმენტების შედგენასა და სხვადასხვა გამოცემაში. მათ შეუძლიათ ჰონორარი პუბლიკაციაში სახელის მითითების სანაცვლოდ, იმ დროის გათვალისწინებით მოითხოვონ, რომელიც წერას მოანდომეს.
8. საკომისიოები
გავლენიანი ადამიანები სხვადასხვა მომსახურების სანაცვლოდ ზოგჯერ საკომისიოებს იღებენ. მათ კონტაქტების დიდი ქსელი აქვთ და თუ რომელიღაც კომპანიას მნიშვნელოვან კლიენტს წარუდგენენ, ფინანსური გარიგების 1-3-დან 10 პროცენტამდე გამომუშავება შეუძლიათ.
9. სალიცენზიო გარიგებები
გავლენიან ადამიანებს სასწავლო მასალები, პროგრამული უზრუნველყოფა ან მედიარესურსები აქვთ. მათი გამოყენება ლიცენზიით იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ, რომლებსაც საკუთარის შექმნა კი არა, მათი გამოყენება სურთ. სალიცენზიო გადასახადების ღირებულება მომხმარებელთა რაოდენობაზე, შემოსავლების პროცენტზე ან ფიქსირებულ წლიურ გადასახადზეა დამოკიდებული.
10. კონსულტაციები და სწავლება
გავლენიან ადამიანებს ორგანიზაციები ხშირად კონკრეტულ საკონსულტაციო პროექტებზე იწვევენ სამუშაოდ. ამ ტიპის მომსახურების ჰონორარი შესაძლოა $10,000-დან $100,000-მდეც კი იყოს.
11. დირექტორთა საბჭოში მონაწილეობა
გავლენიან ადამიანებს ხშირად იწვევენ სხვადასხვა კომპანიების დირექტორთა ან მრჩეველთა საბჭოებში. შესაძლოა ეს მსხვილი კომპანიები იყვნენ, რომლებსაც დიდი გეგმები აქვთ ან სწრაფად მზარდი სტარტაპები, რომელთა მიზანია მათ უცნობ ბრენდთან ცნობილი ადამიანის სახელი და გვარი ფიგურირებდეს. ასეთი გარიგებების დროს მათ თანხას ან წილს სთავაზობენ კომპანიაში. წლიური ანაზღაურება შესაძლოა სავარაუდოდ $15,000-დან $150,000-მდე აღწევდეს.
12. ბიზნესის ფლობა
ბევრ გავლენიან ადამიანს საკუთარი ბიზნესი აქვს და საკუთარ პროდუქციას ან მომსახურებას ყიდის. თუ ცნობილი ადამიანი კომპანიის სათავეშია, ან სულაც მისი აღმასრულებელი დირექტორია, კომპანია როგორც წესი, წარმატებულია და ისე მოაქვს გავლენიანი ადამიანისთვის მოგება, რომ მის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს.
ხომ დარწმუნდით, რომ თქვენს დარგში ფულის გამომუშავების დიდი შესაძლებლობები არსებობს. ამიტომ, თუ გავლენიანი ადამიანი ხართ, ისღა დაგრჩენიათ ერთ-ერთი მათგანი სცადოთ!