📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNBC

ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში ორჯერ მოხვდა. თუმცა, სანამ მილიარდერის სტატუსს მოიპოვებდა, იყო უდიდესი გამოწვევები, ბევრი საზრუნავი თუ საფიქრალი. შეუძლებელია მის ცხოვრებას თვალი გადაავლოთ და თუნდაც სადღაც შორს, სიბნელეში დამალული მოტივაცია არ გაგიცოცხლდეთ. ერთი-ორი ამონარიდიც კი საკმარისია მისი ბიოგრაფიიდან, რომ ყველა ანტრეპრენერი დაგარწმუნოთ, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს და რატომაა დანაშაული უმოქმედოდ ყოფნა, განსაკუთრებით ახლა, როცა სამყარო უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს.

„იმის ნაცვლად, რომ რაღაც მთელი გულით ითხოვოთ, სჯობს მოქნილად გაკეთებული საქმის გამო გიფრიალებდეთ გული", – ამბობს ჩინელი მაგნატი. მისთვის წარმოუდგენელია მოლოდინის რეჟიმში გატარებული ცხოვრება. ფიქრობს, რომ უმოქმედობას ყველაფერი სჯობს და რომ ადამიანმა ფარ-ხმალი არასდროს უნდა დაყაროს, რადგან ყველაზე დიდი შეცდომა და მარცხი დანებებაა.

სკოლაში წარმატებული არ იყო, არც კოლეჯის კარი გაიღო ფართოდ მისთვის. სწავლობდა თავისი ქალაქის ყველაზე დაბალი დონის უნივერსიტეტში, 10-ჯერ მიიღო უარი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან; მუშაობდა 15$-ად თვეში, 30-ჯერ უთხრეს უარი სამსახურში აყვანაზე; იყო გასაუბრებაზე KFC-ში, სადაც სულ 24 კანდიდატიდან 23 მიიღეს (ყველა, მის გარდა). გულწრფელად მიპასუხეთ – ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, ბევრი შეძლებდა ენთუზიაზმის შენარჩუნებას?

მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვის დიდად აუცილებელი არ არის იმის ცოდნა, თუ რას ფიქრობს დანარჩენი სამყარო, რადგან მათ აქვთ საკუთარი თავის რწმენა, აქვთ მიზნები, ან უბრალოდ იციან, რომ პასიურ რეჟიმში ცხოვრება სარგებელს ვერ მოიტანს. Alibaba Group-ის დამაარსებელი კარგად ხვდებოდა, რომ საჭირო იყო განვითარება, ახლის შეცნობა. 1995 წელს ამერიკაში „აღმოაჩინა", რომ არებობს ინტერნეტი და მიზნად დაისახა, ჩინეთში ეს სიახლე შეეტანა. საკუთარ სახლში მოაწყო ვებგვერდების დამზადების კომპანია და ამით ჩინეთს დაუმტკიცა, რომ ინტერნეტი არსებობდა. 1999 წელს იგი აშშ-ში „სილიკონის ველზე" გაემგზავრა, რათა მისი იდეა დაეფინანსებინათ, მაგრამ უშედეგოდ – ჯეკის ბიზნესგეგმა ყველამ დაიწუნა. თუმცა, ვერც ამ მოვლენამ შეძლო მისი მიზნისადმი სწრაფვის შეჩერება – მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა, იდეა მეგობრებს გააცნო და მათთან ერთად შექმნა ახლა უკვე ყველასთვის ცნობილი Alibaba Group.

„თუ გაქვს მილიონი დოლარი, ეს შენი ფულია. ხოლო, თუ გაქვს მილიარდი, იცოდე, რომ ეს შენი ფული არ არის. ეს საზოგადოების ნდობის გამოხატულებაა", – ამბობს Alibaba-ს დამფუძნებელი, რომელიც ოცნებობდა მცირე ბიზნესზე, თუმცა შექმნა იმპერია, პასუხისმგებლობებითა და საფიქრალით სავსე.

2018 წლის სექტემბერში ჯეკ მამ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ დროს ქველმოქმედებას დაუთმობს. მან შეძლო და არაფრისგან შექმნა „სამყარო", რომლის საბაზრო ღირებულება $400 მილიარდია.

ჯეკ მა არის ადამიანი, რომლის ხელფასი თვეში 15$-ს არ აღემატებოდა, თუმცა ახლა მისი ქონება 39 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. დაუღალავი შრომისა და დაუკარგავი იმედების სიმბოლო ყოველთვის უზიარებს რჩევებს ადამიანებს, ამხნევებს მათ და ეუბნება, რომ არასდროს, არაფრის გამო არ დანებდნენ, სჯეროდეთ საკუთარი თავის და გუნდის, ვისთან ერთადაც იკაფავენ გზას. მილიარდერი ბიზნესმენებს ურჩევს, რომ აიყვანონ ისეთი კადრები, რომლებიც მათზე გონიერები არიან და მეტი შესაძლებლობა თუ უნარი აქვთ. მიიჩნევს, რომ თუკი სწორ გზაზე დგახარ, ფული თავად გიპოვის, თუმცა იმასაც დასძენს, რომ არ შეიძლება მხოლოდ მასში ეძებო მშვენიერება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან გულწრფელად აღნიშნა, რომ უფრო ბედნიერი მაშინ იყო, როცა მასწავლებლად მუშაობდა და მიზერული ხელფასი ჰქონდა. ალბათ სწორედ ამან უბიძგა გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გამოენახა და გარკვეულწილად ამ საქმეს დაბრუნებოდა.

Alibaba Group-ის დამფუძნებელი არის ადამიანი, რომელსაც აქვს იმედი, მიზნები და ყველაფერს აკეთებს მათი რეალიზებისთვის. მომდევნო გეგმა Alibaba Group-ის XXI საუკუნის კომპანიად ქცევაა.

თუმცა, მე თუ მკითხავთ, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება მომავალში, ჩვენ ამ ადამიანმა უკვე საკმარისი მიზეზი მოგვცა იმისათვის, რომ საკუთარი თავის რწმენის აუცილებლობაში დავრწმუნდეთ და მუდამ გვახსოვდეს წესი N1 – არასოდეს დავნებდეთ!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი