📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"დღეს იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ადრე შემეძლო" - USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი ქალი მეწარმეები კახეთიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხეა, ქართული ტრადიციული კულტურის ელემენტებით. ხშირად საქართველოს ღვინის სამშობლოდაც მოიხსენიებენ, კახეთი კი სწორედ მეღვინეობისა და მევენახეობის ერთ-ერთი კერაა. ჩურჩხელა, ღვინო, თათარა − კახეთისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს ამ ლამაზ კუთხეში დღეს არაერთი მეწარმე ქალი ცხოვრობს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მარანში, ვენახში, აწარმოებენ ღვინოს, ჩურჩხელას, ან მისდევენ სხვა საქმიანობას. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი საქმით პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსა და კულტურას. თუმცა, ამ პროცესში არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, უპირველესად კი ებრძვიან სტერეოტიპებს, რადგან ხშირად ქალ მეწარმეებს ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან ფიქრობენ, რომ კონკრეტული სფერო მხოლოდ მამაკაცის საქმეა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფორმაციის ნაკლებობა შესაძლებლობების შესახებ, თუმცა კახეთში მცხოვრები ანტრეპრენერები ამ დაბრკოლებებს თავს წარმატებით ართმევენ − ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ფონდი "კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად ახორციელებს. Entrepreneur-მა აქამდეც არაერთხელ გიამბოთ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარების შესახებ, რომლებიც მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, საკუთარ საქმეს წარმატებით ახორციელებენ. ამჯერად კი კახეთში მცხოვრები ქალი მეწარმეების საოცარი საქმიანობის შესახებ უნდა მოგიყვეთ.

სალომე მათიაშვილი "ქარსელაძეების მარანი"

"კახეთში, ისტორიულ IV-V საუკუნის სოფელ ველისციხეში, წინაპრების მარანი აღვადგინე, რომელიც მათ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოართვეს. ისტორიული წყაროსა და ჩემი დიდი ბებიის მონაყოლის მიხედვით, შენობა ორსაუკუნოვანია და ეკუთვნოდა მის აღმზრდელ მღვდელმსახურს, რომელიც მარანში ახალდაქორწინებულ წყვილს წერდა ჯვარს და სპეციალური ვერცხლის სასმისით ასმევდა ღვინოს. ეს ვერცხლის სასმისი ჩვენს ოჯახს დარჩა ბებიისგანთავისი სასიამოვნო ისტორიით. საბოლოოდ კი, პაპაჩემმა დაიბრუნა მშობლების კუთვნილი მიწა", − სალომე მათიაშვილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარ სოფელში დაბრუნდა, სადაც მარნის რესტავრაციის იდეა დაებადა. ბიძის ხელშეწყობით დაიწყეს მარნის რესტავრაცია. საოცარი არქიტექტურით აგებული შენობა დახვდათ − უძველესი თაღები, ძველი ღვინის ბოთლები და სხვა ნივთები, რომელიც, სალომეს აღნიშვნით, სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. "რა სიღრმეზეც ვთხრით სარდაფში მიწას, მით უფრო მკაფიოდ ჩნდება თაღიც. მოხუცი ველისციხელების მონაყოლიდან ვიგებთ, რომ ჩვენი სარდაფიდან გადის გვირაბი, რომელიც IV-V საუკუნეების სოფლის ეკლესიას უკავშირდება. ძალიან საინტერესო და ბევრი სიურპრიზითაა აღსავსე ჩემი მარანი", − Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს სალომე მათიაშვილი.

სალომე პროფესიით იურისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კახეთში დაბრუნდა. ყველა სკეპტიკურად უყურებდა, ვინაიდან სრულიად ახალ მიმართულებას − მეღვინეობას მიჰყო ხელი. მიუხედავად ამ გამოწვევისა, სალომემ განაგრძო ახალი სფეროს შემეცნება, ვინაიდან, მისი განმარტებით, სწორედ მეღვინეობაა ის მიმართულება, რომელიც მას აინტერესებს, ყოველდღიურად ზრდის და ავითარებს.

ანტრეპრენერს მიაჩნია, რომ საკუთარი საქმიანობის დაწყება ბევრად რთულია, ვიდრე რომელიღაც კომპანიაში მუშაობა, სადაც იურისტი, ბუღალტერი და ყველა სხვა საჭირო მიმართულების კადრები არსებობენ. საკუთარი ბიზნესის დროს კი თავად ხარ ყველა რგოლი და შენვე ასრულებ ყველას საქმიანობას. "თუ ადამიანებს საკუთარი ბრენდის შექმნა და ბიზნესის მართვა სურთ, მთავარი თვისება, რომელიც უნდა ჰქონდეთ, ესაა მიზანდასახულობა. არ უნდა შეუშინდნენ გამოწვევებს, რომლებიც მათ შეხვდებათ საქმიანობის პერიოდში, უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა საქმეს აქვს თავისი სირთულე. უნდა წარმოიდგინონ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგსად სურთ იყონ და ამის შემდეგ, აუცილებლად მივლენ მიზნამდე. ამასთან, მთავარია იმის გააზრებაც, რომ როდესაც საკუთარი ბიზნესი გაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენი დროის დიდი ნაწილი სწორედ იმ საქმეს მოახმარო, რომელსაც აკეთებ", − აღნიშნავს სალომე მათიაშვილი.

როგორც სალომე აღნიშნავს, USAID-ის პროგრამა YES-Georgia ძალიან დაეხმარა მის საქმიანობას, ვინაიდან პროექტის მეშვეობით უამრავი საჭირო ადამიანი და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა. ანტრეპრენერის განმარტებით, პროგრამის ორგანიზატორებს აქტიურად აქვთ კომუნიკაცია მასთან და ყველაფერში ეხმარებიან, რაც სჭირდება. ამ ეტაპზე, ბრენდის უკან დგას სალომე, რომელსაც ჯერჯერობით არ ჰყავს დამხმარე პერსონალი, თუმცა, სამომავლოდ, გუნდის გაზრდას დაახლოებით 12 ადამიანამდე გეგმავს.

"სამომავლოდ ვაპირებ საოჯახო სასტუმროს დამატებასჩემი პაპისა და ბებიის ძველი სახლი უნდა აღვადგინო. ჩემთან მოსული სტუმარი მარანთან ახლოს დაისვენებს და შემდეგ ქართულ სამზარეულოსა და ჩემს ღვინოს დააჭაშნიკებს. ვაწარმოებ ორი სახეობის ქვევრის ღვინოს − რქაწითელს, საფერავს, ასევე ჭაჭასა და კონიაკს. სურვილი მაქვს, სამომავლოდ დავამატო ტერასა და ღვინის ბიბლიოთეკა. ვიმედოვნებ, 2024 წლამდე განვახორციელებ ჩემს მიზნებს", − გვიყვება სალომე მათიაშვილი.

რაც შეეხება ქალებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის დაწყება სურთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ, სალომე ურჩევს, ჰქონდეთ ის საქმე, რომელიც მათ ბედნიერებას მიანიჭებს და არავის და არაფრის გამო არ თქვან უარი საკუთარ მიზნებზე. "ყველა კარზე დააკაკუნეთაუცილებლად გაგიღებთ ვინმე, ვინც სწორ მიმართულებას მოგცემთ. არ შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან მთელი ცხოვრება მაინც ყველგან ომია, და სჯობს, შენი საყვარელი საქმიანობისთვის იბრძოლო. ბევრს ნუ იფიქრებთ, დაიწყეთ საქმე, ნელ-ნელა ყველაფერში გაერკვევით, მოაგვარებთ და იამაყებთ თქვენი თავით. წარმატებები ყველა დამწყებ ბიზნესვუმენს, მეტი ქალი ბიზნესში", − აცხადებს ანტრეპრენერი.

მაია ბეიტარაშვილი − "ბურჯანაძის საოჯახო მარანი"

დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება მაია ბეიტარაშვილმა 2022 წელს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" და USAID-ის საგრანტო პროექტებში გაიმარჯვა და ღვინის წარმოების გაფართოება შეძლო: შეიძინა ინვენტარი, ქვევრები და ყველა საჭირო რამ, რაც მასშტაბირებაში დაეხმარებოდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც მაია ბეიტარაშვილი ქალაქ საგარეჯოში ვიზიტორებს ბურჯანაძის საოჯახო მარნით უმასპინძლდება.

"2018-იდან 2022 წლამდე უცხოელ ვიზიტორებს ვიღებდი. ჩვენი ოჯახი (მეუღლე, დედამთილი და შვილები) მუსიკალური ოჯახია, ტრადიციულად გამოირჩევა ხალხური სიმღერების შესრულებით. ჩემი მამამთილიანზორ ბურჯანაძე, ლოტბარი გახლდათ. მეგობრებსა და ახლობლებს, იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახში მრავალხმიანი სიმღერა ჟღერდა, ძალიან უყვარდათ ჩვენთან ქეიფი. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ოჯახში მოსულ სტუმრებს ჩვენი სიმღერები შევთავაზეთ და ძალიან აღფრთოვანებულნი დარჩნენ, გადავწყვიტეთ უფრო ფართო მასშტაბით შეგვეთავაზებინა სუფრაკახური სტუმარმასპინძლობით, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა თამადის ტრადიცია, ქართული ადათ-წესები, სადღეგრძელოები, ხალხური, ქალაქური და ევროპული მუსიკა და სხვა. ეს ყველაფერი ვიზიტორებს ძალიან მოსწონდათ. ამასთან, დამატებით ხშირად ითხოვდნენ ბოთლში ჩამოსხმულ, ჩვენი მარნის ღვინოს, რომელიც იმ პერიოდისთვის არ გვქონდა, მაგრამ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მეშვეობით, მოგვეცა საშუალება, გაგვეფართოებინა ღვინის წარმოება", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მაია ბეიტარაშვილი.



საკუთარი საქმიანობის დაწყებისას ყველაზე დიდი გამოწვევა ღვინის პირობების დაცვა გახლდათ, ვინაიდან, თავდაპირველად, ანტრეპრენერს არ გააჩნდა ღვინის შესაბამისი ინვენტარი. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ ჰქონდა საშუალება, შესაბამისი პირობების დაცვით, რამდენიმე წლით, დაეძველებინა ღვინო, რაც სასმლის გემოვნურ და ხარისხობრივ თვისებებს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ გრანტმა მისცა სტიმული შეექმნათ ახალი მარანი, სადაც ღვინის დაძველებას და უფრო ხარისხიანი ღვინის გატანას შეძლებდნენ, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

მაია სპეციალობით სურსათის საქონელმცოდნე გახლავთ, სადიპლომო ნაშრომი კი ღვინის წარმოებაზე ჰქონდა დაცული. წარმოშობით ქიზიყიდანაა, სადაც მევენახეობა-მეღვინეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მაიას თქმით, მის ბავშვობაში ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო სწორედ მეღვინეობა იყო და ანტრეპრენერიც, ოჯახთან ერთად, ბავშვობიდან იყო ჩართული ღვინის დაყენების პროცესში. წლების შემდეგ კი განაგრძო საკუთარი პროფესიით მუშაობა და დღეს უკვე, ოჯახთან ერთად, ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა. მაიას აზრით, ადამიანი, რომელიც ბიზნესს იწყებს, უნდა იყოს რისკიანი, მოტივირებული, მიზანსწრაფული და რაც მთავარია, წარმატების მისაღწევად მუდამ დაუღალავად იშრომოს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, YES-Georgia პროგრამის ბენეფიციარის განმარტებით, ბიზნესს სახელმწიფოსა და საგრანტო პროგრამების თანხვედრით, სერვისისა და პროდუქტის განვითარებისთვის ხელშეწყობა სჭირდება, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ რეკლამირების კუთხითაც. ამ მიმართულებით, ანტრეპრენერი აქტიურ მუშაობას გეგმავს ვებგვერდის შექმნასა და ამ ყველაფრისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად.

იმ ქალებს კი, ვისაც დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურთ, მაია ურჩევს: "ბიზნესის დასაწყებად საჭიროა გააზრებული და მტკიცედ ჩამოყალიბებული მიზანი. საჭიროა, საკუთარი შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეფასება და თავისუფლების სურვილი, რომელიც აუცილებლად მიგაღწევინებს წარმატებას საკუთარ საქმიანობაში".

დიანა ხაზარაძემშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია "დია"

"დღეს იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ადრე შემეძლო"

ორგანიზაცია "დია" 2020 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/ბავშვების მშობელთა და მათთან მომუშავე პროფესიონალების გაერთიანებით დაფუძნდა. მის ინტერესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში შშმ-პირთა ადვოკატირება, ინტერესების დაცვა, ორგანიზაციული სერვისების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური, სულიერი, გონებრივი განვითარების ხელშეწყობა და აქტიური ინტეგრირება წარმოადგენს.

მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია "დია" დიანა ხაზარაძემ − აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელმა დააფუძნა, რომელიც რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ განათლებაში. ამჟამად ცენტრი "დია" სახელმწიფო ქვეპროგრამის − "ბავშვთა ადრეული განვითარების" სერვის-პროვაიდერია და წარმატებით უზრუნველყოფს ამ მომსახურებას. ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო მომსახურება − "აუტიზმის სპექტრის აშლილობის გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა".

"დია" მოიცავს დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების შეფერხების, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, მომსახურების დაგეგმვას და მიწოდებას ბუნებრივ გარემოში, ბავშვის განვითარების ხელშეწყობის, აღმზრდელის უნარების გაუმჯობესებისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება − 2022 წელს თუ ორგანიზაცია 40 ბავშვს უწევდა მომსახურებას, მიმდინარე წელს 100-ზე მეტ ბავშვთან თანამშრომლობს.

"როცა ელენე (შვილი) წლის გახდა, ვატყობდი, რომ ბავშვს არ ჰქონდა რეაქცია საკუთარ სახელზე, არ აინტერესებდა ადამიანები... დამყავდა ექიმებთან, მაგრამ პასუხი ასეთი იყო: ბავშვს არაფერი სჭირს, დაველოდოთ ორ წლამდე. ექიმებთან სიარულში დავკარგე ორი წელი. ბევრს ვკითხულობდი და არ მინდოდა დამეჯერებინა გამიჭირდა აღიარება იმის, რომ ჩემ შვილს, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, ჩავერთეთ თელავის მუნიციპალიტეტში "ბავშვთა ადრეული განვითარების" სახელმწიფო ქვეპროგრამის სერვისში, რადგან გურჯაანის მუნიციპალიტეტში არ იყო ეს სერვისი. ვიარეთ ზუსტად სამი წელი. ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავი მძღოლიც, დედაც და პირადად მივიღე ფსიქიკური აშლილობა. ყველაფერთან ერთად ვხვდებოდი, რომ ჩემს შვილს სჭირდებოდ მუდმივად დახმარება, შესაძლ სიცოცხლის ბოლომდეც კი", − Entrepreneur-თან საუბარში იხსენებს დიანა ხაზარაძე.

ანტრეპრენერის განმარტებით, იმ პერიოდში მას მნიშვნელოვნად დაეხმარა მშობელთა კონფერენციაში მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორიც MAG Georgia გახლდათ. სწორედ ამ გარემომ შესძინა ძალა და თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერს შეძლებდა და ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებდა შვილს მდგომარეობას.

როცა ორგანიზაცია დააფუძნა და აქტიურად დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გამხდარიყო სერვისპროვაიდერი და მიეწოდებინა სერვისი არა მხოლოდ საკუთარი შვილისთვის, არამედ იმავე საჭიროების მქონე სხვა პირებისთვისაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება გაჩნდა: კადრის მოძიებასთან და ფართის არქონასთან ერთად, გამოწვევად რჩებოდა ისიც, რომ სადაც უნდა წასულიყო დიანა, ყველგან დემოტივირებულები ხვდებოდნენ − ეუბნებოდნენ, რომ ეს საქმე არ გამოუვიდოდა და ძალიან რთული იყო ამ სერვისის დანერგვა. "გამუდმებით ვფიქრობდითუ სხვაგან არის ეს სერვისი, რატომ შეუძლებელი ამ სერვისის დანერგვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში? მოვიძიე კადრი, გადავამზადე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოგვიყო ფართი უზუფრუქტის მეშვეობით და წარმატებით დაინერგა სერვისიც. დღეს ორგანიზაციაში მუშაობს 14 ქალი სპეციალისტი, ადმინისტრაციის 4 წარმომადგენელი, 10 თერაპევტი, ესენია: ენისა და მეტყველების, ქცევის, ფსიქოლოგის, ინკლუზიური განათლების თერაპევტები. ყველას აქვს უმაღლესი განათლება თავისი სპეციალობიდან გამომდინარე. კადრები გადავამზადეთ საქართველოში, წამყვან უწყებებთან პარტნიორობით", − აღნიშნავს დიანა.

2007 წლიდან დიანა ზაზა ფანასკერტელის სახელობის გურჯაანის ფილიალის კოლეჯის სასწავლო ნაწილი, 2010 წლიდან კი საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის გურჯაანის სასწავლო ცენტრის სასწავლო ნაწილი და კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი გახლდათ. გარდა ამისა, ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერია. მისი თქმით, სწორედ ეს მრავალფეროვანი გამოცდილება დაეხმარა, ახალ სფეროში დაეწყო მუშაობა და წარმატებით აეწყო საქმე. 2021 წელს კი, ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო YES-Georgia (Buzz) პროგრამის შესახებ, რომელშიც, როგორც მონაწილემ, ბაზ-ელჩის სტატუსი მოიპოვა. ბენეფიციარი ფიქრობს, რომ ტრენინგებმა მას შესძინა თავდაჯერებულობა, რომელიც რეალურად, დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად სჭირდებოდა.

რაც შეეხება სხვა ქალებს, რომლებსაც მეწარმეობის სფეროში სურთ საკუთარი თავის გამოცდა, დიანა ურჩევს: "შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის. ვერ ვიტყვი, რომ არ უნდა გაითვალისწინოთ ოჯახის მდგომარეობა. ქალი არის საყრდენი ძალა. ძლიერი ქალი პირველესად ოჯახშიც მოსწონთ. მახსოვს ფრაზა: "შენ არაფერი გამოგივა"; "ქართული არ იცი"; მაგრამ დავუმტკიცე, რომ დღეს იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ადრე შემეძლო".

სანათა წიწუაშვილიღვინის მარანი "ლაგვანი"

წლებია, რაც სანათა წიწუაშვილსა და მის ოჯახს ვენახები აქვთ ახმეტაში. ადრე მოსავლის ნაწილს ღვინის ქარხანას აბარებდნენ, ნაწილით კი თავად ამზადებდნენ ღვინოს. მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სანათამ ვენახების გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.

"2018 წელს მივიღე ვენახების გაყიდვის გადაწყვეტილება, თუმცა ყურძნის საფასურის აღების შემდეგ ფაქტობრივად ვერ შევძელი ჩანაფიქრის განხორციელება. მიღებულ ანაზღაურებას დავუმატე ბანკის კრედიტი და სპონტანურად შევიძინე ქვევრები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია", ამბობს სანათა წიწუაშვილი.

2019 წლიდან სანათამ მარნის მშენებლობა დაიწყო. მისი გათვლით, ძალიან მოკრძალებული, მინიმალური ზომის მარანი უნდა აეშენებინა, თუმცა ოჯახის მხარდაჭერით, საოჯახო მარნის მცირე კომპლექსის მშენებლობას შეუდგა. სწორედ აქედან იწყება "ლაგვანის" ისტორია, რომლის სახელი სულხან-საბას "სიტყვის კონადანაა" და დიდი ზომის ქვევრს ნიშნავს.

დღეს სანათა ბიოღვინოს აწარმოებს. "ლაგვანში" შევხვდებით კახურ მწვანეს, რქაწითელს, საფერავს, ქისს, ორბელურ ოჯალეშს, კახურ მცვივანს და ცქრიალა ღვინოს. მარანში ხშირია დეგუსტაციები, ასევე ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები. სტუმრებს სანათა მეღვინესთან ერთად მცირე ლექციებს უტარებს ღვინის შესახებ. გარდა ამისა, აქვე ეწყობა ლიტერატურული საღამოები და წიგნის პრეზენტაციები.

აქტიური სამეწარმეო საქმიანობის პარალელურად, სანათა "ბუნებრივი ღვინის" ასოციაციის "ასოციაცია ქალები ღვინის ინდუსტრიაში", "ელკანასა" და "ფერმერთა ასოციაციის" წევრია და თითქმის ყველა გამოფენასა თუ ღვინის ფესტივალში იღებს მონაწილეობას, რათა მაქსიმალურად გაუწიოს საკუთარ ღვინოს პოპულარიზაცია.

"ლაგვანის" გუნდი მთლიანობაში 10-მდე ადამიანს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ საქმეს დიდი სიყვარულით ეკიდებიან. ღვინის რეალიზაციას ძირითადად ადგილზე, მარანშივე ეწევიან. გარდა ამისა, "ლაგვანის" პროდუქტებს რამდენიმე მაღაზიაშიც შეხვდებით, მათ შორის "8000 მოსავალსა" და Brend Wine-ში, მართალია მცირე რაოდენობით, თუმცა ბრენდის ღვინის სახეობები აშშ-შიც გააქვთ ექსპორტზე.

როგორც სანათა აღნიშნავს, მარანში მუშაობა და ღვინის წარმოება სულ სხვა გამოწვევა აღმოჩნდა მისთვის. პროფესიით იურისტია, ამიტომ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად ფაქტობრივად ყველაფრის სწავლა დასჭირდა. მუდმივად ესწრებოდა ტრენინგებს ღვინის, სურსათის უვნებლობისა თუ ბიზნესის მართვის კუთხით და დღემდე მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე. YES-Georgia-ს (BUZZ) ტრენინგებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ანტრეპრენერზე − "ფაქტობრივად, ურთიერთობა არ შემიწყვეტია არავისთან, არც ტრენერებთან და არც წევრებთან. ერთი დიდი კავშირი იყო, სადა ყველა ერთმანეთის კეთილდღეობისთვის იყო მოტივირებული".

სამომავლოდ "ლაგვანს" საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს. ამჟამად მარანში სურსათის უვნებლობის სისტემას (HACCP) ნერგავენ და ძალიან მალე კაფესაც გახსნიან, რომელიც 7-იდან 11-საათამდე იმუშავებს. როგორც სანათა აღნიშნავს, ამჟამად ყველაზე მეტად მზის პანელები ესაჭიროება, რადგან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარება მძიმე ტვირთია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ბუნებისთვის.

"თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო იურისტობა კი არა, ღვინის წარმოებაა ჩემი ძირითადი საქმიანობა. ყოველი დღე სავსეა დადებითი ემოციებით, ყველა იდეის განხორციელება კი გამოწვევაა. ადრე ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ამდენს შევძლებდი, ალბათ კეთილ ხუმრობად ჩავთვლიდი", აღნიშნავს სანათა.

მარინა კაკიაშვილი-რუაძე "ექიმის ბიომარანი"

მარინა კაკიაშვილი-რუაძე პროფესიით ექიმია, რომელიც კახეთში, ფაფრის მინდვრების მიკროზონის ყურძნისგან ნატურალურ ღვინოს აწარმოებს. მართალია, იგი წარმოებას დამოუკიდებლად უძღვება, თუმცა ხშირად საქმიანობაში მეუღლე − ასევე ექიმი-ანგიოლოგი თეიმურაზ რუაძე და ოჯახის სხვა წევრებიც ეხმარებიან.

"მეღვინეობაში სრულიად დაუგეგმავად ჩავერთე 2016 წელს ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც ჩვენი ოჯახის კუთვნილი მიწის შესყიდვა სურდა. ჩვენ ამ ნაკვეთის არსებობა აღარც კი გვახსოვდა, გავიკითხეთ და გავიგეთ, რომ მიწის ნაკვეთი ფაფრის მინდვრებზე მუკუზნის მიკროზონაში მდებარეობდა, სადაც საფერავის საუკეთესო ჯიშის ყურძენი იზრდება და მისგან იდეალური ღვინო დგება. დავამუშავეთ მიწა და სეზონის დადგომისთანავე დავრგეთ საფერავის ჯიშის ვაზი", იხსენებს მარინა.

მარინამ მალევე მეორე ვენახიც გააშენა, სადაც ხიხვსა და რქაწითელს შევხვდებით. მოსავლის აღების პირველ წელს მწვანე რთველი ჩაატარეს და ყურძნის მტევნები გააცალეს ვენახს, რათა ფესვები უფრო ღრმად ჩასულიყო მიწაში და ვაზს მეტი მინერალი შეეთვისებინა. 2020 წელს პირველი რთველი ჰქონდათ, ბიომეთოდებით მოყვანილი ყურძენი კი ქვევრში ჩაწურეს და ბოთლებშიც ჩამოასხეს. სწორედ 2020 წელს დაფუძნდა ბრენდი, სახელად "ექიმის ბიომარანი", რომელიც ერთი მხრივ ხაზს უსვამს ნატურალურ მეღვინეობას და მეორე მხრივ ძალიან კარგად გამოხატავს, ბრენდისა და მისი დამფუძნებლის იდენტობას.

"ექიმის ბიომარანი" მაქსიმალურად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებასა და მუდმივ განვითარებაზე. იგი ნატურალური ღვინის მოყვარულებს ქვევრისა და კასრის ნატურალურ ღვინოს, ჭაჭის არაყსა და ღვინის ლიქიორს სთავაზობს. პროდუქტი ამჟამად მხოლოდ ექსპორტზე გააქვთ იაპონიაში, სადაც ბიო და ნატურალური ღვინის მაღაზიებში იყიდება. მალე "ექიმის ბიო-მარანი" ევროპულ და ქართულ ბაზრებსაც აითვისებს. სამომავლოდ, ბრენდი სადეგუსტაციო სივრცის მოწყობასაც ფიქრობს, რადგან ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

ოჯახში არსებული მრავალწლიანი მეღვინეობის ტრადიციის მიუხედავად, მარინას თქმით, ამ სფეროში აქტიურად მხოლოდ 2016 წელს ჩაერთო და მას შემდეგ დაინტერესებულია მეღვინეობის შესწავლით. ამ დროის განმავლობაში მრავალი ტრენინგი, სალექციო კურსი აქვს გავლილი და კვლავ აგრძელებს შემეცნებასა და განვითარებას. დღეს იგი "ბუნებრივი ღვინის" ასოციაციის წევრია და მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში, როგორიცაა Raw Wine Expo და სხვა.

როგორც მარინა აღნიშნავს, საკუთარი საქმიანობის წამოწყება შედარებით ადვილია, ვიდრე მისი სწორად წარმართვა და გაგრძელება. მისი აზრით, ანტრეპრენერი ერთგვარი გამომგონებელი, შემქმნელი და მწარმოებელია, რომელიც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

"ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა დაიწყონ ის, რაც სურთ. შესაძლ ბიზნესი წარუმატებელი იყოს, მაგრამ ამით ბევრს ისწავლიან და შემდგომ ნაბიჯებს ან სხვა ბიზნესს უფრო დიდი გამოცდილებით შეხვდებიან", აღნიშნავს მარინა კაკიაშვილი-რუაძე.

თეა მახათელაშვილი "მამუკელაშვილის მარანი"

"მამუკელაშვილის მარანი", როგორც მცირე საწარმო კახეთში, სოფელ კურდღელაურში 2017 წელს დაფუძნდა, თუმცა როგორც საოჯახო ღვინის მარანს, 300-წლიანი ისტორია აქვს. იგი პირვანდელი ფორმითა თუ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვით, ძველი, ავთენტური მარნის გამონაკლის ნიმუშს წარმოადგენს.

თეა მახათელაშვილისთვის მამაპაპისეული საქმიანობის აღდგენა-განახლების ინსპირაციის წყარო ოჯახის წევრის ავადმყოფობა აღმოჩნდა, რომელსაც ალკოჰოლური სასმლის მიღება აეკრძალა.

"საყოველთაოდ ცნობილია ნატურალური, ბუნებრივი ღვინის სასარგებლო თვისებები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ხელით დაგვემზადებინა კრაფტ-წარმოების ღვინო, რომლის დადებით ზემოქმედებაშიც დავრწმუნდებოდით და ჩვენ და ჩვენი მეგობრები მივირთმევდით. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა მივიღეთ ღვინო, რომელიც შეიძლება ითქვას, სამკურნალო თვისებებს ატარებს, თუ შესაბამისი დოზით მივიღებთ", აღნიშნავს თეა მახათელაშვილი.

ამჟამად "მამუკელაშვილის მარანი" საკუთარ მომხმარებლებს 4 სახეობის ღვინოს სთავაზობს, როგორებიცაა "რქაწითელი", "საფერავი", "მწვანე" და "ხიხვი". საღვინე ყურძენი წინაპრების დანატოვარი ასწლოვანი ვენახებიდან შემოაქვთ, რომელსაც თავად უვლიან მხოლოდ ბიოლოგიური მეთოდებით.

სხვა ანტრეპრენერის მსგავსად, თეაც USAID YES-Georgia-ს მონაწილეა და ამასთან, ორი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია. "პროგრამა დამეხმარა ანტრეპრენერისთვის საჭირო დამაჯერებლობის შეძენსა და გონივრული რისკის გაწევაში. დღეს ჩვენ ორი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ვართ, რამაც საშუალება მოგვცა, თანამედროვე ტექნოლოგიით აღგვეჭურვა უძველესი მარანი და ასევე, შევძელით შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის ხელოვნებასა და ისტორიასთან ინტეგრირებული ტურისტული პროდუქტები", აღნიშნავს თეა მახათელაშვილი.

"მამუკელაშვილის მარანი" მომხმარებლებს ავთენტურ გარემოში ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობას აძლევს. წელს მათ სერვისებს არაერთი რამ შეემატა, მათ შორის ღვინის დეგუსტაცია ქართული ეროვნული სამოსით, ქართული სუფრა ფოლკლორულ ჯგუფთან ერთად და ფოტოსესია. ყველა ამ აქტივობასა თუ წარმოებას, თეა, საკუთარ ოჯახთან ერთად დამოუკიდებლად უძღვება.

"მთავარი გამოწვევა ქალი მეწარმის მიმართ ის არის, რომ ეჭვის თვალით ყურებენ, რამაც ძალიან გამაძლიერა და რომლის წყალობითაც სამომავლოდ დიდი გეგმები დავისახე", აღნიშნავს თეა მახათელაშვილი.

ამჟამად ბიზნესს ინფრასტრუქტურის განვითარება ესაჭიროება, რათა მარანში მოსულმა სტუმარმა ღამის გათევა შეძლოს. სამომავლო გეგმებიც ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება.

როგორც თეა აღნიშნავს, დღეს დამოუკიდებელი საქმიანობის წამოწყება საკმაოდ რთულია, თუმცა ანტრეპრენერს უნდა შეეძლოს, საკუთარ ამპლუაში თავს ისე გრძნობდეს, როგორც თევზი წყალში. მისი თქმით, ანტრეპრენერობა გაუკვალავი გზებითა და ინოვაციური მეთოდებით წარმატების მიღწევას გულისხმობს.

"ქალბატონებს, რომლებიც ახლა გეგმავენ დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებას, ვურჩევდი, ბევრი იმუშაონ შესაბამისი დარგობრივი ცოდნის მიღებაზე, XXI საუკუნის ციფრული უნარების გამომუშავებაზე. საკუთარი თავისა და გარემოს შესაძლებლობების ანალიზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, დამოუკიდებლობა, გამბედაობა, წარმატების ახალი ბილიკების ძიება, რაც ე.წ. კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ, თუმცა ესეც პოზიტიურად უნდა მიიღოთ, როგორც ახალი შესაძლებლობა", − აღნიშნავს თეა მახათელაშვილი.

მარიამ ქევხიშვილი "კახური ტრადიციული ჩურჩხელა"

"კახური ტრადიციული ჩურჩხელა" საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2017 წელს კახეთში, გურჯაანის რაიონში დაფუძნდა, დღეს კი მას მარიამ ქევხიშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც მარიამი იხსენებს, ოჯახში მუდმივად მზადდებოდა ჩურჩხელა, რომელიც აღფრთოვანებას იწვევდა ყველაში, ვინც ერთხელ მაინც დააგემოვნებდა მას. სწორედ აქედან გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა და მალე საოჯახო ჩურჩხელა უფრო ფართო აუდიტორიას შესთავაზეს.

"კახური ტრადიციული ჩურჩხელა" მხოლოდ ქართული პროდუქტებისგან მზადდება. გურჯაანში ოჯახს საკუთარი ვენახი აქვს და ბადაგს სწორედ აქედან ამზადებენ. რაც შეეხება ნიგოზს, მას მხოლოდ ქართველი ფერმერებისგან ყიდულობენ, უპირველესად იმიტომ, რომ მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ ქართველი ფერმერების საქმიანობა. გარდა ამისა, ქართული ნიგოზი ბევრად უკეთესი გემოს მქონეა, ვიდრე იმპორტული.

"ჩვენი საქმიანობის დაწყების მთავარი მიზანი კარგი ხარისხის ჩურჩხელის წარმოება იყო, რომელიც არ არის გაჯერებული ქიმიური დანამატებით და ნამდვილად ყურძნის წვენზეა დამზადებული", აღნიშნავს მარიამი.

ბრენდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მცირე ბიუჯეტით სასურველ და საჭირო ბაზარზე გასვლა აღმოჩნდა. ასევე, ერთ-ერთი გამოწვევა ხარისხის შენარჩუნებაც გახლდათ, თუმცა ეს გამოწვევები ბრენდმა წარმატებით გადალახა და დღეს არა მხოლოდ საცალო ვაჭრობა აქვს, არამედ კორპორაციულ შეკვეთებს იღებს სხვადასხვა ორგანიზაციისგან და აქტიურად მონაწილეობს გამოფენებშიც.

ბიზნესის მართვაში მარიამს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, გარდა ამისა, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა ეხმარება − როგორც მეწარმეობის, ასევე აგრარული სფეროს მიმართულებებით. იგი დღემდე მუდმივად ცდილობს განვითარებას − ბიზნესის პარალელურად, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო მიმართულებით მუშაობს, ჩართულია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში სოკოს მიმართულებით, ასევე, 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღის მოვლა-მოყვანის საქმიანობაშიც მონაწილეობს.

"კახური ტრადიციული ჩურჩხელას" სამომავლო გეგმები დაკავშირებულია წარმოების ზრდასა და გაფართოებასთან. ბრენდი ამჟამად ძირითადად ონლაინგაყიდვების მიმართულებით ფუნქციონირებს, მომავალში კი სურთ რომელიმე სავაჭრო მოლში ჰქონდეთ საკუთარი სტენდი. საწარმოს კიდევ ერთი მიზანი სურსათის უვნებლობის სხვადასხვა სტანდარტის დანერგვაა, ამისთვის კი ნელ-ნელა დგამენ ნაბიჯებს.

შეკითხვაზე, თუ რას ეტყვით ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, მარიამი გვპასუხობს, რომ "თუ ადამიანს რაღაც სურს და კონკრეტული მიზნები აქვს, აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი რეალიზება. რა თქმა უნდა, ბევრი დაბრკოლება იქნება და შესაძლოა ყველაფერი იდეალურად არ იყოს, თუმცა აუცილებელია სურვილების ასრულების მომენტი არ გაუშვა ხელიდან თუნდაც არ გამოვიდეს, მაინც კმაყოფილი იქნები, რადგან იტყვი, რომ ცადე".


USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს