📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქარიზმატულობა, როგორც კომპანიის წარმატების გასაღები

By Aytekin Tank

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არსებობენ ლიდერები, რომელთა "მიზიდულობის ძალას" აუცილებლად იგრძნობთ, თუ მათ საუბარს მოუსმენთ. მათ იციან სად, რა და როგორი ფორმით უნდა თქვან და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ლიდერების უმრავლესობას სხვები უწერდნენ გამოსვლებს, მთავარი ისაა, რომ ადამიანთა გულის მოსაგები სიტყვების წარმოთქმის ხელოვნებას ბევრი მათგანი არ ფლობს.

შესაძლოა იკითხოთ, კონკრეტულად რა თვისებაა ეს? − მაგნეტიზმი გახლავთ, რომელიც ვიღაცისკენ გიზიდავთ. ყოველივე ალბათ გარკვეულ კავშირში უნდა იყოს მომხიბვლელობასთან, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც ეს იშვიათი თვისება აქვს, ისეთი ქარიზმატულია, რომ უბრალოდ შეუძლებელია, ვერ შენიშნოთ.

ქარიზმატულობა თვისებაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლიდერებს, ვინაიდან როდესაც შენ გარშემო მყოფ ადამიანებზე შეგიძლია გავლენის მოხდენა, ეს შეუჩერებელს გხდის შენც და მთლიანად კომპანიასაც.

"არ აქვს მნიშვნელობა ვითარებას, გასაუბრება გაქვთ სამსახურში მისაღებად, პრეზენტაციას აკეთებთ, თუ ვინმეს მოხიბვლას ცდილობთ თუ თავდაჯერებულ ლაპარაკის უნარი გაქვთ, ამით სხვებს უმტკიცებთ, რომ ნამდვილად ღირს თქვენ სერიოზულად აღქმა", − წერს ვიქტორ მონგი Medium-ისთვის.

ამიტომ, მსურს მეტი ვისაუბრო იმ სტრატეგიაზე, რომლითაც, ჩემი აზრით, ამ თვისების გაძლიერება შეიძლება.

როგორ უნდა გახდეთ "ადამიანების მაგნიტი"

ამერიკელი მწერალი დეილ კარნეგი თავის წიგნში "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოახდინოთ გავლენა ადამიანებზე", იმ გზებს განიხილავს, რომლითაც ადამიანებს ნებისმიერი სახის სერიოზული ურთიერთობების განვითარება შეუძლიათ. მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ციტატა, ჩემი აზრით, ეს არის: "საინტერესო რომ იყოთ, ინტერესი უნდა გამოიჩინოთ სხვების მიმართ".

რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები მაშინ იჩენენ მზრუნველობას, როდესაც თქვენ ხართ მზრუნველი. ადამიანები გრძნობენ იმ ვნებას, რომელსაც თქვენ ასხივებთ, როდესაც ის მხოლოდ თქვენი და თქვენსავე ეგოისტური მოტივაციის გარშემო არ ტრიალებს.

ასე რომ, ადამიანებისთვის "მაგნიტი" რომ გახდეთ, უპირველესად, თქვენი ინტერესები საკუთარ თავს მიღმა უნდა მიმართოთ. "სცადეთ ვინმეს მის შესახებ დაელაპარაკოთ და ნახავთ, რომ ისინი საათობით მოგისმენენ", − გვირჩევს კარნეგი. მაგრამ ამასთან, ეს თქვენი გულწრფელი სურვილიც უნდა იყოს, და ამ დროს, შეგიძლიათ თქვენი ცნობისმოყვარეობაც გამოიყენოთ და თანაგრძნობაც.

ლიდერებს ყოველთვის უწევთ სიტყვით გამოსვლა. ზოგისთვის ეს მარტივია, ზოგისთვის − არა, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ადამიანები ყველაფერზე მაღლა საკუთარ ეგოს აყენებენ.

თავდაჯერება აუცილებელია

ერთ-ერთი გამოსვლისას ობამამ მარტივი ჭეშმარიტება გამოაცხადა, რომელმაც დიდი გამოძახილი გამოიწვია: "ცვლილებები არ მოხდება, თუ სხვა ადამიანს ან სხვა დროს დაველოდებით. თავად ჩვენ უნდა ვიყოთ ისინი, ვისაც ასე დიდხანს ველოდით".

როგორც ლიდერებმა და ანტრეპრენერებმა, ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ჩვენ რაღაც ახლის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი − ინოვაციური პროდუქტი იქნება თუ მომსახურება. მაგრამ ეს არ მოხდება იმ თავდაჯერების გარეშე, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, თან სხვებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ მათაც უნდა სჯეროდეთ ჩვენი ხედვის.

ადამიანების მოსაზიდად სიმამაცეა აუცილებელი და საკუთარი შესაძლებლობებისა და იდეების რწმენა. ჩვენ შეგვიძლია ეს სხვადასხვა გზით ვაჩვენოთ გარშემომყოფთ: საინტერესო ისტორიები ვუამბოთ გაკვეთილების სახით, სერიოზული მეტაფორები გამოვიყენოთ ისე, რომ საკუთარი თავის რწმენა ჩანდეს, რისკენაც სხვებიც უნდა ისწრაფოდნენ.

"ქარიზმა არ არის მხოლოდ ის, რომ გაპრიალებულ და მიმზიდველ ორატორი გამოჩნდეთ. ეს ბევრად მეტია. ადამიანები მხოლოდ თქვენი უნარებით არ დარჩებიან აღფრთოვანებულნი, არც იმით, თუ როგორ შეგიძლიათ მათი დაინტერესება, არამედ იმით, თუ როგორ აგრძნობინებთ მათ თავს საუბრისას. სწორედ ამიტომ გრძნობენ ისინი მიზიდულობას თქვენ მიმართ და ამიტომ სურთ ასეთი მომენტებით ტკბობა", − წერს ვიქტორ მონგი.

TED-ის საუბრებში მარტივად შეამჩნევთ, თუ როგორი უნიკალური გზით ავლენს თითოეული გამომსვლელი საკუთარ თავს და გარკვეულწილად, ეს გვეხმარება ლიდერობის სტილისა და სხვებთან ურთიერთობის გზის განსაზღვრაში.

არ შეგეშინდეთ, თუ დაუცველი გამოჩნდებით

2020 წელს დავწერე, რა გადავიტანე Covid19-ის გამო ჰოსპიტალიზაციის დროს. უზომოდ დაუცველად ვგრძნობდი თავს, მიჭირდა ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ამან სხვა რამ გააკეთა: დიალოგებისა და საუბრების მთელი ახალი სერია გახსნა ჩემს კომპანიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მე მათ გავუზიარე, რაც გადავიტანე, და ამან სხვებს მისცა საშუალება, მშვიდად ელაპარაკათ თავიანთ შინაგან ბრძოლებზე და საკუთარი რთული გამოცდილება გაეზიარებინათ. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ დაუცველობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია "ადამიანების მაგნიტი" იყო.

რატომ? − ერთი მარტივი ჭეშმარიტების გამო: ჩვენ ისინი გვიზიდავენ, ვინც გულწრფელები და მამაცები არიან და ღიად საუბრობენ იმაზე, რაც გადაიტანეს.

თუ გამბედაობა გყოფნით და მძიმე თემებზე საუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებს გადასცემთ სიმამაცის იმავე "ჩირაღდანს", რათა მათაც თავისუფლად იგრძნონ თავი და იმავეს გაკეთება შეძლონ. ახლა, როდესაც ჩემს ჰოსპიტალიზაციაზე ვსაუბრობ, ადამიანებს მივანიშნებ, რომ მადლობელი ვარ იმ პერიოდის სულიერი ძიებებისა და ფიქრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იყო.

მომწონს, როდესაც ჩემს გუნდს ვუმეორებ, რომ ჩემს კომპანიაში დაუცველობას მივესალმებით − რთული წარსულის გაზიარება იქნება ეს თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების. ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ რობოტები, რომლებიც მხოლოდ იმისთვის ცხოვრობენ, რომ ნაყოფიერად იმუშაონ, ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ − საკუთარი ემოციებითა და იარებით, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ, რომ გვხედავენ.

რადგან, ბოლოსდაბოლოს, ქარიზმა, თანაგრძნობისა და თანაგანცდის გარეშე, მხოლოდ ცარიელი ილუზიაა.

ჭეშმარიტი მაგნეტიზმი იმას ნიშნავს, რომ მამაცებიც ვიყოთ და ყველაზე გულწრფელებიც ჩვენს ნაკლოვანებებთან ერთად, და თან ისე, რომ გარშემომყოფებმაც შეძლონ იმავეს გაკეთება.

დაბოლოს, შეუდარებელ პოეტ მაია ანჯელოუს ციტატა მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ამ იდეას: "მე ვიცი, რომ ადამიანები დაივიწყებენ შენს ნათქვამს. ადამიანები იმასაც დაივიწყებენ, რაც გააკეთე, მაგრამ არასოდეს დაავიწყდებათ, თუ როგორ აგრძნობინებდით თავს".

Aytekin Tank

Entrepreneur Leadership Network® VIP

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს